როცა ბანკი კარზე აკაკუნებს - კვირის პალიტრა

როცა ბანკი კარზე აკაკუნებს

დადაღული ბავშვობა და უცხო კედლებს შეხიზნული 6 ფუძემოშლილი ბავშვის ცრემლი

ნათქვამია, ბავშვის ცრემლი მთელ სამყაროს გადაწონისო. მე კი, როცა გორში მივდიოდი და ვიცოდი, რომ იქ ექვსი ბავშვის ცრემლი დამხვდებოდა, მეშინოდა. გზის პირას ჩამწკრივებული სახლებიდან ამომავალ ბოლს და ეზოებში აფრიალებულ ბავშვის სარეცხს რომ ვაყოლებდი თვალს, ვფიქრობდი, - რა კარგია, რომ ამ ბავშვებს მაინც აქვთ სახლი, ნეტავ, თუ ხვდებიან, რა ბედნიერები არიან, რომ ვიღაც სახლიდან არ გამოყრის-მეთქი!

გავიარეთ ატალახებული ქუჩები, ძველი კორპუსები და გავჩერდით. აი, აქ ცხოვრობდნენ უმეკაშვილები, პირველ სართულზე. ნახე, ვინც მათ ბინაში შესახლდა, რემონტიც გაუკეთებია! - ამბობს ის, ვისაც უმეკაშვილებთან მივყავარ... უმეკაშვილები ახლა ნაქირავებში არიან მეშვიდე სართულზე. "არიან" და არა "ცხოვრობენ" - შესასვლელშივე მუყაოს ნაგლეჯებით დანთებული ღუმელი, გამოყინული ოთახები და "ხაზეიკის" ზარი, - უკვე რამდენი თვეა ქირა არ გადაგიხდიათ, მე ხომ ბინა იმიტომ გავაქირავე, რომ ფული მჭირდებოდაო.

- ამ ბინის პატრონს რა ვუსაყვედურო, შვილებიანად ქუჩაში დავწანწალებდი, რომ გაიგებდნენ, ექვსი მყავდა, კარს მიხურავდნენ. ამ ბინის პატრონმა კი შეგვიშვა, თავი ჭერქვეშ დავიგულეთ და ახლა ფულის მიცემაც აღარ გვინდა, - ცრემლებს იწმენდს თამილა უმეკაშვილი.

- არ გინდათ, თუ არ გაქვთ?

- რომ არ გვაქვს, სად წერია... მხრებს იჩეჩს და ჩემკენ წამოწეულ ერთი წლის ბარბარეს ხელებს უჭერს, - თმაში თუ ჩაგაფრინდა, ხელს აღარ გაგიშვებს, ასე იცის, თან იცინის, თან გქაჩავს.

- გაუშვით, მაგან მაინც იცინოს ამ სახლში! თქვენს შვილებს აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ დრო მოვა და ყველაფერი კარგად იქნება...

- მარიამი იმ ასაკშია, რაც უნდა უთხრა, ვერ დაიყოლიებ - 12-ის არის. ყველაფერი ტყუილია, სახლი ჩვენ არასოდეს გვექნებაო, - გაიქცევა, ლოგინში ჩაწვება და ვეღარ ვაყენებ. ერთხანს სკოლაშიც აღარ უნდოდა სიარული, - ძალიან ნიჭიერია, ფასიან სკოლაში დაგვყავდა და წელში რომ გაგვტეხა უბედურებამ - 70 ლარის გადახდა არ შეგვიძლია, სკოლიდან უნდა გამოხვიდე-მეთქი და, - მაშინ საერთოდ არც ერთ სკოლაში აღარ წავალო და იმდენი იტირა, მთელი ტანი დაუსივდა. გული გამისკდა, ადრე ეპილეფსიური შეტევები ჰქონდა და შევშინდი. მერე მასწავლებელმა, - ოღონდ შენ სკოლაში იარე, სწავლის ფულს შენი კლასი შეგიგროვებსო. ახლა ამის რცხვენია.

- ქუჩაში როგორ აღმოჩნდით?

