მიწათმოქმედთა ქვეყანაში სურსათის 80% იმპორტულია(?!) - კვირის პალიტრა

მიწათმოქმედთა ქვეყანაში სურსათის 80% იმპორტულია(?!)

რა მდგომარეობაშია სასურსათო პროდუქციის წარმოება საქართველოში და რამდენად ხორციელდება მოსახლეობის ე.წ. თვითუზრუნველყოფა სურსათით, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კვების მრეწველობისა და აგროტექნოლოგიის აკადემიების წევრი, ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში შოთა ჩხეიძე გვესაუბრება:

- ნათესი ფართობების 2-ჯერ შემცირებასთან ერთად (2003-2011), 4-ჯერ შემცირდა ხორბლის წარმოება (თვითუზრუნველყოფა დაეცა 6%-მდე), სიმინდის - 1,6-ჯერ, კარტოფილის - 2-ჯერ, ბოსტნეულის - 2,5-ჯერ, ხორცის - 2-ჯერ, ხილის, ყურძნის, ციტრუსების - 5-ჯერ.

საყურადღებოა, რომ თითქმის 2-ჯერ შემცირდა სოფლის მეურნეობის პროდუქტთა მოსავლიანობაც. ყოველივე ეს კი შედეგია იმ ღონისძიებებისა, რაც წინა ხელისუფლებამ გაატარა აგრარულ სექტორში: კვლევითი ინსტიტუტებისა და საკვლევი ცენტრების შეზღუდვა-გაუქმება, სოფლის მეურნეობის პროდუქტთა მწარმოებლების უყურადღებოდ მიტოვება და თვითდინებაზე მიშვება.

გლეხებს, რომლებსაც საშუალოდ 1 ჰა მიწა აქვთ, უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ დაიქირაონ ტექნიკა, შეიძინონ საჭირო რაოდენობის სასუქი, შხამქიმიკატები, პესტიციდები, აიღონ სესხი (თანაც ისეთი მაღალპროცენტიანი, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია) და ა.შ.

აგრარული სექტორის განადგურებისკენ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომ აგრარულ ქვეყანაში (გეორგია - მიწათმოქმედთა ქვეყანა) მოსახლეობის მიერ მოხმარებული სურსათის 80% იმპორტულია. შემოდის სასურსათო პროდუქციის ისეთი სახეობებიც, რომლის ძირითადი მწარმოებელი საქართველო იყო (კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული, ხილი). მაგალითად, ბოლო წლებში კარტოფილის იმპორტი 19-ჯერ გაიზარდა,

მაშინ როცა თვითუზრუნველყოფა ამ პროდუქციით 100%-ს შეადგენდა.

9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი ლაპარაკობდა საქართველოს სინგაპურად გადაქცევის შესახებ, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია საერთოდ არ იწარმოება და ქვეყანა მხოლოდ იმპორტზეა დამოკიდებული. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სინგაპურის მკვიდრი მოსახლეობა 15%-ღა არის დარჩენილი და ვინც დარჩა, ისინიც ქვეყანაში შემოსული მილიონერების მომსახურე პერსონალია, სახელმწიფო ენა იქ არა ადგილობრივი, არამედ ინგლისურია... ჩვენი ყოფილი ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში უცხოელების გამარტივებული წესებით შემოსვლა-დამკვიდრებასა და ინგლისური ენის გაფეტიშებას ცდილობდა ქვეყნიდან 1 მილიონზე მეტი ადგილობრივი მოსახლის გასვლის ფონზე? ფიქრობდა თუ არა ყოფილი ხელისუფლება დემოგრაფიულ სურათზე, როცა კახეთის მშვენება ალაზნის ველი ინდოელებს დაუთმო და თბილისის ზღვაზე 126 ათასი ჩინელის ჩამოსახლება გადაწყვიტა? ეს ხომ რამდენიმე წელიწადში მილიონზე მეტი ადამიანია, ანუ თითქმის მეტი, ვიდრე ახლა ცხოვრობს თბილისში? ამას თუ ლაზიკის უცხო ქვეყნებიდან ჩამოსახლებული ნახევარმილიონიანი მოსახლეობა მიემატებოდა, მაშინ... ალბათ, ჩვენი ადგილი ჩვენს ქვეყანაში აღარ დარჩებოდა.

სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოების მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობის მოთხოვნილების უზრუნველყოფა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი სურსათით უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს ქვეყანას. გასათვალისწინებელია, რომ მოსალოდნელი უმწვავესი კლიმატური კატაკლიზმები (მათ შორის 2015 წელს) და მისგან განპირობებული მწვავე სასურსათო კრიზისი (რომელიც საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით გარდაუვალია მსოფლიოში)

უპირველესად სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს დაატყდება თავს.

გასათვალისწინებელია ასევე 2050 წლისათვის მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა 7-დან 9-მილიარდამდე, რაც სასურსათო პროდუქციის გაზრდას მოითხოვს. ამ გარდაუვალი კრიზისის თავიდან აცილების  მიზნით ყველა ქვეყანა ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს ადგილობრივი წარმოება და თავი დააღწიოს კატაკლიზმებით გამოწვეული სასურსათო პროდუქციის დეფიციტის შედეგად მნიშვნელოვნად გაძვირებულ იმპორტულ პროდუქციას. ჩვენთან კი პირიქით ხდებოდა.

2004-2012 წლებში ყოფილი ხელისუფლების "აგრარული პოლიტიკის" შედეგად კრიტიკულ ზღვარზე მნიშვნელოვნად დაბლა დაეშვა სოფლის მეურნეობა. მემკვიდრეობად დარჩა გაჩანაგებული აგრარული სექტორი და გაღატაკებული სოფლის მოსახლეობა, რის გამოც დაიწყო მათი მიგრაცია საზღვარგარეთ, მოიშალა ბევრი ქართული ოჯახი სოფლად, დაუმუშავებელი დარჩა მიწა (80%-მდე) ან უკიდურესი გაჭირვების გამო გაიყიდა და გადავიდა უცხოელის ხელში.

ქართველი გლეხი, მისი ოჯახი, არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ როგორც სასურსათო პროდუქციის შემქმნელი და მოსახლეობის გამომკვებავი; მისი მთავარი ფუნქცია ტრადიციების, ეთნიკური კულტურისა და წეს-ჩვეულებების, ეროვნული სულიერების შენარჩუნება-შენახვაა, ამ უძვირფასესი განძის შვილებში ჩანერგვაა, რისთვისაც აუცილებელია სოფლის მოსახლეობის ისტორიულად დამკვიდრებული მოცულობის (მთელი მოსახლეობის 50%-მდე) შენარჩუნება და მისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის, კულტურულ-გამაჯანსაღებელი, შრომითი და სოციალური პირობების შექმნა.

იმედია, ახალი ხელისუფლების დაგეგმილი ღონისძიებები საშუალებას მოგვცემს, ვიფიქროთ, რომ ახლო მომავალში ქვეყნის აგრარული სექტორი ფერფლიდან აღდგება და სასურსათო უსაფრთხოების პირველი უმთავრესი კომპონენტი: მოსახლეობის უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობის სურსათით ნორმაში ჩადგება და დააკმაყოფილებს არა მარტო მომხმარებელთა მოთხოვნილებებს, არამედ მნიშვნელოვანი ნაწილი გავა საექსპორტოდ, რითაც მნიშვნელოვნად ამაღლდება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი.