"მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონი"
30-11-2009
ვისი რა საქმეა, სად ვლოცულობ და ვისთან ვმეგობრობ?

2001 წლის შემოდგომის თბილი დღეები გაყვითლებულ ფოთლებს ეფერებოდა. იმის გაფიქრებაც მზარავდა, რომ ცოტაც და, ზამთარი ყველას თავის ცივ და უშუქო მანტიაში გაგვხვევდა.
- რუსო, გახსოვს დღეს რა დღეა? - მომესმა მობილურზე მიშა სააკაშვილის ოპტიმისტური ხმა.
- რაა, რო? - ვიკითხე ძილ-ბურანიდან ახალგამოსულმა.
- რა და, 12 სექტემბერია, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების დღე. ჰოდა, სიმბოლურად ყველა გიგლა ბერბიჭაშვილის დედის... ამბავში, წიწამურში აქცია გვაქვს დაგეგმილი,
იმედია, შენს აღმატებულებასაც ვიხილავთ. ისე, გახსოვს, სკოლაში ლაშა ნადარეიშვილი "დედაო ღვთისას" რომ კითხულობდა? მაგარია! რაც ვიცით, ის უნდა ვაკეთოთ, - აღმოხდა ლოზუნგივით სააკაშვილს, მე კი პირში მცხეთური ლობიოსა და მჭადის გემო ვიგრძენი. არა, იცის რა მიშიკომ უიკ-ენდის მოწყობა. მე ზლაზვნით სააბაზანოსკენ გავემართე. მიშას ლოდინი არ
უყვარდა, თუმცა არც მე - დაგვიანება.
ვუკოლ ბერიძის ქუჩაზე ოფისში მარტო მიშა და ბაჩო ახალაია დამხვდნენ.
- ხომ გითხარი, მანქანა შეამოწმე-მეთქი, - ეჩხუბებოდა მიშა ბაჩოს.
- ხომ ვამბობ, ძველია და გამოსაცვლელი-მეთქი, - ბუზღუნებდა კისრამდე მაზუთში ამოსვრილი ბაჩო.
- არა, უჩემოდ რა გეშველებოდათ, შენ კიდევ მეუბნები, რად გინდა ახალი მანქანაო. შენი ძველი და უფრო ხარჯიანი არ არის? - ვკითხე ნიშნის მოგებით.
- კარგი, შენით წავიდეთ. ბაჩო, შენ დარჩი და მანქანას მიხედე, - დაუტოვა განკარგულება მიშამ და ჩვენც საგურამოს მივაშურეთ.
- რა გჭირს, რა სახე გაქვს? – არ გამოჰპარვია მიშას ჩემი უხასიათობა.
- რა ვიცი, რაღაც ისევ ამერია, ქმართან პრობლემები მაქვს, არ მოსწონს ჩემი აქტიურობა. რამდენს ვეცადე, არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელურად სხვა სამსახურიც მეშოვა, უამრავი პრობლემა შემექმნა. წარმოიდგინე, თვითკმაყოფილი ფუნქციონერი, რომლისთვისაც მე მხოლოდ და მხოლოდ სიმპათიური გოგო ვარ. მეზიზღება, როცა მეუბნებიან, "იცი, სწორედ შენისთანა მჭირდება, სიამოვნებით მიგიღებდი სამსახურში, მაგრამ ჩემი ცოლი იეჭვიანებს. ისე, თურქეთში ხომ არ დაგვესვენა ერთი-ორი დღე? დაღლილი მეჩვენები". წარმოგიდგენია, ვიღაც მაძღარი ტიპი თურქეთს მთავაზობს, თანაც ცოლი იეჭვიანებს თურმე! ვერ ვიტან ამ ბანდაჟიანი ქალების თაობას. მათ მეუღლეებს მილიონი საყვარელი ჰყავთ, საღამოს კი ვითომ იდეალური ქმრები არიან. პრესტიჟულ კონცერტებსა და პანაშვიდებზე მათი ცოლები ძვირფას ქურქებსა და ბრილიანტებს ამზეურებენ, მთელი დღეები სამზარეულოებში ჭორაობენ და ახალ-ახალ სერვიზებს ყიდულობენ, ჩემნაირებს კი მიწაში დებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრებას არ ვეგუებით და ჩვენით მივერეკებით. რა უბედურებაა ასეთი მიდგომა? ვითომ უმწიკვლო პოზიცია - "დედა, რა იკადრა მოროშკინამ?" - სიგარეტით პირში მორიგ საყვარელთან კოტრიალის დროს ირჩევა. სამაგიეროდ, საყვარლის სარეცელგამორიდებულები კვლავ "კდემა და ადათი" ხდებიან. მერე რა, რომ ნახევარზე მეტი ქალაქი რქებით ჭერს კაწრავს? მთავარია, მისი უდიდებულესობა საზოგადოების აზრი! მინდა უპირველესად ჩემს თავს დავუმტკიცო, რომ პიროვნება ვარ და გარეგნობა ჩემი პატარა პლუსია და არა დიდი მინუსი!..
