ბაია ცანავა: "IRI-ს ბოლო კვლევებით "იმედი" ყველაზე რეიტინგულია" - კვირის პალიტრა

ბაია ცანავა: "IRI-ს ბოლო კვლევებით "იმედი" ყველაზე რეიტინგულია"

"იმედი" არა მხოლოდ კანონიერმა მფლობელებმა, საზოგადოებამაც დაიბრუნა"

ტელეკომპანია "იმედი" ათი წლის გახდა. მაყურებელი, რომელმაც იუბილარი ეთერში გამოჩენისთანავე შეიყვარა, მიიჩნევს, რომ ეს ტელეარხი ცოტა ხნის წინ მეორედ დაიბადა.

რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია "იმედის" გენერალურ დირექტორად ამერიკელი დენ ბეიტსი დაინიშნა. მანამდე "იმედი" დროებით რეზო საყევარიშვილს მიანდეს.

რეზო საყევარიშვილი: - თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ საპატიო მისიას მხოლოდ დროებით შევასრულებდი, სანამ დამფუძნებლები გენერალური დირექტორის კანდიდატურას შეარჩევდნენ. "იმედთან" წლების წინაც ვთანამშრომლობდი - მის ეთერში მიმყავდა გადაცემა "კაპიტალი", რომლის ერთ-ერთი ავტორიც გახლდით. 2007 წლის 7 ნოემბერს, ცნობილი ტრაგიკული მოვლენების დროს, მე არ ვიყავი საქართველოში, მაგრამ თანავუგრძნობდი "იმედელებს". "იმედს" დაუბრუნდა შესაძლებლობა, კვლავ გახდეს ტელეკომპანია, რომელიც უყვარდა მაყურებელს და ენდობოდა. საწყენია, რომ ამ სახელს რამდენიმე წლის განმავლობაში ჩრდილი მიადგა და "იმედის" გუნდს უწევს დაკარგული იმიჯის აღდგენა.

- ახალი დირექტორის შესახებ რას გვეტყვით?

- ახალი დირექტორი არის დენ ბეიტსი. ის სამ ათეულ წელზე მეტია, მედიასივრცეში მუშაობს. აშშ-სა და ევროპაში მიიღო სხვადასხვა ტიპის მედიაინსტიტუტებთან ურთიერთობის გამოცდილება.  მას აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ უნდა განვითარდეს  ტელეკომპანია, როგორ უნდა იქცეს ძლიერ ბიზნესერთეულად და როგორ უნდა ამაღლდეს გადაცემათა ხარისხი. ამიტომაც იმედით შევყურებ ბატონი დენის საქმიანობის დაწყებას საქართველოში. ამჯერად გახლავართ "ჯორჯიან მედია პროდაქშენ ჰოლდინგის" დირექტორის მოადგილე. დირექტორია ლიკა პატარკაციშვილი. ეს არის ჰოლდინგი, რომელიც  ფლობს ტელეკომპანია "იმედს," რადიო "იმედს," ტელეკომპანია "აისს," კომპანია "იმედი ფილმს". ეს არის სტრუქტურა, რომელიც აერთიანებს პატარკაციშვილების ოჯახის აქტივებს.

ტელეკომპანია "იმედის" საინფორმაციო დეპარტამენტის უფროსი ბაია ცანავა უშუალო შემსწრე იყო "იმედის" დაბადებისა.

- ტელეკომპანიის სახელწოდებაზე   ბევრს ვდაობდით. ზოგი უბედავდა შეკამათებას ბატონ ბადრის, ზოგიც თავისთვის ფიქრობდა. ვერ გავაცნობიერეთ, რა დატვირთვა უნდა ჰქონოდა ამ სახელს სამომავლოდ. წლებმა ცხადყო, რომ ბადრი პატარკაციშვილის არჩევანი ყოფილა მართებული, რადგან "იმედმა" თავის დროზეც და დღესაც სიმართლის გაგების იმედი გაუჩინა ქართველ საზოგადოებას. "იმედი"  არა მხოლოდ კანონიერმა მფლობელებმა, საზოგადოებამაც დაიბრუნა. ამჯერად მისი სახით კვლავ იქმნება ტელეკომპანია, რომლის წყალობით ხალხი გაიგებს სიმართლეს და ალბათ, სიმბოლურია ის ფაქტი, რომ მრგვალი თარიღი - ათი წლის იუბილე დაემთხვა სამართლიანობის აღდგენის პროცესს. ძალიან ბევრი მილოცვა მივიღეთ. მოგვილოცა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმაც, რომელმაც განაცხადა: - "იმედი" არის 6 წლის და არა - ათის. თქვენს ადგილზე ტელეკომპანიის ისტორიას იმ ოთხ წელს გამოვაკლებდიო.

იმ ოთხ წელს ვერ გავექცევით, მაგრამ, როდესაც განახლებულ "იმედს" ვქმნიდით, ვცდილობდით, ყოფილიყო ათი წლის წინანდელი ტელეკომპანიის ანალოგი. ვუფრთხილდებოდით ყველა ნიუანსს, რომლითაც შევძლებდით მაყურებლის ნდობის დაბრუნებას.

- სამომავლოდაც ბევრ სიახლეს გვპირდებით, ალბათ...

- სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ IRI-ს ბოლო კვლევებით "იმედი" კვლავ ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანიაა. დავიწყეთ ახალი ტოქშოუ - ვახო სანაიას "ღია ეთერი," რომელმაც ისევე სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, როგორც საინფორმაციო გამოშვება "ქრონიკამ". გვიხარია, რომ ლიდერები ვართ. ვაპირებთ ახალი ტოქშოუების დაწყებას. ძალიან მალე გვექნება სატელევიზიო ჟურნალის ფორმატის კვირის შემაჯამებელი ანალიტიკური გადაცემა და ბევრი სიახლე ახალი თამაშების, გასართობი გადაცემების სახით. მოვიპოვეთ იურმალის მუსიკალური კონკურსის ტრანსლაციის ლიცენზიაც. ახალი დირექტორი გვყავს, ერთად შევუდგებით "იმედის" განახლებას და წარმატებისთვისაც ერთად ვიბრძოლებთ.

P.S. "კვირის პალიტრა" ულოცავს კოლეგებს 10 წლის იუბილეს და იმედიან მომავალს უსურვებს.