"მსოფლიოს ილუსტრირებული ისტორია"
25-03-2013
1-ლი აპრილიდან "კვირის პალიტრასთან" ერთად, მხოლოდ 7 ლარად!

1-ელ აპრილს "კვირის პალიტრასთან" ერთად კიდევ ერთი საინტერესო სერიის პირველი წიგნი გამოვა. "მსოფლიო ილუსტრირებული ისტორია" 24 ტომად - გამომცემლობა "პალიტრა L"-მა კიდევ ერთი შემეცნებითი და განსაკუთრებული პროდუქტი შექმნა მკითხველისთვის. ეს გამოცემა დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალებაა როგორც ყმაწვილებისთვის, ასევე ზრდასრული ადამიანებისთვის.

შუამდინარეთი და ბიბლიური მიწები, ძველი ეგვიპტე და საბერძნეთი, რომაული სამყარო და აზიური ცივილიზაცია, ამერიკის კონტინენტები და ოკეანია, დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და ისტორია
ვერსალის ხელშეკრულებიდან II მსოფლიო ომამდე, დღევანდელი მსოფლიოს ისტორია - ამ გამოცემის ფურცლებზე მკითხველი სამყაროს ისტორიის ყველაზე საინტერესო დეტალებს შეიტყობს. გამოცემაში მხატვრულად არის გაცოცხლებული ისტორიული მოვლენები, ფაქტები და უახლესი აღმოჩენები. ყოველი ტომი მდიდარია უნიკალური ფოტომასალით, გაფორმებულია კომპიუტერული გრაფიკით, საინფორმაციო დიაგრამებითა და რუკებით. ყველა ტერმინი, რომელიც შესაძლოა
ახალგაზრდა მკითხველს შეხვდეს ტექსტში და უცხო იყოს მისთვის, განმარტებულია ამავე ტომის ლექსიკონში. საინტერესო თემატური მასალის მოძიება კი მარტივად არის შესაძლებელი წიგნის საძიებელში.

აღსანიშნავია, რომ "მსოფლიო ილუსტრირებული ისტორიის" თითო ტომი "კვირის პალიტრასთან" ერთად სპეციალურ ფასად, მხოლოდ 6 ლარად გაიყიდება.

ნინო დეკანოიძე, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი: "ერთი შეხედვით, თითქოს ბევრი ასეთი გამოცემა არსებობს სხვადასხვა ენაზე, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ მათ შორის ყველაზე სრულყოფილი შეგვერჩია და ქართულად გამოგვეცა. ეს გახლავთ ცნობილი იტალიური გამომცემლობა "მაკ რაი ბუქსის" მიერ შექმნილი წიგნების სერია, რომელზეც ფლორენციელ მეცნიერთა ჯგუფი მუშაობდა. განსაკუთრებულად ვარჩევთ ასეთ გამოცემებს, ზოგჯერ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმსჯელობთ, თუ რომელი გამოცემა უფრო სრულყოფილი და მრავლისმომცველი იქნება ჩვენი მკითხველისთვის. ვფიქრობ, საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ. ეს გახლავთ უმეტესად ყმაწვილებისთვის განკუთვნილი დამატებითი ინფორმაცია მსოფლიოს ისტორიის ყველა ეტაპის შესახებ. როგორც დამატებითი საინფორმაციო მასალა, ეს გამოცემა და მასში თავმოყრილი ინფორმაცია საინტერესო და სასარგებლო იქნება მათთვისაც, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ემზადება.

"მსოფლიოს ილუსტრირებული ისტორიის" პირველი ტომი იწყება პრეისტორიით, მისი ბოლო, 24-ე გამოცემა კი თანამედროვე ისტორიას მოიცავს. ახალი და უახლესი ისტორიის შესახებ ძალიან მცირეა ლიტერატურა, სახელმძღვანელოები, მით უფრო, ქართულად და ეს გამოცემა ამ თვალსაზრისითაც გამორჩეულია. მასში ბევრი ისეთი მასალაა თანამედროვე ისტორიიდან, რომელსაც სხვა ასეთი ტიპის სახელმძღვანელოებში ვერ შეხვდებით, მათ შორის გასული საუკუნის დასაწყისისა და მეორე მსოფლიო ომის შესახებ. მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის გამოცემაში ინფორმაციის აღქმა უფრო იოლი და საინტერესო ხდება. მრავალფეროვანი ილუსტრაციებით, გრაფიკული ნახატებით, რუკებით მდიდარი წიგნები საინტერესო სანახავია, რომ არაფერი ვთქვათ მის შინაარსზე. სპეციალისტთა მთელი ჯგუფი მუშაობს წიგნების ამ სერიის შექმნაზე და ყველა ჟანრის ნახატს მხატვართა ცალკეული ჯგუფი ქმნის. მაგალითად, ცხოველებს მხატვართა ერთი ჯგუფი ხატავს, მაშინ როდესაც არქიტექტურულ დეტალებზე მეორე ჯგუფი მუშაობს.

გარდა ამისა, სხვადასხვა სახის ინფორმაცია სხვადასხვა შრიფტით არის გამოყოფილი, რომ აღსაქმელად და მოსაძიებლად მკითხველისთვის იოლი იყოს. უდიდესი სამუშაოა ჩადებული ამ გამოცემაში.

იმისათვის, რომ ქართველ მკითხველს ეს უნიკალური გამოცემა სრულყოფილი სახით მიეღო, მასზე საქართველოშიც პროფესიონალთა მთელი გუნდი მუშაობდა. მათ შორის მთარგმნელი, რომელიც ასევე ისტორიკოსია, ორი რედაქტორი და კონსულტანტი, ასევე პროფესიით ისტორიკოსი. ყველა დეტალი და ნიუანსი არაერთგზის გადიოდა შემოწმებას. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ეს გამოცემა ფაქტობრივად მსოფლიო ისტორიის სახელმძღვანელოა, რომელიც ყველა ოჯახში უნდა იყოს. ის დააინტერესებს არა მხოლოდ მათ, ვისი ინტერესის საგანიც ისტორიაა, არამედ გეოგრაფიის ცოდნასაც გაუღრმავებს მკითხველებს. რენესანსი, გეოგრაფიული აღმოჩენები, თანამედროვე ერები, ამერიკის ათვისება - "მსოფლიო ილუსტრირებული ისტორიის" ყოველი ახალი ტომი თემატურად განსხვავებული და ინფორმაციულად დატვირთული იქნება. განმარტებითი ლექსიკონის დახმარებით მკითხველი ახალ ტერმინებს გაეცნობა. ეს არის ენციკლოპედიურ გამოცემასთან მიახლოებული წიგნების სერია, რომელიც შესაბამისად, ენციკლოპედიურ ცოდნასაც იძლევა. იმედი გვაქვს, რომ ეს გამოცემა, ისევე როგორც ჩვენ მიერ შეთავაზებული ბევრი წიგნი, ძალიან მოეწონება მკითხველს. რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, წიგნების სერიის ყოველი ტომი "კვირის პალიტრასთან" ერთად ორ კვირაში ერთხელ გამოვა და გაზეთთან ერთად 7 ლარი ეღირება".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით