"დრაკულა" - შიშის მომგვრელი, მისტიკური თავგადასავალი - კვირის პალიტრა

"დრაკულა" - შიშის მომგვრელი, მისტიკური თავგადასავალი

წიგნის პირველივე გვერდები ვამპირის კბენასავით მოქმედებს, - იმდენად ითრევს მკითხველს, რომანის გვერდზე გადადება ძალზე გაუჭირდება

ვამპირებზე დაწერილ საშინელებათა რომანებს თავისი მკითხველი ჰყავს - ბუნებრივია, მსგავსი ლიტერატურისადმი ყველას ერთნაირი დამოკიდებულება ვერ ექნება. ზოგს მოსწონს და სიამოვნებით კითხულობს, ზოგს კი - ნაკლებად აინტერესებს. თუმცა, მიუხედავად პიროვნული არჩევანისა თუ გემოვნებისა, ნებისმიერ ჟანრში არსებობს კლასიკური, ფუძემდებლური, ე.წ. "საკულტო" წიგნები, რომლებიც ყოველ განათლებულ ადამიანს წაკითხული უნდა ჰქონდეს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი წიგნია გოთიკური ჟანრის ყველაზე ცნობილი რომანი, "დრაკულა"

მისი ავტორი, ირლანდიელი მწერალი ბრემ (ნამდვილი სახელია აბრაჰამი) სტოკერი დაიბადა 1847 წელს დუბლინში, მრავალშვილიან პროტესტანტულ ოჯახში (ექვსი და-ძმა ჰყავდა, თვითონ მესამე ბავშვი იყო). მამა, რომელსაც ასევე აბრაჰამი ერქვა, სახელმწიფო სამსახურში იდგა. დედა - შარლოტა მატილდა ბლეიქ თორნლი, ქალთა უფლებებისათვის ცნობილი მებრძოლი გახლდათ.

ბრემი საოცრად სუსტი, ავადმყოფი ბავშვი იყო,  შვიდ წლამდე არათუ სიარული, გამართულად დგომაც კი არ შეეძლო. ვერავინ გაიგო, რა სჭირდა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ყველაფერმა თავისით გაუარა და უნივერსიტეტში სწავლისას უკვე სრულიად ჯანმრთელი კარგ ფეხბურთელად და მძლეოსნად მიიჩნეოდა, ის კი არა, სპორტულ შეჯიბრებებშიც კი იმარჯვებდა.

მათემატიკური ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (ცნობილ "თრინითი კოლეჯში" სწავლობდა) ერთხანს სახელმწიფო სამსახურში იყო - ირლანდიის მეორე ინსტანციის სასამართლოს კლერკი გახლდათ. იმავდროულად, ჟურნალისტობდა დუბლინის გაზეთში The Evening Mail. ბრემ სტოკერს წვრილი მოხელის ცხოვრება არ აკმაყოფილებდა, გატაცებული იყო ლიტერატურითა და თეატრით. სწორედ ამ უკანასკნელმა გატაცებამ შეაცვლევინა ცხოვრების წესი - დუბლინში საგასტროლოდ ჩავიდა ლონდონის ცნობილი თეატრი "ლიცეუმი", სადაც იმ დროს უკვე ბრწყინავდა ინგლისის სცენის ვარსკვლავი ჰენრი ირვინგი.

სტოკერმა გაზეთის მთავარ რედაქტორს შესთავაზა თეატრალური რუბრიკის გაძღოლა, რომელიც მაშინ "ივნინგ მეილში" ჯერ არც კი არსებობდა. რედაქტორი დათანხმდა, აღფრთოვანებულმა სტოკერმა რეცენზია გამოაქვეყნა. ერთობ ნასიამოვნები ირვინგი დაინტერესდა ავტორის ვინაობით, მათ გაიცნეს ერთმანეთი, დამეგობრდნენ და რამდენიმე წლის შემდეგ ირვინგმა სტოკერს თავისი თეატრის მენეჯერობა და პირადი ანტრეპრენიორობა შესთავაზა. პარალელურად სტოკერი წერდა და აქვეყნებდა მხატვრულ პროზას (ძირითადად, ფანტასტიკის ჟანრში), მიუხედავად იმისა, რომ 27 წელი ირვინგის მენეჯერი გახლდათ.

ეს განცხადება მართლაც პარადოქსულად ჟღერს, მით უფრო, რომ ლაპარაკია მსოფლიოში სახელგანთქმულ "დრაკულას" ავტორზე. მაგრამ საქმეც ისაა - სტოკერი თავის დროზე სულაც არ გახლდათ ცნობილი მწერალი. მისი წიგნები პოპულარობით არ სარგებლობდა. 1882 წელს გამოვიდა სტოკერის ფანტასტიკური ნოველების პირველი კრებული, თავის პატარა ვაჟიშვილს, ნოელს რომ მიუძღვნა. სტოკერის ცოლი გახლდათ ფლორენს ბელკომბი, რომელზეც, სხვათა შორის, ოსკარ უაილდი იყო შეყვარებული.  ირვინგთან მეგობრობის წყალობით სტოკერი ლონდონის მაღალ საზოგადოებაში შევიდა - მეგობრობდა კონან დოილთან, ჯეიმზ უისტლერთან...

