2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 მლნ 170000-ით შემცირდება? - კვირის პალიტრა

2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 1 მლნ 170000-ით შემცირდება?

გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემათა განყოფილების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები საგანგაშოა. ამ კვლევის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში დემოგრაფიული პოლიტიკა არ შეიცვლება, დემოგრაფიული პერსპექტივა შემდეგნაირია: დღეს ჩვენი მოსახლეობის რაოდენობა 4 მლნ 436400-ია, 2025 წლისთვის - 3 მლნ 917000-მდე, ხოლო 2050 წლისთვის - 2 მლნ 985000-მდე შემცირდება.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი - 104000 ბავშვი 1961 წელს დაიბადა. 1990 წლამდე ყოველწლიურად საშუალოდ, 93000 ბავშვი იბადებოდა. შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო.

ავთანდილ სულაბერიძე, პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი:

- საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა დიდი ხანია, არადამაკმაყოფილებელია. 1992 წლიდან კი შობადობის დონე ვერ უზრუნველყოფს თაობათა განახლებას. გარე მიგრაციამაც არნახულ მასშტაბს მიაღწია. 2008 წელს უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გავუზიარე იდეა, ოჯახებისთვის მესამე შვილის გაჩენის მოწოდების შესახებ. იდეა მოეწონა და დაამატა, - მესამე და შემდგომი შვილის ნათლია მე ვიქნებიო. პატრიარქს უკვე 15000-მდე ნათლული ჰყავს. ერთ-ერთის, მასთან ერთად, მეც ვარ და ძალზე მეამაყება.

- რატომ არ იქცა წლების მანძილზე სახელმწიფოსთვის პრიორიტეტად დემოგრაფიულ მდგომარეობაზე ზრუნვა?

- სახელმწიფომ ვერასდროს მოიცალა ამ პრობლების მოსაგვარებლად და არ გამოხატა პოლიტიკური ნება. როცა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, პოლიტიკურმა ქაოსმა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამ გავლენა მოახდინა საზოგადოების მოთხოვნილებათა სისტემაზე. უკან გადაიწია ბავშვის ყოლის მოთხოვნილებამ. ბევრი ოჯახი ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდა. საზღვარგარეთ შრომისუნარიანი, რეპროდუქციული ასაკის მოსახლეობა წავიდა. მოხდა ქორწინებების გადავადება. ოჯახების უმეტესობას აღარ სურდა ჰყოლოდა არათუ 3 და მეტი შვილი, არამედ ხდებოდა მეორე შვილის ყოლის გადავადებაც. ბევრ ოჯახში შემომტანი გახდა ქალი, ამან კი შობადობის შემცირება განაპირობა. ამჟამად საქართველოში ქორწინების ასაკი გაზრდილია: ქალისთვის ქორწინების საშუალო ასაკად 27 წელი იქცა, მამაკაცისთვის - 29-30. სასწავლებლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდების უმეტესობა კარიერის აწყობაზე ფიქრობს. სწავლისკენ მიდრეკილება ვაჟებზე მეტად, გოგონებს აქვთ. ბევრი მათგანი უცხოეთში აპირებს წასვლას, უმეტესობა სწავლის გასაგრძელებლად, მცირე ნაწილი - საცხოვრებლად. მერე იქვე თხოვდებიან, ცოლები მოჰყავთ. მაღალანაზღაურებად სამსახურს შოულობენ, კარიერას იწყობენ და ბოლოს ახსენდებათ ოჯახის შექმნა. როცა 30 წელს გადაცილებული გოგონები საქორწინო "ბაზარზე" გადიან, ამ ასაკის ბიჭების ნაკლებობაა.

- ბატონო ავთანდილ, გაეროს კვლევები საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ საგანგაშოა. მათი გათვლით, 2050 წელს მოსახლეობის რაოდენობა 1 მლნ 170000-ით შემცირდება. თქვენი პროგნოზიც ასეთია?

- პროგნოზი ყოველთვის არ მართლდება. შეიძლება, საქართველოში დაიწყოს ეკონომიკური აღმავლობა, მოიმატოს შობადობამ, ქვეყნიდან გასული ადამიანები დაბრუნდნენ და მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდოს.

- ბოლო წლებში შობადობა როგორია?

- პატრიარქის ინიციატივამ შობადობა დაახლოებით 20%-ით გაზარდა. თუ წინა წლებში საშუალოდ, 47000 ბავშვი იბადებოდა, 2008 წელს 56000 ბავშვი დაიბადა, მომდევნო წელს - 61000, ხოლო 2010 წელს - 63500. სულ, მესამე და მომდევნო შვილების დაბადების მაჩვენებელი 3-4%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს დამაიმედებელი არ არის. ჩემი გათვლით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 500-600 ათასით შემცირდება. რადგან საქართველოში შობადობა 1990-იან წლებში დაბალი იყო, 2015-2020 წლისთვის, დედობის ასაკში გაცილებით ცოტა ქალი შევა, ვიდრე 1980-იან წლებში იყო. როცა ქორწინების გარეშე დაბადებულთა მაჩვენებელს ვაქვეყნებთ, ეს ციფრი რეალური არ არის. მაგალითად, 2006 წელს ქორწინების გარეშე შობადობა 54% იყო. ეს დასაჯერებელია? რეალურად, ეს მაჩვენებელი 4%-დან 6%-მდე თამაშობს. უცხოელ დემოგრაფებსაც ავუხსენი, დიდ ციფრზე იმიტომ ადის, რომ ჯვრისწერას საქართველოში იურიდიული ძალა არ გააჩნია. ბევრი წყვილი ჯვარს იწერს და შვილს ისე აჩენს, რომ ხელი არ აქვს მოწერილი. მათი შვილები ქორწინების გარეშე დაბადებულებად ითვლებიან. გვინდა, რომ ჯვრისწერას იურიდიული ძალა მიენიჭოს. ქორწინების მინიმალურ ასაკად გამოცხადებულია 17 წელი. ეს "მკვდარი კანონი" რაში გვჭირდება? 16 წლის ასაკში რომ დაქორწინდნენ, დავსჯით, დავაპატიმრებთ თუ რა?!

თამარ ჩიბურდანიძე, ფრაქცია "ქართული ოცნების" პიარ-მენეჯერი, "დემოგრაფიული განვითარების ფონდის ერთ-ერთი დამაარსებელი"

- ქართველი დემოგრაფები ამბობენ, რომ პროგნოზი ისეთი საგანგაშო არ არის, როგორიც დასკვნაში წერია.

- ქართველი დემოგრაფების კომპეტენტურობაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ საქმე ის არის, რომ სტატისტიკის დასადგენად ფინანსებს ყოფილი ხელისუფლება გამოყოფდა. ის ხელისუფლება, რომელიც გაეროს მონაცემებს გვიმალავდა, რომელმაც მდგომარეობის შესამსუბუქებლად, წლების მანძილზე არ იზრუნა. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში, საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგებს მეტად ვენდობი. მათ ციფრებით გვითხრეს, რომ ქვეყანას 2050 წლისთვის დემოგრაფიული კატასტროფა ემუქრება: საქართველოს მოსახლეობა 1 მლნ 170000 კაცით შემცირდება. აზერბაიჯანის მოსახლეობა 3 მილიონით მოიმატებს და 12 მილიონი გახდება, მატება იქნება ჩვენს მეზობელ სომხეთშიც. საქართველოში კი მოსახლეობის შემცირება ეთნიკური ქართველების ხარჯზე ხდება. 2011 წელს ქვეყნის მასშტაბით 6700 ოჯახს მესამე ახალშობილი გაუჩნდა. ეს პატრიარქის მოწოდების წყალობით მოხდა. რაც შეეხება 4, 5 და მეტშვილიან ოჯახებს - მათ მიეცემათ დახმარება. წახალისებული იქნებიან მშობლები მეორე შვილის გაჩენისთვისაც. ამ მხრივ, მონაცემები მართლაც საგანგაშოა. 2011 წელს ქვეყანაში მხოლოდ 21000 მეორე შვილი გაჩნდა. ეს კატასტროფულად დაბალი ციფრია; 2010 წელთან შედარებით, 400 ბავშვით ნაკლებია.

- თქვენი ინფორმაციით, რეგიონების მიხედვით როგორი მდგომარეობაა?

- მოსახლეობის რაოდენობის შემცირება ქვემო ქართლსა (ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ რაიონებში) და მთიან აჭარაში (ეთნიკური ქართველებით დასახლებულში) არ შეინიშნება. არც სამცხე-ჯავახეთშია ცუდი მდგომარეობა. რაც შეეხება იმერეთს, კახეთს, გურიასა და სამეგრელოს - ამ რეგიონებში ძალიან ცუდი მაჩვენებელი გვაქვს. იქ არსებულ მდგომარეობას კატასტროფა შეიძლება ვუწოდოთ. ქართველი დემოგრაფების მონაცემებით, ზემო რაჭაში, 20-30 წლის შემდეგ, აღარავინ იცხოვრებს. 2009 წლის მანძილზე ონის რაიონში სულ 3 ახალშობილი დაიბადა და 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. თუ რამე არ ვიღონეთ, მალე რაჭა ისევე დაიცლება, როგორც - თუშეთი და ხევსურეთი.

- გაეროს მონაცემები პრემიერისთვის თუ არის ცნობილი?

- მინდა აღვნიშნო, რომ ერთადერთი რაიონი საქართველოში, სადაც შობადობის ციფრი სიკვდილიანობის მაჩვენებელზე მაღალია, არის საჩხერის რაიონი. ეს ვისი დამსახურებაა, კარგად ვიცით. ბატონმა ბიძინამ გვითხრა, რომ დასაკარგი დრო არ გვაქვს, პრობლემაზე ზრუნვა სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ. ის ყველაფრის საქმის კურსშია და თვალს ადევნებს ჩვენს საქმიანობას.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.