მიწათმოქმედთა ქვეყანაში სურსათის 80% იმპორტულია(?!)
25-03-2013
მიწათმოქმედთა ქვეყანაში  სურსათის 80% იმპორტულია(?!)
რა მდგომარეობაშია სასურსათო პროდუქციის წარმოება საქართველოში და რამდენად ხორციელდება მოსახლეობის ე.წ. თვითუზრუნველყოფა სურსათით, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, კვების მრეწველობისა და აგროტექნოლოგიის აკადემიების წევრი, ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში შოთა ჩხეიძე გვესაუბრება:

- ნათესი ფართობების 2-ჯერ შემცირებასთან ერთად (2003-2011), 4-ჯერ შემცირდა ხორბლის წარმოება (თვითუზრუნველყოფა დაეცა 6%-მდე), სიმინდის - 1,6-ჯერ, კარტოფილის - 2-ჯერ, ბოსტნეულის - 2,5-ჯერ, ხორცის - 2-ჯერ, ხილის, ყურძნის, ციტრუსების - 5-ჯერ.
საყურადღებოა, რომ თითქმის 2-ჯერ შემცირდა სოფლის მეურნეობის პროდუქტთა მოსავლიანობაც. ყოველივე
ეს კი შედეგია იმ ღონისძიებებისა, რაც წინა ხელისუფლებამ გაატარა აგრარულ სექტორში: კვლევითი ინსტიტუტებისა და საკვლევი ცენტრების შეზღუდვა-გაუქმება, სოფლის მეურნეობის პროდუქტთა მწარმოებლების უყურადღებოდ მიტოვება და თვითდინებაზე მიშვება.

გლეხებს, რომლებსაც საშუალოდ 1 ჰა მიწა აქვთ, უკიდურესად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ დაიქირაონ ტექნიკა, შეიძინონ საჭირო რაოდენობის
სასუქი, შხამქიმიკატები, პესტიციდები, აიღონ სესხი (თანაც ისეთი მაღალპროცენტიანი, როგორიც ჩვენს ქვეყანაშია) და ა.შ.
აგრარული სექტორის განადგურებისკენ მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია, რომ აგრარულ ქვეყანაში (გეორგია - მიწათმოქმედთა ქვეყანა) მოსახლეობის მიერ მოხმარებული სურსათის 80% იმპორტულია. შემოდის სასურსათო პროდუქციის ისეთი სახეობებიც, რომლის ძირითადი მწარმოებელი საქართველო იყო (კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული, ხილი). მაგალითად, ბოლო წლებში კარტოფილის იმპორტი 19-ჯერ გაიზარდა,
მაშინ როცა თვითუზრუნველყოფა ამ პროდუქციით 100%-ს შეადგენდა.

9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი ლაპარაკობდა საქართველოს სინგაპურად გადაქცევის შესახებ, სადაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია საერთოდ არ იწარმოება და ქვეყანა მხოლოდ იმპორტზეა დამოკიდებული. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სინგაპურის მკვიდრი მოსახლეობა 15%-ღა არის დარჩენილი და ვინც დარჩა, ისინიც ქვეყანაში შემოსული მილიონერების მომსახურე პერსონალია, სახელმწიფო ენა იქ არა ადგილობრივი, არამედ ინგლისურია... ჩვენი ყოფილი ხელისუფლება 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში უცხოელების გამარტივებული წესებით შემოსვლა-დამკვიდრებასა და ინგლისური ენის გაფეტიშებას ცდილობდა ქვეყნიდან 1 მილიონზე მეტი ადგილობრივი მოსახლის გასვლის ფონზე? ფიქრობდა თუ არა ყოფილი ხელისუფლება დემოგრაფიულ სურათზე, როცა კახეთის მშვენება ალაზნის ველი ინდოელებს დაუთმო და თბილისის ზღვაზე 126 ათასი ჩინელის ჩამოსახლება გადაწყვიტა? ეს ხომ რამდენიმე წელიწადში მილიონზე მეტი ადამიანია, ანუ თითქმის მეტი, ვიდრე ახლა ცხოვრობს თბილისში? ამას თუ ლაზიკის უცხო ქვეყნებიდან ჩამოსახლებული ნახევარმილიონიანი მოსახლეობა მიემატებოდა, მაშინ... ალბათ, ჩვენი ადგილი ჩვენს ქვეყანაში აღარ დარჩებოდა.

