სკივრში ჩატეული უკვდავი სიყვარული - კვირის პალიტრა

სკივრში ჩატეული უკვდავი სიყვარული

გზავნილი მომავლიდან, როგორც ისტორიის ერთი გაუხუნარი ფურცელი

"ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, ზუსტად ისეთი ზურიკო მახსენდება, როგორიც იმ დროს იყო, როცა დავქორწინდით"

ზოგჯერ წამიც ისტორიად იქცევა ხოლმე და რა გასაკვირია, რომ "კვირის პალიტრის" 18-წლიან ისტორიასაც კვალი დაემჩნია საზოგადოებაზე - სხვა რომ არაფერი, 2000 წელს წამოწყებული ჩვენი პროექტი "გზავნილი მომავალში" 100 წლის შემდეგაც შეახსენებს თავს საქართველოს. მანამდე კი სკივრი, რომელშიც გზავნილები იყო მოთავსებული, უკვე სამჯერ გაიხსნა და ბევრისთვის ისტორიად იქცა, რომელსაც სიხარულიც ახლდა და ცრემლიც. ახლა სწორედ ერთ ასეთ გზავნილზე გვინდა მოგითხროთ.

"კვირის პალიტრამ" სიყვარული გამიცოცხლა. აქამდეც მინდოდა თქვენთვის მომეწერა, მაგრამ წლები დამჭირდა, რათა კალამი ხელში ამეღო და მომეწერა...

მოსიყვარულე მეუღლე დავკარგე - 2005 წლის 26 ნოემბერს ინფარქტით გარდაიცვალა. წავიდა და უზარმაზარი სიცარიელე დამიტოვა. ორმოცი დღის შემდეგ ქუჩაში პირველად გავედი. გაზეთების ჯიხურს რომ ჩავუარე, თითქოს რაღაც ძალამ უკან მიმახედა.

პირდაპირ "კვირის პალიტრას" დავადგი თვალი და არც დავფიქრებულვარ, ისე ვიყიდე. შინ შევედი თუ არა, გაზეთი მაგიდაზე დავდე და კითხვა დავიწყე. ვხედავ, რამდენიმე ფურცელზე სიაა ჩამოწერილი, - განმეორებით ვბეჭდავთ იმ ადრესატთა სიას, ვინც რედაქციაში თავის გზავნილს უნდა მოაკითხოსო. კი ვიცოდი, რომ "კვირის პალიტრას" ასეთი პროექტი ჰქონდა, მაგრამ მე მასში მონაწილეობა არ მიმიღია. რატომღაც მაინც დავიწყე სიის კითხვა და რას ვხედავ: "ნანა რევაზის ასული გეგელია" - წერია. თვალები დავხუჭე, ისევ გავახილე, ხომ არ მეჩვენება, ან იქნებ სხვა ნანაა-მეთქი, მაგრამ გარკვევით ეწერა ჩემი სახელი და გვარი. ამასობაში მეზობელი შემომესწრო და დაბნეულმა ვკითხე, მართლა ჩემი სახელი წერია-მეთქი? თავი დამიქნია. ის ღამე ძლივს გავათენეთ მე და ჩემმა შვილებმა. დილით "პალიტრის" რედაქციაში მივედი და გოგონებს კონვერტი გამოვართვი. დახედვისთანავე თავბრუ დამეხვა, - ჩემი მეუღლე მიგზავნიდა, ზურიკო, მისი ხელი იყო. გაოგნებულს გოგონებმა მკითხეს, - რა მოხდა, ნაცნობი გწერთ თუ უცნობიო? ჩემი მეუღლე მწერს, გუშინ გადავუხადეთ ორმოცი-მეთქი. ახლა იმ გოგონებს გაუფართოვდათ თვალები. \გამოვედი თუ არა შენობიდან, კონვერტი იქვე, ხის ძირში გავხსენი და კითხვა დავიწყე. უცებ ვიგრძენი, რომ იმ ქვეყნად წასულმა ადამიანმა შეიძლება  სივრცე გადმოკვეთოს და საყვარელ ადამიანს შეეხმიანოს.

