ყველაზე "დეფიციტურ საქონლად" ფული იქცა... - კვირის პალიტრა

ყველაზე "დეფიციტურ საქონლად" ფული იქცა...

"ორმხრივი, ანტიკრიზისული პროექტი დავაპატენტეთ"

მაღაზიებთან ხალხმრავალი რიგები საბჭოთა კავშირში ჩვეულებრივი მოვლენა იყო, დამოუკიდებელ საქართველოში კი იშვიათობად იქცა. შაქარიც თავსაყრელად არის, კარაქიც და იმპორტული ელექტროტექნიკაც, მაგრამ ეს ყველაფერი მაღაზიაშია და არა ჩვენს სახლებში, რადგან საბაზრო ეკონომიკამ მაღაზიებში თუ საქონელი მოამრავლა, ჯიბეებში ფული გააქრო... ამიტომაც იყო, შუადღის გულზე "მეგატექნიკის" მაღაზიასთან გაჩენილი რიგი გამვლელთა გაოცებულ მზერას რომ იპყრობდა. კიდევ ერთი ფაქტი, ალბათ, ამ გაოცებას აორმაგებდა: რიგში მდგომთაგან ყველას ტალონის მსგავსი ქაღალდი ჰქონდა მომარჯვებული. მოკლედ, თავს აღარ შეგაწყენთ და ამბავს თვით რიგში მდგომთა პირით მოგითხრობთ:

ნათელა ტყემალაძე: - არ მეგონა, ამდენი ხალხი თუ დამხვდებოდა, თორემ უფრო ადრე მოვიდოდი... აი, ეს კუპონები იყო დაბეჭდილი გაზეთში, ამოვჭერი და ახლა რადიატორი უნდა ვიყიდო.

საუბარში ხნიერი მამაკაცი ჩაგვერთო: - რაც აცივდა, გამათბობლის ყიდვაზე ვფიქრობ, მაგრამ ძალიან ძვირია - მთელი ბაზრობა მოვიარე, 140-ს აფასებენ და 130-ს ფეხს არ უცვლიან... აქ კიდევ, 80 ლარად იყიდება. პატარა შეღავათია? აი, ეს კუპონი უნდა ამოჭრა, სამი ცალი შეაგროვო და მაღაზიაში მოიტანო... - მამაკაცს სიტყვა შუახნის ქალმა ჩამოართვა, თან ერთი ხელით ბერეტს ისწორებდა, მეორით კი ცდილობდა, ერთდროულად რამდენიმე გაზეთიც დაეჭირა და რედიკულიც. იძულებული გავხდი, ხელი შემეშველებინა. თითქოს ამას ელოდაო, სხაპასხუპით მომაყარა: "კვირის პალიტრაში" წავიკითხე, კარგი რამე კი მოუგონებიათ ეს "მედიადანაზოგი", მაგრამ კუპონებიც რომ "პალიტრაში" დაებეჭდათ, არ შეიძლებოდა? - მე, მაგალითად "სიტყვა და საქმეს" სულაც არ ვკითხულობ, ამის გულისთვის ვიყიდე, თან, არ გათავდეს-მეთქი და ამოჭრაზეც აღარ მიფიქრია, ეგრევე წამოვიღე. გამოდის, ოთხმოცის ნაცვლად ოთხმოცდასამი დამიჯდება?

სანამ რადიატორის სახლში წასაღებ ფულსაც მომათვლიდა, გაზეთები თავაზიანად დავუბრუნე და ადგილი მოვინაცვლე.

- თქვენ, ალბათ, ჟურნალისტი ხართ? - მომიახლოვდა ერთი ჯინსებში გამოწყობილი ახალგაზრდა, ჯინსისავე კეპით. ალბათ, კიდევ რომ აცივდება, ჯინსის ხელთათმანებს გაიკეთებს... ფიქრიდან მისმა ხმამ გამომარკვია, - ძალიან კარგი ჩანაფიქრია, მაგრამ ერთი აქცია კვირაზე მეტხანს რომ არ გრძელდება, ეს ცუდია. წინა კვირას საბურავების ყიდვა მინდოდა. ჩვეულებრივზე ბევრად იაფი ღირდა, მაგრამ ჩვენს დროში უცბად ასი ლარიც ძნელი საშოვნელია... შუა კვირაში გავიგე და სანამ ფული მოვაგროვე და მაღაზიაში მისვლას თავი დავადგი, კვირაც მიილია... კი მითხრეს, განმეორდებაო, მაგრამ...

"მედიადანაზოგის" შესახებ უფრო მეტის გასაგებად იდეის ავტორსა და პროექტის მენეჯერს, დაჩი გრძელიშვილს მივმართეთ:

- ბაზრობასა თუ მაღაზიებში დღეს უკვე ყველაფრის ყიდვა შეიძლება, მაგრამ თავადაც მოგეხსენებათ, ყველაზე "დეფიციტურ საქონლად" ჩვენს ყოფაში ფული იქცა... არც კომპანიები არიან კარგ დღეში, დამეთანხმებით, დახლებზე შერჩენილი საქონლის ყურება არავის სიამოვნებს, რეკლამის გასაკეთებელი ფული კი უმეტესობას აღარა აქვს, კრიზისია... მაგრამ გამოსავალი ყველგან არსებობს და ორმხრივი, ანტიკრიზისული პროექტი დავაპატენტეთ. "მედიადანაზოგის" სისტემა მარტივია, ის გამყიდველსაც ეხმარება და მყიდველსაც: პროექტში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ ფართო მოხმარების პროდუქტი საბაზროზე გაცილებით დაბალ ფასად უნდა წარმოადგინოს. სანაცვლოდ კომპანია მიიღებს უფასო, ინტენსიურ და მასშტაბურ სარეკლამო კამპანიას მედიასახლ "პალიტრის" მედიასაშუალებებში - ერთდროულად: გაზეთებში, ჟურნალებში, რადიოში, ვებგვერდებზე. მედიასახლ "პალიტრის" ერთ-ერთ პოპულარულ გამოცემაში დაიბეჭდება შეთანხმებული პროდუქციის კუპონი, რომლებსაც მკითხველი შეაგროვებს (ორს, სამს ან მეტს, გააჩნია პროდუქტს და მასზე ფასდაკლების ოდენობას) და მაღაზიაში მათი წარდგენის შემდეგ კუპონში მითითებულ ნივთს გაცილებით იაფად შეიძენს, ვიდრე მისი საცალო ფასია. ასე რომ, მკითხველს ისღა დარჩენია, ტრადიციულად გააგრძელოს "პალიტრის" გამოცემების კითხვა და თან "მედიადანაზოგის" წინადადებებსაც ადევნოს თვალი. აქ სეზონის შესაბამის, ფართო მოხმარების პროდუქციას შემოგთავაზებთ ხოლმე. სპექტრი საკმაოდ დიდია - საბურავებით დაწყებული და ბავშვის შამპუნით დამთავრებული. საახალწლოდ კი მკითხველს სიურპრიზი ელის - ჩვეულებრივზე გაცილებით იაფად საახალწლო "ატრიბუტიკას" შემოგთავაზებთ: ტელევიზორს, ინდაურს, შამპანურს - ანუ იმ პროდუქციას, რაზეც საახალწლოდ  ყველაზე დიდი მოთხოვნაა.

მკითხველს შეუძლია თავისი რჩევები და სასურველი პროდუქციის ჩამონათვალი ელ.ფოსტაზე მოგვწეროს: danazogi@palitra.ge.

ვეცდებით გავითვალისწინოთ..