სტოკერი გახდა წევრი ოკულტური ორდენისა, რომელსაც "ოქროს განთიადი" ერქვა. საქმე ისაა, რომ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დასავლეთ ევროპაში, და განსაკუთრებით, ბრიტანეთში, მოდური გახდა მისტიკურ-ოკულტური საზოგადოებები, ორდენები თუ სექტები. ასე მაგალითად, იმავე "ოქროს განთიადის" წევრი იყო ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატი, პოეტი უილიამ ბატლერ იეითსი...

რომანი "დრაკულა" სტოკერმა 1897 წელს გამოაქვეყნა. მიიჩნევა, რომ ავტორმა ის შერიდან ლე ფანიუს, კერძოდ კი, მისი გოთიკური ნოველის, "კარმილას" გავლენით დაწერა. თუმცა, როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, ბიძგი წიგნის შესაქმნელად მისცა უცნაურმა სიზმარმა: ეზმანა მოხუცი, რომელიც კუბოდან დგებოდა. გაიღვიძა თუ არა, რომანის ჩანაფიქრის ქაღალდზე გადატანა დაიწყო.

უკვე იცოდა, რომ მთავარი გმირი გრაფი იქნებოდა, თუმცა მოქმედება შტირიაში (ავსტრიაში) ხდებოდა. შემდეგ, საკურორტო ქალაქ უაითბის სანატორიუმის ბიბლიოთეკაში შემთხვევით წააწყდა წიგნს: "მოლდავეთის, ტრანსილვანიისა და ვლახეთის ისტორია"; გამოიტანა, წაიკითხა და თავისი გმირიც აღმოაჩინა - სიზმრისეული პერსონაჟი იცნო - ვლახეთის მთავარი ვლად ბესარაბი, გრაფი დრაკულა, რომელსაც ცეპეში შეარქვეს, რადგან მტრების ძელზე გასმა უყვარდა (ცეპეში სიტყვასიტვით ნიშნავს "ძელზე გამსმელს"). რაც შეეხება სახელს "დრაკულა" - ვლად ცეპეშის მამა, ასევე ვლადი, დრაკონის ორდენის წევრი ყოფილა, რომლის გერბზე გამოსახული გახლდათ ჯვარზე გაკრული დრაკონი, რაც სიმბოლურად აღნიშნავდა ქრისტიანული მხედრობის გამარჯვებას მუსლიმ თურქებზე. აქედან შეერქვა მას "რაკულ" - "დრაკონი". მის ვაჟიშვილს კი "რაკულეა" - "ძე დრაკონისა".

თუმცა ერთია რეალური ისტორიული ფიგურა და მეორე - ლიტერატურული გმირი. არადა, სტოკერმა, არცთუ ძალიან დიდი ნიჭის ლიტერატორმა, მოახერხა ის, რასაც ხშირად გენიოსებიც კი ვერ ახერხებენ - შექმნა მითოლოგიური პერსონაჟი, რომელიც გასცდა კონკრეტული წიგნის ფარგლებს და პოპულარული კულტურის კუთვნილებად იქცა, პერსონაჟად, რომელიც, ალბათ, ათასჯერაა ტირაჟირებული და თავისი შემქმნელისგან დამოუკიდებლად განაგრძობს ცხოვრებას...

უშუალოდ რომანზე მოგახსენებთ ორიოდ სიტყვას - სიუჟეტს, ცხადია, არ შევეხებით, რადგან მსგავსი ლიტერატურის ხიბლი სწორედ პერიპეტიების მოულოდნელობაში, დაძაბულობასა და იმ ემოციებშია, კითხვისას რომ განიცდის კაცი. რომანის გოთიკური ატმოსფერო გაჟღენთილია შიშითა და მისტიკით. წიგნის პირველივე გვერდები ვამპირის კბენასავით მოქმედებს, - იმდენად ითრევს მკითხველს, რომანის გვერდზე გადადება ძალზე გაუჭირდება.

ამბავი პერსონაჟების დღიურებისა და წერილების სახითაა წარმოდგენილი, რაც საკითხავს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, - მკითხველის წინაშე იშლება იდუმალ მოვლენათა განსხვავებული შეფასებები, გმირების პირადი შეხედულებები, გრძნობები და განცდები, ანუ იცვლება ხედვის კუთხე, ეს კი წიგნს მოცულობას სძენს, პოლიფონიურობას მატებს. მკითხველი პერსონაჟებთან ერთად მოგზაურობს ძველ ლონდონსა და მისტიკურ ტრანსილვანიაში...

რომანის პერსონაჟები კეთილშობილი ქალიშვილები და გაბედული ჯენტლმენები არიან, რომლებიც ებრძვიან ამ "ჯოჯოხეთის მაშხალას" - გრაფ დრაკულას...

ბრემ სტოკერი 1912 წელს გარდაიცვალა, მისი შექმნილი "დრაკულა" კი, როგორც ჩანს, იცოცხლებს მანამ, სანამ იარსებებს დასავლური ცივილიზაცია თავისი მასობრივი კულტურიანად...

თუ მოგწონთ შიშის მომგვრელი, მისტიკური თავგადასავლები - ეს წიგნი თქვენთვისაა. წაიკითხეთ და ისიამოვნეთ!

ირაკლი ლომოური