"თუ ექიმმა ურჩობა გაბედა, მას გააგდებენ"
30-11-2009
საქართველოს კონსტიტუციით, მკურნალობისა და სიცოცხლის უფლება აღიარებული და ხელშეუხებელია, მაგრამ მხოლოდ ქაღალდზე. რეალობა კი შემზარავია. ჩვენი პუბლიკაციის თემა ამჯერად წამლების ფასია, წამალი კი პირდაპირ კავშირშია სიცოცხლესთან. დღეს საქართველოში ხალხი უწამლობით იღუპება. ქვეყანაში წამლების ფასების ზრდამ უკვე კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია, მაშინ როცა მეზობელ ქვეყნებში საქართველოდან გატანილი წამლები 30-40%-ით იაფი ღირს. სამწუხაროდ, "ქართული" წამალი დღეს განკურნების საშუალება კი არა, მოქალაქეებისკენ მიმართულ იარაღია.

მარინა ბერაძე, არასამთავრობო ორგანიზაციის "გვახსოვდეს ჰიპოკრატე" თავმჯდომარე:
- საქართველოს წამლის
ბიზნესში ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი რამ ხდება, ეს სფერო ყოველგვარი კონტროლის მიღმაა დარჩენილი. 2004 წლის სექტემბერში შექმნილი წამლის სააგენტო 2008 წელს გააუქმეს. ძლიერი წამლის სააგენტო და მყარი, პროფესიული საკანონმდებლო ბაზა ხელს არ აძლევდა მონოპოლისტებს, რადგან გაჩნდა საფრთხე მათი საქმიანობის სრულყოფილად შესწავლისა. მედიკამენტებზე ფასების კატასტროფული ზრდის უმთავრესი
მიზეზი ის არის, რომ ფარმაცევტული საქმიანობის მაკონტროლებელი ორგანო აღარ არის უფლებამოსილი, დაადგინოს მედიკამენტის თვითღირებულება. სახელმწიფო არ ერევა ფარმაცევტულ ბაზარზე სამკურნალო საშუალებების ფასწარმოქმნისა და რეგულირების პოლიტიკაში. მონოპოლისტებმა შთანთქეს ფარმაცევტული საქმიანობით დაკავებული წვრილი მეწარმეები, გააკოტრეს ,,წვრილი" აფთიაქები. სხვა აფთიაქები კი იძულებული არიან,  შემოიტანონ კონტრაბანდული სამკურნალო საშუალებები, ურეცეპტოდ გასცენ ფსიქოტროპული მედიკამენტები, გაყიდონ  არარეგისტრირებული სამკურნალო საშუალებები, რომ იარსებონ.  
დასავლეთის რიგ ქვეყნებში საცალო ქსელის გახსნის უფლებაც არა აქვთ საბითუმო ქსელის მეპატრონეებს. საქართველოში კი ,,ავერსისა" და PSP-ს მფლობელობაშია არა მხოლოდ საბითუმო და საცალო ქსელები, არამედ ფარმაცევტული საწარმოები და სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებები, ქმნიან სადაზღვევო კომპანიებსაც. ამ პირობებში ჯანსაღ კონკურენციაზე ლაპარაკი ზედმეტია.
"ავერსის" ხელმძღვანელობა საზოგადოებას ხშირად უმტკიცებს, რომ კომპანია ზრუნავს მათზე (ხარისხისა და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით), მაშინ როდესაც ,,ავერსი რაციონალის" სამკურნალო საშუალებები გაცილებით იაფი ღირს სომხეთის ფარმაცევტულ ბაზარზე, ვიდრე საქართველოში. საქართველოს ბაზარზე კი გაცილებით ძვირი ღირს იმპორტირებული სამკურნალო საშუალებები, ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანაში.  
მოგვყავს ჩვენს ხელთ არსებული  უამრავი მაგალითიდან მცირედი.

"ავერსი რაციონალში" წარმოებული:
1. მელონის სიროფი (100 მლ) საქართველოში ღირდა 5,78 ლ, სომხეთში - 800 დრამი, დაახლოებით  3,5 ლარი.
2. მელონი (30 აბი) საქართველოში ღირდა 5,40 ლარი, სომხეთში - 780 დრამი, დაახლოებით 3,4 ლარი.
3. ეფექტ-ფლუ (10 კაფს.) საქართველოში ღირდა 3,81 ლარი, სომხეთში - 500 დრამი, დაახლოებით 2,2 ლარი.