სასურსათო პროდუქციის ადგილობრივი წარმოების მინიმუმამდე შემცირება და მოსახლეობის მოთხოვნილების უზრუნველყოფა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი სურსათით უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენებს ქვეყანას. გასათვალისწინებელია, რომ მოსალოდნელი უმწვავესი კლიმატური კატაკლიზმები (მათ შორის 2015 წელს) და მისგან განპირობებული მწვავე სასურსათო კრიზისი (რომელიც საერთაშორისო ექსპერტების დასკვნით გარდაუვალია მსოფლიოში)
უპირველესად სურსათის იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნებს დაატყდება თავს.

გასათვალისწინებელია ასევე 2050 წლისათვის მოსახლეობის ბუნებრივი ზრდა 7-დან 9-მილიარდამდე, რაც სასურსათო პროდუქციის გაზრდას მოითხოვს. ამ გარდაუვალი კრიზისის თავიდან აცილების  მიზნით ყველა ქვეყანა ცდილობს მნიშვნელოვნად გაზარდოს ადგილობრივი წარმოება და თავი დააღწიოს კატაკლიზმებით გამოწვეული სასურსათო პროდუქციის დეფიციტის შედეგად მნიშვნელოვნად გაძვირებულ იმპორტულ პროდუქციას. ჩვენთან კი პირიქით ხდებოდა.
2004-2012 წლებში ყოფილი ხელისუფლების "აგრარული პოლიტიკის" შედეგად კრიტიკულ ზღვარზე მნიშვნელოვნად დაბლა დაეშვა სოფლის მეურნეობა. მემკვიდრეობად დარჩა გაჩანაგებული აგრარული სექტორი და გაღატაკებული სოფლის მოსახლეობა, რის გამოც დაიწყო მათი მიგრაცია საზღვარგარეთ, მოიშალა ბევრი ქართული ოჯახი სოფლად, დაუმუშავებელი დარჩა მიწა (80%-მდე) ან უკიდურესი გაჭირვების გამო გაიყიდა და გადავიდა უცხოელის ხელში.

ქართველი გლეხი, მისი ოჯახი, არ უნდა განვიხილოთ მხოლოდ როგორც სასურსათო პროდუქციის შემქმნელი და მოსახლეობის გამომკვებავი; მისი მთავარი ფუნქცია ტრადიციების, ეთნიკური კულტურისა და წეს-ჩვეულებების, ეროვნული სულიერების შენარჩუნება-შენახვაა, ამ უძვირფასესი განძის შვილებში ჩანერგვაა, რისთვისაც აუცილებელია სოფლის მოსახლეობის ისტორიულად დამკვიდრებული მოცულობის (მთელი მოსახლეობის 50%-მდე) შენარჩუნება და მისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის, კულტურულ-გამაჯანსაღებელი, შრომითი და სოციალური პირობების შექმნა.  
იმედია, ახალი ხელისუფლების დაგეგმილი ღონისძიებები საშუალებას მოგვცემს, ვიფიქროთ, რომ ახლო მომავალში ქვეყნის აგრარული სექტორი ფერფლიდან აღდგება და სასურსათო უსაფრთხოების პირველი უმთავრესი კომპონენტი: მოსახლეობის უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობის სურსათით ნორმაში ჩადგება და დააკმაყოფილებს არა მარტო მომხმარებელთა მოთხოვნილებებს, არამედ მნიშვნელოვანი ნაწილი გავა საექსპორტოდ, რითაც მნიშვნელოვნად ამაღლდება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი.
თამაზ ხატიაშვილი
04 აპრილი 2013 15:31
(გაგრძელება)მხოლოდ მიწების გაერთიანებით არ მიიღება ფერმერული მეურნეობები.აშშ-ში ფერმერები იმყოფებიან ხელისუფლების ძლიერი კონტროლის ქვეშ, განსაკუთრებით მაშინ ,როდესაც საკითხი ეხება მიწის ნაყოფიერების შენარჩუნებას.ფერმერებს მუდამ ეხმარებიან კრედიტებით, აწყობენ მათთვის სხვადასხვა სემინარებს და კონსულტაციებს.სახელმწიფოს ურჩევნია ჩადოს საშუალებები და დაეხმაროს მათ, ვიდრე დაკარგოს ერის მთავარი სიმდიდრე-ქვეყნის მიწა. ყოველი ფერმერი წარმოადგენს რომელიმე კოოპერატივის წევრს,ზოგიერთები შედიან ერთდროულად ორ-სამ კოოპერატივში. არსებობს კოოპერატივები,რომლებიც ახორციელებენ მომარაგებას,რეალიზაციას,აგროსერვისულ და სხვა სახის მომსახურებას. ეს ეხმარება ფერმერს მის საწარმოო საქმიანობაში და რაც მთავარია ზოგავს მის დროს. საინტერესოა ერთი ფაქტიც.გამოცდილი და შეძლებული ფერმერები კანადაში ცდილობენ სასოფლო სამეურნეო ტექნიკა, კომბაინები, ტრაქტორები, კულტივატორები დილერებისგან აიღონ ლიზინგის წესით, ისინი იღებენ ახალთ-ახალ ტექნიკას ერთი წლით, ხოლო შემდეგ ამ ტექნიკას უბრუნებენ დილერს და მომავალი წლისთვის, თანხის დამატების შემდეგ იღებენ ისევ ახალ ტექნიკას.ეს აძლევთ მათ საშუალებას არ დააგროვონ ტექნიკური ხლამი და ყოველწლიურად განაახლონ და გაზარდონ თავისი სიმძლავრეები.
