"ჩემი ბებოები ჩემთან"
01-04-2013
"ჩემი ბებოები ჩემთან"
"ჩვენ ერთმანეთი გადავარჩინეთ..."

ანა მეტრო "ავლაბართან" მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე იწვა, გაძვალტყავებულ ფეხებზე ჩამოცმული შარვალი წუმპესა და საკუთარ შარდში ჰქონდა ამოსვრილი, თავქვეშ იაფფასიანი არყის დაცლილი ბოთლი ამოედო და პირში ერთადერთი კბილი უფამფალებდა.

- მომე ფული, მომე! - თითოეულ გამვლელს ამას ეუბნებოდა. ჟანას პატრონი არავინ ჰყავდა. მე ის მეცოდებოდა, მაგრამ სუნი მაწუხებდა და თავქუდმოგლეჯილი ამოვრბოდი გადასასვლელიდან. ჰაერზე ამოსულს მთელი დღე თავში ჟანა მიტრიალებდა - რა ეშველებათ ამ უბედურებს?

ვერასოდეს გავბედავდი, რომ ჟანასთვის
ხელი მომეკიდა, ჭუჭყისგან გამხმარი ტანსაცმელი გამეხადა და დამებანა... იმან გაბედა - ერთ დღეს ჟანა იქ აღარ დამხვდა. მშვენიერი ახალგაზრდა ქალბატონი მოვიდა, მარტო რომ ვერაფრით ასწია, ვიღაცებს შეეხვეწა, მომეხმარეთო... ერთს შეეცოდა, გამხმარი ჟანა ასწია, კიბეზე აიყვანა და იმ ქალთან ერთად ჩასვა ტაქსიშიო...

რაღაცამ მომაძებნინა ის ქალი...
მითხრეს, - სამების ტაძრის ახლომახლო სახლში აქვს ქალთა თავშესაფარი გახსნილი, მანდ ჟანასაც ნახავ და სხვა მისთანებსაცო...
ნამდვილად ასეა: სამების ტაძრის ახლოს "წმინდა გაბრიელის მოხუცთა თავშესაფარია", იქ ჟანაც  ცხოვრობს სხვა მოხუცებთან ერთად, მაგრამ მე ის ვერ ვიცანი, - ერთადერთი კბილით თევზს ღეჭავდა და აუწერელი ბედნიერებით შესცქეროდა სხვა მოხუცებს. ფანჯრის რაფაზე კი თავშესაფრის დიასახლისის, მარინა ბურშუკაშვილის კრიალოსანი იდო, - ის შემოვიდა, მონახულებისთვის მადლობა გადამიხადა და მიამბო:

- ახლაც მგონია, რომ ჩემი გამზრდელი ბებო დედაზე მეტად მიყვარდა. როცა გაჭირდა, მთელი ოჯახი უცხოეთში წავედით. აქ ბებო დარჩა და ისე გარდაიცვალა, ვერ მოვუარე, ვერც კი ვნახე სიკვდილის წინ. მერე ეს ტანჯვა გამყვა... წლების შემდეგ მივხვდი, რით უნდა მეშველა თავისთვის. ქირურგიის ინსტიტუტში ვმუშაობ. იქ ერთი ბებო მოიყვანეს სასწრაფოთი. არც პასპორტი ჰქონდა, არც დაზღვევა, არც არაფერი... დილით უკეთ შეიქნა და ექიმმა უთხრა, - ტაქსის ფულს მოგცემ, შინ წადიო. ატირდა, გვემუდარებოდა, დამტოვეთ, არავინ მყავსო. სად უნდა დაგვეტოვებინა... ის რომ წავიდა, უცებ მივხვდი, თუ ასეთ უსახლკარო მოხუცებს შევიფარებდი, ტანჯვას ბოლო მოეღებოდა. ჩემი პირველი ბებო ჩვენი საავადმყოფოს სანიტარი იყო. შვილმა სახლ-კარი გაუყიდა და საავადმყოფოს საქვაბეში ცხოვრობდა, ღამე სკამზე ეძინა. რომ დავინახავდი, გული გადამიტრიალდებოდა, ისე ჰქონდა სხეული მთელი ღამე სკამზე ჯდომისაგან დეფორმირებული. ვკითხე, რომ შევძლო და მოგიარო, ჩემთან ხომ იცხოვრებ-მეთქი. გაგიჟდა სიხარულით. წამოვიყვანე. მერე მეორე ბებოც მოვიყვანე, თამარი, ისიც ჩვენს საავადმყოფოში შემოიყვანეს გულის შეტევით - სახლი ნათესავმა წაართვა მოტყუებით. კი წამოვიყვანე, მაგრამ მერე დავიწყე ფიქრი - ამ ბებოებით სად უნდა გვეცხოვრა. შარშანდელმა წყალდიდობამ ორთაჭალაში სახლები რომ დაანგრია, ჩვენი სახლიც წაიღო. დახმარება არავინ მოგვცა. მერე მე და ჩემმა ქმარმა როგორღაც ერთი პატარა საცხოვრებელი ეზოშივე შევაკოწიწეთ. აბა, იქ ბებოებით როგორ ვიცხოვრებდი. შეიძლება გიჟი გეგონოთ, მაგრამ ვთხოვე უფალს დახმარება, მოვძებნე გაზეთში შედარებით იაფი სახლი და დავიქირავე. ახლა ხუთი მოხუცი მყავს.