"ჯი-პი-სი"-ს სააფთიაქო ქსელში:
1. დუფასტონი (10 მგ 20 აბი), მწარმოებელი SOLVAYPHARMA; მწარმოებლის ფასია 2,37 ევრო, ქსელში გასაყიდი - 3,49 ევრო, დაახლოებით 11,58 ლარი; საქართველოში ეს პრეპარატი 31,72 ლარი ღირს, ქსელში გასაყიდ ფასზე 3-ჯერ  მეტი.
2. სირდალუდი (2 მგ 30 აბი), მწარმოებელი NOVARTISPHARMA; ევროპაში მწარმოებლის ფასია 2,56 ევრო, ქსელში გასაყიდი - 3,73 ევრო, ანუ დაახლოებით 8,6 ლარი. საქართველოში ეს პრეპარატი 16,5 ლარი ღირს, გასაყიდ ფასზე 2-ჯერ  მეტი.
დღევანდელი კანონმდებლობა სავსეა ისეთი ლაფსუსებით, რომლებიც  ყველაზე მეტად მომგებიანია მონოპოლისტი კომპანიებისთვის, რათა სააშკარაოზე არ გამოვიდეს მათი უკანონო საქმიანობა. აბა, რით შეიძლება აიხსნას ის გარემოება, რომ 1997 წელს მიღებული კანონმდებლობა ბევრად უფრო სრულყოფილი იყო, ვიდრე დღევანდელი? ფარმაცია, ეს უდიდესი მეცნიერება, ფინანსური ინტერესების გამო "იყიდე-გაყიდეს" დონეზე დაიყვანეს.
საქართველოს კანონის "რეკლამის შესახებ" უხეში დარღვევით მონოპოლისტი ფირმები ურიგდებიან ექიმებს თავიანთი პოზიციების ბაზარზე დამკვიდრების მიზნით.
ის, რომ ფარმაცევტული კომპანიები ექიმებთან ვაჭრობენ, საიდუმლო აღარავისთვიIს არის. ერთ-ერთმა ექიმმა, რომელმაც სამსახურიდან დათხოვნის შიშით ვინაობის გამხელა არ ისურვა, გაგვაცნო სქემა, როგორ იდება გარიგება ფარმაცევტულ კომპანიასა და ექიმებს შორის.
ფარმაცევტული ფირმები, თითქოსდა პრეპარატზე დაკვირვების მოტივით, ხელშეკრულებას დებენ ექიმებთან. იხსნება ანგარიში ბანკში, ექიმს ეძლევა პლასტიკური ბარათი, რომელზეც ირიცხება მისი გამოწერილი და შემდეგ გაყიდული "საინტერესო" წამლის ღირებულების 10%. პირადად ჩემთან, დღეში რამდენიმე აგენტი მოდის ამ წინადადებით.  ექიმები ისეთ  მძიმე მდგომარეობაში არიან, რომ ბევრი იძულებულია ამ სქემით იმუშაოს, პაციენტს დაუნიშნოს ის წამალი, რომელიც შეიძლება სულ არ არის საჭირო. იმ 10%-ს, ბუნებრივია, ფარმაცევტული კომპანიები თავისი ჯიბიდან არ უხდიან ექიმს, ის წამლის ფასშია ჩადებული. როგორც ვიცი, ფარმაცევტული კომპანიების სტაციონარულ და სამკურნალო სექტორში საქმიანობამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ ექიმები ლამის მონებად იქცნენ. მათ არა აქვთ უფლება, გამოწერონ ის წამალი, რომელიც მფლობელი ფარმაცევტული ფირმის წარმოებული ან შემოტანილი არ არის. თუ ექიმმა ურჩობა გაბედა, მას გააგდებენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე, პარლამენტარი: "რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსება, რომელიც უმწეოებისა და პენსიონერებისთვის დაზღვევის გაცემაში გამოიხატა, ძალზე ძვირად დაუჯდათ ამ კომპანიებს. სამაგიეროდ, ხელისუფლებამ ფარმაცევტულ კომპანიებს უფლება მისცა, ისე მოიქცნენ, როგორც მოესურვებათ. ასე რომ, წამლების ფასი ქართული პოლიტიკის უზნეობის პირდაპირპროპორციულია".

თინა ტურძილაძე, ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის თავმჯდომარე: - საქართველოში არ არსებობს წამლებზე ფასების დარეგულირების პოლიტიკა, ფასწარმოქმნის ქართული სტანდარტი დეფორმირებულია. წამალი საქართველოში იყიდება იმ ფასად, რა ფასადაც ეყიდებათ ფარმაცევტულ კომპანიებს, მათ სახელმწიფომ მისცა ამის უფლება. აქ საოცარიც არაფერია, ბიზნესის სოციალური შინაარსი არ შეიცავს ზნეობასა და სოლიდარობას.