- ჩემი ქმარი ზარმაცი კაცი არ არის, იუველირია, მაგრამ ბევრი შვილის გაზრდას ბევრი უნდა... ამანაც ბანკიდან კრედიტი აიღო და კომპიუტერული ტექნიკის მაღაზია გახსნა. მერე ომიც დაიწყო და ალყაშემორტყმულ ქალაქში მაღაზიაც გაძარცვეს...

ომმა ხომ ისედაც შოკში ჩაგვაგდო, ვერც სხვისი და ვერც ჩემი შვილები ამ შიშს ვერასოდეს მოიშორებენ. ამას ისიც დაემატა, რომ ვისაც ბანკის კრედიტები გვქონდა, სულ გავუბედურდით. ბანკის ვალს კარგა ხანს წვალებით ვიხდიდით, ბოლოს, ჩამოვუშვით ხელები და გავჩერდით და ბინიდანაც გამოგვყარეს.

- ექვს ბავშვს კარისკენ მიუთითეს?!

- კაცს რომ აღმართში ერთი ქვა დაეწევა, უკან სხვა ქვებიც მიჰყვება. ამდენი უბედურებისაგან გაშტერებულებმა ბანკის მოსაშორებლად იპოთეკური სესხი ავიღეთ. ვამბობდით, ოღონდ ჭერი არ დავკარგოთ, რახან ცოცხლები ვართ, ვიმუშავებთ და ფეხზე კიდევ დავდგებითო. ნაწილი ვალისა ბანკს ასე დავუფარეთ, სამაგიეროდ, იპოთეკური მოვალეც ვიშოვეთ. მერე ბინის ერთი ნაწილი იპოთეკარმა დაიტოვა; მეორე ნაწილი - ბანკმა.

- ახლა როგორ ცხოვრობთ?

- როგორც სხვა ჩემისთანა... იშვიათად, ჩვენს ქალაქში თუ კიდევ შერჩა ვინმეს ოქროს ნივთის გადაკეთებისა და ტარების სურვილი, ჩემი მეუღლე შეკვეთას იღებს.

- სოციალური შემწეობაც გექნებათ, ეს ცოტა შეღავათი მაინც არის.

- არა, არ გვაქვს.

- რატომ?!

- როცა სოციალური აგენტები მოვიდნენ და ამ ნაქირავებ ბინაში მიიხედ-მოიხედეს, ნახეს, ჭერი და კედლები რომ თავის ადგილზე იყო, არ დაგვინიშნეს - ზემოდან წყალი ხომ არ ჩამოგდითო! შვილები რომ მშიერი არ გვყავდეს, ცხრა მთას ფეხშიშველაც გადავივლი. ამიტომ თბილისამდეც ჩავედი  სოციალური დახმარების მისაღებად, მაგრამ ვერაფერს გავხდი - სანამ ბინას არ შეიცვლით, ვერაფერსაც ვერ დაგინიშნავთო.

- ასე ხომ მართლა შიმშილით დაწყდებით.

- არც არაფერი გვაკლია, მაგრამ იმედია, თქვენც არ მეტყვით, ამდენ შვილს რატომ აჩენდით, თუ შენახვის თავი არ გქონდათო.

- რას ბრძანებთ!

- მაშინ მე გეტყით, რომ სულ ვეხვეწები უფალს, - მე ხომ მომეცი შვილები და მადლობელი ვარ, აწი ვისაც არ ჰყავს, იმას მიეცი-მეთქი, მაგრამ თუ უფალმა ინება და შვილი მომივლინა, უარს ვერ ვიტყვი, ვერ მოვკლავ. შიმშილზე საშინელება კი ჩემი შვილებისთვის იმ დღის მოგონებაა, როცა სახლიდან გამოყარეს. ალექსანდრე კრუნჩხვებში ჩამივარდა. უმცროსი, დაჩი, სამი წლისაც არ იყო, მეგონა, ვერ დაიმახსოვრებდა, მაგრამ მას შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა, ის კი ღამით იღვიძებს და ტირის, - ჩემს სახლში წამიყვანეთ, იმას რომ კედლები აქვს, ის მინდაო... მე კი ისღა დამრჩენია, დაჩი გულში ჩავიკრა და ისევ უფალს შევეხვეწო, ჩემს შვილებს ეს ცრემლები მოსწმინდოს...