უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში
25-03-2013
უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში
დარბაზში ქვითინი ისმოდა... ცრემლი სდიოდა ილია II-საც...

"ცრემლი ყველაზე დიდი კომენტარია, რაც ამ ფილმზე შეიძლება გავაკეთოთ!"


ვიდრე პირველ სიტყვას დავწერდი, ბევრი ვიფიქრე... ყველაფერზე ერთბაშად მომინდა ლაპარაკი - იმ ფილმზეც, "მიწის სჯული" რომ ჰქვია და იმ ბიჭებზეც, უჩინრად რომ ცხოვრობენ და ასეთ დოკუმენტურ ფილმებს იღებენ საქართველოსთვის. თავისი სტუდიისთვის "გუთანი" დაურქმევიათ და გუთნისდედებივით არიან ჩამდგარნი კვალში, "პური არსობისა" რომ არ დაგვეკარგოს. მათ არც განსაკუთრებული პირობები აქვთ ფილმების შესაქმნელად, არც თანამდებობების და ჩინ-მედლების
მოლოდინი, უბრალოდ, ქართველები არიან!

ამჯერად ემიგრაციის კვალს გაჰყოლიან - 1724 წლიდან დღემდე. ნაბიჯ-ნაბიჯ გაუვლიათ გზა სამოთხედ აღქმული სამშობლოდან შორეულ ქვეყნებამდე - რუსეთამდე და ევროპამდე, ახლო აღმოსავლეთამდე და ამერიკამდე...
ერთმანეთს ებმის უცხოეთის ცის ქვეშ დამკვიდრებული წარმატებულ ქართველთა სახელები და ძველი ფოტოები: კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი და ალექსანდრე ქართველიშვილი,
დიმიტრი ჯორჯაძე და გიორგი მაჩაბელი, გიორგი პაპაშვილი და გიორგი ბალანჩივაძე, თამარ თუმანიშვილი და არჩილ გურიელი... მათი ნიჭიერება და შემოქმედებითი პოტენციალი მართლაც ითხოვდა დიდ ასპარეზს, ისინი უნდა გასულიყვნენ მსოფლიოში, მაგრამ არა ასე - ძალდატანებით და შინ დაბრუნების უფლების გარეშე, სამშობლოს მოგლეჯილები.

შემდეგ ეკრანზე უახლესი ისტორია და ჩვენი დღევანდელი დღე ჩნდება, ემიგრანტები, რომლებიც უკიდურესმა ეკონომიკურმა სიდუხჭირემ განდევნა საქართველოდან, მათ შორის ისინიც, რომლებიც, დიდი პროფესიონალიზმის მიუხედავად, შინ ვერ ახერხებდნენ თავის რეალიზებას... მათ უჭირთ სამშობლოსგან შორს ყოფნა, თავიანთი პატარა სოფელ-დაბების შუკები ესიზმრებათ. დედ-მამის საფლავებს პატივს ვერ მიაგებენ და შვილების აღზრდაში მონაწილეობას ვერ იღებენ. სამაგიეროდ, მათი იქაური ხელფასებით გააქვთ თავი ოჯახებს. აკი, ამბობდა კიდეც თვალცრემლიანი ქართველი ქალი: რა მექნა, მინდოდა, ჩემს შვილს დაპატარავებული ჯემპრი რომ ეცვა, ახლის ყიდვა შესძლებოდაო... სულ ცოტა, საარსებო საშუალება მინდოდა ჩემი ოჯახისთვის, ავადმყოფი დედისთვის წამალი მინდოდა მეყიდაო... წასვლისას რას წარმოიდგენდნენ, რომ ავადმყოფი მშობლები უიმათოდ მიებარებოდნენ მიწას, რომელსაც თავისი სჯული აქვს - მიწის სჯული!

ასეც ჰქვია ფილმს, რომელიც, როგორც გითხარით, ჩვენ გვერდით მცხოვრებმა ქართველმა ბიჭებმა გადაიღეს, არც ერთი მათგანი არ არის ცხოვრების ნებიერი, ალბათ ყველა გასაჭირი, რამაც მათი თანამემამულენი უცხოეთში გადახვეწა, საკუთარ ტყავზე აქვთ გამოცდილი, არც გახუნებულ-გაცრეცილი სამოსით სიარული ეუცხოებათ და არც პურის გამხმარ ქერქზე გადასმული ნივრით დანაყრება. სამაგიეროდ, მიწისა ესმით...

რამდენი რამ სტკენია ჩვენს მიწას და რამდენი რამ შეუგრძნიათ "მიწის სჯულის" ახალგაზრდა ავტორებს - ლექსო გელაშვილსა და ზვიად სეხნიაშვილს (ძველ "კვირის პალიტრელს"), ლევან ქართველსა და დავით ყალიჩავას, ათეულობით მათ გვერდით მდგომ ქართველ მანდილოსანსა და ვაჟკაცს! როგორ ცრემლად დაღვარეს მთელი დარბაზი და ეროვნებით რუსს - ქართველთა რძალს ათქმევინეს, -  შვილები ქართულად უნდა გავზარდო, რომ კარგად იცოდნენ თავისი სამშობლო საქართველოო...