- როგორ ცხოვრობთ?
- ვერ აგიხსნით... მეც მიკვირს, როცა სახსარი არსაიდან აქვს, როგორ შეიძლება გონიერმა ადამიანმა ხუთი მოხუცის შენახვა შეძლოს, რომლებსაც ექიმიც ზუსტად ისე სჭირდებათ, როგორც საკვები. მაგრამ სასწაულები ყოველთვის ხდება. ჩემი მეგობრები მეხმარებიან, ღამეებს უთევენ მოხუცებს. საჭმელიც მოაქვთ. მადლობა უფალს, რომ ყველა ისეთი მყავს, რომელმაც იცის, ადამიანის დახმარება ყველაზე დიდი სიკეთეა. ექიმები მეგობრებიც მყავს და ისინიც მეხმარებიან, - ცდილობენ, რომ ცხოვრებისაგან გარიყულ ადამიანებს რაიმე გაუკეთონ...

წარმოიდგინეთ, ზოგჯერ რომ გავიფიქრებ, ქირის გადახდის დრო მოდის და აქიდან გაგვყრიან-მეთქი, მშველელი მაშინ გამოჩნდება... ასე რჩებიან ჩემი მოხუცები ჩემთან. მაშინ სიხარულით ერთმანეთს ვეხვევით. მერე ერთმანეთის მოფერებას და მოვლას იწყებენ. ამას ვუყურებ და თვალზე ცრემლი მადგება.

უბედურ ადამიანს გულში რომ ჩაიხუტებ, მისგან იმდენი სითბო მოდის, აქეთ გაძლევს ძალას. ჩვენ ერთმანეთი გადავარჩინეთ... როცა მიწისქვეშა გადასასვლელიდან ჟანა ამოვიყვანე, სიკვდილის პირას იყო. ჩემი ხელით დავბანე და სუფთა ტანსაცმელი ჩავაცვი. ახლა კარგად არის, არყის დასალევად ღამით აღარ დგება და აღარ ტირის. ჟანასთან ერთად მეც სიმშვიდე ვპოვე. აი, ეს არის ყველაფერი...

ვისაც ამ ბებოების დახმარება გსურთ, გთავაზობთ საბანკო რეკვიზიტებს (კოდი: GE51KS0000000360800614) ან დარეკეთ 0901 200-106 (მაგთის, ჯეოსელის და ბილაინის აბონენტებმა) - სიკეთის გაკეთება ხომ ბევრს შეუძლია.
REDAQCIAS
21 აპრილი 2013 16:28
რა გახდა გვარის მითითება, რისტვის წერტ ამ სტატიას ტუ შედეგი არ მოყვა?! ძნელია გვარის მითიტება?!
ეთერ ერაძე s
11 აპრილი 2013 21:01
ქალბატონო ეთერ, ანგარიშებზე მიმღების სახელია საჭირო, ისე არ ირიცხება, გტხოვტ დროულად დაწეროტ, გელოდებიტ ხალხი.
skarfasse
06 აპრილი 2013 11:39
მაგ ანგარიშებზე მიმღების სახელია საჭირო, ისე ვერ გადავრიცხე ბანკიდან.

რედაქტორის რჩევით