აზდაკის მოლოდინში! - კვირის პალიტრა

აზდაკის მოლოდინში!

რამაზ ჩხიკვაძის დაბადებიდან 85 წლისთავის აღსანიშნავად თბილისში ბევრი ღონისძიება ჩატარდა. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა დიდი მსახიობის ბიუსტი (ავტორია მოქანდაკე გურამ პიპინაშვილი), საქართველოს ეროვნულ არქივში - გამოფენა. რუსთაველის თეატრში გაიმართა საღამო, სადაც უჩვენეს ფრაგმენტები ლილი კოპლატაძისა და ია შერაზადიშვილის გადაცემიდან "აუდიტორია - რამაზ ჩხიკვაძე". გადაცემაში რამაზ ჩხიკვაძე თავად საუბრობს საკუთარ ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. 9 აპრილის ბაღში დაიდგა სიმბოლური ქვა, სადაც უახლოეს მომავალში ზურაბ წერეთლის ქანდაკება - რამაზ ჩხიკვაძის "აზდაკი" აღიმართება.

ძეგლად და ეროვნულ სიამაყედ ქცეული აზდაკი, "კავკასიური ცარცის წრიდან", ერთგვარი ქვაკუთხედია ორი დიდი შემოქმედის ტანდემისა. ბრეხტის პიესა რობერტ სტურუამ გენიალურად გადაიტანა სცენაზე, რამაზ ჩხიკვაძემ კი არაჩვეულებრივად გაიაზრა ის ყველაფერი, რაც აზდაკს უნდა ეთქვა ხალხისთვის.

ლოთი და ღატაკი, ზნეობის აშკარად უარმყოფელი აზდაკი, რომელიც შემთხვევის წყალობით მოსამართლე ხდება, აცხადებს, - "ქრთამს ვიღებ!" მერე კანონს არღვევს, როგორც "ძველ ღობეს, ხალხს არხეინად რომ ებალახა"... და ეს აზდაკი ყველაზე ღირსეული და სამართლიანია მთელ ქალაქში...

ამ ფოტოზე, 1973 წელს რომ არის გადაღებული, "კავკასიური ცარცის წრის" რეპეტიციაა. რობერტ სტურუა და რამაზ ჩხიკვაძე აზდაკის მოსამართლედ ყოფნის სცენას განიხილავენ და განსჯიან. წარმოგიდგენიათ?! - 1973 წელი და ღრმააზროვანი დიალოგი ლოთი მოსამართლისა და აბჯროსანი "სამართალდამცავისა":

"- ორმოცი წლის წინათ, იქ (სპარსეთში) ყველანი ჩამოახრჩვეს - ვეზირები, გადასახადის ამკრებნი, პოლიციის უფროსი, ბაბუაჩემი... ოჰ, რა კარგი კაცი იყო! ბაბუაჩემი თვითონ მოსწრებია ყველაფერს ამას, სამ დღეში გაუჟლეტიათ ყველანი! - ამბობს აზდაკი.

- ვინღა განაგებდა ქვეყანას, თუ ყველანი ჩამოახრჩვეს? - ეკითხება აბჯროსანი.

- გლეხი, უბრალო გლეხი...

- ჯარს ვინღა სარდლობდა?

- ჯარისკაცი, უბრალო ჯარისკაცი...

- ჯამაგირს ვინღა არიგებდა?

- მღებავი, უბრალო მღებავი.

- მერედა, ვის გამო მოხდა ეგ ყველაფერი, შე თათარო, შენა?

- ვის გამო მოხდა? აჰა, თქვენ გინდათ, გაიგოთ, ვის გამო მოხდა ეს ყველაფერი? აი, ბაბუაჩემმა ერთი სიმღერა დამიტოვა, მაშინ სპარსეთში ასე მღეროდნენ თურმე:

"რატომ ჩვენს ვაჟებს აღარა აქვთ ძარღვებში სისხლი, / ჩვენს ქალებს ცრემლი რატომ გაუშრათ?