- აი, მოიცა, მოვალ ხელისუფლებაში და მასეთებს დედას ვუტირებ, უსაქმურთა მოდგმა! შენ სულ გექნება ამ სამყაროში პრობლემა, რადგან დამოუკიდებელი და შეუპოვარი ხარ, - მითხრა მიშამ და თმა ნერვიულად გაისწორა, - საქართველოში მიუღებელია "აღიარებული" ნორმიდან პატარა გადახვევაც კი. ამდენი ლაპარაკია ტოლერანტობასა და შემწყნარებლობაზე და ყოველ ნაბიჯზე ირღვევა. აი, ვანო მერაბიშვილი ავიღოთ, სამი წელია, რაც ცოლი მოიყვანა, ხელი კი მოაწერეს, მაგრამ ჯვარი არ დაუწერიათ. მერე რა მოხდა, ეს კაცი ახალციხიდან, პატიოსანი ოჯახიდან არის, სხვა აღმსარებლობა აქვს, კათოლიკეა, მერე რა, დაიქცა ქვეყანა? მისმა ცოლმა დამირეკა, ქმარზე 13 წლით უმცროსია გოგო და, ბუნებრივია, ამდენი ჭორი ნერვებს უშლის. რატომ უნდა ჰქონდეს ყველას ცხვირი სხვის ცხოვრებაში ჩაყოფილი?! ბავშვს მიშა რატომ დაარქვიო, ეტყობა, ძალიან გიყვართო, მართლმადიდებელი იქნება თუ კათოლიკეო, მოკლედ, შეჭამეს საცოდავები. ვისი რა საქმეა, სად ვლოცულობ და ვისთან ვმეგობრობ? ეს იმის ბრალია, რომ აქ ხალხს თავისი ცხოვრება არა აქვს და ამიტომ სხვისაში აფათურებს ხელს. ვანოს ცოლი, თაკო მეუბნება, ის დრო მენატრება, ვანო ცისფერი "გოლფით" რომ მაკითხავდა და ჰოლანდიურ ყვავილებს მჩუქნიდაო. ჰო, ჰოლანდიაზე გამახსენდა, კიდევ კარგი, სანდრა აქ არ არის, თორემ დიდი ხნის გაშორებულები ვიქნებოდით. ასე რომ, გაუძელი, შეიძლება არასწორად გეუბნები, მაგრამ რადაც უნდა დაგიჯდეს, საქმე ბოლომდე მიიყვანე, თორემ შენს შეწყვეტილ სიმღერას სხვა დაასრულებს.
ცოტა გულზე მომეშვა.