ძალიან დიდი ყურადღება ექცევა საკუთარი მარცვლეულის შენახვის საკითხს მოსავლის აღების შემდეგ.სასოფლო-სამეურნეო რაიონებში მარცვლეულის შესანახი აღჭურვილობები შეიძლება შეგვხვდეს ყოველი 2-3კმ-ის შემდეგ.მათ შორის 40% ახალი კონსტრუქციებია,რომლებიც ჯერ 10 წლისაც არ არის.ფერმერები ყიდულობენ სულ ახალ და ახალ სცავებს მარცვლეულის შესანახად,აღნიშნულზე ისინი ეკონომიას არ ეწევიან იმიტომ,რომ ამაზეა დამოკიდებული მათი მოსავლის მომავალი-ამიტომ იძენენ ისინი სათავსოებს მცირე მოცულობებით დაწყებული და საპორტო ელევატორებით დამთავრებული.
მსოფლიოში მრავალი ფერმერული მეურნეობა ჩართულია ეკონომიკურ კავშირებში მსხვილ სამრეწველო კომპანიებთან და კოოპერატივებთან ე.წ. ვერტიკალური ინტეგრაციის საფუძველზე.რას ნიშნავს ვერტიკალური ინტეგრაცია? ეს არის გაერთიანება ტექნოლოგიურ პროცესში,დაწყებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოებიდან,მზა პროდუქციის მიღებამდე, ერთი ცენტრის --სამრეწველო,საბანკო ან სავაჭრო მონოპოლიების კონტროლქვეშ. ვ.ი.-ს დროს კონტროლდება წარმოების და რეალიზაციის ყველა სტადია. ვ.ი. ეს არის ერთ-ერთი გავრცელებული მოვლენა მაღალგანვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების აგრარულ ეკონომიკაში. მონოპოლიები დებენ ხელშეკრულებებს ფერმერებთან და წვრილ მიწათმოქმედებთან,რომლის საფუძველზეც მწარმოებლები აწვდიან შესაბამის კომპანიებს გარკვეულ პროდუქტს,თავის მხრივ ფირმები აწვდიან მიწათმოქმედებს საწარმოო საშუალებებს, ნედლეულს,უზრუნველყოფენ კონსულტაციებით და ა.შ. მონოპოლისტები სრულად აკონტროლებენ წარმოებას , ადგენენ საწარმოო მიწოდების ქვოტებს და ფასებს ს.ს. პროდუქციაზე.განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი ვერტიკალურმა ინტეგრაციამ მეფრინველეობაში. აშშ-სა და კანადაში მეფრინველეობის პროდუქციის 90% იწარმოება ინტეგრირებულ საწარმოებში;ნიდერლანდებში-90%;ბელგიაში--70%; გერმანიაში და საფრანგეთში-60%.
კანადის "ხორბლის საბჭო" უდგენს ქვოტებს ხორბლის ჩაბარებაზე თვითოეულ ფერმერს. ფერმერს შეუძლია დათესოს მეტი და მიიღოს მეტი მოსავალი, მაგრამ საბჭო არ იძლევა გარანტიას,რომ ჩაიბარებს მისგან მეტს ექსპორტზე სარეალიზაციოდ!
და ბოლოს მინდა დავუსვა კითხვები იმათ,ვისაც ეს ეხება, რათა საზოგადოებამ გაიგოს რა შედეგი ექნება რეფორმას:
1. რამდენადაა გათვალისწინებული საქართველოში ს.მ. რეფორმის მეორე ეტაპზე მომავალი ფერმერული მეურნეობებისთვის ,მომსახურე ფირმებთან კოოპერირების მზადების პროცესი?
