ნინო ზაუტაშვილი: "სიმართლისთვის ბრძოლას ვიწყებთ!" - კვირის პალიტრა

ნინო ზაუტაშვილი: "სიმართლისთვის ბრძოლას ვიწყებთ!"

"არხის თანამშრომლები სასამართლოში ჩივიან"

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და თანამშრომელთა დაპირისპირება, სავარაუდოდ, ახალ ფაზაში შევა. პირველი არხის თანამშრომელთა ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა, ბორდის გადადგომისა და გენერალური დირექტორის გადაყენების საკითხის სამართლებრივად შესწავლის მოთხოვნით სასამართლოში იჩივლოს.

საზოგადოებრივ მაუწყებელში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მიზეზად კი არხზე გიორგი ბარათაშვილის მიერ კრიზისული ვითარების შექმნა დაასახელა.

"სამეურვეო საბჭომ განიხილა მაუწყებელში შექმნილი ვითარება, რომელსაც წინ უძღოდა მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გადაყენება და ამ უკანასკნელის მიერ გენერალური დირექტორის დადანაშაულება სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის, პოლიტიკური ზეწოლისა და ფინანსური გარიგების შეთავაზებაში. ასეთი კრიზისული ვითარების შექმნა იმ პირობებში, როდესაც მაუწყებელზე ხორციელდება მრავალმხრივი ზეწოლა, მიგვაჩნია უპასუხისმგებლობად და საზოგადოებრივი ინტერესების საფრთხის შემცველად", - ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სპეციალურ განცხადებაში.

არხის თანამშრომელთა ნაწილის აზრით, ბარათაშვილი უკანონოდ გაათავისუფლეს და როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ბორდი პოლიტიკური ძალის ("ნაციონალური მოძრაობის") ინტერესების დაცვას ცდილობს.

ბორდის გადაწყვეტილება უკანონოდ მიაჩნია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც, ამიტომაც არხზე შექმნილი საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, საქმის გარჩევა სასამართლოში გაგრძელდება.

ნინო ზაუტაშვილი, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" წამყვანი: - ჩვენ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან გავგზავნეთ თანამშრომლების ხელმოწერილი თხოვნა ბორდის გადაყენების თაობაზე. ამასთან, ამ დღეებში სასამართლოში შევა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ მომზადებული სარჩელი, რომლის თანახმად, თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი. ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო იყო სრული შემადგენლობის (15 კაცი) ორი მესამედი, გადაწყვეტილება კი 9 პირმა მიიღო. ეს კანონდარღვევაა და ჩვენ პოზიციის დათმობას არ ვაპირებთ. სიმართლისთვის ბრძოლას ვიწყებთ. მომზადდა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული კანონის ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტში მოსასმენად მიიღეს. ბორდი უნდა გადადგეს, რადგან ის არაკომპეტენტურია - არ იცნობს კანონებს, არ გააჩნია საფუძვლიანი არგუმენტები, რის საფუძველზეც გადაწყვეტილებებს იღებენ, ვერ გეტყვიან, რა პასუხისმგებლობა აკისრიათ. ტელევიზიის განვითარების სტრატეგიაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ბორდი არ არის დაკომპლექტებული იმ პირებით, ვისაც ტელევიზიის განვითარება სურს.

სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძის აზრით კი, ბორდს მართლსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და კანონდარღვევაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ადანაშაულებს.

ლევან გახელაძე: - ე. წ. საინიციატივო ჯგუფს ხომ შეაქვს სასამართლოში სარჩელი? ჰოდა, დაველოდოთ მართლმსაჯულებას! ჯგუფს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩამოყალიბდა და ჩვენ გვებრძვის, პარლამენტის თავმჯდომარე მოქმედი კანონმდებლობის აშკარა და უხეში დარღვევით ხვდება.  ვგულისხმობ "საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონის მე-15 თავს, სადაც ნათქვამია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს ეკრძალებათ საზოგადოებრივი მაუწყებლის კერძო საქმეებში ჩარევა. არადა, სხვაგვარად როგორ უნდა აღვიქვათ ის, რაც რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ: სახელმწიფოს მეორე პირმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ერთდროულად მიიღო კანონპროექტის ავტორები და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ის ნაწილი, რომელიც უკმაყოფილოა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით. გარდა ამისა, როგორც ჩემმა წყარომ მითხრა (თუმცა ვერ დავადასტურებ), თითქოს პარლამენტის თავმჯდომარეს საინიციატივო ჯგუფისთვის უთხოვია, რაც შეიძლება ბევრი ხელმოწერის შეგროვება ბორდის გადასაყენებლად.

ასეთ მოთხოვნას იურიდიული ძალმოსილება არა აქვს. კანონმდებლობა არ ცნობს სამეურვეო საბჭოს, როგორც მოქმედ კოლექტიურ ორგანოს, გადაყენების ფორმას, ინდივიდუალური იმპიჩმენტის საფუძვლად კი "საზოგადოებრივი მაუწყებლობის შესახებ" კანონში მითითებულია მხოლოდ ორი ფაქტორი: რეგულარული გაცდენა, ანუ საბჭოს წევრების სამსახურებრივი მოვალეობისთვის თავის არიდება ან სისხლისსამართლებრივ საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი. ასე რომ, ეს ხელმოწერები და აჟიოტაჟი კარგად აჩვენებს, საიდანაც იმართება პროცესი. რით გავამართლოთ ის, რომ იურისტი პარლამენტის თავმჯდომარე ცდილობს, დახურულ კარს მიღმა მოისმინოს მოსაზრებები, გამოთქვას თავისი აზრიც და გასცეს მითითებები. ეს ძალიან შემაშფოთებელია. ამასთან, განათლებისა და კულტურის კომიტეტში საკანონმდებლო ცვლილების განხილვა უჩვენოდ მიმდინარეობს. განხილვაში მონაწილეობისთვის თუ არა, მოსასმენად მაინც ხომ უნდა მივეწვიეთ? საბჭოს ერთ-ერთ წევრს ელზა გოგუაძეს შეპარვა მოუხდა განხილვაზე... დასკვნა თავად გამოიტანეთ.

- ესე იგი, ხელისუფლება გებრძვით?!

- ვერ ვიტყვი, რომ მთელი ხელისუფლება ამას ცდილობს, რადგან კოალიცია "ქართული ოცნება" არ არის ერთგვაროვანი, ის სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტისგან შედგება. მე ყურადღებით მოვუსმინე მათ კომენტარებს საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ. მინდა გამოვყო ზვიად ძიძიგურისა და ეკა ბესელიას ძალზე კორექტული კომენტარები. ეკა ბესელიამ "ნაცმოძრაობასაც" და "ქართულ ოცნებასაც" მოუწოდა, არ ჩაერიონ, ანუ არ გაბედონ პროცესის პოლიტიზება. ეს ძალიან კარგია, Mსამაგიეროდ, აშკარაა კოალიციაში შემავალი რესპუბლიკელების ზედმეტად დაინტერესება ამ საქმით.