დემოკრატიის ”სიოშებერილთა” ”იდეინნი” ტესტი - კვირის პალიტრა

დემოკრატიის ”სიოშებერილთა” ”იდეინნი” ტესტი

სამწუხაროდ, ჩვენში ახალჩამოყალიბებული ტენდენციით, თურმე დემოკრატია, უპირველესად, ქართული ტრადიციებისა და ეროვნული ფასეულობების უგულებელყოფას ნიშნავს(?!). გაგილანძღავენ, შეგიბილწავენ და გაგითელავენ წინაპრების მიერ სისხლით მოტანილ სულიერ სიმდიდრეს და თუ პროტესტის ნიშნად ხმის ამოღებას გაბედავ, იმწამსვე დემოკრატიის მტრად მოგნათლავენ. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ინტერნეტფორუმები აქტიურობენ - რა გინდათ, დემოკრატია სიტყვის თავისუფლებას ნიშნავს და აზრი თუ გაგაჩნია, უნდა გამოთქვა კიდეცო... ის კი ავიწყდებათ, რომ თავისუფლება "ოფოფების" აშვებას არ ნიშნავს და არც დემოკრატია გამოუგონიათ იმისთვის, რომ რაც ერს შეუქმნია უფლის მადლითა და წყალობით, ყველაფერი წყალს გაატანო....

მოკლედ, ამას წინათ მეგობარმა მომიყვა ერთი შეხედვით უწყინარი”ამბავი: ერთ-ერთ ინტერნეტფორუმზე რომელიღაც უგზო-უკვლოდ განათლებულმა (უეჭველად დემოკრატიის "სიოშემობერილმა" და დემოკრატიის შუქურის ბრწყინვალებით დაბრმავებულმა!) "იდეინნი" ტიპმა”ტესტი შემოაგდო: რამდენიმე კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ დიაგნოზს გისვამდა, ხარ თუ არა ქართველი და, შესაბამისად, ადამიანი(?!). ვერაფერს იტყვი, პიროვნების შეფასების ასეთ გამაოგნებელ ფორმას უბრალო მოკვდავი ვერ მოიფიქრებდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ მსგავსი სახუმარო”და ცინიზმით უხვად გაჯერებული ტესტების აბსოლუტური უმრავლესობის მიზანი ტრადიციული ქართული ცნობიერების გადაგვარებაა. იმ "უწყინარ"”ტესტში, რომელზეც ჩემმა მეგობარმა მიამბო, ასეთი კითხვებია: "ხართ თუ არა მართლმადიდებელი"; "იცავთ თუ არა ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს"; "მომხრე ხართ თუ არა, რომ თქვენს შვილებს ჰყავდეთ "ბოიფრენდები" და "გელფრენდები"”და ა.შ. მოკლედ, ამდაგვარი "ფრენდებითა" და "ოფოფებითაა" გავსებული ანკეტის ყველა შეკითხვა. ყველაზე გამაოგნებელი შედეგები და პასუხებია, რომელსაც ტესტის შევსების შემდეგ მიიღებ. მოგეხსენებათ, პატრიოტული მოწოდებებით აღფრთოვანებული, ბუჩქებში დროის გასატარებლად მიპატიჟებული ქართველი მოზარდების ერთი ნაწილი კითხვებზე პასუხის გაცემისას ტრადიციული ღირებულებებისგან შემოვლით გზებს ირჩევს და პასუხებსაც ისე აყალიბებს, როგორც დღევანდელი ყმაწვილების უმრავლესობას სჩვევია - აგდებულად და გაუაზრებლად. ტესტის პასუხი ქართველთა ამ  კატეგორიისთვის ასეთია: - შენ ქართველი არ ხარ(?!), მაგრამ ხარ ადამიანი(?!)...

ჩვენი მომავალი თაობის ერთი ნაწილი, რომლებიც ზნეობრივ ოჯახებში იზრდებიან, მაგრამ "ჩემი დედა"-თი მჭევრმეტყველი თანატოლების გვერდით უწევთ დროის გატარება, მთლად ქართველობაზე ხელს ვერ იღებენ და ტესტის კითხვარს "ნელთბილად" პასუხობენ. მათი დიაგნოზი ამგვარია: - ქართველი კი ხარ, მაგრამ ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გაიარო. მაშასადამე, გაქვს ადამიანად ქცევის შანსი(?!). ამის შემდეგ, ალბათ უკვე ხვდებით, მე და თქვენ, ანუ მოწიფულმა თაობამ და ასე თუ ისე ჩამოყალიბებულმა ადამიანებმა რომ კითხვარი შევავსოთ, რა დიაგნოზსაც დაგვისვამს ამ იდეალური დემოკრატიით "გონებაგადანათებული" ტესტის ავტორი. ვინაიდან ჩვენ ვიცავთ ქართულ ტრადიციულ ფასეულობებს, ვერც "ბოიფრენდებისთვის" გავიმეტებთ ჩვენს შვილებს და ვერც მართლმადიდებლობას განვეშორებით, ამიტომაც ვიღებთ ადეკვატურ პასუხს ტესტის ავტორისგან: - შენ ხარ ქართველი, მაგრამ არ ხარ ადამიანი(?!)...