2 შექმნილია თუ არა პროექტის სახით მაინც საშუალო და მსხვილი ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერის პროგრამა?
3.მომზადებულია თუ არა სადაზღვევო პროგრამა მემცენარეობაში?
4.ვინ დაუდგენს პროდუქციის ჩაბარებაზე ქვოტებს და გარანტიებს ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლებს?
5.ვინ განუსაზღვრავს და რა წესით ქართველ ფერმერს წარმოებულ პროდუქციაზე გარანტირებულ ფასს?
6.ვის მიერ და როგორი წესით მოხდება საქონელზე ფასის დაზღვევა?
7.შეიქმნება თუ არა საქართველოში სასაქონლო რეგიონალური ბირჟა და თუ არა რატომ?
8.როდის აღდგება საქართველოში სრულყოფილი სახით პროდუქციის სანიტარულ მდგომარეობაზე და ხარისხზე სახელმწიფო ვეტერინარულ-სანიტარული კონტროლი?
9. რა გეგმები აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პირველი სამეურნეო წლის დამთავრების შემდეგ, როგორ მოხდება საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობაში მილიარდიანი ინვესტიციების ჩადების შემდეგ შედეგების შენარჩუნება და მისი ტრანსფორმაცია მეორე მნიშვნელოვანი ეტაპისთვის?
10.საქართველოში სასოფლო-- სამეურნეო კოოპერატივების შესახებ,პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემთხვევაში, ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბების პროცესი შემოიფარგლება მხოლოდ სახნავ-სათესი მიწების გაერთიანებით, თუ არსებობს რაიმე გეგმა ამ მეურნეობებისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით? თუ არსებობს რაში გამოიხატება და ვინ განახორციელება ამას?
11.როდის განისაზღვრება საქართველოში მცირე,საშუალო და მსხვილ ფერმერულ მეურნეობათა რეესტრი, სახნავ-სათესი მიწის ფართობების და წლიური შემოსავლების მიხედვით?
12.ვინ და როდის უზრუნველყოფს მომავალი ფერმერული მეურნეობების მმართველების(ფერმერების)თეორიული და პრაქტიკული განათლების საკითხს?
13. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ბანკებს არ დააკმაყოფილებს საქართველოს "თანამედროვე ფერმერების" საქმის ცოდნის დონე და ამის გამო ისინი არ გასცემენ კრედიტებს,ვინ დაეხმარება ფინანსურად არაკვალიფიცირებულ ფერმერებს? რა დაცვის მექანიზმი ამოქმედდება?
14.შესაძლებელი იქნება თუ არა საქართველოში ვერტიკალური ინტეგრაციის საფუძველზე ფერმერული მეურნეობების ჩართვა ეკონომიკურ კავშირებში საქართველოს ან საზღვარგარეთის მსხვილ კომპანიებთან? (დასასრული)
P.S.
"კვირის პალიტრის რედაქციას"
ჩემს მიერ აღნიშნულ აქტუალურ საკითხზე აზრის გამოთქმა განაპირობა პირველ რიგში თქვენი გაზეთის მაღალმა ავტორიტეტმა მკითხველში. კიდევ ერთხელ გარწმუნებთ ,სოფლის მეურნეობაში რეფორმის საკითხი დგას საშიშროების წინაშე,რადგანაც არ ჩანს პრობლემების რადიკალური, მეცნიერულად გათვლილი გადაწყვეტის გზები ,მათ მხრიდან ვისაც ევალება სახელისუფლო ინიციატივის ბოლომდე მიყვანა. მე შესაძლებლობა მომეცა ჩემი მოსაზრება და ფაქტები გადმომეცა თქვენი ვებ გვერდის მეშვეობით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რომ სოფლის მოსახლეობის დიდ ნაწილს არა აქვს წვდომა ინტერნეტთან და საკითხი სწორედ მათ პრობლემებს ეხება, ვვარაუდობ,რომ ჩემი სიტყვა დარჩება "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა", ამავე დროს შეგახსენებთ,რომ სასწავლო-კვლევითი და სამეცნიერო ცენტრების გაუქმების შემდეგ ქუჩაში გამოყრილი დაჩა საქართველოს სამეცნიერო აგრარული ელიტა! თუ თქვენი რედაქცია მიზანშეწონილად მიიჩნევს გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნდეს ჩემი და ჩემი კოლეგების მოსაზრებები დარწმუნებული ვარ სასიკეთოდ წაადგება საქმეს!
