ეჰ, თამარ, თამარ! - კვირის პალიტრა

ეჰ, თამარ, თამარ!

წინა კვირას ქალბატონი ნანი ბრეგვაძე გავაკრიტიკე იმის გამო, რომ პრიმაკოვის იუბილეზე იმღერა. გაზეთ "კვირის პალიტრის" საიტზე (კვირისპალიტრა.გე) ამ საკითხს ყველაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი ჩემს აზრს იზიარებდა, ზოგიც არა. მე ორ საწინააღმდეგო აზრს გაგაცნობთ:

1. მაჩაბელი: - რაც შეეხება ნანის, მომღერალია და არა პოლიტიკოსი. სიმღერამ კი მტერი და მოყვარე არ იცის, ჩემო კარგო... არც საზღვრები იცის სიმღერამ, მით უმეტეს, კარგმა სიმღერამ. რა გსურთ? დადგეს ნანი ბრეგვაძე და რუსეთს აგინოს?

2. მარინა: - ვერ დაგეთანხმებით, ნანი ბრეგვაძეს როგორ აუკრძალავთ სიმღერას თუნდაც რუსეთში. და საერთოდ, როგორ შეიძლება ასე ცალსახად მტრის ხატის შექმნა ყველაფრისგან.

ეს ის თემაა, რომელიც კიდევ დიდხანს იქნება კამათის საგანი საქართველოში. მანამდე ერთს ვიტყვი: ვფიქრობ, დადგა დრო, საქართველოში გავაცნობიეროთ, რომ კრიტიკა ყველასი შეიძლება. და კრიტიკა არ ნიშნავს მტრის ხატის შექმნას. ამ თემაზე მეც მაქვს ჩემი აზრი და ვფიქრობ, სიმღერამ არა, მაგრამ მომღერალმა უნდა იცოდეს მტერი და მოყვარე. ამ თემას თავიდან არ მივუბრუნდებოდი, რომ არა კიდევ ერთი გამაოგნებელი აღმოჩენა, რომელიც ამ კვირაში გავაკეთე. პოპულარულ საიტ ყოუტუბე-ზე თამარ გვერდწითელის ვიდეოჩანაწერებს ვათვალიერებდი. ჯერ მის მიერ 2008 წლის 9 მაისს შესრულებულ სიმღერას წავაწყდი, რომელიც ჯარისკაცებს ეძღვნებოდა. ვიფიქრე, ჯანდაბას, უმღეროს გამარჯვების დღეს რუს ჯარისკაცებს. ეს ხომ აგვისტოს ომამდე იყო-მეთქი. მერე 2009 წლის ჩანაწერები ვნახე. 2009 წელსაც უმღერია 9 მაისისადმი მიძღვნილ კონცერტზე თამარ გვერდწითელს ისევ რუსი სამხედროების წინაშე. თავი დავიმშვიდე: მაინც საერთო ომი იყო და ამ ომში ქართველებიც ხომ მონაწილეობდნენ-მეთქი. მაგრამ ბოლოს ისეთ რამეს წავაწყდი, მივხვდი, თავს ვერაფრით დავიმშვიდებდი და ვერც თამარ გვერდწითელს დავინდობდი, თუნდაც ვინმემ მტრის ხატის შექმნა დამაბრალოს.

2009 წლის 23 თებერვალს, რომელიც ჩემს ბავშვობაში საბჭოთა არმიის დღე იყო, თამარ გვერდწითელი რუს ჯარისკაცებს უმღერის ბრეჟნევის საყვარელ სიმღერას "ადნა პაბედა", გახსოვთ, ალბათ ამ პოპულარული სიმღერის ტექსტი: "ნამ ნუჟნა ადნა პაბედა..." და Aა. შ. კარგი, გასაგებია, რომ სიმღერას ვერავის აუკრძალავ, გასაგებია, რომ თამარ გვერდწითელი რუსეთში ცხოვრობს და პურს იქ ჭამს, გასაგებია, რომ მისგან მტრის ხატი არ უნდა შევქმნათ. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხომ შეიძლება, რუსეთ-საქართველოს ომიდან ექვს თვეში, ანუ ექვსი თვის შემდეგ, რაც რუსმა ჯარისკაცებმა ქართველი ბიჭები ხოცეს, რუსი სამხედროების დღესასწაულზე არ უმღეროს მათ "ნამ ნუჟნა ადნა პაბედა"? ჩვენ ნანი ბრეგვაძეს იმას კი არ ვსაყვედურობთ, რომ რუსეთში იმღერა, არამედ უპირველესად იმას, რომ პუტინისა და პრიმაკოვის წინაშე იმღერა. გასაგებია, ფულს ამაში გიხდიან, მაგრამ ხომ არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთის უფლებაც საკუთარ თავს არ უნდა მისცე? მინდა იმათ, ვინც ქართველი მომღერლების კრიტიკის გამო მსაყვედურობს, ვურჩიო, - აჩვენონ თამარ გვერდწითელის რუსი სამხედროების წინაშე ნამღერი, "ნამ ნუჟნა ადნა პაბედა" ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დედებს და მერე ვნახავ, როგორ ილაპარაკებენ, სიმღერამ მტერი და მოყვარე არ იცისო!

ქურდი ხარ თუ პოლიციელი?

ჩემი ბავშვობის დიდმა ნაწილმა საბჭოთა პერიოდში ჩაიარა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში სულ გვასწავლიდნენ, საბჭოთა ბავშვის მთავარი ოცნება კოსმონავტობა, მეხანძრეობა და მსგავსი პროფესიებიაო, ყველას მაინც გული ქუჩისკენ მიუწევდა და ეს არ იყო მათი არჩევანი. ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ვსწავლობდი, როდესაც ჩემს თანატოლებში მთავარი კითხვა ასე ჟღერდა: ქურდი ხარ თუ კომუნისტი? წარმოიდგინეთ, მესამეკლასელი ბიჭი სხვა მესამეკლასელს ამას რომ ეკითხება! ერთი შეხედვით ბავშვური და უაზრო შეკითხვა კარგად გათვლილი პროპაგანდის ნაწილი იყო, ოღონდ - არა სახელისუფლებო პროპაგანდისა. კომუნისტური ხელისუფლება სხვა პროპაგანდას ეწეოდა, ქურდული სამყარო კი - სხვას. და მართლაც თუ კარგად დავაკვირდებით, მაშინ ქვეყანაში მხოლოდ ეს ორი არჩევანი არსებობდა. ვთქვათ, არ გინდოდა ქურდობა და გინდოდა მხატვრობა ან ექიმობა. ამ პროფესიებში დიდ წარმატებას ვერ მიაღწევდი, თუ კომუნისტური პარტიის წევრი არ გახდებოდი. ერთადერთი პროფესია, სადაც კომუნისტური პარტიის წევრობის გარეშე შეგეძლო წარმატების მიღწევა, ქურდობა იყო. იმ დროს ქვეყანაში სწორედ ეს ორი იდეოლოგია ებრძოდა ერთმანეთს. თანაც ისე, რომ ერთმანეთს არსებობაში ხელს არ უშლიდნენ. ბავშვებში აშკარად ქურდული იდეოლოგია იმარჯვებდა.  თუ მასწავლებლის კითხვაზე, - რა პროფესიის უნდა გამოხვიდე, - საუკეთესო პასუხი იყო - კოსმონავტი, შენივე თანატოლის შეკითხვაზე, - ქურდი ხარ თუ კომუნისტი? - უნდა გეპასუხა - ქურდი! წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიჭები დაგცინებდნენ და გაგრიყავდნენ. თუმცა ეს ის ასაკი იყო, როცა ამისთვის შეიძლებოდა ისე შეგეხედა, როგორც ბავშვური თამაშისთვის. მაგრამ ვიზრდებოდი და ქურდული სამყარო უფრო და უფრო ინტენსიურად შემოდიოდა ჩემს ცხოვრებაში და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ძველბიჭობა სულაც არ მიზიდავდა. გარემო სხვა არჩევანს არავის უტოვებდა. მეშვიდე კლასში ვიყავი, საბჭოთა კავშირი რომ დაინგრა. კომუნისტები გადავარდნენ, მაგრამ დარჩა ქურდული იდეოლოგია. ყმაწვილკაცობაში ზემოთ ხსნებულმა შეკითხვამ ასეთი სახე მიიღო: - კაი ბიჭი ხარ თუ არა? თუ "კაი ბიჭი" იყავი, ე.ი. ქურდული სამყაროს წესებით უნდა გეხელმძღვანელა; ქურდებისთვის პატივი გეცა. გგონიათ, რომ არჩევანი არსებობდა? არა! რომ გეთქვა, არა ვარ კაი ბიჭიო, დამთავრებული იყო შენი საქმე. ეზოში თავს ვეღარ გამოყოფდი; ყველა შეგაფურთხებდა, შეიძლება ვინმე მონდომებულს ეცემე კიდეც და შენს დასაცავად ხმას ვერავინ ამოიღებდა. ამიტომ ყველა, მიუხედავად იმისა, გვიზიდავდა თუ არა ქურდული მენტალიტეტი, იძულებული ვიყავით თავი "კაიბიჭობაზე" დაგვედო, ქურდები გვედიდებინა, პოლიცია (თუ მილიცია) გველანძღა, პოლიციელები ძაღლებად მოგვენათლა. მერე იმ ჩემი მეგობრებიდან, ვინც "ძაღლებს" აგინებდა, თავს ძველბიჭობაზე დებდა და ქურდობაზე ოცნებობდა, ზოგი პოლიციელი გამოვიდა, ზოგი ბანკირი, ზოგიც ჟურნალისტი და ა.შ. გავიზარდეთ და მივხვდით, რომ ეს ყველაფერი დიდი სისულელე იყო, მაგრამ სკოლის ასაკში ჩვენთვის ცხოვრების სხვა სტილი წარმოუდგენელი გახლდათ.