მე და ჩემი მეგობარი ძალიან ბევრი რამით ვგავდით ერთმანეთს, ორივე არასტანდარტულად ვაზროვნებდით, ქართულ მენტალიტეტთან გვიჭირდა შეგუება. ბავშვობაში, უკვე მეორე გაკვეთილზე, მე - თეთრი საყელო, მიშას კი ბიჭების უნიფორმის აუცილებელი ატრიბუტი - გახამებული ბაფთა ჩანთებში გვქონდა ჩაჭმუჭნილი. გვახრჩობდა და რა გვექნა? როცა დაწყებით კლასებში ნინელი მასწავლებელმა ჰკითხა, როგორ ფიქრობ, შემოდგომაზე ფოთოლმა რატომ შეიცვალა ფერიო, ფოთოლს რაღაც შეეშალა, აწყენინა დედას, მერე აკანკალდა და გაწითლდაო, - ასე უპასუხა, მე კი მეორე კლასში ყველაზე ძალიან მოთხრობა "დედის გული" მომწონდა, - როცა ბიჭი შეყვარებულის თხოვნით დედას გულს ამოაცლის და გზაში ქვაზე ფეხწამოდებულს ისევ დედის გული ექომაგება. მახსოვს, დედაჩემი სკოლაში გამოიძახეს, იქნებ ბავშვი ნევროპათოლოგთან მიიყვანოთ, რატომ მოეწონა ეს მოთხრობაო... ცხოვრების ჩემი და მიშასეული ინტერპრეტაცია ყოველთვის ორიგინალურობით გამოირჩეოდა და ამის გამო სკოლაში მაგრადაც ვისჯებოდით. მიშას ამერიკელი ბიძა მაგარ ჩასაცმელსა და გემრიელ რაღაცებს უგზავნიდა, მე კი სოჭელი ბებია მანებივრებდა. და კიდევ, ორივეს ახალგაზრდა დედები გვყავდა და ორივეს მამინაცვალი გვზრდიდა...

"შლაინინგი"
მიხეილ სააკაშვილი უფრო და უფრო აქტიურდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ეგიდით... მიშას მანქანას სულ უფრო ხშირად ხედავდნენ თეას ერთოთახიან ნაქირავებ ბინასთან.
- აი, გავხდები პირველი ლედი და ნახავთ, - ამბობდა ხშირად აშკარად საკუთარ ფანტაზიაში ჩაფლული თეა.
- მგონი, გააფრინე, რა ლედი, რის პირველი? ხომ არ გადარეულხარ? მიშას ცოლი ჰყავს, - ვბრაზობდი მე პროვინციულ უტიფრობაზე.
- მერე რა, კანდელაკს არა ჰყავს, ყველგან შენ რომ დაგატარებს? თან ის თბილისში ჩამომსვლელი არ არის.
მწარე სიმართლე მეტკინა.
თეა, როგორც ყველა პროვინციული აზროვნების ქალი, უკვე შორს მიმავალ გეგმას აწყობდა და თან მიშას საჩუქრებით ტრაბახობდა, - წყლის გამაცხელებელი უნდა დავდგა, მიშამ ელექტროჩაიდანი კი მაჩუქა, მაგრამ როდემდე უნდა ვიწუწაოთ? - წუწუნებდა მუდმივად რაღაცით უკმაყოფილო თეა, - აი, ახლა დაბრუნდება ამერიკიდან და ყველაფერს ისე მოაწყობს, როგორც საჭიროა. ნახე, რა დარჩა, - თქვა თეამ და საცვლების უჯრიდან ჩემთვის ნაცნობი ვარდისფერი ჰალსტუხი ამოიღო.
- რა "სტრანნი" ფერები უყვარს, არა? - არ ჩერდებოდა თეა, - იცი, რა მითხრა, ლალი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგია და ნუ უყვები ყველაფერსო.