პატივისცემით
ვეტ. მეცნ დოქტორი
თამაზ ხატიაშვილი
თამაზ ხატიაშვილი
02 აპრილი 2013 13:37
(გაგრძელება) უცნაური ხალხი ვართ ქართველები , სასწაულების გვჯერა.გვგონია,რომ შესაბამისი ცოდნის გარეშე და საბაზრო ეკონომიკისათვის სავალდებულო ატრიბუტიკის გარეშე შესაძლებელია ქვეყნის ეკონომიკის, ან სოფლის მეურნეობის აყვავება, მაგრამ რეალობა სულ სხვაა--ეს შეუძლებელია!
სტატიის ამ ნაწილში შევეხები ქართულ სოფელში მიმდინარე რეფორმას. შეიქმნა 54 რეგიონალური საინფორმაციო -საკონსულტაციო ცენტრი,სადაც დასაქმებულია 250 სოფლის მეურნეობის სპეციალისტი,რომლებიც კონსულტაციებს გაუწევენ სათანადო კვალიფიკაციის არმქონე მოსახლეობას სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში. დახვნა-დამუშავების პროცესშია 700000 მოქალაქის(ბენეფიციარის) საკუთრებაში არსებული სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი,ჩატარებულია სამელიორაციო სმაუშაოები, დახარჯულია დაახლოებით 700 მილიონამდე ლარი.შეტევა უიმედობაზე და ჩამორჩენაზე მიდის სრული სვლით, რომ იტყვიან შესაბამისი ფონდების და ხელისუფლების მხრიდან გადადგმულია კეთილშობილური და გონივრული ნაბიჯი, მაგრამ ყველა დიდ წამოწყებას სჭირდება მყარი საფუძვლის შექმნა,რათა მომავალში წამოწყება, წამოწყებად არ დარჩეს და მყარად დადგეს ხალხის სამსახურში.
მაინც რა მოხდება პირველი სამეურნეო წლის გასვლის შემდეგ?იქნება თუ არა დადებითი შედეგები?მოიმატებს თუ არა ადგილობრივ წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ოდენობა?მიიღებს თუ არა შესაბამის ეკონომიკურ და ფინანსურ შედეგს მიწის მესაკუთრე და სახელმწიფო?
ასეთი მასშტაბური ინვესტიციის შემდეგ დადებითი შედეგი აუცილებლად დადგება, სხვა საკითხია რამდენად სტაბილური იქნება მომდევნო წლების მიმართებაში. ვის იმედად დარჩება სოფლის მეურნეობა, ვინ გააგრძელებს დაწყებულ საქმეს? ხომ არ შეიძლება მხოლოდ ფონდების იმედად ყოფნა?, ან რომელი ფონდი შეძლებს უვადოდ, ყოველ სამეურნეო წელს მილიარდ ლარამდე ღირებულების ინვესტიციის ჩადებას? ეს ხომ აბსურდია!
ისმის კითხვა როგორია სოფლის მეურნეობის განვითარების კომპლექსური სტრატეგიული გეგმა, მეორე ეტაპის გეგმა,რომელიც მიიღებს ესტაფეტას პირველი ეტაპისგან? გაგრძელდება რეფორმა თუ წყალში ჩაყრილი აღმოჩნდება ყველაფერი?
მეორე ეტაპისთვის საქართველოში დგას საკითხი სასოფლო სამეურნეო მიწების კოოპერაციის თაობაზე.კოოპერატივების შექმნის იდეა(თუმცა კანონი მეწარმეთა შესახებ ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო საწარმოების შექმნას შეზღუდული პასუხისმგებლობის ,სააქციო საზოგადოებების ან იგივე კოოპერატივების ფორმით)მაინც ძალიან საინტერესოა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება,რომ კოოპერატივი არის მსხვილი სასოფლო-სამეურნეო საწარმო,ხოლო საწარმოს ესაჭიროება კვალიფიციური, მრავალმხრივ განათლებული მენეჯერ-ხელმძღვანელი, ეკონომისტი, ბუღალტერი, ბიოტექნოლოგი,ვეტექიმი, მუშახელი და ა.შ. მარტივად თუ ვიტყვით ეს არის იგივე კოლმეურნეობები, მხოლოდ განსხვავებული იურიდიულ სამართლებრივი საწარმოს ფორმით.
მაშ ვის ვაბარებთ მილიარდიანი ინვესტიციებით დამუშავებულ მიწას მეორე ეტაპზე?
