საშინელი განაჩენი საკუთარ თავს ვალის გამო - კვირის პალიტრა

საშინელი განაჩენი საკუთარ თავს ვალის გამო

ამონარიდი ჟურნალ "გზადან":

პირველად ვალი შვილის გამო აიღო, რომელიც სასჯელს რუსეთის ციხეში იხდის. შემდეგ ყველაფერი ერთმანეთზე მიეწყო, - ვალებში მყოფი, მუდმივად ცდილობდა სხვისთვისაც მოემართა ხელი და რამდენჯერმე სხვის გამოც კი აუღია პროცენტიანი ვალი. საბოლოოდ იმხელა თანხა დაუგროვდა, რომ საკუთარ თავს საშინელი განაჩენი გამოუტანა და ახლა 47 წლის ციცინო ხარაბაძე რეფერალურ საავადმყოფოში სიკვდილს ებრძვის... მაშინ, როდესაც ჯანმრთელი იყო, ამბობდა, რომ სრულიად უცხო ადამიანისთვის გაკეთებული სიკეთით, პატიმრობაში მყოფ ერთადერთ შვილს ეხმარებოდა, ახლა მისი ოჯახის წევრები და ახლობლები მიიჩნევენ, რომ იმ უანგარო სიკეთეს უფალი არ დაუკარგავს და მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.

რეფერალურ საავადმყოფოში მისულს იმაზე მძიმე სურათი დამხვდა, ვიდრე წარმომედგინა.

გოგი წერეთელი, მკურნალი ექიმი:

- პაციეტნს III ხარისხის B კატეგორიის დამწვრობა აქვს მიღებული და სხეულის 25% დაზიანებულია, მაგრამ ამ დროისთვის ჭრილობები ლოკალიზებულია. ამჟამადაც რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება. პაციენტს დამწვარი აქვს მთლიანად სახე, ორივე ყური, ორივე კიდური, გულმკერდი ნაწილობრივ, დაზიანებული აქვს სასუნთქი გზები და მდგომარეობა პროგრესულად მძიმეა. თუკი მდგომარეობიდან გამოვიდა, მას ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდება, რაც ქირურგიულ და პლასტიკურ ჩარევებს გულისხმობს, მაგრამ ამჟამად ამაზე არც არის საუბარი, მთავარია, გადავარჩინოთ. მდგომარეობის გართულების საფრთხეც ჯერ კიდევ არსებობს, თუმცა მივაღწიეთ იმას, რომ მძიმე ვითარების ფონზე, სტაბილურია. ამიტომ, ვიზუალურ მხარეზე საუბარი ჯერჯერობით ადრეა.

ნონა ხარაბაძე, ციცინოს და:

- საოცრად კეთილი ადამიანია ჩემი და... მთელი თავისი ცხოვრება ყველას გაჭირვებისა და ტკივილის გამზიარებელი იყო. დები ვართ, მაგრამ ჩემგან სრულიად განსხვავდება. აქტიური და მებრძოლი ადამიანია. რადგან საკუთარ თავზე ჰქონდა გამოცდილი ვალი და მევახშესთან ურთიერთობა, ყოველთვის ამას ლაპარაკობდა, იქნებ როგორმე ეს საკითხი მოაგვაროს ხელისუფლებამო. ყველა ეცოდებოდა, ვისაც ბანკი თუ კერძო პირის ვალი ჰქონდა, ვალებში ჩაფლული, მაინც ცდილობდა ყველასთვის მოემართა ხელი. ერთხელ რუსეთში მცხოვრებ სრულიად უცხო ადამიანებზე გაუგია, რომ დავალიანების გამო დენი ჩაჭრილი ჰქონდათ და ქუთაისიდან გადაუგზავნა ფული, პატარები ჰყოლიათ და ცოდოები არიანო... იმედი მაქვს, რომ უანგაროდ გაკეთებულ სიკეთეს უფალი წინ დაახვედრებს და მას სიცოცხლეს აჩუქებს... ეს რამდენიმე დღეა შოკში ვარ. მოხუცი დედა გვყავს და ვერაფერს ვეუბნები. ან როგორ ვუთხრა, შენმა შვილმა, რომელიც ყველასთვის მებრძოლი ადამიანის განსახიერება იყო, თავი დაიწვა-მეთქი... დედამ არც კი იცოდა, რომ ციცის ამხელა ვალი ჰქონდა. არც კი ვიცი, რა ვთქვა, უფრო ძლიერი მეგონა ჩემი და, მაგრამ ბოლო დროს ვგრძნობდი, რომ ძალიან შეიცალა. ბოლო სამი დღე თითქმის არავის გვცემდა ხმას.

- როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, მარტო იყო სახლში?

- არა, რას ამბობთ, ჩემი შვილების წინაშე გააკეთა, დამწვრობა ბავშვებმაც მიიღეს და საავადმყოფოში იწვნენ. ახლა, მადლობა ღმერთს, სახლში არიან... ციციმ ეს მაშინ გააკეთა, როდესაც იმ ბინაში პოლიცია მოვიდა, ბინიდან იძულებით რომ გამოვესახლებინეთ. საქმე ის არის, რომ ეს ჩემი ბინა იყო, მანამდე თავისი ბინა ჩადო ბანკში და გაუყიდეს, რადგან პროცენტი ვერ გადაიხადა. ბოლოს ძალიან გაუჭირდა ამ პროცენტების გადახდა და ამიტომ ჩადო ჩემი ბინაც. როდესაც პოლიცია სახლში შემოსულა, ციცი მეორე ოთახში გავარდნილა, სადაც ჩემი შვილები იყვნენ და ბენზინი მათ თვალწინ გადაისხა. ერთ ბავშვს ნახევარი სახე დამწვარი აქვს, მეორეს კი - ორივე ხელ-ფეხი. იმას ნერვიულობდა, და თავის ოჯახთან ერთად ქუჩაში მირჩებაო. ამიტომ გააკეთა ეს საშინელება.

50-მდე პოლიციელი ყოფილა მოსული, მაგრამ ადრე თუ წიხლებით შედიოდნენ სახლში, იმ დღეს ძალიან მოკრძალებულად იქცეოდნენ. სანამ ჩვენ, მე და ჩემი მეუღლე ბინაში ავიდოდით, ერთმა პოლიციელმა ისიც კი გვითხრა, იქნებ კიდევ ერთხელ დაელაპარაკოთ იმ კაცსო, მაგრამ უარი ვუთხარი, - აზრი არა აქვს, ვიცნობ და ვიცი, რისი გამკეთებელიც არის-მეთქი. 30 ათას დოლარს ითხოვდა ხელზე, დღესვე მომეცით და არ გაგასახლებთო. ხვეწნა-მუდარით 25-მდე ჩამოვიყვანეთ. რამდენიმე თვის წინაც ვცადეთ მასთან დალაპარაკება, მობილურზე დავურეკეთ და ჩვენი გეგმა შევთავაზეთ. ჩემს მეუღლეს უნდოდა, ერთი ბინა გაეყიდა და აღებული თანხით ეს გამოგვესყიდა, მაგრამ უარი უთხრა. პირდაპირ მოგვახალა, მირჩევნია, ის ბინა სხვას მივცე კაპიკებში, ვიდრე თქვენ მისი დახსნის საშუალება მოგცეთო. ეს აგვისტოში მოხდა და მაშინ რვა ათასი დოლარი გავუგზავნეთ. საქმე ის არის, რომ იმ თანხის მიღებაც უარყო, არადა, ამის დამადასტურებელი ქვითარი გვაქვს.

- ახლა რა მდგომარეობაა ბინასთან დაკავშირებით?

- იმ დღეს, როდესაც ციცი სასწრაფოს მანქანამ თბილისში წამოიყვანა, ნახევარ საათში ის მევახშე მისულა და ბინის კარის გასაღები გამოუცვლია, რომ ვერ შევიდეთ... არადა, საქმე ორი თვით, 27 აპრილამდე შეაჩერეს. იურიდიულად ეს ბინა მას უკვე წართმეული ჰქონდა, უბრალოდ, აღსრულებას ელოდებოდა, რომ გავესახლებინეთ. როგორც გავიგე, 400-მდე ადამიანი დაუტოვებია ბინის გარეშე.

- რისთვის ისესხა პირველად თანხა?

დახმარების მსურველთათვის ვაქვეყნებთ სოციალურ ქსელში დადებულ ანგარიშის ნომერს:

http://www.facebook.com/groups/494458207277775/

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.