"წაიკითხეთ და წააკითხეთ ხელისუფლებას"!..
01-04-2013
"წაიკითხეთ და წააკითხეთ ხელისუფლებას"!..
"კვირის პალიტრის" ახალ რუბრიკას - "საზოგადოება და ხელისუფლება"  დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევძლებდით იმ მრავალგვერდიანი წერილების სრულად გამოქვეყნებას, რომლითაც ჩვენი მკითხველები ეხმაურებიან ახალ ხელისუფლებას. ამიტომ ვეცადეთ შეგვერჩია ყველაზე მთავარი, მნიშვნელოვანი და კომენტარების სახით გამოგვექვეყნებინა.

მადლობას ვუხდით ყველა იმ მკითხველს, რომლებიც გამოეხმაურნენ ჩვენს რუბრიკას და თავიანთი სურვილებით, რჩევებით მიმართეს ხელისუფლებას. პროექტი გრძელდება, ველით გამოხმაურებას. თქვენი მოსაზრებები კომენტარების ფორმატში გამოქვეყნდება. წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ: რუბრიკისთვის "საზოგადოება და ხელისუფლება"


"ადამიანი ვერ
დაუცდის ქვეყანაში აბსოლუტური სამართლიანობის აღდგენას"


რა თქმა უნდა, საზოგადოების მოთხოვნა სამართლიანობის აღდგენაცაა, მაგრამ მთავარი და უპირველესი მოთხოვნაა იმ სოციალურ-ეკონომიკური დაპირებების შესრულება, რაც "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ განაცხადა. ადამიანი ცოცხალი ორგანიზმია, ის ვერ დაუცდის ქვეყანაში აბსოლუტური სამართლიანობის აღდგენას, ამას ათეულობით წელი სჭირდება. თუმცა არ არსებობს დედამიწაზე აბსოლუტურად
სამართლიანი სახელმწიფო. ამიტომ ხელისუფლების მთელი ძალისხმევის ამ მიმართულებით წარმართვა და მოსახლეობის ყურადღების აქეთ გადატანა მცდარია და უკუშედეგს გამოიწვევს. წინასაარჩევნო სოციალური დაპირებების შესრულება შესაძლებელი გახდება საქართველოს, როგორც გეოგრაფიული ერთეულის, მისი სტრატეგიული მდებარეობის, ბუნების, კლიმატის, ენერგორესურსების, სასმელი წყლის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის შესაძლებლობების მაქსიმალური გამოყენებით. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის შესაძლებლობები, თითქმის ამოუწურავი ჰიდროენერგორესურსები, სასმელი და მინერალური წყლები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები და მისი ექსპორტი და რაც მთავარია, ტურიზმი, რისთვისაც საქართველოში იდეალური ბუნებრივი პირობებია...

თორნიკე ქადაგიძე, 51 წლის

"დაგვიბრუნეთ ეროვნება და მამის სახელი საბუთებში"

დაგვიბრუნეთ ჩვენი სამშობლოს დაკარგული მიწა-წყალი; დაგვიბრუნეთ ჩვენი ენის სიწმინდე და სიმდიდრე, პატივი მიაგეთ ჩვენს სახელმწიფო ენას; დაგვიბრუნეთ ეროვნება და მამის სახელი საბუთებში;
ქართველმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენს ერს 5 532 საგალობელი აქვს ფილიმონ ქორიძისა და ესტატე კერესელიძის მიერ გადარჩენილი და ჩვენამდე შემონახული. საგალობლები უნდა ისწავლებოდეს საერო თუ სასულიერო სასწავლებლებში;
გთხოვთ, ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი ჯანმრთელობის კერები გახსენით, სადაც გულშემატკივრობითY უმკურნალებენ ავადმყოფთ - სკოლა, საავადმყოფო და ეკლესია განსაკუთრებული სტატუსით უნდა სარგებლობდეს. ყურადღება მიაქციეთ მთის სოფლებს. საქართველოს ტყეების უმოწყალოდ გაჩეხამ უამრავი დამეწყრილი ადგილი და დაცლილი სოფელი გააჩინა...
ზეინაბ ხმიადაშვილი

"გუბერნატორის გარეშე?!"

ბოლო ოცი წლის განმავლობაში ბევრი უცნაური და გამაოგნებელი რამ გადაგვხდა. ერთ-ერთი გასაკვირი მოვლენა იყო შევარდნაძის მმართველობისას კუთხეებისა და რეგიონების მიხედვით გუბერნატორის მმართველობის შემოღება. სხვათა შორის, გუბერნატორები ზუსტად იმ ტერიტორიებს ხელმძღვანელობენ, რა სამეფოებად და სამთავროებადაც იყო დაყოფილი ქვეყანა. სწორედ მაშინ შეწყდა საქართველოს ისტორია. დადგა დაქუცმაცების, დაქცევისა და თვითგანადგურების ხანა. გუბერნატორის, როგორც ხელისუფლებისა და მმართველობის ინსტიტუტი, თავისი კლასიკური გაგებით, ჩემი ფიქრით, მოიაზრება დიდი ტერიტორიებისა და დიდი მოსახლეობის მქონე ქვეყნებში, სადაც მრავალი ეთნიკური წარმონაქმნია, რომლებიც სარგებლობენ კულტურული ავტონომიითა და დამოუკიდებელი მმართველობით.

ასეთი ქვეყნის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს რუსეთის ფედერაცია, რომელშიც ორივე კომპონენტია გაერთიანებული: როგორც ეთნიკური მრავალფეროვნება, ასევე უკიდეგანო სივრცეები. საქართველოში რა გვაქვს? არც ერთი და არც მეორე. უმცირესი ტერიტორია, რომელიც ერთი საზღვრიდან უკიდურეს მეორე საზღვრამდე მოიცავს სამ ასეულ კილომეტრს, ჩვენი მასშტაბით, ხუთი დიდი ქალაქითა და ორმოცდაათამდე რაიონით.     
თუ ცენტრალურ ხელისუფლებას მისი თვალი სჭირდება რეგიონებში, ნუთუ ასე რთულია, პირობითად ვამბობ, 100 კაცის მართვა? მხედველობაში მაქვს გამგებლები და ქალაქის მერები. მგონი, ამ სირთულეზე საუბარი არასერიოზულია. მაშ, რისთვის? საარჩევნო ხმებისთვის?

თავდაპირველად არსებობდა გუბერნატორი თავისი აპარატით. შემდეგ სამხარეო მმართველობა გარდაიქმნა დარგობრივ ინფრასტრუქტურებად: სამხარეო პოლიცია, სამხარეო ჯანდაცვა, სამხარეო ფინანსები და ა.შ. ჩემი აზრით, გუბერნატორები და სამხარეო ინფრასტრუქტურები ზედმეტ ტვირთად აწევს ქვეყნის ბიუჯეტს. ისმის კითხვა: თუ არ იარსებებენ ეს სტრუქტურები, გაუარესდება ქვეყნის მართვა? ვფიქრობ, არა და არა. გამოთავისუფლებული თანხები ბიზნესის ხელშესაწყობად, წარმოების სფეროში სამუშაო ადგილების შესაქმნელად უფრო სასარგებლოა საზოგადოებისა და ქვეყნისათვის, ვიდრე თავისი სტრუქტურითა და ბუნებით არაეფექტური ბიუროკრატიული რუტინა.

როდესაც ქვეყანა ნემსის ყუწში ძვრება, რათა გამონახოს თანხები სოციალური საკითხების გადასაჭრელად, ზედმეტი ბიუროკრატიული მმართველობითი სტრუქტურა ათეულობითი მილიონი ლარის ხარჯით სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია.


