"18 ათასი სოციალურად დაუცველიდან უმეტესობას მაღალი შემოსავალი დაუფიქსირდა"
25-03-2013
"18 ათასი სოციალურად დაუცველიდან უმეტესობას მაღალი შემოსავალი დაუფიქსირდა"
"იმ მოქალაქეებს დავეხმარეთ, ვისაც არ ჰქონდა დაზღვევა"

"ჩვენი ამოცანაა ადამიანი უფულობის გამო არ დაიღუპოს"


"ბატონო მინისტრო, უბრალო, გასაგები ენით გვითხარით, როდის იქნება ისეთი მედიცინა, რომ უფულობის გამო ხალხი აღარ დაიხოცოს?" "რამდენი წელი დასჭირდება საქართველოში ისეთ სამედიცინო მომსახურებას, როგორიც ჭორვილაშია?" - ეს შეკითხვები "კვირის პალიტრის" მკითხველებმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ვებსაიტ kvirispalitra.ge-ზე დაუსვეს.

არცთუ დიდი ხნის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა დაიწყო. მის მიმდინარეობაზე, ხალხის
მოლოდინსა და უფასო ჯანდაცვის პერსპექტივებზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგიენკოს ვესაუბრეთ.

- საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 28 თებერვლიდან ამოქმედდა. ჩვენი მოსახლეობის ნახევარი ისედაც დაზღვეული იყო. მილიონზე მეტი მოქალაქე (პენსიონერი, ბავშვი, სოციალურად დაუცველი პედაგოგი, სტუდენტი და ა.შ.) სარგებლობდა სახელმწიფო დაზღვევით, დაახლოებით 80
ათასი კი ამა თუ იმ კერძო კომპანიაში იყო კორპორაციულად დაზღვეული. ჩვენ იმ მოქალაქეებს დავეხმარეთ, ვისაც არ ჰქონდა დაზღვევა. ინტენსიურად ვთანამშრომლობთ კერძო სადაზღვევო ინდუსტრიასთან და გვსურს, რომ მის განვითარებას შევუწყოთ ხელი.

არსებობს ჯანდაცვის 4 ტიპის კლასიკური მოდელი. 240-ზე მეტი სახელმწიფოდან არც ერთში არ იყენებენ მხოლოდ ერთ მოდელს, ხშირად მათი სინთეზირება და ქვეყანაში არსებულ რეალობასთან მორგება ხდება. ჩვენ ავირჩიეთ მოდელი, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვაში მონაწილეობს ორივე - კერძო და სახელმწიფო სექტორები. ახლა საჭიროა კერძო სადაზღვევო სექტორისთვის კეთილსინდისიერი თამაშის წესების შეთავაზება, მათთან ინტენსიური კონსულტაცია, რაც მიმდინარეობს კიდეც.

- და მაინც, დააკმაყოფილებს მოქალაქეებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და რატომ იქნება ის უფრო ხარისხიანი, თუკი მას სახელმწიფო განახორციელებს და არა კერძო სადაზღვევო სექტორი?

- თქვენ ისეთ კითხვას მისვამთ, რაზეც საუბარი საკმაოდ შორს წაგვიყვანს, ვინაიდან ეს ეხება გლობალურ სტრატეგიას ჯანდაცვის სფეროში.

- საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება მხოლოდ გადაუდებელი და არა გეგმური სამედიცინო მომსახურება. ე. ი. თუ გეგმური ჰოსპიტალური მომსახურება სჭირდება ადამიანს, ისევ კერძო სადაზღვევოს უნდა მიმართოს?
- ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დასახელებულია 450 დიაგნოზი, რა შემთხვევაშიც დაფინანსდება ავადმყოფის სამედიცინო მომსახურება. 1-ლი ივლისიდან ამას დაემატება კიდევ დაფინანსების ახალი მოცულობა და ჩვენი მოქალაქეები გაიგებენ, რა შემთხვევაში ისარგებლებენ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით. ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ ორ ამოცანას ვპასუხობთ: პირველი - საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სამედიცინო მომსახურება იყოს ხელმისაწვდომი, მეორე - სახელმწიფომ მოსახლეობა დაიცვას სამედიცინო მომსახურებაში გადასახდელი კატასტროფული ხარჯებისაგან. კატასტროფულ ხარჯში იგულისხმება ისეთი ხარჯი, როცა ერთი სამედიცინო შემთხვევის ანაზღაურებას ადამიანის წლიური შემოსავლის 40%-ზე მეტი სჭირდება. ჩვენი ამოცანაა სწორედ ზემოთ დასახელებული ეს ორი ამოცანა შევასრულოთ და ადამიანი უფულობის გამო არ დაიღუპოს.

რასაკვირველია, კერძო სადაზღვევო ინდუსტრიასაც შეუძლია განახორციელოს თავისი აქტივობები, რაც მთელ რიგ ტაქტიკურ-სტრატეგიულ ნაბიჯებთან არის დაკავშირებული.

- კულუარული ინფორმაციით, ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის შექმნა ვერ ხერხდება, თუმცა თანხა უკვე გამოყოფილია. მიზეზად ის სახელდება, რომ თქვენ მიერ ზემოთ აღწერილი სქემა (განსაკუთრებით სახელმწიფოსა და კერძო სადაზღვევო სექტორის უფლება-მოვალეობების გამიჯვნის ან განხორციელების ნაწილში) დეტალურად არ არის გაწერილი. გასაგებია, რომ სხვა ქვეყნების მოდელი გადმოიღეთ, მაგრამ ამბობენ, რომ ქართულ რეალობაზე  მორგება ვერ ხერხდება.

- ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ დაახლოებით თვენახევრიანი ანალიზის შედეგად პარლამენტს წარვუდგინეთ ახალი პროექტის განვითარების სამი სამუშაო ვარიანტი. ერთიანი სახელმწიფო ფონდის ჩამოყალიბებას (რომელიც განკარგავს არა მარტო ჯანდაცვით, არამედ საპენსიო მიმართულებებსაც) დიდი დრო და ადამიანური რესურსები სჭირდება. ამასობაში კი
კატასტროფული ხარჯები აკოტრებს ქართულ ოჯახებს.

ჩვენ არჩევანი შევაჩერეთ გარდამავალი ეტაპის პროექტზე, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. მას მხოლოდ ერთი სტრუქტურა - ზარალების მართვის დეპარტამენტი დავამატეთ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ექსპერტული ანალიზი წარვადგინეთ პარლამენტში, მივიღეთ მის განხორციელებაზე თანხმობა.

- როგორი მემკვიდრეობა დაგხვდათ ჯანდაცვის სამინისტროში?
- ვთვლი, რომ ჯანდაცვის სისტემის პოლიტიკა ერთ ეტაპზე სწორი იყო, გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება პრიორიტეტად ითვლებოდა. რაც შეეხება თანხებისა და სტრატეგიის მართვას, ეს ყველაფერი გადაბარებული ჰქონდათ კერძო სადაზღვევო კომპანიებს, ხოლო სახელმწიფო ეფექტურად ვერ აკონტროლებდა ვერც სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და ვერც დახარჯული თანხების მიზნობრიობას. ჯანდაცვის სამინისტრო რეაგირებდა მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც გარდაიცვლებოდა პაციენტი და მისი ახლობლები საჩივარს შეიტანდნენ უწყებაში. რაც შეეხება კადრებს, მდგომარეობა არ არის მარტივი. თანამშრომლების 98% არ შეცვლილა. ძველი თანამშრომლები უფრო სამუშაო პროცესზე იყვნენ ორიენტირებული და არა შედეგებზე. ვცდილობთ, ისინი უფრო რაციონალური და შედეგზე ორიენტირებული გავხადოთ.

- ხომ არ იცით, სად არის ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ირაკლი გიორგობიანი?
- არ ვიცი. ერთი-ორჯერ ტელეფონით ვისაუბრეთ, თუმცა ადგილსამყოფლის შესახებ არაფერი მიკითხავს. როგორც ვიცი, მას სხვა საქმე გამოუჩნდა.

- 18 ათასამდე ოჯახს მოეხსნა სოციალური დახმარება, მათ შორის არიან გაჭირვებულებიც, შვილები რომ შიმშილით ეხოცებათ.

- ამ 18 ათასიდან საკმაოდ ბევრს მაღალი შემოსავალი დაუფიქსირდა. იყვნენ ისეთი პირებიც, რომელთა კუთვნილ დახმარებას სხვები იღებდნენ. ნაწილს უკვე აღუდგა სოციალური დახმარება, ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მოკვლევა მიმდინარეობს.

- ვირუსული გრიპის -  H1N1  შემთხვევა ისევ დაფიქსირდა. მკითხველმა არარეალურად მიიჩნია თქვენი სტატისტიკა, რომ ამ ვირუსით წინა წელს 53 კაცი გარდაიცვალა, წელს კი - 26.
- ამ ყველაფერს ერთი ახსნა აქვს: იმ წელს, როცა ამ ვირუსით 53 კაცი გარდაიცვალა, ეპიდემია იყო. საბედნიეროდ, წელს ეპიდემია არ ყოფილა. - შემოდგომასა და გაზაფხულზე ვირუსული ინფექციები პიკს აღწევს. პიკმა უკვე გადაიარა... რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს, ის სწორია, ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალებულთა რაოდენობას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც აღრიცხავს და შემთხვევების მიჩქმალვა შეუძლებელია.

- საზოგადოებამ ბევრი არაფერი იცის თქვენზე, გვიამბეთ, როგორ გახდით საჩხერის საავადმყოფოს ხელმძღვანელი, როდის გაიცანით ბიძინა ივანიშვილი და ა.შ.?

- მიჭირს პირად თემებზე საუბარი. ზოგის ცხოვრებაში ისე ხდება, ზოგის ცხოვრებაში ასე. ისე მოხდა, რომ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში აღმოვჩნდი.

p.s. www.kvirispalitra.ge-ზე მინისტრისთვის დასმული შეკითხვების დიდი ნაწილი მართლაც საინტერესოა, თუმცა მათზე პასუხების გასაცემად საჭირო გახდა სამინისტროს ქვედა რგოლებიდან ინფორმაციის მოძიება. ამიტომ ამ თემის გაგრძელებას შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ.
.
30 მარტი 2013 13:31
ავადმყოფს რომელსაც ჰემოგლობინი ჰქონდა 35 სისხლის გადასხმის დაფინანსებაზე უარი უთხრეს ონკო ავადმყოფიაო მაშინ რატომ წერია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ყველანაირი ანემიები ფინანსდებაო.თუ ჩვენი სადაზღვევო კომპანიები სადაც უნდათ იქ მიაბამენ ქოთანს ყურს.
nik
25 მარტი 2013 16:36
28 თებერვლამდე ურგენტული სახელმწოფო პროგრამა იყო მხოლოდ 60 წლის შემდეგ და 0დან 5 წლამდე. 2 მოლიონ მოქალაქეს ეხლა შეუზლია მიიგოს უფასო მომსახურეობა, პოლიკლინიკაში და გაიკეთოს უფასოდ სასცრაფო ოპერაცია სტაციონარში. სამცუხაროდ ამას ყველა ვერ აფასებს.
sergienkos
25 მარტი 2013 12:54
რა ურგენტული ეგ ისედაც მუშაობდა ზღაპრებს ყვებით. ჩაფიძის ან კობახიძის და რომელიმე პარლამენტარის ახლობელი არ ხარ განწირული ხარ და ეგაა აზრი არაქვს სამინისტროს რო მიმართო .პასუხი ყოველთვის ერთია ვარი დაფინანსებაზე. და მეორე როგოც ჩანს ამ მთავრობა გაკვეთილი ვერ გაიგო გოგიტას გარდაცვალებით მაღალი შემოსავალი დაუფიქსირეს 200 ლარი დახმარება არ მისცეს შედეგი სახეზეა კიდევ რამდენი ანგელოზი უნდა მოკვდეს თქვენ გულქვა გული ცოტათი მაიც გატოკდეს 18000 ოჯახი ლუკმა პურის გარეშე დატოვეთ მაგრამ თქვენ ოლიგარქებს ადამიანის ბედი არ განაღვლებთ

რედაქტორის რჩევით