ნახეთ! გაზაფხულიდან გრანდიოზული პრემიერა პალიტრაTV-ზე - კვირის პალიტრა

ნახეთ! გაზაფხულიდან გრანდიოზული პრემიერა პალიტრაTV-ზე

"ეზელი" - სპეციალურად ჩვენი მაყურებლისთვის

გაზაფხულიდან "პალიტრა TV" განსაკუთრებით საინტერესო გახდება სერიალების მოყვარულთათვის, - მარტიდან ეთერში გავა მაღალრეიტინგული და მაღალბიუჯეტიანი თურქული სერიალი "ეზელი" ("სამარადისო"). ვფიქრობთ, ისევე როგორც მრავალი ქვეყნის მაყურებელში, ფილმი ქართველებშიც დიდ ინტერესს გამოიწვევს.

"ეზელის" სიუჟეტი ძალიან ჰგავს ალექსანდრე დიუმას ცნობილ ნაწარმოებ "გრაფ მონტე-კრისტოს". მოვლენები კვიპროსის თურქულ ნაწილში, თანამედროვე თურქეთში ვითარდება, სადაც მთავარი გმირი უახლოესი ადამიანებისგან მიყენებული ტკივილის მოსაშუშებლად და შურის საძიებლად იბრძვის. ფილმი რამდენიმე მიზეზის გამო არ ჰგავს ჩვეულებრივ ტელესერიალებს. მიუხედავად იმისა, რომ პოპულარული ნაწარმოების სიუჟეტი აქვს, არ არის ფრანგი გრაფის ცხოვრების განმეორება და არ ჯდება "საპნის ოპერის" ჩარჩოში. ამასთან, უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი კინოპროდუქცია საუკეთესო შემოქმედებითმა ჯგუფმა გადაიღო, რაც თურქულ კინოფესტივალებზე საუკეთესოდ აღიარეს და მრავალი ჯილდოც გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ფილმის მთავარი როლების შემსრულებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში  საოცრად პოპულარულები არიან.

სერიალის მთავარი გმირია ომერი -  ახალგაზრდა, რომელსაც შეყვარებული ჰყავს და აპირებს არმიიდან დაბრუნების შემდეგ იქორწინოს. მოვლენები კი ტრაგიკულად ვითარდება. ომერს მკვლელობის გამო აპატიმრებენ. მოგვიანებით ირკვევა, რომ მის წინააღმდეგ სახიფათო თამაში წამოიწყეს მეგობარმა გოგონამ და საუკეთესო მეგობრებმა. ომერი ციხეში თანასაკნელის ფსიქოლოგიური გავლენის შემდეგ საკუთარ თავში კლავს ადამიანს, რომელიც პატიმრობამდე სიცოცხლით ხარობდა და შურისძიების სასტიკ გზას ირჩევს. ბოროტების წილ ბოროტება - ეს მისი მთავარი სამოქმედო მოტივია. ის დაუნდობელი ხდება, თუმცა, ეს არ არის ომერის საბოლოო სახე...

"ეზელი" არის ფილმი, სადაც საინტერესოდ არის წარმოჩენილი თანამედროვე და ძველი თურქული ტრადიციები, საზოგადოების სახე, ცხოვრების წესი...

2011 წლიდან საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენილმა სერიალმა უამრავი ქვეყნის მაყურებელი დაატყვევა და რაც მთავარია, თურქული კინოს და სერიალების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გააჩინა.

მთავარი როლის შემსრულებელია კენან იმირზალი ოღლუ. მას თურქეთში "ვარსკვლავად დაბადებულს" უწოდებენ. თუმცა, აღიარებამდე დიდი გზა და ბევრი შრომა დასჭირდა. 1974 წლის 18 ივნისს ანკარაში დაბადებული მსახიობი "ეზელამდე" ცნობილი იყო როგორც მოდელი. შესანიშნავი გარეგნული მონაცემების წყალობით უამრავ რეკლამაში გადაიღეს და საუკეთესო მოდელის სტატუსით პოდიუმის "თურქულ საზღვრებსაც" მალე გასცდა. 1999 წელს პირველ სერიალში გადაიღეს, რასაც სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმებში მიწვევებიც მოჰყვა, მაგრამ გამარჯვების პიკი "ეზელი" აღმოჩნდა - სწორედ ამ სერიალმა მოუტანა აღიარება, კენანი "ეზელმა" კინოვარსკვლავად აქცია. არადა, ჯერ კიდევ პატარა ბიჭი ოცნებობდა, მათემატიკის მასწავლებელი გამხდარიყო და სამოდელო სააგენტოებსაც იმ იმედით მიმართა, რომ უფრო იოლად შეძლებდა სასურველი უმაღლესი განათლების მისაღებად ფულის შოვნას.

ფილმში ომერის მეგობარი გოგონას, ეიშანის როლს მშვენიერი ჯანსუ დერე ასრულებს. კენანისა და ჯანსუს კარიერა ერთმანეთისას ჰგავს და განსხვავდება კიდეც. ჯანსუ უკვე 33 წლის ხდება. პროფესიით არქეოლოგია. მოდელობაზე არც უფიქრია, მაგრამ მშვენიერ სტუდენტს ჯერ კიდევ სწავლისას დაადგეს თვალი სამოდელო სააგენტოებმა, როცა უნივერსიტეტის სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა. ამას მოჰყვა 2000 წელს საერთაშორისო სილამაზის კონკურსზე წარმატება და გზაც გაიხსნა თურქეთის, პარიზისა და მილანის პოდიუმებზე. "ეზელი" ჯანსუსთვისაც ტრიუმფის მომტანი აღმოჩნდა.

მაშ ასე, ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობსო და გაზაფხულიდან ნახეთ  გრანდიოზული პრემიერა "პალიტრა TV"-ზე.