რა ფართობის უნდა იყოს მომავალი ფერმერული მეურნეობები საქართველოში? არავის ეგონოს ეს ხელწამოსაკრავი საკითხი.მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში დადგენილია საშუალო სიდიდის ფერმერული მეურნეობების ნორმები ჰექტრებში და ის ყველგან განსხვავებულია. მაგალითად აშშ-ში უდრის 180 ჰა-ს, დიდ ბრიტანეთში -50; დანიასა და შვედეთში-22; გერმანიაში და ნიდერლანდებში-14. საქართველო ალბათ დანიის და ჰოლანდიის ფარგლებს აირჩევს-14-22 ჰა-ს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი საკითხი. თუ ეს იქნება მეცხოველეობის მიმართულების მეურნეობა, არსებობს ზოოტექნიკური ნორმა, 1ჰა სახნავ-სათეს ფართობს ერთი სამეურნეო წლის განმავლობაში შეუძლია უზრუნველყოს საკვებით 1 პირობითი ერთეული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. რას ნიშნავს 1პემრპ? ეს არის გადასაყვანი კოეფიციენტი და უდრის: ერთ სულ მეწველ ფურს,6 ხბოს,მოზარდეულს, 3 ღორს,20 ქათამს, 6 ცხვარს და თხას და ა.შ.
რას ნიშნავს ფერმერი და ფერმერული მეურნეობა კლასიკური გაგებით? ფერმერული მეურნეობა არის მსხვილი სასაქონლო სასოფლო-სამეურნეო საწარმო,რომელიც პროდუქციას აწარმოებს საკუთარ ან იჯარით აღებულ მიწაზე.არსებობს ორი ძირითადი მიმართულების ფერმერული მეურნეობა მეცხოველეობის და მემცენარეობის. მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ფერმერი,მსხვილი საწარმოს მფლობელი არის მრავალმხრივ განათლებული პირი,რომელიც კარგად ერკვევა ეკონომიკურ და ფინანსურ ,სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მართვის საკითხებში, ერკვევა ვეტერინარიის საფუძვლებში, აგრონომიასა და ზოოტექნიაში, სრულყოფილად ფლობს ერთ კონკრეტულ ბიოტექნოლოგიურ დარგს მაინც.მოკლედ საქართველოსთვის ეს არის ახალი სოციალური ტიპი. ფერმერობა შეუძლებელია შესაბამისი განათლების გარეშე. ვერავითარი რეგიონალური საკონსულტაციო ცენტრები ვერ შეცვლიან ამ პრინციპს. საკონსულტაციო ცენტრები აუცილებელია დღეს, მცირე საკარმიდამო მეურნეობების მფლობელთა (რომლებსაც არა აქვთ სათანადო სასოფლო-სამეურნეო განათლება)დასახმარებლად. როდესაც ძალას მოიკრებს კოოპერაციის პროცესი და სოფლად მასიურად დაიწყება საშუალო და დიდი ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბება, სკონსულტაციო ცენტრები დაკარგავენ თავის ფუნქციას და მათი გაუქმება ნორმალური მოვლენა იქნება.
ფერმერული განათლება არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ თეორიული ცოდნით, აუცილებელი იქნება მომავალი ფერმერების პრაქტიკული მომზადება დარგების მიხედვით, მოწინავე გამოცდილების ქვეყნებში.ფერმერული განათლება ეს უწყვეტი პროცესია, არ არის საკმარისი რაღაც კურსების ან კოლეჯის დამთავრება.მაგალითად აშშ-ში შემოდგომაზე,როდესაც ფერმერი ასრულებს ძირითად სამუშაოებს მეურნეობაში, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებამდე მიდის სპეციალურ საკვალიფიკაციო კურსებზე(თავისი ნებით,ყოველგვარი ზემოდან დაძალების გარეშე) სადაც ხვდება თავის კოლეგებს,რომლებიც უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, სწავლობენ ახალ ბიოტექნოლოგიებს,საკვების წარმოების , გადამუშავების თანამედროვე მეთოდებს და.ა.შ. ფერმერობა არის ცხოვრების წესი.
სათანადო ცოდნის გარეშე ვერც ერთი მომავალი ფერმერობის მსურველი ვერ მიიღებს კრედიტს ვერც ერთი ბანკიდან. ბანკებში გაუნათლებელ,არაპროფესიონალებს არ ენდობიან ეს უნდა ახსოვდეს ყველას!(გაგრძელება იქნება)
xatiaSvili Tamazi
29 მარტი 2013 13:43
რატომ ხდება ასე?რატომ არის ჩვენს ქვეყანაში სყრსათის 80% იმპორტული?,თანაც უხარისხო! იმის გარდა,რომ თითქმის ორჯერ შემცირდა სოფლის მეურნეობის პროდუქტთა მოსავლიანობა,მოისპო კვლევითი ინსტიტუტები,საკვლევი ცენტრები, არსებობს კიდევ რიგი მიზეზებისა ,რომელთაგან ზოგიერთზე მინდა გავამახვილო მკითხველის ყურადღება.
ისმის კითხვა ,როგორ ხდება მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ფასწარმოქმნა და მასზე მოთხოვნილების განსაზღვრა,როგორაა მოწესრიგებული ექსპორტ იმპორტის საკითხი?
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ფასების, მოთხოვნის და მიწოდების განსაზღვრა ხორციელდება სასაქონლო ბირჟებზე.ბირჟები არსებობს ორი ტიპის, უნივერსალური და სპეციალიზირებული მაგ. რომელიმე პროდუქციაზე.პირველი ორგანიზებული სასაქონლო ბირჟა შეიქმნა ანტვერპენში,ბელგიაში 1460 წელს. ხედავთ რამდენით ვართ ჩამორჩენილი ევროპას? ამჟამად ბირჟები მოქმედებენ ამსტერდამში, ლონდონში, ლიონში, ტულუზაში, სიდნეიში,ჰონგ-კონგში,ტოკიოში და ა.შ. აშშ-ში პირველი ბირჟა შეიქმნა XIX ს. იმ პერიოდში ამერიკაში ფუნნქციონირებდა 500 -მდე ბირჟა.ერთ-ერთი უდიდესია ჩიკაგოს საერთაშორისო უნივერსალური ბირჟა.სასაქონლო ბირჟა მავანს ვინმეს ახირება ან ფუფუნება არ ეგონოს იგი წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის აუცილებელ და განუყოფელ ატრიბუტს.სასაქონლო ბირჟის ფუნქციებში შედის:
1.საქონელზე ყოველდღიური ფასის განსაზღვრა(Pricing);
2.ჰეჯირება(Hedging)-ეს არის ფასის დაზღვევა,რომლის მიხედვითაც გაიყიდება საქონელი მომავალში;
3.საქონლის მიწოდების გარანტია(კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების გარანტია(Delivery)
ყიდვა-გაყიდვები ხორციელდება ბროკერების მიერ სტანდარტული ხელშეკრულებებით ე.წ. ფიუჩერსული კონტრაქტებით.
მარტივად და გასაგებად თუ ვიტყვით სასაქონლო ბირჟაზე ხდება გარიგება მწარმოებელსა და პროდუქციის გადამამუშავებელს შორის.მაგალითად ხორბლის შემთხვევაში გარიგება იდება ბროკერებს შორის, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ფერმერს,ხოლო მეორე წისქვილკომბინატს.ხელშეკრულებით ბროკერი ყიდულობს მინიმუმ ერთ ბუშელს, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ ეს ხორბალი არათუ ჩატვირთული არ არის ბეღელში,ან საბარგო ეშელონში არამედ შეიძლება ჯერ დათესილიც კი არ იყოს!
არანაკლებ საინტერესოა როგორ ხდება აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის წახალისება, სესხების გაცემა სახელმწიფოს მიერ.მაგალითად ავიღოთ სიმინდის წარმოების საქმეში.აშშ კონგრესი ადგენს,რომ ფასი ერთ ბუშელ სიმინდზე(ერთი ბუშელი 35,2 ლიტრი)უნდა იყოს 2,55 დოლარი,რათა აღინიშნოს წლიური მოსავლის მოსალოდნელი ღირებულება.სიმინდის მწარმოებლებს შეუძლიათ გარანტირებულად მიიღონ 2,55დოლარი ყოველ ბუშელ მარცვლეულზე,რომელსაც ისინი ჩააბარებენ სახელმწიფოს.პრაქტიკულად ისინი დებენ თავის მოსავალს,სახელმწიფოსგან მისაღები სესხის სანაცვლოდ.თუ სიმინდის ფასი აიწევს 2.55დოლარზე მაღლა,ფერმერს შეუძლია მოითხოვოს თავისი მოსავალი უკან,გაყიდოს ის თავისუფალ ბაზარზე და დაფაროს სახელმწიფოსგან აღებული სესხი,ხოლო თანხა, რომელსაც ფერმერი აიღებს 2.55 დოლარს ზევით რჩებათ ფერმერებს,მაგრამ თუ ფასები დაეცემა 2.55დოლარზე დაბლა, ფერმერს შეუძლია უარი თქვას აღებული სესხის გადახდის ვალდებულებაზე,რასაც არ მოჰყვება არავითარი საჯარიმო სანქცია.სახელმწიფო სიმინდის მოსავალს თავის საკუთრებად აცხადებს და დებს შესანახად ან ყიდის წაგებით.
