მთელ სამყაროს გულით დაატარებდა
25-03-2013
მთელ სამყაროს გულით დაატარებდა
როგორ გამოადგა ზურა ქაფიანიძეს სკოლაში "სუნელობა"

ვინ იფიქრებდა, რომ ეს როხროხა და მომლხენი კაცი ჩანთით სენტიმენტალურ "ძვირფასეულობას" დაატარებდა


თითქოს შენელებულ კადრებს ვუყურებ: მოდის, იღიმება და თეთრი წვერი ვერ ფარავს რამდენიმე ღარს, ნაჭდევს რომ დამსგავსებია. არადა, ეს სულაც არ არის იარაღის კვალი - დროისა და დარდის კვალია. მოდის... იდაყვებში ოდნავ მოხრილი ხელები თითქოს ისევ მზად აქვს, ვინმე ჩაიხუტოს, მერე აიტაცოს და ჰაერში შეაბზრიალოს. მხეცი ხარ, მხეციო! - ახალგაზრდობაში დაცეცხლავდა ხოლმე იპოლიტე
ხვიჩია, მით უმეტეს, თუ წინადღეს შეზარხოშებული მოფერებას მოუნდომებდა და ისე ჩაიკრავდა გულში, ნეკნების ტკაცუნი თუ გააშვებინებდა ხელს. არ მომეკარო, ბიჭო, თორემ დაგჭრიო, - დაუძახებდა სხვა დროს იპოლიტე და პატარა დანას დაუძრობდა. ზურა ქაფიანიძეს სიცილად არ ჰყოფნიდა ის დანა.

ნაკიეთიდან მოსდევდა ეს ჩვევა: რომ წამოიზარდა და
მკლავში ძალა იგრძნო, პირველად ალბათ თავისი გამზრდელი დარიკო ბებია აიტაცა ხელში, იმის მსუბუქი კალთა ააფრიალა ჰაერში... მერე მეზობლებსაც დაერია სიყვარულით.

ბოლოს თმაჭაღარა და თეთრწვერა გვახსოვს, ცოტა დაღლილიც და ნაფიქრალ-შუბლდაღარულიც, იმ ახალგაზრდული სიყვარულისა და ხასიათის მთელი ცეცხლი თვალებში ჰქონდა დაგუბებული.
ფეხბედნიერი იყო ჩემთვის "მიხას" გადაღებაო, - ამბობდა. ის დრო სულ ენატრებოდა, კავთისხევი ახსენდებოდა - ახალგაზრდული თავგადასავლები. "მიხას" კავთისხევში იღებდნენ და რამდენი ოჯახის კარი იღებოდა მათთვის ალალად, უშურველად. ლამაზი იყო სოფელი დილით, როცა ჯერ კიდევ ყველას ეძინა. ღრმად ჩაისუნთქავდა და სიჩუმეს მოუსმენდა, მერე კი ხმამაღლა ერთ სავაჟკაცო ლექსს მაინც იტყოდა...

მერაბ კოკოჩაშვილის ქალიშვილს, რომელიც ორი წლის თუ იქნებოდა, თვალებს დაუკოცნიდა, მხარზე შეისვამდა, იქამდე ეთამაშებოდა, ვიდრე არ დაღლიდა და აატირებდა.  თამაშით დაღლილებს ფოტოც კი გადაუღიათ, რომელზეც თავისი ხელით წაუწერია: "როგორც იქნა, მივახედე იქით, საითაც ოპერატორი იდგა, მაგრამ პატარა კოპები შეიკრა და თვალები, რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს, არ ჩანს"...

ბავშვების უზომო სიყვარულმა უქნა ისიც, რომ რაჭაში "მიხას" პრემიერაზე მეზობლის პატარა ბავშვი აკივლდა, - წავიდეთ, ზურიკო ბიძია მიკბენსო!!!

ერთ რამედ ეღირებოდა იმ დღეს ფილმის ჩვენებაზე დასწრება, როცა დარბაზში ზურა ქაფიანიძის საყვარელი ბებია დარიკო იჯდა - "ფელამუშში ამოვლებული ყურძნის მტევანივით ტკბილი ქალი", - როგორც თვითონ ამბობდა. მიხას ფიწალს რომ ჩაარჭობდნენ, - მოგიკვდეს ბებიაო, - ხმამაღლა დაიძახებდა დარიკო ბებია და მთელი დარბაზი მისკენ მიტრიალდებოდა. შვილიშვილს იმიტომ კი არ ზრდიდა რუდუნებითა და სიყვარულით, ვიღაცას, თუნდაც ფილმში, ფიწლით გაეწია მასზე...
დედა მხოლოდ 15 წლით იყო უფროსი ზურაზე. ერთად რომ გაივლიდნენ, და-ძმასავით იყვნენ. უყვარდა და მერე როგორ! დედის ლამაზი, გრძელი თმა შენახული ჰქონდა...  თეატრალური ინსტიტუტი რომ დაამთავრა და ქუთაისში გაამწესეს, ის თმა თან წაიღო, ისე როგორც თავისი დების ნაქონი პატარა ფაჩუჩები და სხვა ნივთები - რომ მარტოობა არ ეგრძნო. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამ როხროხა, ხალისიან და მომლხენ კაცს ჩანთაში ასეთი სენტიმენტალური "ძვირფასეულობა" ელაგა...

