სტალინი, ჩერჩილი და... აქუბარდია - კვირის პალიტრა

სტალინი, ჩერჩილი და... აქუბარდია

ანუ რატომ არის "პალიტრის" დირექტორი - "ქაჯი"!

ეს ის შემთხვევაა, როდესაც რჩევით საქმეს ვეღარ ვუშველით და აქუს წამალიც მხოლოდ ცივი წყალია

ფანტაზიის ნაკლებობას არ ვუჩივი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიჭირდებოდა პარალელების გავლება პოტსდამის კონფერენციას, სტალინ-ჩერჩილსა და "კვირის პალიტრას" შორის. თუმცა ეს ერთმა ჩემმა კოლეგამ შეძლო, კერძოდ, დავით აქუბარდიამ, იმავე აქუმ. ამის საბაბი კი ისეთივე სასაცილოა, როგორიც ზემოხსენებული პარალელი - სიგარეტის მოწევა.

რას იზამ, ზოგჯერ გვიხდება ჟურნალისტებს არასერიოზულ თემებზე წერა, მაგრამ რომ არ დაიწეროს, არ შეიძლება. იმისათვის, რომ მკითხველი არ დაიბნეს, სჯობს, ყველაფერი ქრონოლოგიურად ავხსნათ.

18 თებერვალს აქუბარდია სტუმრად იმყოფებოდა რადიო "პალიტრაში", გია მაისაშვილის საავტორო გადაცემაში. "პალიტრამედიის" შენობაში მოწევა აკრძალულია და მწეველები იხდიან მოსაკრებელს "მომავლის ფონდში", საიდანაც თანამშრომლების ახალდაბადებული ბავშვები საკმაოდ სოლიდური თანხებით საჩუქრდებიან. მწეველებისთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილი და შესაბამისად, აქუბარდიამ შუა დერეფანში რომ მოინდომა გაბოლება, შენიშვნა მისცეს. აქუბარდიამ აღშფოთება რადიო "პალიტრის" ეთერშივე დააფიქსირა (მისი აღშფოთება არც გამკვირვებია, თვითონ, თავისი გადაცემის მსვლელობისას, პირდაპირ ეთერში, სტუდიაშიც კი აბოლებს შიგადაშიგ...). ასეთი წვრილმანისთვის არც არავის მიუქცევია ყურადღება და არც მიაქცევდა, აქუბარდია სიგარეტის თემას 13 მარტს უკვე "კავკასიის" ეთერში რომ არ დაჰბრუნებოდა. ამჯერად მისი სტუმარი გია მაისაშვილი გახლდათ.

არა, აქუბარდიას ციტატა აუცილებლად უნდა მოვიყვანო: "არ შეიძლება ასეთი სისულელეების კეთება, მე-19 საუკუნეა, გია?! ჩვენ კიდევ, ვითომ ევროპა ვართ. თავისუფლება სწორედ ისაა, მინდა მოვწევ, მინდა არ მოვწევ. მინდა შევუთვალო "პალიტრის" ჟურნალისტებს: თქვენი დირექტორი არის ქაჯური რეაქციების მატარებელი და ეს გააცნობიერეთ". სწორედ ამაზეა ნათქვამი, რა გინდა, შვილო, რას გადამეკიდეო.

წერილის დამთავრება ამ ციტატითაც შეიძლებოდა. Mმაგრამ მოდი, გავიხანგრძლივოთ არასერიოზულ თემაზე წერის სიამოვნება.

