კანფეტებიანი მძღოლი - კვირის პალიტრა

კანფეტებიანი მძღოლი

ძია თემური მგზავრებს "ბედნიერების მატარებლით" "ტკბილად" დაატარებს

"ხატები ჩემია, "ღიმილებს" კი ბავშვები და სტუდენტები ტოვებენ"

გინახავთ მძღოლი, რომელიც ყველა მგზავრს ღიმილითა და კანფეტით ასაჩუქრებდეს? ვისაც ხშირად უწევს #66-ის ხაზზე ყვითელი სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა, ყველა იცნობს თემურს, მის "ყვითელას"”კი "ბედნიერების მატარებელს" უწოდებს. მასთან პირველი შეხვედრა ყველა მგზავრისთვის ერთნაირად იწყება, - ადიხარ ტრანსპორტში, მძღოლი გიღიმის და კანფეტს გიწვდის. იბნევი, უნებლიეთ სალონში, მგზავრებისკენ იხედები და მათი მხიარული სახეების დანახვაზე ცდილობ, გაარკვიო რა ხდება... ტრანსპორტის წინა, შიდა ნაწილი სულ ხატებითა და "სმაილებით" არის მორთული. "ხატები ჩემია, "ღიმილებს" კი ბავშვები და სტუდენტები ტოვებენ", - ამბობს თემური. გვარს არ მიმხელს, სახელი და მანქანაც კმარა, ყველა ასე მიცნობსო. ვუთანხმდები, რომ მალე ვნახავ და საგაზეთოდ პორტრეტს გავაკეთებ მის შესახებ. მგონია, რომ თემური საღამოს ბედნიერ ოჯახში ბრუნდება და ცოლ-შვილთან ალერსში აღიდგენს დღის განმავლობაში გაცემულ უზარმაზარ ენერგიას. მას კი თურმე თავშესაფარიც არა აქვს და უკვე 4 წელია, გამუდმებით განსაცდელში ცხოვრობს, ცოლ-შვილისგან შორს.

- 53 წლის ვარ. ბოლო ოთხმა წელმა მომტეხა, თორემ ახლა პატარა ბიჭის გარეგნობა მექნებოდა (ეღიმება). 2008 წელს დავკარგე სახლი, ქონება, თუ რამე გამაჩნდა, საყვარელი ქალაქი და დავრჩი ღია ცის ქვეშ ოჯახთან ერთად. ქუთაისელი ვარ. ბათუმში მივდიოდი, გზად ნაცნობს შევხვდი, მანქანა გავაჩერე და მას ველაპარაკებოდი, ვიღაც აზერბაიჯანელი თუ თურქი დამეჯახა მანქანით. გონს რომ მოვედი, მითხრეს, ღერძულა ხაზზე გადახვედი და შენ ხარ დამნაშავეო! გინახავთ, ღერძულა ხაზზე გაეჩერებინოს მანქანა მოლაპარაკე კაცს? ვერ გავიტანე ჩემი სიმართლე. დალეწილი ვეგდე 6 თვე. თავიდან ამაწყვეს. ქუთაისში ჩემი პატარა სამკერვალო ფირმა, მაღაზიები და კაფე-ბარი მქონდა. ყველაფერი წავიდა საბანკო ვალებში. ახლა მეუღლე და 19 წლის ვაჟი დაგირავებულ ბინაში ცხოვრობენ ქუთაისში. დედაჩემი ხან მათთან არის, ხანაც ჩემს დასთან, გამიწვალდა საბრალო ქალი. ამ მანქანაზე რომ დავჯექი, 4-5 თვე თავშესაფარი არ მქონდა, ამიტომ დღე საჭესთან ვიჯექი და ღამე ფეხით დავდიოდი. ახლა  მუხიანის დასაწყისში საბავშვო ბაღის შენობაში დევნილებთან ერთმა მოხუცმა შემიფარა.

- ასეთი მძიმე განსაცდელი გადაგიტანიათ და მაინც გაქვთ ძალა, რომ ადამიანების ბედნიერებაზე იზრუნოთ?

-  დიდხანს ვიყავი ქუჩაში, მოწესრიგებული ბომჟი გახლდით, სუფთად გაპარსული. ხან ვის აბანოში დავდიოდი, ხან ვინ მირეცხავდა სარეცხს, ხან ვინ მაჭმევდა ცხელ კერძს. რომ დაზამთრდა, გამოჩნდნენ კეთილი ადამიანები და მონასტერში წამიყვანეს. ორი წელი და ორი თვე ვიცხოვრე. აღდგომის დღესასწაულზე ბერი უნდა გავმხდარიყავი, მაგრამ წამოვედი და მძღოლი გავხდი. ჩემი ვალი და ტვირთი ვერ ავკიდე ოჯახს, ისედაც მძიმე დღეში ჩავარდნილს. ვერ გავბედე, მხოლოდ ღვთისთვის მიმენდო მათი თავი და წამოვედი მონასტრიდან, იქნებ რაღაც საქმე ვნახო, რომ ვალი გავისტუმრო და შვილი აღარ შემიწუხოს ვინმემ-მეთქი. წელიწადზე მეტია ვმუშაობ და იმედი გამიჩნდა, რომ ისევ დავალაგებ ცხოვრებას.