- მაგრამ ამ კომპანიებს სწორედ  სოლიდარობასა და საზოგადოებაზე ზრუნვაზე აქვთ პრეტენზია.
- ამ ტიპის პერიოდული აქტივობები სარეკლამო ხასიათისაა და ყოველთვის მოგებაზეა ორიენტირებული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ მეპურე იმიტომ აცხობს პურს, ან ფარმაცევტული ინდუსტრია იმიტომ ქმნის წამალს, რომ ჩვენ არ ვიყოთ მშიერი ან ჩვენ არ გავხდეთ ავად, ცდება.
არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს არა აქვს დაშვებული წამლებზე თავისუფალი ფასწარმოქმნა, რამდენადაც ლიმიტირებული ფინანსირების პირობებში წამლებზე დიდი დანახარჯი პირდაპირ განაპირობებს ჯანდაცვაზე სხვა ხარჯების შემცირებას. ფასების შეკავების პოლიტიკის არსებობითაა განპირობებული სამედიცინო მომსახურების ღირებულებაში წამლის ნაწილის გონივრული ფასი, რომელიც ამერიკაში არ აღემატება 12,9%-ს, შვეიცარიაში - 10,5%ს, დანიაში - 9,8%-ს, ნორვეგიაში - 9,4% და ა.შ., ქართულ სამედიცინო სერვისებში კი წამლის ფასს მიაქვს მისი ღირებულების 48-49%.
ფასების შეკავების სწორი პოლიტიკა ჩვენს მდგომარეობაში ერთადერთი გამოსავალია და ხელების გასავსავება, რომ ეს ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას, უადგილოა.

- თქვენი აზრით, ასეთი სახელმწიფო პოლიტიკა და ეს მიდგომა რითაა განპირობებული?
- ალბათ იმით, რომ სახელმწიფო არ აღიარებს ჯანმრთელობის დაცვას ადამიანის ფუნდამენტურ უფლებად. მეტიც,  მიაჩნია, რომ ჩვენნაირ სახელმწიფოს არ შესწევს უნარი ამ ტვირთის აწევისა. დღეს მოქალაქეთა  დიდი ნაწილი, ვინც არ არის ძალიან მდიდარი ან არ სარგებლობს "მუნდიროსანთა" ან "თეთრსაყელოიანთა  პრივილეგიებით, თუკი დასჭირდათ ჰოსპიტალური ჩარევა, განწირულია. გამოდის, ეს ხალხი ზედმეტია. მგონი, ხელისუფლებას გამორჩა, რომ თავისუფალი ბაზარი, რომელიც სწრაფად  და ეფექტიანად ქმნის სიმდიდრეს, ასევე არათანაბრად ანაწილებს სიმდიდრეს. არაფერი მაქვს სიმდიდრის საწინააღმდეგო, მაგრამ რატომ არავის რჩება საზოგადოების სოციალურად დაუცველი ადამიანებისადმი სოლიდარობის გრძნობა(?!).  
ძლიერი ფარმაცევტული მრეწველობით გამორჩეული ქვეყნები (ინგლისი, გერმანია) ფასების რეგულირების უფრო ლიბერალურ მოდელებს ირჩევენ, ვიდრე ისინი, სადაც მრეწველობა სუსტადაა განვითარებული (იტალია, ესპანეთი), ასე რომ, ფარმაცევტული ბიზნესის გავლენა პოლიტიკაზე ცნობილი ფენომენია.

- რამდენად არის კავშირში ერთმანეთთან ფარმაცევტული კომპანიების მიერ ჰოსპიტალური, სადაზღვევო სექტორის ერთსა და იმავე ხელში მოხვედრა?
- ფარმაცევტული ბიზნესის ჰოსპიტალურ სექტორში ინტეგრირება, გაცილებით დიდი საფრთხის შემცველია, ვიდრე  თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკები, რადგან ფარმაცევტული ბიზნესის ჰოსპიტალურ საქმიანობაში ინტეგრირება უპირობოდ იწვევს მათი პროდუქციის მიკერძოებულ, არაობიექტურ და არაეთიკურ პროპაგანდასა და გასაღებას.