დღეს, როგორც ამბობენ, სიტუაცია შეიცვალა! კარდინალურად - არა, მაგრამ ქურდული იდეოლოგია ისეთი მასობრივიც აღარ არის. არ ვიცი ამას შეუწყო თუ არა ხელი ვარდების ხელისუფლების მიერ ქურდებისთვის გამოცხადებულმა ომმა. თუ შეუწყო, მადლობის მეტი რა გვეთქმის. კარგია, როდესაც ხელისუფლება ქურდული მენტალიტეტის დამარცხებას ცდილობს, მაგრამ არ მომწონს, როდესაც ამას ისევ საბჭოთა პროპაგანდის მეთოდებით აკეთებს. წინა კვირას ყველამ ვნახეთ კოსტავას ქუჩაზე, პოლიციის ახალი შენობის გახსნის დროს, როგორ მოიყვანეს სკოლის მოსწავლეები. მოსწავლეებს თან ჰქონდათ პლაკატები, რომლებზეც ეწერა: "მადლობა პატრულს", "მე მინდა ვიყო პოლიციელი", "ჩვენ გვიცავს პატრული" და ა.შ. ასევე, სკანდირებდნენ: "პოლიცია მაგარია". ამ ყველაფერმა ყველას მოაგონა საბჭოთა ეპოქა და ბავშვების პროპაგანდის მიზნით გამოყენების მაშინდელი პრაქტიკა. კარგია, როდესაც პოლიციის პოპულარიზაცია ხდება. რა თქმა უნდა, სჯობია ბავშვს პოლიციელობა უნდოდეს, ვიდრე ქურდობა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, ბავშვებს არა ხელისუფლების ერთ-ერთი სტრუქტურის სიყვარულს, არამედ კანონის მორჩილებას უნდა ასწავლიდნენ. და თუ პოლიციას პიარი სჭირდება, არ არის საჭირო, მაინცდამაინც საბჭოთა ეპოქა გაგვახსენოთ. შეიძლება ამის უფრო ცივილიზებულად და გემოვნებით გაკეთება. შეიძლება ამ ბავშვების პოლიციის ახალ შენობაში მხოლოდ დასათვალიერებლად მიყვანა და მათთვის კანონის მორჩილების სიკეთის ახსნა, მაგრამ რა საჭიროა მათთვის პლაკატების დარიგება და პოლიციის სადიდებელი ლოზუნგების სკანდირების დავალება (ახლა არ მითხრათ, ბავშვებმა ამის გაკეთება თავად მოინდომესო!). დიდი იმედი მაქვს, ჩემი შვილი როდესაც სკოლაში წავა, მას ქურდული სამყაროს სიყვარულს თავს არ მოახვევენ; არ აიძულებენ თქვას, რომ ქურდი უყვარს, მაგრამ არც ის მინდა, ვინმემ პოლიციის სიყვარული აიძულოს. იმიტომ კი არა, რომ პოლიცია არ მიყვარს, უბრალოდ მინდა, არავინ არაფერი აიძულოს და თავს მოახვიოს. მინდა, რომ ბავშვებს თავისუფალი არჩევანის საშუალება ჰქონდეთ და მათ ტვინებს არც ქურდული სამყარო ურეცხავდეს და არც სახელმწიფო. გული მიგრძნობს, თუ პროპაგანდა ასეთი ინტენსივობით და ასეთი მეთოდებით გაგრძელდა, სკოლებში ისევ დაბრუნდება ჩემი ბავშვობის დროინდელი შეკითხვა, ოღონდ ასეთი ტრანსფორმაციით: - ქურდი ხარ თუ პოლიციელი? და არჩევანი ისევ არ იქნება ორზე მეტი!

