მკითხველთა თხოვნით - ბიბლია აპრილში ისევ გამოვა - კვირის პალიტრა

მკითხველთა თხოვნით - ბიბლია აპრილში ისევ გამოვა

"წმინდა წიგნისკენ მიმართული მხოლოდ ერთი მზერაც კი ცოდვის ჩადენის სურვილს გვიქარწყლებს"

მთავარი წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ!

მას მერე, რაც გამომცემლობა "პალიტრა L" -მა პრეზენტაციაზე წარადგინა "50 + ბიბლია + 49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", ყველა განსაკუთრებულად ელოდა ბიბლიას... ველოდით ჩვენც - მედიასახლის და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის თანამშრომლები. ამიტომ ძალიან გაგვახარა საპატრიარქოს დამუშავებული ტექსტით მაღალპოლიგრაფიულად გამოცემული ბიბლიის ნახვამ...

შეგახსენებთ, რომ "პალიტრამედიამ" ბიბლიის გამოცემასთან დაკავშირებით გადაწყვიტა, რჩევა უწმინდესისა და უნეტარესისთვის ეკითხა. მისი კურთხევით, ბიბლია უნდა დაბეჭდილიყო, მაგრამ არა დანომრილი, არამედ როგორც ცალკე მდგარი დიდი წიგნი. მისი კურთხევა შესრულდა...

ყველაზე მთავარი წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ, სოლიდური ტირაჟით გამოვიდა, თუმცა მოხდა უპრეცედენტო რამ - წიგნის მაღაზიებსა და გაზეთების ჯიხურებში ბიბლია ორ საათში გაიყიდა და ძალიან ბევრი მკითხველი გულდაწყვეტილი დარჩა, ვერ მოასწრო ამ სულიერი საგანძურის შეძენა.  ბიბლიის შეძენა ვერც მე მოვასწარი და ვერც "პალიტრამედიის" თანამშრომლთა უმეტესობამ - პირველი ტირაჟით დაბეჭდილი ბიბლია არ შეგვხვდა...

ხშირად გვეკითხებიან, ნამდვილად გამოვა, თუ არა ბიბლია და იქნება თუ არა იმდენი, რამდენიც ჩვენს მკითხველს დასჭირდებაო... ველით მეორე ტირაჟს, რომელიც აპრილში, სავარაუდოდ 22 რიცხვში გამოვა გასაყიდად ისევ "კვირის პალიტრასთან" ერთად და ისევ 14 ლარი ეღირება.

ვიდრე საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბიბლიის მოლოდინშია, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შეგონება, რომელიც ჩვენთან შეხვედრისას გაგვიზიარა:

- უდიდესი მნიშვნელობა აქვს, წიგნის კითხვისკენ მოვაბრუნოთ საზოგადოება, არის შემთხვევა, როცა შინ აქვთ ბიბლია, მაგრამ მაინც არ კითხულობენ... ამიტომ მთავარია, დავაფიქროთ, კითხვა მოვანდომოთ ადამიანებს...

ვასრულებთ პატრიარქის კურთხევას,  რათა თითოეული წიგნი ბიბლიისა, მივიდეს მათ გულებამდე და არა მარტო მათი წიგნის თაროებამდე. ბიბლია უნდა წაიკითხოთ, სანამ ცოცხალი ხართ, რადგან, როგორც წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) გვმოძღვრავს: "ძმანო ქრისტიანენო, სიტყვა ღვთისა გვყოფს ნეტარად, უკეთუ ვისმენთ და აღვასრულებთ მას. სიტყვა ღვთისა, ანუ საღმრთო წერილი პირველად განანათლებს გონებასა და გულსა კაცისას და მეორედ გამართავს და შეამკობს მისსა მოქმედებასა".

წმინდა იოანე ოქროპირი: "ვისაც ბიბლია აქვს, იგი მას დიდ სარგებლობას მოუტანს და უდიდეს ნუგეშს მიანიჭებს. ხშირად ამ წმინდა წიგნისკენ მიმართული მხოლოდ ერთი მზერაც კი ცოდვის ჩადენის სურვილს გვიქარწყლებს".

წმინდა ეფრემ ასური: "ადამიანის ნაკლია, არ იცოდეს წმინდა წერილი, მაგრამ ორმაგი ნაკლია, რომ იცის, მაგრამ უგულებელყოფს მას"...

წმინდა ირინეოს ლიონელი წერს: "ეკლესია ამქვეყნიური სამოთხეა. ძველი და ახალი აღთქმის წიგნები კი ამ სამოთხეში გაშენებული სხვადასხვა ხეხილი და ნერგი. მაშ, ვიხმიოთ ნაყოფი საუფლო ბაღისა".