მერეც კი, დიდი და ცნობილი კაცი რომ გახდა, სულაც არ გაზრდილა თავისი უფროსი თაობისთვის. ბაბუა ანთიმოს თვალებში უყურებდა... ბიძამ ერთხელ ვარცხნილობა დაუწუნა და დალაქობა ითავა. ვერ ჰკადრა, - შენი შეჭრილი თმით კინოსტუდიაში როგორ წავიდეო. დაუჯდა. არ მოეწონა ის ვარცხნილობა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, სიყვარულით გადაეხვია ბიძას და წამოვიდა ქალაქში.
მერე ბინა მისცეს კინოსტუდიასთან ახლოს, მეშვიდე სართულზე. ანთიმო ბაბუა, აუცილებლად უნდა გაჩვენოო, - შეუჩნდა ბაბუას და თბილისში ჩამოიყვანა. ახალი კორპუსი. ჯერ კიდევ საღებავის სუნი და მტვერი. ლიფტი - გამორთული! ადიან კიბეზე ერთად. ანთიმო ბაბუა ახედავს ზევით და არ მთავრდება კიბე! - ამდენი რომ მევლო, ბოშო, კატიწვერაზე ავიდოდიო, - უთქვამს შვილიშვილისთვის... კატიწვერა რაჭის ყველაზე მაღალი მთაა...

ბინას რა უჭირდა, მოეწონა ანთიმო ბაბუას, მაგრამ ის კი არ ესიამოვნა, ფეხსალაგი იქვე რომ იყო ბინაში - ეს რა წესიაო. სამ დღეზე მეტი ვერ გაუძლო ქალაქს. ის სამი დღე კი როგორც შეეძლო, ზეიმად უქცია შვილიშვილმა.
აბა, როგორ არ ჰყვარებოდა მთელი სამყარო, რამდენი კარგი კაცი შეხვედრია, რამდენი ღირსეული ადამიანი გაუცნია... რამდენი უყვარდა უთქმელი და ძლიერი სიყვარულით, როგორც თანამემამულე, საქართველოს შვილი...

ერთი სასაცილო ამბავიც უნდა გაგიმხილოთ. როგორც მიამბეს, ერთხელ რაჭაში დაკრძალვაზე ჩასულა. კლასელს დაუნახავს და შორიდანვე მიუძახებია: - ვაიმე, ზურია, რავა გამოგადგა, რასაც შენ სკოლაში სუნელობდიო (რაჭაში სულელს სუნელი ჰქვია)... ატყდა სიცილი. ეცინებოდა არტისტსაც გულიანად, ალალად... აქეთ-იქიდან სიყვარულით უყურებდნენ და თვითონაც სიყვარულით უყურებდა ყველას...

მაშინ არ უთქვამს, რომ ყველაზე მეტად ის სიყვარული გამოადგა, რომელიც რაჭიდანაც გაჰყვა და ქალაქშიც მოიპოვა, რომელიც უანგარიშოდ გასცა და საპასუხოდაც მიიღო...
მაია
06 აპრილი 2017 13:56
სიკეთეს ასხივებდა, უსაყვარლესი მსახიობი, ალალმართალი,საამაყო შვილი საქართველოსი! ნათელი და სანთელი,ბატონო ზურაბ!



ninia
29 მარტი 2016 15:19
მართლაც რომ ნაღდი ქართველი.ვაჟკაცი და დიდიებული და ბუმბერაზი ადამიანი იყო ბატონი ზურაა.დიდი და ალალი გულის მატარებელი,ხალხის უსაზრვრო სიყვარული წაიღო და წავიდა ჩუმად და უთქმელად
ნინიააა
29 მარტი 2016 15:10
მართლაც რომ ბუმბერაზი კაცი იყო,დიდი და ალალი გულისმქონე ნაღდი რაჭველი.ნარდი ქართველი და ნაღდივაჟკაციი

რედაქტორის რჩევით