სიკეთის "ბილეთი" - საჩუქარი კეთილ მძღოლს მადლიერი მგზავრებისგან - კვირის პალიტრა

სიკეთის "ბილეთი" - საჩუქარი კეთილ მძღოლს მადლიერი მგზავრებისგან

თემის გაგრძელება: კანფეტებიანი მძღოლი

ძია თემომ საჩუქრის შესახებ palitratv.ge-ის ეთერში სტუმრობისას შეიტყო და ბედნიერების ცრემლი მოერია...

კომენტარების რაოდენობამ ორ დღეში ორასს გადააჭარბა. "ფეისბუკის" საკუთარ გვერდებზე კი სტატია სამი ათასზე მეტმა კაცმა გააზიარა

სიკეთეს საოცარი ძალა აქვს, არ იკარგება, გადამდებია და მრავლდება. ამაში დაგარწმუნებთ "კვირის პალიტრის" წინა ნომერში გამოქვეყნებული სტატია - "კანფეტებიანი მძღოლი" (იხ. kvirispalitra.ge). ეს არის ამბავი ძია თემურისა, რომელიც, უამრავი სხვა მძღოლის მსგავსად, მთელი დღე საჭეს უზის და მგზავრებს ემსახურება. თუმცა, მათგან განსხვავებით, მიკროავტობუსში ასვლისთანავე კანფეტსა და ღიმილს გჩუქნის. მისი მოულოდნელი ჟესტით გაოცებული კი იძირები "პინკ ფლოიდის" ან Deep Purple-ს მუსიკაში, რომელსაც მელომანი მძღოლი მუდმივად უსმენს.

"ბედნიერების მატარებლად" მონათლული ყვითელი "მარშრუტკის" კეთილი მძღოლის ამბით ძალიან დაინტერესდა საზოგადოება - ყველა ეფერება მძღოლს, რომელმაც სიყვარულის თავისებურად გამოხატვის ტრადიცია დაამკვიდრა. სტატიის შესახებ კომენტარების რაოდენობამ ორ დღეში ორასს გადააჭარბა. "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე კი სტატია სამი ათასზე მეტმა კაცმა გააზიარა. პირველად მოხდა, რომ კომენტარებში "ამისტები" და "იმისტები" ერთმანეთს არ ლანძღავენ და ერთსულოვნად გამოხატავენ სიყვარულს მძღოლის მიმართ.

ხალხს სიკეთე ახარებს, როგორც ჩანს, ქვეყანაში სიყვარულის დეფიციტია და თუ ვინმე გამოხატავს ამას, ხალხი ბედნიერია...

"კარგი იქნება, ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნოთ. ასეთ კაცს დაფასება სჭირდება, ეგებ, მისი პრობლემაც მოგვარდეს. დაწერეთ ანგარიშის ნომერი, ხალხი ვითხოვთ!".

"სიყვარული, იმედი და შრომისმოყვარეობა - ეს არის ის ჯადოსნური სამი ელემენტი, რაც გადაარჩენს კაცობრიობას. აუცილებლად შევეცდები, გავიცნო ეს ადამიანი და ვუთხრა, რომ ყველაზე ძლიერი კაცია ამქვეყნად".

ძლივს არ წავიკითხე მადლით სავსე კომენტარები... ამდენმა უხამსობამ, წყევლამ და კრულვამ თავი მომაბეზრა. თურმე შეგვძლებია ერთმანეთის მოფერება. გაიხარეთ, კეთილო ხალხო, გკოცნით და გეხუტებით ყველას და თემო ძიასაც! თუ მეღირსება საქართველოში დაბრუნება, აუცილებლად მოვძებნი ამ ღვთისნიერ კაცს და გულში ჩავიხუტებ!"

ვინმე ლაშას გაუჩნდა აზრი:

"მგზავრებისგან ყველაზე მაგარი საჩუქარი იქნება, თუ 5 ივნისს Deep Purple-ს კონცერტის ბილეთს ვაჩუქებთ! ვინც ხშირად მგზავრობს მისი "მარშრუტკით", იცის, რაც უნდა უგუნებოდ იყოს, არ არსებობს, მისმა დახვედრამ და მუსიკამ კარგ განწყობაზე არ დააყენოს! ვინც იზიარებთ ამ იდეას, რამე მოვახერხოთ:) ჩვენც ვაჩუქოთ საჩუქარი:)"