კვირის გმირი

წინა კვირას უდავოდ ერთი გმირი ჰყავდა - თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი გიორგი გეგეჭკორი. გეგეჭკორი ყურადღების ცენტრში პირველად კვირის დასაწყისში მოექცა. პარლამენტის წინ ჩამომსხდარ სამ ახალგაზრდას, რომელთაც პოლიციის ხელით დაღუპული ბიჭების ფოტოები ეჭირათ, თავზე დაადგა და - დავაი, ბიჭო, მანქანაშიო, - უთხრა. იმ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ: 1. პოლიციისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, არღვევ თუ არა კანონს (სახალხო დამცველის დასკვნით, ხელისუფლებამ იმ დღეს დაარღვია ადამიანის გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება); 2. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, დაარღვიე თუ არა კანონი. თუ პოლიციამ მოინდომა, სასამართლო მაინც გაგამტყუნებს; 3. დიდი შანსია, რომ პარლამენტის წინ აწი აქცია ვერავინ გამართოს, რადგან 20-მეტრიანი დისტანციის დაცვა იქ შეუძლებელია; 4. მართალია, ეს ხელისუფლება ქურდულ გაგებას და ძველბიჭობას ებრძვის, მაგრამ პოლიციის უფროსი მაინც "ბლატნოი" ჰყავს.

საზოგადოების ყურადღების ცენტრში გეგეჭკორი კვირის ბოლოს კიდევ  ერთხელ მოექცა. იგი ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის წევრად აირჩიეს და პირველივე სხდომაზე სკანდალური განცხადება გააკეთა: საქართველოს ნაკრებში ნარკომანები თამაშობენო. მოგვიანებით ორი ფეხბურთელის სახელი და გვარიც დასახელდა. იმ დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ: 1. ქართული ფეხბურთი ჭაობში უკვე ჩაიძირა; 2. მას ჭაობიდან პოლიციის ძალით თუ ამოიყვან (აი, რა მიზანი აქვს აღმასკომში საპატრულო პოლიციის უფროსის შეყვანას!); 3. გეგეჭკორმა თუ ასე გააგრძელა, მოგვიწევს მარტვილის რაიონს სახელი კიდევ ერთხელ გადავარქვათ.