კო(მუნიკაციების)ნიუნქტურის ეროვნული კომისია?! - კვირის პალიტრა

კო(მუნიკაციების)ნიუნქტურის ეროვნული კომისია?!

პარლამენტში იქმნება საგამოძიებო კომისია, რომელიც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობას შეისწავლის. თუმცა, სიმართლე გითხრათ, თქვენს მონა-მორჩილს ეგონა, რომ ამის წინა პირობა კომისიის შემადგენლობის დათხოვნის პროცედურების დაწყება იქნებოდა. ყოველ შემთხვევაში, მისთვის პოლიტიკური უნდობლობის გამოცხადება მაინც.

კერძოდ, გამოძიების დაწყება იმ პირობებში, როდესაც კომისია ძველი შემადგენლობით ისევ აგრძელებს საქმიანობას, იმას ჰგავს, დაიწყო შესწავლა, თუ რატომ აბინძურებს გაფუჭებული მანქანა ჰაერს და ძრავა არ გამორთო.

მაგალითად, კომისიის ხელმძღვანელად რჩება ირაკლი ჩიქოვანი. ისე, დეპუტატებმა უპირველესად, ალბათ, სწორედ ის უნდა მოიძიონ.  კომისიის ხელმძღვანელი ზურაბ ადეიშვილივით მოიქცა, რომელმაც არჩევნების მესამე დღესვე საზღვარგარეთ დურთა თავი ისე, რომ მოადგილისთვისაც კი არ გადაუბარებია საქმეები. ზუსტად ასევეა აორთქლებული ირაკლი ჩიქოვანი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კომისიის ხელმძღვანელად რჩება და სადაც არის, იქ ერიცხება ხელფასი, დაახლოებით 17 ათასი ლარი. საქმე გვაქვს, მინიმუმ, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებასთან, მაქსიმუმ კი იმასთან, ქურდს რომ ქუდი ეწვის.

ეს ის კომისიაა, რომელიც ძველი ხელისუფლების დროს თავისუფალ მედიაზე შეტევის ერთ-ერთი მთავარი იარაღის ფუნქციას ასრულებდა. 1-ლი ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა დარჩა კომუნიკაციების კომისია, რომელიც ზემოხსენებული გაფუჭებული მანქანის არ იყოს, "ჰაერის დაბინძურებას" განაგრძობს.

უფრო ზუსტად, კომისიის წევრები ცდილობენ ახალ პატრონს ასიამოვნონ, ოღონდ ისე, როგორც ამას არიან მიჩვეული. უსამართლო გადაწყვეტილებები დარჩა, ოღონდ მისამართი შეიცვალა.

შორს წასვლა არ დაგვჭირდება. აგერ ახლახან კომისიის 2-მა წევრმა, აკაკი სიხარულიძემ და კარლო კვიტაიშვილმა დაბა გუდაურში რადიო "პალიტრის" ბრენდირებული სიხშირე FM 103,9 გადასცეს რადიო "მაესტროს". მესამემ, ირაკლი მოსაშვილმა უპირატესობა რადიო "პალიტრას" მიანიჭა, ეს იმ ფონზე, როდესაც არსებობს ექსპერტების დასკვნა, რომ ერთსა და იმავე სიხშირეზე ორი რადიოს ასეთ ახლო მანძილზე დასმა ორივეს ტექნიკურ პრობლემებს შეუქმნის.

არგუმენტები აბსურდული იყო - თურმე რადიო "პალიტრას" საინფორმაციო გადაცემები არ ჰქონია (არადა, ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადის ეთერში!) და პროგრამები მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა(!). თუმცა მთავარმა არგუმენტმა ყველაფერი გადაფარა - კომისიის წევრებმა გადაწყვეტილება თურმე საკუთარი გემოვნებით მიიღეს. ისე, ექვსივე(!) ლიცენზია, რომელზეც კი "რადიო მაესტროს" ინტერესი ჰქონდა დაფიქსირებული, მას მიაკუთვნა კომისიამ, რადიო "პალიტრას" კი მხოლოდ მის მიერ რეკლამირებულ სიხშირეზე (FM 103,9) ჰქონდა განაცხადი დაბა გუდაურში და ისიც "მაესტროს" გადაულოცეს. მოქმედ რეიტინგულ რადიოს თავის სიხშირეს რომ არ აძლევ, ასეთი რამ, ალბათ, სომალიშიც არ ხდება.