ამის თქმა და "ფეისბუკზე" სასწრაფოდ გაჩნდა "ივენთი" საგანგებოდ ძია თემურისთვის. მადლიერი მგზავრების თაოსნობა განხორციელდა: - "მეგობრებო, ვინც ხშირად მგზავრობთ N#66 სამარშრუტო ტაქსით, გხვდებათ მძღოლი, რომელიც კანფეტებს არიგებს: - ეს კომენტარი აღმოვაჩინე ინტერნეტში და გადავწყვიტე, ივენთი გამეკეთებინა. ვინც იზიარებთ, შემოგვიერთდით:) თანხის შეგროვების დეტალებს 1-2 დღეში მოგაწვდით", - იუწყებოდა "ივენთის" ავტორი, რომელმაც მალევე გაარკვია, რომ თურმე მგზავრების ინიციატივა ძია თემურის დამსაქმებელ კომპანიას აუტაცია და უკვე შეუძენია კონცერტის ბილეთი მისთვის(!). ამიტომაც "ივენთის" თაოსნებმა გადაწყვიტეს, სხვა საჩუქრები უძღვნან. თუმცა, როგორც პოპულარულმა მძღოლმა გვითხრა, კომპანიიდან ჯერ არაფერი მიუციათ: - ვფიქრობ, უფროსობას სიურპრიზის გაკეთება სურდა და ეგონა, ამ ამბავს მხოლოდ მათგან გავიგებდი, - ღიმილით ამბობს კეთილი მძღოლი, რომელმაც მგზავრების აქტივობისა და საჩუქრის შესახებ პალიტრატვ.გე-ის ეთერში სტუმრობისას შეიტყო და ბედნიერების ცრემლი მოერია (სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე).

ცნობისთვის: კეთილმა მძღოლმა ტრადიციას არ უღალატა და სტუდიაში გადაცემის წამყვან სალომე ლილუაშვილს კანფეტები მიართვა.

მკითხველო, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ მნიშვნელოვან ფაქტს, რის გამოც ძია თემურის სიკეთე განსაკუთრებულ ელფერს იძენს - მას საკუთარი ჭერი არ აქვს, სამადლოდ არის შეკედლებული მუხიანში მდებარე საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრებ დევნილებთან. ენატრება ქუთაისში, სხვის ბინაში მცხოვრები ცოლ-შვილი და მოხუცი დედა.

დაწვრილებით მისი ცხოვრების შესახებ წაიკითხავთ 25 მარტის "კვირის პალიტრის" სტატიაში "კანფეტებიანი მძღოლი" და მოუსმენთ palitratv.ge-ზე გადაცემა "სოციოგრამაში", საიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

- ყველგან ვარიგებ კანფეტს, გზაჯვარედინებზე, სამრეცხაოებში, ავტოგასამართ სადგურებზე, სადაც კი წავეწევი ვინმეს... ზოგჯერ მანქანით წამომწევიან და ღიმილით უთხოვიათ, მოგვეცი კანფეტიო... მე თბილისი მახსოვს თბილი, ერთმანეთის პატივისცემით სავსე სახეებით. ახლა ცივად გამოგხედავენ.

"დაყენებული" სახეებით დადის ხალხი, თითქოს ყველაფერი სადღაც მიიმალა. გაღიმებული სახეები სჯობს ყველაფერს და ამიტომაც ვცდილობ, ჩემს პატარა სამყაროში - ჩემს მანქანაში - მხოლოდ გაღიმებული სახეები იყოს.

ახალგაზრდები მახალისებენ. ვხუმრობთ, ანეკდოტებს ვყვებით. ხშირად თავის გაჩერებაზე ავიწყდებათ ჩასვლა. ერთმა პატარა გოგომ, რომლის ტოლებსაც ფულს არ ვართმევ ხოლმე, მითხრა, - თქვენს ავტომანქანაში ფულის გადახდა ალალიაო, 50 ლარი დატოვა და გაიქცა... ერთხელ ვიფიქრე, აბა, ორი დღე არ დავარიგებ კანფეტებს-მეთქი... მეც ცუდად ვიყავი და ხალხიც, კინაღამ წამეჩხუბნენ, - სად არის კანფეტებიო... სამაგიეროსაც მიხდიან - დღეს სუნამო და ყავა მაჩუქეს, ხან რა მოაქვთ, ხან - რა. ზოგი ბაზრიდან მგზავრობს და ხილს მჩუქნის. ვხუმრობ ხოლმე, - ცოტა ხახვი, ცოტა კარტოფილი და ბაზარში წასვლაც არ დამჭირდება-მეთქი"

მედიასახლმა "პალიტრამაც" დაასაჩუქრა ძია თემური ჩვენი ყველა გამოცემით. ამიერიდან ჩვენთან ერთად გადაავლებს ხოლმე თვალს სიახლეებს.

დაინტერესებული მკითხველისა და მგზავრებისთვის, ვისაც ძია თემურის საბანკო ანგარიშის ნომერი აინტერესებდა, სამწუხარო ინფორმაცია გვაქვს: - იმის გამო, რომ ავტოკატასტროფაში მოხვედრის შემდეგ გაკოტრებულს ბანკებმა ქონება და ანგარიშები დაუყადაღეს და ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი ვალი, მის ანგარიშზე შესული თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება და კეთილი ხალხისგან გაწეული დახმარებით ვერ ისარგებლებს...