100 წიგნი ერთ თაროზე! - კვირის პალიტრა

100 წიგნი ერთ თაროზე!

თქვენი ესკიზით დამზადებული კარადა 100 წიგნით ბევრი ოჯახის ინტერიერს დაამშვენებს!

მალე! ყველა მკითხველს შეეძლება პრაქტიკული და ორიგინალური წიგნის კარადის დადგმა სახლში. ეს იქნება სპეციალური კარადა "50 + ბიბლია + 49 წიგნისთვის, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ"

სერიამ, "50 + ბიბლია + 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", გააერთიანა ძალიან ბევრი ადამიანი. რა არის ამის მიზეზი? ის, რომ ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით შერჩეული წიგნები განსაკუთრებით საინტერესოა, თუ ის, რომ ეს წიგნები მაღალ დონეზეა გამოცემული და განსაკუთრებულად ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის? ალბათ ყველაფერი ერთად. ფაქტი კი ის არის, რომ მკითხველი წიგნს დაუბრუნდა და ყოველი ახალი ტომის გამოსვლას მოუთმენლად ელოდება.

"ეს დიდი მოლოდინი ჩემს ახალგაზრდობას მახსენებს, როცა წიგნის გამოსვლა დიდი მოვლენა იყო საზოგადოების ცხოვრებაში, ყველა ამაზე ლაპარაკობდა, ყველას ერთი სული ჰქონდა, შეეძინა წიგნი, რომ მერე მეგობრებთან ერთად ემსჯელა მასზე... სიმართლე გითხრათ, ამისი იმედი აღარ მქონდა, რომ წიგნით დაინტერესებას მოვესწრებოდი, მეგონა, ჩვენი ახალგაზრდები კომპიუტერმა შთანთქა... თურმე ვცდებოდი", - ეს არის ფრაგმენტი წერილიდან, რომელსაც ავთანდილ გორდეზიანი აწერს ხელს. მისი სასიამოვნო გაკვირვება რეალურ გარემოებას ეყრდნობა: ამ წიგნებს მართლაც ელიან, ყიდულობენ, კითხულობენ და ერთმანეთს გადასცემენ წასაკითხად! ეს გამარჯვებაა.

შეგახსენებთ, მსჯელობა გრძელდება, მიიღეთ მონაწილეობა გამოკითხვაში და თავად შეარჩიეთ წიგნი, რომელიც მომავალ 49 წიგნს შორის აღმოჩნდება.

- ჩემი მოწაფეების ნახევარმა მაინც წიგნის კითხვა სწორედ მას მერე დაიწყო, რაც მზის სინათლე იხილა არაჩვეულებრივმა წამოწყებამ "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ". ამ თვალით თუ შეხედავ საქმეს, მარტო 100 წიგნი კი არა, ისურვებ, უსასრულოდ გამოდიოდეს ეს წიგნები და ახალგაზრდებსაც მუდამ ხელში ეჭიროთ გადაშლილი წიგნი, - მითხრა პედაგოგმა, მრავალი თაობის აღმზრდელმა ციცინო მიქაუტაძემ, მერე მორიდებით დასძინა: - სიმართლე გითხრათ, სია დასრულებული მეგონა, ჩემი წიგნის კარადაში რაღაცნაირად გამოვნახე 50 წიგნის ადგილი... ახლა საგონებელში ვარ ჩავარდნილი, ვერც ძველ წიგნებს შეველევი, ახლის ყიდვაც მინდა და რა ვქნა, არ ვიცი... ახალი წიგნის კარადა დამჭირდება... რას წარმოიდგენდა ქალბატონი ციცინო, რომ "პალიტრამედია" უკვე ფიქრობდა ამ პრობლემაზე... გამოსავალს მალე მიაგნებთ-მეთქი, - ვუთხარი ღიმილით და დღეს სწორედ ამ "გამოსავლის" შესახებ მინდა გაცნობოთ. სულ მალე ყველა მკითხველს შეეძლება პრაქტიკული და ორიგინალური ახალი წიგნის კარადის დადგმა სახლში. ეს კარადა სპეციალურად იქნება გათვლილი იმ ასი წიგნისთვის, რომელიც პროექტის "50 + ბიბლია + 49 წიგნი", რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" ფარგლებში გამოვა... ჯერჯერობით კი ცხადდება კონკურსი მათთვის, ვინც იცის ხატვა, არის დიზაინერი, ავეჯს ამზადებს ან უბრალოდ აქვს იდეები!

ესკიზის მიხედვით დამზადებული კარადა ბევრი ოჯახის ინტერიერს დაამშვენებს, თანაც მოხსნის პრობლემას - სად შევინახოთ 100 წიგნი!

მოემზადეთ, შექმენით კარადის ესკიზი, ნახაზი ან ჩანახატი და მიიღეთ დიდი პრიზი - კონკურსის გამარჯვებული 100 წიგნით სავსე თქვენი დიზაინით დამზადებული კარადა. მე-2 და მე-3 ადგილზე გასული კონკურსანტები 500-500 ლარით დაჯილდოვდებიან.

ლეილა გაგუა