ჩემი აზრით, ამ აბსურდული გადაწყვეტილების ლოგიკა მარტივია. კომისიის წევრები მიჩვეული იყვნენ, რომ ადრე, მაგალითად, ყველა სიხშირე უნდა მიეცათ "რუსთავი 2"-ისთვის (კომისიასაც სწორედ ამ ტელეკომპანიის ყოფილი შეფი ხელმძღვანელობს). დღეს, როდესაც ახალ "პატრონს" უნდათ ასიამოვნონ, მათ ცნობიერებაში "რუსთავი 2" ჩაანაცვლა "მაესტრომ".

შესაბამისად, თავისუფალ მედიასაშუალებებს სხვა ბერკეტი არ გაგვაჩნია, გარდა მოწოდებისა, რომ იყვნენ სამართლიანნი.

თუმცა ჩვენში დარჩეს და, ვის მოვუწოდოთ სამართლიანობისა და პრინციპულობისკენ? აკაკი სიხარულიძეს (შევარდნაძის დროინდელ ე.წ. ჟურნალისტთა ფედერციის ხელმძღვანელი)? ადამიანს, რომელიც ცეკა-ტეკადან მოყოლებული, გამსახურდია-შევარდნაძე-სააკაშვილით დამთავრებული, ყოველთვის, კონიუნქტურას ერგებოდა და შესაბამისად, საეჭვოდ ხშირად იცვლიდა შეხედულებებს? თუ კარლო კვიტაიშვილს, რომელიც კომუნიკაციების კომისიის წევრია და ჟურნალისტებს ემალება, ემანდ ისეთი არაფერი მკითხონო? თუ ირაკლი ჩიქოვანს, რომელიც 17-ათასლარიან ხელფასიანად, არავინ იცის, სად არის გადაკარგული.

ასეთი ადამიანები ისევე ვერ მიიღებენ დამოუკიდებლად  გადაწყვეტილებას, როგორც ის მოსამართლეები, პროკურორის დანახვაზე რომ თრთოდნენ და 82 წლის ბებოს ციხეში უშვებდნენ.

იმედია, ასეთი პირები ახალი ხელისუფლებისთვის მიუღებელი არიან. თუმცა ზოგჯერ ეჭვი გღრღნის. მაგალითად, ზემოხსენებული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი კახი ყურაშვილი განათლების სამინისტროს ავტორიზაციის საბჭოს ხელმძღვანელიცაა. ეტყობა, ყურაშვილს ახალი პატრონების წინაშე თავის გამოჩენის სურვილმა დათვური სამსახური გააწევინა. კერძოდ, საბჭომ ავტორიზაცია გაუუქმა აგრარულ უნივერსიტეტს და შედეგად ახალმა ხელისუფლებამ სტუდენტთა პროტესტი მიიღო. ყველაზე საკვირველი კი ის იყო, რომ გიორგი მარგველაშვილი ყურაშვილს ამბრაზურასავით გადაეფარა.

ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების ბერკეტებს კოლექტიური ყურაშვილ-სიხარულიძეები თუ არ ჩამოშორდნენ, ახალი მთავრობა ცხვირს კიდევ ბევრჯერ წაიმტვრევს და გამოვა, რომ მართალი ყოფილა ვანო მერაბიშვილი, რომელმაც უკვე მეათასედ გაიმეორა,–ესენი ჩვენს შეცდომებზე არ სწავლობენო.