ბორის ჩხაიძე

"ქვეყანა არ უნდა ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ აქ გუშინ დამთავრდა ომი"

ქვეყანას სჭირდება  კონსტიტუცია, რომელიც ერთი კაცის საჭიროებაზე კი არ იქნება მორგებული, არამედ ქვეყნის საჭიროებაზე იქნება გათვლილი. კანონით უნდა აიკრძალოს კონსტიტუციის შეცვლა სახალხო რეფერენდუმის გარეშე.
როდესაც მოსამართლეს გამოაქვს არასწორი სასჯელი და დაზარალებული ასაჩივრებს მას და ითხოვს მატერიალურ ანაზღაურებას, ანაზღაურება უნდა იყოს გადახდილი არა ბიუჯეტიდან, არამედ იმ მოსამართლის ჯიბიდან.
ჩვენ ძალიან ლამაზი ქვეყანა გვაქვს, მაგრამ თუ გაივლით მანქანით ან მატარებლით, დაინახავთ, რომ ყველა რაიონში არის ნახევრად ან მთლიანად დანგრეული შენობები, ქარხნები,  ფერმები... ყველა რეგიონის გამგებლებს მივცეთ დავალება, რომ გარკვეულ დროში ბოლომდე მოშალონ ის, რაც დასანგრევია, შეაკეთონ ის, რაც შესანარჩუნებელია. ქვეყანა არ უნდა ტოვებდეს შთაბეჭდილებას, რომ აქ გუშინ დამთავრდა ომი. ყველა ის ქონება, რომელიც გასხვისდა ერთ ლარად ან სიმბოლურ ფასად, უნდა დაუბრუნდეს ქვეყანას.


ლუდმილა ლომაია, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
omar
06 აპრილი 2013 14:10
me სახელია თუ მამის სახელი? ანუ ქალბატონი ბრძანდებით თუ ვაჟბატონი, რომ მოგმართოთ?
სახელმწიფოს იმიტომ არ აინტერესებს ეროვნება, რომ მისთვის ყველა მოქალაქე ქართველია, როგორც ეს არის ცივილიზებულ მსოფლიოში, რათა ყველა თანასწორი იყოს კანონის წინაშე, ურომლისოდაც კანონსაც და სახელმწიფოსაც აზრი ეკარგება და თემურ წყობილებას ემსგავსება. რად გინდათ თქვენ სხვა მოქალაქის მამის სახელი? რომ გაიგო, რომ მისი წინაპრები ქართველები არ იყვნენ? პირადად თქვენ თუ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი წინაპრები ქართველები იყვნენ? რა არის ქართველობა? პრივილეგია „არაქართველების“ მიმართ, რომ შენ ბატონი იყო და ის ყმა?!
me
06 აპრილი 2013 00:11
ბატონო ომარ! ვერაფრით ვარ დაგეთანხმებით, რომ "სახელმწიფოს არც ეროვნება სჭირდება და არც მამის სახელი". სახელმწიფო ხალხის გარეშე რაიმეს წარმოადგენს? მე არ მეგულება თუნდაც ერთი ქართველი, ვისაც არ უნდოდეს პასპორტში ეროვნების და მამის სახელის აღდგენა. ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ეროვნება და მჯერა, სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც ამას იტყვიან. რატომ დავმალოთ ჩვენი წარმომავლობა? გაუგებარია!!!!
Julie
04 აპრილი 2013 18:31
ძალიან კარგი სტატიაა!
მე დავამატებდი: კარტველებო კველა კვეყნისა და კვეყანაში შეერტდიტ! მოდიტ ხალხმა ავიგოტ ხელსში ძალაუპლება და ვაჩვენოტ ნებისმიერ ხელისუპლებას ვის ხელსშია საკარტველოს მომავალი...არ დავხუჭოტ ტვალები უმსგავსოებებზე და არ ვაპატიოტ უსამარტლობა მინისტრებს, პარლამენტარებს,გამგებლებს, ხელისუპლების წარმომადგენლებს, რომელთაც ხშირად ავიტსკდებატ ვინ და რისტვის აირჩია იმავე კარტველმა ხალხმა, ავიტსკდებატ ასევე რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი...მოდით ნუ ვიქნებით ცხვრები რომლებიც ნებისმიერ სულელ თხას მიკვებიან კლდეზე გადასაჩეხად!
ქართველებო, ამდენი შინაური თუ გარეშე მტრის წკალობით მალე შეიძლება სამშობლო დავკარგოთ და მერე თქვენც კარგად მოგეხსენებათ სამშობლო დაკარგულ ხალხს რა ბედი ეწევა და მომავალი!
მიკვარხართ და ვიბრძოლოთ, არ მოვუხუჭოთ თვალი ბოროტებას!

რედაქტორის რჩევით