"ვულე-ვუ": სურნელოვანი ტყუილი თუ პარფიუმერიული თაღლითობა? - კვირის პალიტრა

"ვულე-ვუ": სურნელოვანი ტყუილი თუ პარფიუმერიული თაღლითობა?

გვაპარებენ თუ არა ვადაგასულ პარფიუმერიას?!

"ეს საჩუქარი კი არა, მომხმარებლის დაცინვაა"

პარფიუმერიის მაღაზია "ვულე-ვუს" ქსელი, სავარაუდოდ, სკანდალში გაეხვევა. მომხმარებლები ამტკიცებენ, რომ ამ ქსელის სხვადასხვა ფილიალში მათ ვადაგასული პროდუქცია მიჰყიდეს.

მომხმარებელი ლალი კობელნიცკაია აცხადებს, რომ "ვულე-ვუში" მიმდინარეობს სადღესასწაულო ფასდაკლების აქცია "1+1" და სწორედ ამ აქციით შეძენილი პროდუქციაა ვადაგასული. "ვერ წარმომედგინა, რომ ასეთი აფერა შეიძლებოდა გაეთამაშებინა ცნობილ მაღაზიათა ქსელს. ყველა ფილიალში ცალკე მაგიდაზე მოთავსებულია ცნობილი ბრენდების უძვირფასესი პროდუქცია და გთავაზობენ, თუ იყიდით ერთი დასახელების ნივთს, იმავე ღირებულების მეორე ნივთი შეგიძლიათ საჩუქრად აიღოთ. მაგალითად, "ჟივანშის" სახის კრემი 800 ლარი ღირს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფასად ორი ასეთი კრემის შეძენა შეგიძლიათ. უკვე მეორე წელია, ასეთი აქციით უამრავ კოსმეტიკურ და პარფიუმერიულ პროდუქციას ვყიდულობ. საახალწლო ფასდაკლებაზეც ვიყიდე პუდრი, ტუში და სხვა.

ამ დროს ჩემმა მოსკოველმა მეგობარმა მასწავლა საიტი (http://checkcosmetic.net), სადაც სპეციალურ გრაფაში ჩაწერ ბრენდის შეფუთვაზე, ტუბზე ან ქილაზე აღნიშნულ კოდს და მიიღებ სრულ ინფორმაციას გამოშვების თარიღის შესახებ. როდესაც "ვულე-ვუს" ფასდაკლების აქციაზე შეძენილი ნივთების კოდები შევამოწმე, კინაღამ გავგიჟდი, ყველა ვადაგასული აღმოჩნდა - ორი-სამი წლის წინ გასვლიათ ვადა. შევამოწმე აქციის გარეშე შეძენილი ბრენდების კოდებიც, მაგრამ ვადაგასული არც ერთი არ აღმოჩნდა. რა გამოდის? ეს საჩუქარი კი არა, მომხმარებლის დაცინვაა. სავარაუდოდ, ამ პროდუქციაში ფულიც არ აქვთ გადახდილი. როგორც გამიგია, დისტრიბუტორებს მწარმოებელი კომპანიები ვადაგასულ ნაწარმს ვიტრინების მოსართავად ჩუქნიან. არ მინდა დავიჯერო, რომ "ვულე-ვუ" ასეთ სავიტრინე "ნაგავს" ფასდაკლების აქციის სახით გვაპარებს. სამწუხაროდ, როდესაც ვადაგასული პროდუქცია შევამოწმე, "ვულე-ვუს" ჩეკები აღარ მქონდა. იძულებული გავხდი, მომხმარებლის უფლებების დამცველი რომელიმე ორგანიზაციისთვის მიმემართა. როგორც გავიგე, ასეთი სახელმწიფო სამსახური არ არსებობს. გამოდის, ფინანსურ პოლიციაში ან პროკურატურაში უნდა ვიჩივლო. როგორც ვიცი, ვადაგასული პროდუქციის გამოყენებით მომხმარებლის დაზარალება კანონით ისჯება. ვიდრე სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავდი, არასამთავრობო ორგანიზაცია "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს" დავუკავშირდი, კერძოდ, მომხმარებელთა უფლებების დამცველ პროგრამას - წწწ.მომხმარებელი.გე. ვთხოვე, გაერკვიათ, რა ხდებოდა. იქნებ მე მეშლება, ან იქნებ ვებგვერდი ცრუობს? თუ "ვულე-ვუ" გვატყუებს, მას პასუხი მოეთხოვოს".