რადიო "პალიტრაში", სხვათა შორის, 11 მარტიდან მაისაშვილის გადაცემა დაიხურა, რადგან ვერ გაუძლო კონკურენციას, არ ჰქონდა მაღალი რეიტინგი. ბატონი გიასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ გადაცემისთვის სპონსორის მოძიება ვერ მოხერხდა, "პალიტრა" კი კომერციული ორგანიზაციაა. ამიტომ, როგორც წესი, ნაკლებრეიტინგული გადაცემები ჩერდება და მათ ადგილს სხვა გადაცემა იკავებს ხოლმე. მაგრამ აქუბარდიამ მაისაშვილის გადაცემის დახურვა თავის თავს დაუკავშირა - მაისაშვილის გადაცემაში მოწევის საკითხზე "პალიტრამედიის" ხელმძღვანელობა რომ გავაკრიტიკე, აუღიათ და მისი გადაცემა დაუხურავთო(?!).

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ასეთ "ლოგიკურ" დასკვნაზე უძველესი ანეკდოტი გამახსენდა: კაცი ქალაქში დადის  და ტაშს უკრავს. რას აკეთებო, - ეკითხებიან. ნიანგებს ვაფრთხობო. კი მაგრამ, ქალაქში ნიანგებს რა უნდათო. ჰოდა, ტაშს რომ ვუკრავ, იმიტომაც არ არიანო, - პასუხობს ანეკდოტის პერსონაჟი.

თუმცა ტაშით ნიანგების დაფრთხობა და აქუს გამო გადაცემის დახურვა რა მოსატანია იმასთან, რითაც "კავკასიის" ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა "დაასაბუთა", თუ რატომ არის არასწორი და "ქაჯური" "პალიტრამედიის" წესები მოწევასთან დაკავშირებით. თურმე იმიტომ, რომ მაგალითად, პოტსდამის კონფერენციაზეც კი თამბაქოს ბუღი იდგა და ჩერჩილი და სტალინიც ეწეოდნენ (მართლა ასე თქვა, მე არ მომიგონია!).

უძლური ვარ ასეთი რკინის ლოგიკის წინაშე და იმის გამოსასყიდად, რომ ჩერჩილი და სტალინი ჩვენ გამო საფლავებში ტრიალებენ, პოტსდამის კონფერენციის პრინციპები კი შეიბღალა. ბატონ აქუბარდიას რამდენიმე სასარგებლო რჩევას მივცემ, მაგალითად, ვურჩევ, რომ ევროპაში არ წავიდეს. ელემენტარულად, თუ თვითმფრინავში გაბოლება მოინდომა, ჩამოახტუნებენ. ხოლო თუ მაინც ჩავიდა, ჯიბეში საკმაოდ მსხვილი თანხა უნდა იქონიოს. სიგარეტის უადგილო ადგილას მოწევაზე ისეთი ჯარიმებია, რომ შესაძლოა, უკან დასაბრუნებელი ფული აღარ დარჩეს.

მთავარი რჩევაა - დაკავდეს სასარგებლო საქმით, ეთერი რეალური პრობლემების განხილვას დაუთმოს და არა სხვა მედიაორგანიზაციის შინაგანაწესის განხილვას. იქნებ მაშინ მაინც მოახერხოს და 20 წლის განმავლობაში ერთი ადგილის ტკეპნის ნაცვლად, განვითარებაც შეძლოს მისმა ტელევიზიამ...

P.S. თუმცა მთავარი მიზეზი ამ ყველაფრისა შეიძლება სულ სხვაა...

ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ მას მერე, რაც "პალიტრა TV" გავიდა ეთერში, ბატონი აქუბარდია, "პალიტრამედიის" მიმართ გაღიზიანებას ვერ მალავსო...

ისე, ზოგჯერ ხდება ხოლმე  - ადამიანში ბოღმა რომ დაგროვდება, მიზეზს ეძებს მის გადმოსანთხევად. როგორც წესი, ასეთ დროს საბაბი ანეკდოტურია, არგუმენტები კი - სულელური. თუ აქუბარდიას შემთხვევაში ამასთან გვაქვს საქმე, რჩევით საქმეს ვეღარ ვუშველით. მისი წამალი ცივი წყალია.

ფრაგმენტი აქუბარდიას გადაცემიდან შეგიძლიათ იხილოთ palitraTV.ge-ზე: