"განათლების რეფორმა დეფორმად იქცა" - კვირის პალიტრა

"განათლების რეფორმა დეფორმად იქცა"

ამას წინათ ერთი უცნობი, სამშობლოსათვის  შეწირული ქართველი პოეტის, გრიგოლ მეგრელიშვილის ("მთის ნიავი") შესახებ წავიკითხე წიგნში "ბედის მდინარე" და ვიფიქრე, პატრიოტი ყოფილა-მეთქი. წიგნის ავტორს, პროფესორ გრივერ ფარულავას 1919 წელს თურქ ასკერებთან ბრძოლაში დაღუპული 19 წლის სტუდენტი პოეტის შესახებაც ვკითხეთ და ქართველ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებზეც ვესაუბრეთ:

- 15 წლის იყო გრიგოლ მეგრელიშვილი, როცა დაიბეჭდა მისი პირველი ლექსები და ჯერ კიდევ 1914 წელს 15 თუ 16 წლის ყრმამ თქვა, "სიკვდილი გამიწევს ძმობასო". ნამდვილი ნათელხილვაა 1915 წელს დაწერილი სტრიქონი: "ტყვიით ვეცემი ბრძოლისა ველად" (ოდნავ არაზუსტია ხილვა: თურქ ასკერთაგან ოთხტყვიანაკრავიც აგრძელებდა ბრძოლას).

გრიგოლ მეგრელიშვილის ბედისწერა ახალციხის ფრონტზე, ქვაბლოვანის მიდამოებში, 1919 წლის 30 იანვარს გმირულად დაცემა კი არ იყო, არამედ სიკვდილის მოლოდინი, იმის შეგნება, რომ არ შეიძლება, არ დაიღუპო. "მთის ნიავი" იმიტომ კი არ მოკვდა, რომ საქართველოს მტრების ტყვიები არ ასცდა, იმისთვის დაიბადა, რომ ეს ტყვიები არ ასცდენოდა.

- ალბათ, ჩვენი რეალობაც ჰგავს იმ ეპოქას, რომელშიც გრიგოლ მეგრელიშვილი ცხოვრობდა. ისევ ომში ვართ და ისევ მიწა-წყალს გვართმევს მომხდური.

- გეთანხმებით, საკმაოდ ჰგავს. სწორედ საბედისწერო შეიქნა საქართველოსთვის, რომ იგი აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზათშესაყარზე მდებარეობს და ვინც ამ ტერიტორიას მოიგდებს ხელში, იგი სტრატეგიული თვალსაზრისით ერთობ ხელსაყრელ ვითარებაში აღმოჩნდება.

1918 წელს, როცა საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა, მის დასამორჩილებლად   წამოიშალნენ მტრები: თურქები, სომხები, კვლავ რუსები, აფხაზებსაც ჩვენდა სამტროდ აქეზებდა რუსეთი და ოსებსაც. გრიგოლ მეგრელიშვილი, როგორც ვთქვით, ყველა ომში მონაწილეობდა, რომელიც კი ქართველობამ იმ წელს გადაიხადა სამშობლოს დასაცავად.

გრიგოლ მეგრელიშვილი იმ ჯარისკაცთა შორის იყო, რომლებიც გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით თურქთაგან ბათუმისა და ქობულეთის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ. ვალიკო ჯუღელის არმიის რიგით მეომრად დახვდა ოსებს, რომლებმაც პირველად მაშინ მოინდომეს ჩვენს მიწა-წყალზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსება; ცოტა ხნის შემდეგ ტუაფსესა და სოჭთან დენიკინის რუსულ ინტერვენციას ებრძოდა ისევ მაზნიაშვილის შენაერთის რიგებში; ბოლო და საბედისწერო ომი მან 1919 წლის 30 იანვარს ახალციხის მახლობლად, უდეს გადაღმა, ქვაბლოვანის მიდამოებში გადაიხადა.  პირველმა ტყვიამ ფილტვებში გაუარა. კიდევ სამ ტყვიას გაუძლო, მაგრამ...

ზუსტად ორი წლის შემდგომ დამოუკიდებელი საქართველო დაეცა, ხოლო წააქცია იგი არა მხოლოდ გარეშე მტრების გაუმაძღრობამ, არამედ შინაური მტრების ავკაცობამ. თვით ქართველ გარეწართა  ვერაგობამ ძირძველი ქართული მიწებიც დაგვაკარგვინა.

