ამ ფოტომ ქართველი დიზაინერები "დაამუნჯა" - კვირის პალიტრა

ამ ფოტომ ქართველი დიზაინერები "დაამუნჯა"

"მოიცა, ჯერ დააძროს მიშამ თავისი მწვანე კომბინეზონი და მერე ნახავთ სეირს"

თეონა თავართქილაძე: "იმ შემთხვევაში, თუ ქალბატონი სანდრა მომმართავს, რჩევას მივცემ"

"ალბათ, მიშა არის "სკუპოი" და ისე არ ანებივრებს ცოლს მაღალი მოდით, როგორც ალიევი"

გასულ კვირას საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მეორე ნახევრების გარეგნობა და ჩაცმულობა კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი. სოციალურ ქსელებში ცნობილი ან შედარებით ცნობილი პერსონები აქტიურობდნენ. ბევრი მათგანი მეჰრიბან ალიევათი აღტაცებას ვერ მალავდა და სანდრა რულოვსს აკრიტიკებდა. თუმცა, საქართველოს პირველ ლედისაც აღმოაჩნდა მეხოტბეები, რომლებმაც თავიანთი აზრი საქართველოს პრეზიდენტის "ფეისბუკის" გვერდზე გამოხატეს. მაგრამ ისინიც კი სანდრა რულოვსის პერსონით უფრო იყვნენ აღფრთოვანებული, ვიდრე ჩაცმულობით.

რაც შეეხება კრიტიკოსებს, მათ თვალში ქალბატონი სანდრას "ზომაზე მეტად დამოკლებული კაბა და ყავისფერი შუზები" მოხვდათ. ფოტოზე ასეთი მინაწერები გაკეთდა:

"ეტიკეტს რომ თავი გავანებოთ, არ უხდება ჩვენს რძალს მოკლე კაბა"; "ეეეჰ, მეჰრიბანს უნდა ერქვას აზიელი, სანდრას კიდევ ევროპელი?!"; "ეტიკეტის მიხედვით, სანდრას არც ფეხზე უნდა ეცვას ის, რაც აცვია"; "ალბათ, მიშა არის "სკუპოი" და ისე არ ანებივრებს ცოლს მაღალი მოდით, როგორც ალიევი. შედეგიც სახეზეა. თუმცა მიშა ხომ რას ამბობთ, ისე გამოიყურება... ჯერ დააძროს თავისი მწვანე კომბინეზონი და მერე ნახავთ სეირს".

რასაკვირველია, დავინტერესდით, ვინ აცმევს პირველ ლედის? იზიარებს თუ არა სხვის რჩევებს? თავისი გემოვნებით შეარჩია სამოსი, რომლითაც აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის წინაშე უნდა წარმდგარიყო? ქალბატონი სანდრას და მეჰრიბან ალიევას შეხვედრების რამდენიმე ფოტოც ამოვქექეთ და ქართველ დიზაინერებს დავუკავშირდით, თუმცა უმრავლესობამ საუბრისგან თავი შეიკავა. შეიძლება ითქვას, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ფოტოებმა  პროფესიონალი დიზაინერები "დაამუნჯა" - ვერც კარგი თქვეს, გაკრიტიკებისა კი მოერიდათ.

თეონა თავართქილაძე: - როგორც ვიცი, პირველი ლედი ქართველ დიზაინერებს ხანდახან მიმართავს, ამჯერად არ ვიცი, ვინ ჩააცვა... კი ვნახე, მაგრამ საჭიროდ არ ვთვლი, ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას.

- თქვენზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, რას ჩააცმევდით?

- არ მიფიქრია მაგაზე.

- მოკლე კაბას ჩააცმევდით?

- იმ შემთხვევაში, თუ ქალბატონი სანდრა მომმართავს, რჩევას მივცემ. გაზეთის ფურცლებიდან ამის გაკეთება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.

- ბევრმა შეიკავა თავი ამ თემაზე საჯაროდ საუბრისგან. როგორ ფიქრობთ, რით არის ეს განპირობებული?

- მე მგონი, არ არის საჭირო საკუთარ თავზე ამდენის აღება, რომ ვინმეს რჩევა გაზეთის ფურცლებიდან მივცეთ.

- მეჰრიბან ალიევას ჩაცმულობაზე რას გვეტყვით?

- მომწონს, მას ყოველთვის ეტიკეტის დაცვით და სწორად აცვია.

"მეტისმეტად გამომწვევად იცვამს"

გამკრიტიკებლები მეჰრიბან ალიევასაც გამოსჩენია, თუ არ გჯერათ, ა, ბატონო: "მეჰრიბან ალიევა პლასტიკური ოპერაციებით არის გატაცებული და მეტისმეტად გამომწვევად იცვამს", - ამის შესახებ WikiLeaks-ზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილშია ნათქვამი. დოკუმენტებში ასევე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის პირველი ლედი ისეთ კაბებს იცვამს, რომლებსაც დასავლურ სამყაროშიც კი გამომწვევად მიიჩნევენ, რომ არაფერი ვთქვათ მუსლიმანურ აზერბაიჯანზე.