გიგზავნით ამ წერილს და მადლობას გიხდით, თქვენ ხომ ყველაზე ფასდაუდებელი რამ მაჩუქეთ. მიყვარხართ.

ნანა გეგელია"

- ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, ზუსტად ისეთი ზურიკო მახსენდება, როგორიც იმ დროს იყო, როცა დავქორწინდით. მაშინ მის სოფელში წავედით, ბაღდათში, დიმში. უბედნიერესი ქალი ვიყავი - რამდენი წელიც მემატებოდა, ჩემი ქმარი დაბადების დღეზე თითო ვარდს მიმატებდა. ერთხელ უზარმაზარი თაიგულით კარში რომ ვეღარ შემოეტია, გამწარებულმა მივაძახე, - რა დროს ვარდებია-მეთქი! სახე ისე მოეღრუბლა, დღემდე არ ამომდის თვალებიდან. ახლა ვნანობ, ასე რატომ ვუთხარი-მეთქი...

- ალბათ მოსიყვარულე შვილი იყო. შვილიშვილებს სწერს, - "როცა ამ წერილს ვწერ, კოსტა ბაბუა ცუდადაა, გული მიკვდება, რომ ვერაფრით ვეხმარები. მანია ბებო კი ყავარჯნებით დადის, როგორ ვოცნებობდი, მშობლებისთვის რაიმე გამეკეთებინა, მაგრამ ვერ შევძელი, რაც უფრო მიმძიმებს გულსო". რა ვერ შეძლო?

- უნდოდა, ისეთი შვილი ყოფილიყო, დედ-მამისთვის სასახლე აეშენებინა, მათ ყველა ტკივილს შებრძოლებოდა. გიჟდებოდა, როცა უჭირდათ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დედამისმა ფეხი მოიტეხა და ყავარჯნით დადიოდა. მერე მამა გაუხდა უკურნებელი სენით ავად, ადგილს ვერ პოულობდა, საშინლად ნერვიულობდა, რომ ვერ შველოდა. მშობლებს ქალაქში ჩამოსვლა არ უყვარდათ - თავი კოლოფში გამოკეტილი გვგონიაო, ის კი დარდობდა, - სოფელში უჩემოდ  გაუჭირდებათო. ძალით ჩამოჰყავდა მშობლები თბილისში...

პირველი შვილი რომ გაგვიჩნდა, არაფერი იშოვებოდა. რა ვიცი, რამ მოაფიქრებინა, თავის დღეში ნემსი ხელში არ დაუჭერია, დალიანდაგებული გასახვევი შეუკერავს. სწორედ მისი ნახელავით გამოვიყვანეთ  შვილი სამშობიაროდან. შვილიშვილებისთვის ხომ საოცარი ბაბუა იყო, მათ დანახვაზე დაფრინავდა. შევარდენი, ბოკვერი, მერცხალი, წერილში რომ უწერია, ყველას თავად შეარქვა. ყველასთვის თავისი სამყარო ეგულებოდა. გული მტკივა, რომ ჩემი შვილიშვილები ვეღარ ნახავენ ასეთ ბაბუას...

- სამაგიეროდ, დარჩებათ მისი წერილი.

- ამ წერილმა მე ხომ შემძრა, ჩემი შვილებიც... მეუბნებიან, მისი წაკითხვა ძალიან გვიჭირსო. წააკითხეთ ეს წერილი სრულიად საქართველოს, რათა ყველამ იგრძნოს, რომ სიყვარულს დასასრული არ გააჩნია.

არ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ამ პროექტისთვის. შვიდი წელი დამჭირდა, ჩემი გრძნობები თქვენთვის რომ გადმომეცა. ამ პროექტმა დამარწმუნა, რომ სიყვარულს საზღვარი არა აქვს. აი, ამ სიყვარულისთვის ღირს ამქვეყნად მოსვლა, ნამდვილად ღირს!