მისი საჩივრის საფუძველზე ამ ორგანიზაციამ ჩაატარა მოკვლევა:

ლია თოდუა, პროგრამის ხელმძღვანელი: "ჰტტპ://ცჰეცკცოსმეტიც.ნეტ/-ის ინფორმაცია სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს და მომხმარებელს ურჩევს, მეტი სიზუსტისთვის კოსმეტიკის მწარმოებელს მიმართონ. ამიტომაც გავგზავნეთ კოსმეტიკის რამდენიმე იმ ცნობილ მწარმოებელთან, ვისი ბრენდებიც "ვულე-ვუში" იყიდება, შეკითხვა - როგორ დაადგინოს მომხმარებელმა ვარგისიანობის ვადა?

კომპანია "ჟივანშისგან" მივიღეთ პასუხი, რომ პროდუქციის ვარგისიანობის ვადის დასადგენად მომხმარებელს სწორედ ზემოაღნიშნული საიტ ჰტტპ://ცჰეცკცოსმეტიც.ნეტ/-ის გამოყენებას ურჩევს, სადაც ვადების გარკვევას კონკრეტულ პროდუქტზე მითითებული სერიული ნომრის აკრეფით შევძლებთ".

2013 წლის 1-ელ მარტს "სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" მიაკითხა მაღაზია "ვულე-ვუს" (ვაჟა-ფშაველას #35), სადაც 8 მარტთან დაკავშირებით კვლავ გამოცხადებულია აქცია "1+1":

"ამ აქციაზე გვინდოდა შეგვეძინა "ჟივანშის" ფირმის ერთი პროდუქტი და მეორე მიგვეღო საჩუქრად. მაღაზიის კონსულტანტის დახმარებით შევარჩიეთ "ჟივანშის" ფირმის ორი, დაახლოებით ერთი და იმავე ღირებულების პროდუქტი: ტუჩსაცხი (73 ლარი) და თვალის ჩრდილი (70 ლარამდე).

რადგან ორგანიზაციამ მიგვავლინა, რატომღაც, ამ აქციით შეძენილ საქონელზე მაღაზიამ სასაქონლო ზედნადები არ მოგვცა, ამიტომ შევიძინეთ მხოლოდ ტუჩსაცხი, რომელიც ფასდაკლებით მაღაზიამ 66 ლარად მოგვყიდა. პროდუქტზე დატანილი სერიული ნომერი 9N01 შევიყვანეთ G"ჟივანშის" წარმომადგენლის მითითებულ საიტზე. www.checkcosmetic.net -ის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ პროდუქტი წარმოებულია 2009 წლის იანვარში და ვარგისია 36 თვე - 2012 წლის იანვრამდე, ანუ ჩვენი ტუჩსაცხი ვადაგასულია", - განაცხადა ლია თოდუამ.

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა "ვულე-ვუს" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ნინო ნოდიას. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციის მიზანია, 8 მარტისთვის გაყიდვები ჩავარდეს.

ნინო ნოდია: - მივიღე წერილი www.momxmarebeli.ge-სგან, სადაც ნათქვამია, რომ www.checkcosmetic.net არის პროდუქციის ხარისხის მაკონტროლებელი ვებგვერდი, თუმცა, ამავე საიტზე ნათქვამია, ვერ გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენი გამოქვეყნებული ინფორმაცია ზუსტიაო. ამიტომაც ამ აბსურდზე ვერაფერს გეტყვით. რომელ პროდუქტზეც შეგვედავნენ, ოფიციალურად "ჟივანშისგან" გვაქვს მიღებული. გავგზავნე წერილი ყველა ჩვენს პარტნიორ ბრენდთან და ველოდები პასუხს.

- www.momxmarebeli.ge-ს ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა "ჟივანშის" წერილიც, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია ურჩევს მომხმარებელს, ისარგებლონ მითითებული საიტით.

- ელექტრონული ფოსტით მიღებული წერილი სანდო დოკუმენტად ვერ ჩაითვლება(?!). არ ვიცი, ვის რა მისწერეს და ვინ რა უპასუხა. ასეთ საეჭვო წერილებს ვერ დავეყრდნობი. როცა მექნება სათანადო დოკუმენტი, პასუხს ყველას გავცემ. ისე კი, საეჭვოდ არ გეჩვენებათ, რომ ეს აჟიოტაჟი სწორედ რვა მარტის წინ ატყდა? ის, რომ "ვულე-ვუ" 20 წელია, ბაზარზე არსებობს, იმის დასტურია, რომ კარგ პროდუქციას ვყიდით.