- რატომ არის საქართველოში წამლის ფასი ასე მაღალი მაშინ, როცა აზერბაიჯანსა და სომხეთში იგივე წამლები 40-50%-ით იაფია, - ამ კითხვით მივმართეთ პსპ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნათია ხაბეიშვილს:  - ნამდვილად არა მაქვს ამაზე პასუხი, ეს უნდა ვიკითხო... იანვრიდან წამლების გაძვირებაზე ჩვენს კომპანიაში საუბარი არ ყოფილა. პირიქით, შვიდი დასახელების მედიკამენტი გავაიაფეთ. ყველაზე ხშირად მოსახმარი წამლები გავაიაფეთ, რადგან მწარმოებლებმა შეღავათი გაგვიწიეს. ფასები 25%-ითაა შემცირებული. მაგალითად, ჩვენთან ყველაზე მეტი "ნოშ პა" იყიდება, ამიტომ 25%-იანი ფასდაკლება გავაკეთეთ. პსპ-ს ხელმძღვანელობა წამლების გაიაფებაზე  მუშაობს, რადგან მოსახლეობის მყიდველუნარიანობა მცირდება, მაქსიმალურად ვცდილობთ წამლები გავაიაფოთ".
ჩვენ დავუკავშირდით "ავერსის" პრესსამსახურის უფროსს ლალი ბრეგვაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაცია მტკნარი სიცრუეა და არ შეესაბამება სინამდვილეს, პრეპარატი "მელონი" სინამდვილეში სომხეთში უფრო ძვირი ღირს.

- როგორც ექიმები ამბობენ, ფარმაცევტული კომპანიები 10%-იანი სარგებლის სანაცვლოდ ექიმს ამა თუ იმ წამლის გამოწერას სთავაზობენ.
- ესეც მტკნარი სიცრუეა, დამისახელეთ, რომელი ექიმი ამბობს ამას.

- ვინაობას ვერ დაგისახელებთ, რადგან მათ სამსახურიდან გაგდების ეშინიათ.
- ასეთ აბსტრაქტულ ბრალდებებზე პასუხის გაცემა ძნელია. საინტერესოა, მაშინ რატომ არ ტეხენ ერთ ამბავს, როცა წამლებს ვაიაფებთ. ამ ეტაპზე "ნოშ-პა", "ფესტალი", "კორდარონი", "ესენციალ-ფორტე" 25%-ით გავაიაფეთ მწარმოებელთან მოლაპარაკების შედეგად.
p.s. ეს ის შემთხვევაა, როცა სათქმელი ბევრი გაქვს, მაგრამ აზრებს ვერ ალაგებ გაურკვევლობისა და უმწეობის გამო.


bakako
23 დეკემბერი 2009 15:51
ეს კომპანიები მოქნილი ყაჩაღები არიან, ძარცვავენ ხალხს , ყიდიან ნაგავს, ყიდულობენ მოხელეებს, ერტი ტურძელაძე ვერ იყიდეს, სამაგიეროდ წერეთელი და ჭიპაშვილი იყიდეს და დაანგრიეს სააგენტო და რა ვქნათ ახლა ვივიშვიშოთ??? არა, არ იქნებო სწორი, უნდა გავერთიანდეთ საზოგადოება და ექიმები და უნდა თავის ადგილზე დავსვატ ეს გათავხედებული მონოპოლისტები და მათი ლობისტები.
იდეა მაქვს მაგარი მივმართოთ ექსპერტთა კლუბს - ტურძელაძეს, დავიყენოთ წინ და გავუმაგროთ ზურგი, ძირს ბოროტება და უვიცობა ჯანდაცვაშიიიიიიიიიიიიიიი
Temuri
14 დეკემბერი 2009 12:29
აბსოლუტურად გეთანხმებით ქალბატონო ხათუნა, მაგრამ მოგეხსენებათ, პროტესტს ჩვენთან ხშირ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ მოჰყვება-ხოლმე. ამიტომ იქნებ ჩვენ, ხალხმა, გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც ექიმებსა და ფარმაცევტულ კომპანიებს ამ ,,ბიზნესის" კეთების სტიმულს დაუკარგავს (ნაწილობრივ მაინც).
კავკასიელი
03 დეკემბერი 2009 17:05
ავერსი არ ნიშნავს ლათინურად სპირალს, როგორც ბატონ პაატას ჰგონია. ეს სიტყვა ანტიპატიას ნიშნავს:
aver·sion
1 obsolete : the act of turning away
2 a : a feeling of repugnance toward something with a desire to avoid or turn from it
b : a settled dislike : antipathy

რედაქტორის რჩევით