- იცი, რა, თეა, ამ ადამიანმა მიზნის მისაღწევად ბევრი იწვალა და ახლა, გადამწყვეტ მომენტში, როდესაც ისედაც ბევრი მტერი ჰყავს, ნუ გეწყინება და, შენნაირი კომპრომატი სულ არ სჭირდება, თანაც ეს ამბავი უკვე მთელ თბილისსა და გორს მოსდე. ვერ ხვდები? ეს ყველაფერი შენი ნაბოდვარია!
თეა უტიფრად აწვებოდა თავისას და სააკაშვილების გვარის გამგრძელებელსაც გეგმავდა.
- ოღონდ დავფეხმძიმდე და მერე მე ვიცი! - იმუქრებოდა და გასაგები იყო, რომ ამ საქმეზე ხელი სერიოზულად ჰქონდა მოკიდებული.
საქართველოს დელეგაცია "შლაინინგის პროცესზე" დასასწრებად ჰამბურგში მიემგზავრებოდა. ერთი გადაჯდომა ფრანკფურტში გვიწევდა. დათო ბაქრაძე, შალვა ფიჩხაძე და მე ჰამბურგის რეისის მოლოდინში აეროპორტის კაფეში ყავას ვსვამდით.
- ვა, რა ნაცნობი სახეებია, - მომესმა მიშა სააკაშვილის ხმა.
- რა შეხვედრაა, საით? - ვკითხე მიშას და გადავკოცნე.
- ამერიკაში მივდივარ ერთი ოთხი დღით, თქვენ?
- ჩვენ აფხაზებთან მოლაპარაკებაზე.
- კარგი რა, ვეღარ უნდა მიხვდეთ, რომ დროის სულ ფუჭი ხარჯვაა? მოლაპარაკებებით ეგ საქმე არ გადაწყდება.
- აბა, ომით? - ვკითხე მიშას გაბრაზებულმა.
- ნახავ მალე! - მრავლისმთქმელად ჩაილაპარაკა მიშამ, - ჰო, მართლა, რა უნდა გკითხო, იმ შენს გორელს თავი არ დაანებე?
- შენ შენს გორელს? - ვუკბინე მე.
- არ იცი, რომ ყველა სპორტსმენი კრიმინალია? შეეშვი, სანამ დროა!
- ჯერ შენ! თორემ გაგიგებს სანდრა და გაქცევს "წითელი კვარტალის ლამპიონად!" ის გოგო ისეთებს ჰყვება...
- ის სულელი და ხეპრეა, იმედია, არ უჯერებ! - შემომხედა მიშამ თვალებში.
"სასიამოვნო" სიტყვათა გაცვლის შემდეგ, ჩვენი დელეგაცია გასასვლელისაკენ დაიძრა...
llevancho
05 მაისი 2010 09:36
კარგ საქმეს აკეთებს ლალი ჩემი აზრით. ვაფასებ გულახდილ ადამიანებს...
qartvela qartvelishvili
03 დეკემბერი 2009 19:56
ეჭვი არ მეპარება მოროშკინა სიმართლეს წერს(ყოველშემთხვევაში -მიშაზე მაინც):)თავიდანვე ეტყობოდა მაგ აფრაკს რა ექსცენტრულიც იყო.
Mamluqi
01 დეკემბერი 2009 13:50
შეფასება წიგნის ავტორს, თორემ გაზეთს მე არას ვერჩი. უკაცრავად მაგრამ არ მესიამოვნა, არც თემა და არც პერსონაჯები. განსაკუთრებით კი:
"ჩვენ აფხაზებთან მოლაპარაკებაზე.
- კარგი რა, ვეღარ უნდა მიხვდეთ, რომ დროის სულ ფუჭი ხარჯვაა? მოლაპარაკებებით ეგ საქმე არ გადაწყდება.
- აბა, ომით? - ვკითხე მიშას გაბრაზებულმა.
- ნახავ მალე!"

და რა ვნახეთ მერმე მიშა? შეშინებული პრეზიდენტი და გაზულუქებული მთავრობის წევრები რომლებიც ქვეყნის დატოვებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდენ?

რედაქტორის რჩევით