- მძღოლად მოგაწყოთ ვინმემ?

- მონასტრიდან ჩამოსული რკინიგზის სადგურზე გაზეთებს ვკითხულობდი, ინფორმაციას ვეძებდი, რომ იქნებ სადმე სამსახური მეპოვა, ღამით უთავშესაფროდ დავეხეტებოდი. 9 დღე გავიდა ხეტიალში. ერთ დღესაც ვიღაც ახალგაზრდა კაცმა მეგობარი გააცილა მატარებლით. დაიგვიანა მატარებელმა, მე "ასტრას" ვეწეოდი, იმ ბიჭმა შემამჩნია და ფილტრიანი სიგარეტი შემომთავაზა, მერე დაინტერესდა, რატომ გაქვს ამხელა წვერებიო. ჩემი ამბავი რომ გაიგო, მითხრა, სამარშრუტო ტაქსების გარაჟში ვმუშაობ, თუ მძღოლი ხარ, თანაც პირველი კლასის და კარგად იცი მართვა, ბედი სცადეო. ვცადე ბედი და სამ დღეში მომცეს მანქანა. იმის მერე ვმუშაობ, მარტო, შემცვლელის გარეშე.

- ისედაც მწირი შემოსავალი გაქვთ, ვალი, უსახლ-კარო ხართ, კანფეტში როგორ ხარჯავთ ფულს?

- რომ არ მოგატყუოთ, ჩემი ხაზი არ არის გადატვირთული და ბევრი არაფერი მრჩება, მაგრამ თითქმის ერთი თეთრი უწევს ერთ კაცზე ერთ კანფეტს და მიღირს ჩემი ბედნიერებისთვის. ამ ხნის განმავლობაში 2 ტონამდე კანფეტი მაქვს დარიგებული. ორი დღე ვერ დავარიგე და ვერ წარმოიდგენთ, რა ცუდად ვიყავი.

ჩემს უბანში პატარა ბავშვები სიყვარულით ზუზუს მეძახდნენ. სამარშრუტო ტაქსიზე რომ დავჯექი, თავიდან ბავშვებს ვურიგებდი კანფეტს, მოხუცებსაც, სულ დედა მახსენდება, უსახლკაროდ დარჩენილი დედა, რომელსაც ჩემი სითბო აკლია. მერე სტუდენტ გოგონებსაც ვჩუქნიდი, ქალებმა შეიცხადეს, ჩვენ რა დავაშავეთო? მაშინ კაცებმა რა დააშავეს-მეთქი და ახლა ნებისმიერ ამომსვლელს ვასაჩუქრებ. საღამოობით ვყიდულობ კანფეტს, ვიმარაგებ მეორე დღისთვის, რადგან დილით ადრე ვიწყებ მუშაობას და ამ დროს მაღაზიები ღია არ არის.

- მელომანიც ყოფილხართ. მგზავრები ამბობენ, თუ გინდა, რომ კარგი მუსიკის თანხლებით იმგზავრო თემურის მანქანას უნდა დაელოდოო.

- ბავშვობიდან მიყვარდა მუსიკა. ბიჭები ხშირად ამოსულან ყურსასმენებით,…უცებ ღიმილით მოუხსნიათ, ვა, ეს რა მაგარი გემოვნებიანი მძღოლი ხარ, "პინკ ფლოიდს", "ფარფლებს" უსმენო? ხშირად მიხდიან მადლობას მუსიკისთვის, მომსახურებისთვის და ამით ბედნიერი ვარ. სტუდენტი გოგონები ძალიან მახალისებენ. ამოცვივდებიან კისკისით, მიმიკრავენ მანქანის სალონში "სმაილიკებს",”მომიკითხავენ, როგორ ხართ, თემური ბიძიაო და ამ დროს მგონია, ჩემი შვილის მეგობრებს ვხვდები, საღამოს კი შინ დავბრუნდები და ცოლ-შვილს ჩავეხუტები. ბიჭს თბილისში გადმოსვლა უნდა სასწავლებლად, მაგრამ თავშესაფარი არა მაქვს და სად წამოვიყვანო?! ამას წინათ "იმედის" ჟურნალისტი შემხვდა, "იმედის გმირების" რედაქტორს უნდა ვუთხრა შენ შესახებო... იქნებ ერთ პატარა ბინას ვეღირსო, სადაც ცოლ-შვილთან ერთად ვიცხოვრებ. ღმერთმა იცის, ბევრი არაფერი მინდა, მხოლოდ  თავშესაფარი.