რა გითხრათ ამის შემდეგ, აღარ ვიცი. ალბათ, მხოლოდ ის, რომ სანამ მთლად ბოლომდე "გავბედნიერებულვართ", დროა, გონს მოვეგოთ, თორემ მართლა ისე დაგვემართება, როგორც ამ ტესტის ავტორი გვაფასებს - ერთ "მშვენიერ" დღესაც გავიღვიძებთ და აღმოვაჩენთ, რომ ქართველები არ ვართ, მაგრამ... ვართ "ადამიანები," რომლებმაც არც საკუთარი ქვეყნის ისტორია იციან, არც წინაპართა საფლავები და არც წარსულის გმირები ახსოვთ...

ხომ გვახსოვს, როგორ დაუწყო "შემობერვა" (ამ ტესტივით "უწყინრად") მოფილოსოფოსო "ახალქართველთა" გარკვეული ნაწილის ტვინის აფრებს დემოკრატიის სიომ? ცოტა გავოგნდით, მაგრამ ყურთა შუა უწყინრად გავატარეთ - გაუშვით, ილაპარაკებენ და დაიღლებიანო(?!). დაიღალნენ? დარჩათ რაიმე შეუგინებელი და შეუბილწავი?

ჩვენ თუ არ გავახსენეთ, არ ეხსომებათ (და არც გაიხსენებენ!) ჩვენი გადაშენების მსურველთ და, რაც მთავარია, ჩვენს შვილებს, რომ დემოკრატიის მქადაგებელი დღევანდელი ზესახელმწიფოები ჩანასახშიც არ იყვნენ, როცა უძველესი დემოკრატიის ქვეყნის შვილები კოლხეთში, კერძოდ კი ფაზისის აკადემიაში ჩამოდიოდნენ ქართველ ბრძენთაგან ცოდნის მისაღებად და დემოკრატიის გასაღრმავებლად(!); რომ საქართველოში ჯერ კიდევ 800 წლის წინათ დაიწერა კაცობრიობის ხელთუქმნელი შედევრი "ვეფხისტყაოსანი", რომლის მსგავსიც იშვიათია ცივილიზებულ მსოფლიოში(!); რომ ქართველებს მოგებული აქვთ დიდგორი - საომარ ძალთა ბალანსის (ერთი ათზე!) არც მანამდე და არც მას შემდეგ არსებული ანალოგიით და დაუჯერებელი თავგანწირვით. ჯერაც არ მომხდარა არც ერთ ომში, რომ ვინმეს საკუთარი ხელით ჩაეხერგოს უკანდასახევი გზა, როგორც ეს დავით აღმაშენებელმა მოიმოქმედა(!); რომ არ ახსოვს რომელიმე ერს იმის მსგავსი, რაც ქართველებმა გააკეთეს ქრისტესა და სამშობლოსთვის - ერთ დღეს 100 ათასი მოწამე ზვარაკად შეეწირა უფალს(!)...

და კიდევ რამდენი ამისთანა საამაყო ფურცელი გვაქვს, რომელსაც აყრიან და აყრიან მივიწყების მტვერს თავისებურ ყაიდაზე გადემოკრატებული ახალი დროის ქართველები...

მივიწყების მტვერში კი მაინცდამაინც ის უნდათ დაგვიტოვონ, რომ თუ დავივიწყებთ და ამოვხევთ ჩვენი ისტორიის ფურცლებს, გვექნება შანსი განვვითარდეთ და, მაშასადამე, ვიქცეთ ადამიანებად(?!)...

ამ ყველაფრის მერე, ყველას, ვისაც ჩვენი მატიანის ჩარეცხვა არ შეგვიძლია, ისღა დაგვრჩენია, ხმამაღლა განვაცხადოთ: - ჩვენ ვართ ქართველები და არავითარი მაშასადამე!

ხოლო ვიქნებით თუ არა ადამიანები ჩვენი ქართველობით, ამის დიაგნოზს ტესტები კი არა, უფალი გამოგვიტანს!