ახლა შედარებისთვის გავიხსენოთ კახეთის მოსახლეობა ყურძნით დატვირთული სატვირთო მანქანებით მარნის რიგებში ან დასვლეთ საქართველოს მოსახლეობა მანდარინით სავსე ყუთებით გადამამუშავებელი საწარმოს რიგებში ღამეებს რომ ატარებენ და ბოლოს ხდება ისე,რომ გაწამებული ხალხისგან "კაპიკებში" იბარებენ პროდუქციას.ეს ხომ არანორმალური ვითარებაა?ასეთ სიტუაციაში აუცილებლად უნდა მოხდეს ვითარების გამოსწორება.აუცილებელია საქართველოში შეიქმნას რეგიონალური უნივერსალური სასაქონლო ბირჟა, რომელმაც შეიძლება მოიცვას არა მარტო ამიერკავკასიის რეგიონი.სწორედ აქ უნდა იყიდებოდეს საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ყურძენი,ციტრუსი,კარტოფილი და სხვ. ამ ბირჟაზე უნდა ხდებოდეს ფასების წარმოქმნა,მოთხოვნის და მიწოდების ოდენობის განსაზღვრა და არა იმ მახინჯი ფორმით,როგორც ხდებოდა და ხდება დღესაც საქართველოში.
ახლა განვიხილოთ საქართველოში კარტოფილის იმპორტ-ექსპორტის საკითხი.საქმის ვითარება ასეთია,კარგი ხარისხის პროდუქცია გადის ქვეყნიდან,უვარგისი შემოდის! თითქმის კონტროლიდანაა გამოსული ახალქალაქის რაიონიდან მეზობელ სახელმწიფოებში პროდუქციის გატანის საკითხი.არავითარი აღრიცხვიანობა, არავითარი ეკონომიკურ-ფინანსური გათვლები,დაკარგული საბიუჯეტო შემოსავლები,აღნიშნული მაგალითიც კი ადასტურებს საქართველოში რეგიონალური უნივერსალური სასაქონლო ბირჟის ჩამოყალიბების აუცილებლობას.თუკი ვინმეს, მეზობელი სახელმწიფოდან სურს რაიმე პროდუქციის შეძენა,კეთილი ინებოს და გამოაგზავნოს ბირჟაზე თავისი ბროკერი და შეიძინოს პროდუცია ცივილიზებული წესით,როგორც ეს მთელს მსოფლიოშია მიღებული,გადაიხადოს შესაბამისი საბიუჯეტო გადასახადები და წაიღოს პროდუქცია.ხოლო მწარმოებელმა თავისი პროდუქცია უნდა გაიტანოს ბირჟაზე და ისე გაყიდოს.ვნახოთ მერე თურქული გაშავებული კარტოფილი ეყრება ქართულ დახლებზე თუ ადგილობრივი მაღალხარისხიანი პროდუქტი!
თუ დავფიქრებულვართ იმაზე რატომ ღირს იმპორტირებული პროდუქცია უფრო იაფი ვიდრე ადგილობრივ წარმოებული ? ხშირ შემთხვევებში ეს პროდუქცია არის უხარისხო,ან პროდუქცია ,რომელსაც უახლოეს ხანებში გასდის მოხმარების ვადა და ამის გამო ძალიან იაფია. მაგალითისთვის ავიღოთ ხორცი. აშშ-ში 1 ფუნტის ფასი(დაახლოებით 0.5კგ)ცალკეული სახეობების მიხედვით შეადგენს:
ძროხის ფარში -2.80აშშ დოლარს.1კგ-ზე გადაანგარიშებით დაახლოებით-9,24 ლარს;
უძვლო ძროხის ხორცი-4.50დოლ. 1კგ-15ლარი;
ღორის ხორცი ძვლიანი--3.70დოლ. 1კგ-12.2ლარი;
უძვლო ღორის ხორცი--4.00დოლ.1კგ-13.3ლარი.

მაშ რატომ ღირს იგივე გაყინული იმპორტირებული ღორის ძვლიანი ხორცი საქართველოს მარკეტებში 6-6.5 ლარი?სად გაქრა ნახევარი ფასი?ასევე განბაჟების და ტრანსპორტირების ხარჯები? (გაგრძელება იქნება).

ვეტერინარულ მეცნიერებათა დოქტორი
თამაზ ხატიაშვილი

რედაქტორის რჩევით