ფილმ "მიწის სჯულის" ნახვის შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბრძანა:
- ეს ჩვენი ტრაგედიაა! მახსენდება ჩემი ბავშვობა, ომის პერიოდი იყო და ყველას ძალიან უჭირდა. დედაჩემი მეუბნებოდა, რაც უნდა გაგიჭირდეს, უცხოეთში მაინც არ წახვიდეო. მაშინ წარმოდგენაც კი ძნელი იყო უცხოეთში წასვლისა... იმისა, რომ ეს დრო დადგებოდა. დღეს თავს ნუ დაიიმედებთ, რომ მათ იციან ქართული... ასი, ორასი წლის შემდეგ ეს ხალხი იქნება უცხოელი. ჩვენ მივედით უფსკრულთან, არა მარტო მივედით, არამედ ჩავიხედეთ უფსკრულში. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ საჭიროა სამუშაო ადგილები. ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, თუნდაც ის, რაც ამ ბოლო დროს წამოვიწყეთ: ჩემი 14 000 ნათლული - ის ბავშვები, რომლებიც არ უნდა დაბადებულიყვნენ, ოჯახი, მშობლები კმაყოფილდებოდა ორი ბავშვით... ჯერ კიდევ არის საშუალება, გადავარჩინოთ ჩვენი ერი... ღმერთი არ გაწირავს საქართველოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ დატოვებს. დიდი საქმე გაკეთდა ამ ფილმის გადაღებით. ჩვენ კიდევ უნდა გადავიღოთ ფილმები..

რეზო ჩხეიძე, კინორეჟისორი: - საგულისხმოა, რომ ეს ფილმი გადაიღეს ადამიანებმა, რომლებსაც კინემატოგრაფიული კლასიკური სკოლა არ აქვთ დამთავრებული. შეუძლებელია ამ ფილმის ყურება უცრემლოდ... კიდევ ძალიან ბევრს მოველი "გუთნისაგან"... იცით, რომ ქართული ფილმი მსოფლიოში განთქმული იყო, მას ქართულ ფენომენს უწოდებდნენ. მე რომ მკითხოთ, ეს ახლა ითქმის "გუთანზე" -P ეს არის ქართული კინოს ფენომენი.

მუხრან ბულაღაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე: - ამ ფილმს მშვიდად ვერ უყურებ, არც მახსოვს, ბოლოს როდის ჩამომივარდა ცრემლი. ცრემლი ყველაზე დიდი კომენტარია, რაც ამ ფილმზე შეიძლება გავაკეთოთ!

გია ჭუბაბრია, კინოდოკუმენტალისტი: - 50 წელია ვმუშაობ კინემატოგრაფიაში და კინოსა და თეატრის ინსტიტუტის პროფესორი გახლავართ. ასეთი ქართული მუხტით გადაღებული ფილმი საქართველოში არ მინახავს.
გიორგი კერესელიძე, კინორეჟისორი: - 22 წელია, ამერიკაში ვცხოვრობ. ჩვენ აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ საქართველოში. ეს ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც გადარჩება! დიდი მადლობა ფილმის ავტორებს!
"მიწის სჯულმა" მთავარი საქმე ჯერ კიდევ უნდა აღასრულოს. მეუფე სპირიდონი (სხალთელი) ფილმში ამბობს, - ერთი კარგ ლექსია: "მოვა სიკვდილი უჩინო, იმწამსვე აგყრის იარაღს, შენ რას წაიღებ იმქვეყნად, სხვას არა წაუღია-რა"... ამიტომაც უნდა დავბრუნდეთ სამშობლოში, მოვიდეთ ღვთისმშობლის მფარველობაშიო...

შეუძლებელია, გულგრილად მიჰყვე კინოკამერას და სოფლად ნახევრად დანგრეული და სრულიად გაპარტახებული კარ-მიდამოები გულზე ხანჯლად არ დაგესოს. მე ვგრძნობ ფილმის ავტორების ამ ნახანჯლარ გულს და უფრო მახრჩობს ყელში მომდგარი სათქმელი... წლების წინ ვწერდი ერთ ოჯახზე, სვანეთის მაღალმთიანი სოფლის ერთადერთ მცხოვრებზე, მათ ორ პატარა შვილზე, რომლებიც თავისუფალ დროს გადიოდნენ დაცარიელებულ, მიტოვებულ სამეზობლოში და თვალებამოღამებული სახლების კარსა და კედლებს ცისფრად ღებავდნენ... ასე ებრძოდნენ არყოფნას თავის სოფელში და პატარა გულებში იმედი ჰქონდათ, რომ თუკი ასე გაალამაზებდნენ სხვების კარ-მიდამოს, პატრონები დაინახავდნენ და დაბრუნება მოუნდებოდათ... არ მკითხოთ, რა მოხდა მერე... ამას ზოგი ურბანიზაციას დაარქმევს, ზოგი - მიგრაციას... მიწის სჯულის გამგები კი - ტრაგედიას. იმ სოფელში აღარავინ ღებავს ცისფრად ცარიელი სახლების ჩაჟამულ კედელებს. ბოლო ოჯახიც აიყარა...

ფილმში "მიწის სჯული" არის 1994 წლის ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის კადრები, სცენაზე გამოსული მაღალი, მოხდენილი რეზო ნიკოლაძე (ნიკო ნიკოლაძის შვილიშვილი) საფრანგეთიდან და მისი ნათქვამი: "ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ყველა ჩემი სამშობლოა... საქართველო". მერე მისი ნაჩქარევი გასვლა სცენიდან, მხრებისა და ხელების ცახცახი, ქვითინი და მუხლის მოკვეთა... ესო, - როგორც კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე ამბობს, - ჩვენი ქართული მიწის გამო ხდებაო, ეს ისეთი ფენომენია, ისეთი ძალაა, როგორც კი შეეხები, თვითონ დაგიჭერსო!

მიწა, რომელიც დავტოვეთ... რომლის ბელტს ბელტზე აღარ ვაწვენთ იმიტომ, რომ გაცილებით იოლი გზაც არსებობს თავის სარჩენად... მიწა, რომელზეც აღარც ვდგავართ, რადგან წვიმაში ტალახი იცის, სიცხეში - ფეხისგულების დაწვა...

"მიწის სჯულის" ჩვენება რომ დასრულდა, დარბაზში ქვითინი ისმოდა... ცრემლი სდიოდა უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-საც...
რა სამწუხაროა, რომ დარბაზებს, სადაც ფილმებს აჩვენებენ, ცოცხალი მიწა არ აქვთ იატაკად, თორემ აუცილებლად დავუჩოქებდი... მიწა ძლიერია... ილაჯს გაგიწყვეტს, მაგრამ წელში არ გაგწყვეტს, - გალაღებს და გაქართველებს, სამშობლოს სხვის სააგარაკოდ არ დაგათმობინებს!

ამერიკელი ემიგრანტის სიტყვებია "მიწის სჯულიდან":
"ცხრა წელია აქ ვარ და მერცხალი არ მინახავს... ხომ ნათქვამია, მერცხალი ციხის კედელზე ბუდეს არ იკეთებსო"... საქართველოში კი, მშიერ, გახუნებულსამოსიან, ილაჯგაწყვეტილ საქართველოში, გაზაფხულზე მერცხლები მოფრინდებიან... მხოლოდ სამშობლოშია ნამდვილი თავისუფლება და იმიტომ! ბარაქალა სტუდია "გუთანს" ამის თქმისთვის!
რომანოზი
05 იანვარი 2014 08:24
თქვენ დაბრუნდით - ჩვენ კი წავალთ! ნუ მივატოვებთ საქართველოს!
salome
18 აპრილი 2013 19:00
ფილმი არ დაიდება? ძალიან მაინტერესებს და თან მინდა ამერიკაში მცხოვრებმა ჩემმა ბიძაშვილებმაც ნახონ...
tami
31 მარტი 2013 19:35
სრულიად ვეტანხმები ამირარანდას,მიკვარს ცჰემი სამსჰობლო და მენატრება სიგიჯემდე.მიკვარს ცჰემი ხალხი ტავისი ნაკლიტა და გირსებიტ.მაგრამ არ ვარტ კველაზე საუკეტესონი.კველაზე წმინდანები.ცჰვენტვის ცჰვენი სამსჰობლო კველაფერია ,ისევე როგორც სხვა ერისატვის ტავისი სამსჰობლო.მაგრამ უზლიერესი ქვეკნის სჰვილებიც კი არ იზახიან რომ კველას ჯობიან.ქარტველ ხალხს უცნაური სენი გვცჰირს მედიდურობის.ამბობდენ და ამბობენ რომ მტელი მსოფლიო ცჰაიზირება და საქარტველო გადარცჰება.მკრეხელობაა ეს კველაფერი და სჰეიზლება გმერტიც მიტომ გვსჯის სხვაზე მეტად.არავიზე უკეტესები და არავიზე ნაკლები არ ვარტ.ვარტ ისტორიული ერი ტავისი დიდი კულტურიტ,წარმომავლობიტ,ისევე ,როგორც სხვა მრავალი ერი.დავაფასოტ რაც გვაქვს,მედიდურობის გარესჰე,სხვაზე უკეტესობის პრეტენზიის გარესჰე.გადმოგვხედავს გმერტი.

რედაქტორის რჩევით