და რატომ შერჩათ სისხლი მხოლოდ სასაკლაოზე მიდენილ ხბორებს... / ცრემლი კი მხოლოდ წყლის ნაპირზე მტირალ ტირიფებს?

რატომ?

სამდივნოები გაჭედილია, ჩინოსნები ლამის არის, ქუჩაში დასხდნენ, / თავადები სუფრას უსხედან.

ჩვენს კაცებს კი სისხლის საღვრელად ერეკებიან. / ვინც თვლა არ იცის ოთხამდე კარგად, რვა კერძსა ყლაპავს.

რატომ?

სწორედ ამიტომ აღარა აქვთ ჩვენს კაცებს სისხლი. / სწორედ ამიტომ დაშრობიათ ჩვენს ქალებს ცრემლი"...

პიესიდან ამ ფრაგმენტის გახსენების შემდეგ სულ სხვაგვარად ვუყურებ უწყინარ ფოტოს, რომელზეც გენიალური რეჟისორი თეთრ, უმტვეროპერანგიან გენიალურ არტისტს უსმენს. რამაზ ჩხიკვაძე მთელი არსებით ცდილობს იმის გადაცემას, რაც მარტო აზდაკის, ან მისი თაობის სათქმელი კი არა, ჩვენი სათქმელიც გახლავთ. და რაკი დრო უძლურია გააბათილოს თუნდაც ერთი ანდაზა, რომელსაც სპექტაკლში სასამართლო პროცესის დაწყებამდე აზდაკი და სიმონი ერთმანეთს ქარაგმულად ეუბნებიან, ვხვდებით, რომ დრო პირობითი ცნებაა და ბრძოლა არ დასრულებულა.

რომელი ანდაზა არ გეცნობათ დღევანდელ დღესთან კავშირში?

"ნალბანდები ბედაურების დასაჭედად მოვიდნენ, ცხენის ბუზმა თავს უნდა უშველოსო", - განა ცოტა გვინახავს ცხენის ბუზი?

"ნეხვში ნაპოვნი მარგალიტი მირჩევნია Aანკარა წყაროდან ამოღებულ უბრალო ქვასო", - ამისი მთქმელი რამდენი გვყავს!

"მშვენიერი დარია, წამო, ვითევზაოთო, - უთხრა მეთევზემ ჭიაყელას", - განა ხშირად არ წავსულვართ მეთევზის ნებას აყოლილები სათევზაოდ და საკუთარ ენებზე არ გვიგრძნია ანკესის ბასრი თავი?

"ჩემი თავის პატრონი მე ვარო, - თქვა მონამ და ფეხი მოიჭრა" - ეგეც უკუღმა გაგებული თავისუფლების ხიბლი და გემო!

ამიტომ არის, რომ აზდაკის ძეგლი მნიშვნელოვანია ჩვენი, არცთუ სამართლიანი დღევანდელობისათვის. დიდებული არტისტისა და განუმეორებელი რეჟისორის საერთო ქმნილება -  ის იქნება აზდაკი, რომელიც არასდროს მალავდა მოსამართლის მანტიის ქვეშ დაგლეჯილ ნიფხავს და მაინც ყველაზე სოლიდური იყო ქალაქში... ის იქნება აზდაკი, რომელიც ქვაში გამოკვეთილიც გაიმეორებს ცნობილ სიტყვებს სპექტაკლიდან:

"მართლმსაჯულება თავის ბოროტ ზრახვებს ღია ცის ქვეშ ვერსად დამალავს, ქარი კალთას აუფრიალებს და ყველანი დაინახავენ, რაც იმალება მკაცრი კანონების მიღმა!"

ამას აუცილებლად გავიგონებთ ადამიანები, რომლებსაც გვახსოვს "კავკასიური ცარცის წრე" სცენაზე, ვიცით, დიდი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის ფასი და ველით, ისევ ველით აზდაკს...