არც მაშინ, 1918 წელს, არც 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა უშუალოდ მეომრული ძალისხმევით, სისხლიანი მსხვერპლის გზითა და საფასურად არ მოუპოვებია. საერთაშორისო სარბიელზე სიტუაციათა დრამატულმა შეხლართვამ ორივე შემთხვევაში თითქმის საჩუქარივით არგუნა ჩვენს ქვეყანას თვითმყოფობა. თავისუფლების მიღწევის გზას წინ უსწრებს ეროვნული ცნობიერების დახვეწა-გაღრმავებისათვის მიძღვნილი დიდი საგანმანათლებლო ღვწა. ასეთი ღვწა თავისუფალი ადამიანის აღზრდა-ჩამოყალიბებას ნიშნავს. მეტყველია ამ ფენომენის ქართული სახელდება - თავის უფალი. ჭეშმარიტად თავის უფალი ის ადამიანია, ვინც ნამდვილი მბრძანებელია, უფალია თავისი ეგოისტური, მდაბალი ცხოველური ბუნებრივი სურვილებისა; ასეთ სურვილებს ისე აღასრულებს, რომ სხვის ინტერესებს, საზოგადოების, ერის ინტერესებს არ აზიანებს. უფრო მეტიც, ამ ინტერესებისთვის რაღაცას, ცოტას თუ ბევრს, აკეთებს. ასეთ ადამიანთა გამრავლებას ემსახურება განათლება, კულტურა, სარწმუნოება, ეკლესია. თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანას თავის უფალი ეგოისტური ინსტინქტებისგან თავისუფალი ადამიანები აშენებენ. არც მაშინ, როცა გრიგოლ მეგრელიშვილი იბრძოდა სამშობლოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის, არც დღეს, როცა ჩვენ გვეღირსა დამოუკიდებლობის შესაძლებლობა, ჭეშმარიტად თავისუფალი, განათლებული ადამიანები  არ გვყოფნის, ხოლო ასეთი ნიჭით დამშვენებულთ არცა აქვთ შესაძლებლობა ამ ნიჭის რეალიზაციისა.

- თქვენ უმაღლესი სკოლის პედაგოგი ბრძანდებით და რას გვეტყვით დღევანდელი განათლების სისტემის შესახებ, რა შედეგები მოიტანა განათლების რეფორმამ?

- განათლების ვაირეფორმამ სავალალო შედეგები რომ მოიტანა, ეს დღეს თითქმის არავის ეეჭვება. იგი სინამდვილეში დეფორმად იქცა. საშუალო სკოლიდან უმაღლესში მეშვიდე-მერვეკლასელის ცოდნის დონით მოდის აბიტურიენტთა უმრავლესობა და უმაღლესი სკოლის პედაგოგმა როგორ ააშენოს მეათე-მეთორმეტე სართული? შეიძლება მძლეოსნობის მწვრთნელს ხეიბარი მიჰგვარო და დაავალო, ორი მეტრის სიმაღლეზე გაჭიმულ თამასაზე გადახტომა ასწავლეო? წლევანდელმა მისაღებმა გამოცდებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რა სავალალო დონეზეა ჩვენი საშუალო სკოლა.

რამ გააღვიძოს ყმაწვილის გულსა და გონებაში პატრიოტიზმის გრძნობა, როცა საქართველოს ისტორიას აღარ აბარებენ მისაღებ გამოცდებზე? ისე ვინმე ჩაიხედავს წიგნში?! ხომ განაცხადა განათლების რეფორმის სათავესთან მდგომმა განათლების მინისტრმა, წიგნმა მოჭამა თავისი დრო, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები კი მკვდარი ტექსტებიაო. ქრისტიანული რელიგია და კულტურა ამოძირკვულია პროგრამებიდან. სატელევიზიო გადაცემების დიდი ნაწილი ხომ გუნდრუკს უკმევს მდაბალ ხორციელ ვნებებს და ეგოისტურ ინსტინქტებს. ამგვარ ატმოსფეროში აღზრდილი ადამიანი, ჩვეულებრივ, უბირია, მონაა ვნებებისა, ეგოიზმისა. უბირი კაცი კი სისხლს კი არა, ოფლს არ დაღვრის სამშობლოსათვის. მართალი ბრძანეთ თქვენ: ახალგაზრდას რომ პატრიოტს დაარქმევ, ამით ის პატრიოტი გახდებაო? მე დავამატებდი: პატრიოტთა ბანაკში შპრიცით შეუშხაპუნებენ ქვეყნის სიყვარულს?

საქმე იქამდეა მისული, რომ მომავალი წლის მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტს აღარ მოეთხოვება ილიას "აჩრდილი", აკაკის "თორნიკე ერისთავი" და "ბაში-აჩუკი", ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა", შეკუმშულია "ვეფხისტყაოსანი". ხედავთ, რა კარგადაა საქმე, რაგვარი შინაარსისა და იდეური ორიენტაციის ტექსტებია ამოყრილი?! თავისუფლების, დემოკრატიისა თუ ინტეგრაცია-გლობალიზაციის სახელით სრული ქაოსი სუფევს ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებში.

ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, არ მოხერხდება იმგვარი მამულიშვილის აღზრდა, როგორებიც იყვნენ გრიგოლ მეგრელიშვილი, მარო მაყაშვილი, ქართველი იუნკრები, კოჯორთან რომ ჩაიხოცნენ 1924 წელს.

გრიგოლ მეგრელიშვილის პოეზიისა და მამულიშვილური ღვაწლის გაცოცხლებას, ალბათ, სულიერი აღორძინების შესაბამისი იმპულსის როლის შესრულება შეუძლია. დიდი ტანჯვითა და ლამაზი სიკვდილით გადაიხადა გრიგოლ მეგრელიშვილმა თავისი განსაცვიფრებლად მაღალი სულის საფასური. ამ სულთან ზიარებას ნამდვილად ძალუძს ოდნავ მაინც გაალღოს ის სიცივე, რაც უკეთეს გრძნობათა და ნიჭთა დაჩიავებით ამ ორი საუკუნის სიგრძეზე ჩამოდგა ჩვენს არსებაში.