მალე! ახალი წიგნის კარადა თქვენს ოჯახში! - კვირის პალიტრა

მალე! ახალი წიგნის კარადა თქვენს ოჯახში!

წიგნის კარადას სულ მალე ესკიზის სახით კი არა, რეალურად იხილავს მკითხველი

მკითხველებისგან უკვე 70-ზე მეტი ვარიანტია შემოსული

ჩვენმა მკითხველმა კარგად იცის პროექტის - "50 + ბიბლია + კიდევ +49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" შესახებ. ისიც ცნობილია, რომ ამ პროექტის ფარგლებში გამოსულ წიგნებს დღითი დღე მეტი და მეტი ადამიანი ყიდულობს და კითხულობს. მოგეხსენებათ, ასი წიგნი ცოტა არ არის, შეიძლება მათი ადგილი არც კი გქონდეთ თქვენს წიგნის კარადაში. სწორედ ამიტომ მალე ყველა მკითხველს შეეძლება ძალიან პრაქტიკული და ორიგინალური ახალი წიგნის თაროების თუ წიგნის კარადის შინ დადგმა. ეს კარადა სპეციალურად იქნება გათვლილი იმ ასი წიგნისთვის, რომელიც პროექტის ფარგლებში გამოვა... გამოცხადდა კონკურსი და უკვე მივიღეთ კიდეც 70-ზე მეტი საინტერესო ესკიზი. კონკურსში მონაწილეობის ბევრი მსურველი კი გვთხოვდა კონკურსის ვადის გაგრძელებას, რომ უკეთ გაეაზრებინათ იდეა. სწორედ ამიტომ პალიტრამ გადაწყვიტა 15 აპრილამდე გაახანგრძლივოს ესკიზების წარმოდგენის ვადა.

პირობები ასეთია: კარადაში (ან თაროზე) უნდა თავსდებოდეს პროექტში შემავალი ყველა წიგნი (ერთად დაწყობილი წიგნების საერთო სიგანე დაახლოებით 4,5 მეტრი იქნება).

კარადა (თარო) უნდა იყოს განსხვავებული, კრეატიული, თუმცა ამავე დროს პრაქტიკული და ჰქონდეს პროექტისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმბოლიკა ან ორიგინალური მინიშნება. ნამუშევრები გამოგზავნეთ მისამართზე: taro@palitra.ge. გამარჯვებული მიიღებს თავისი ესკიზით დამზადებულ წიგნებით სავსე კარადას ან 1 000 ლარს.

ვიდრე მკითხველს ზოგიერთ იმ ესკიზს წარვუდგენთ, რომლებიც კონკურსის ფარგლებში შემოვიდა ჩვენს რედაქციაში, გადავწყვიტეთ, მომხმარებლისთვის გვეკითხა, თავად რა მოთხოვნებს უყენებენ წიგნის თაროებსა თუ კარადას და როგორი იქნებოდა მათთვის ყველაზე სასურველი წიგნების შესანახი ახალი ავეჯი.

სრულად კონკურსში მონაწილე ვარიანტების დათვალიერება შესაძლებელი მიმდინარე კვირიდან იქნება საიტზე 49books.ge

რესპონდენტებს წიგნის მაღაზიასთან და გაზეთის ჯიხურებთან გავესაუბრე.

ნარგიზა ხაჟომია: - "50 + ბიბლია + +49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ  ცოცხალი ხარ" ჩემთვის ყველაზე ძვირფასი პროექტია, რადგან მან ჩემს შვილებს წიგნი ააღებინა ხელში. სურსათი რომ ვერ ვიყიდო, ამ წიგნებს მაინც ვყიდულობ, ხომ გსმენიათ - არა მხოლოდ პურითა ერთითა ცხონდების კაციო. ვფიქრობ, ამ წიგნებით მეტ სარგებლობას მოვუტან ოჯახს, ვიდრე ძვირად ღირებული სადილით... რაც შეეხება წიგნის თაროებზე ამდენი ახალი წიგნის დალაგებას, სიმართლე გითხრათ, მართლა თავსატეხი გამიჩინა. თუ ხელმისაწვდომი იქნება წიგნის კარადის ყიდვა, მართლაც არაჩვეულებრივი იქნება ჩემი ოჯახისთვის. მთავარია, ძვირი არ იყოს და ადამიანმა შეძლოს შეძენა.

ელენე გოგილაშვილი: - წიგნის კარადის ყიდვა მეც მჭირდება, სიამოვნებით შევიძენ თქვენი პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ კარადას, მაგრამ ძალიან მინდა ორიგინალური იყოს და ჩემი სახლის ჰარმონიულ ინტერიერში საინტერესოდ ჩაჯდეს. მინდა, მარტო წიგნებისთვის კი არა, სუვენირებისთვისაც ჰქონდეს მცირე ადგილები გამოყოფილი, მაგალითად, თაროების კიდეებში, ან შუა ადგილას...

ვასიკო კალანდაძე: - ჩემთვის მთავარია წიგნის კარადა დაბალი იყოს, რომ ჩემი შვილები ადვილად მისწვდნენ. თავად აიღონ რაც დააინტერესებთ, გადაშალონ, წაიკითხონ. შეიძლება მითხრათ, თუ ასეთი პატარა შვილები გყავთ, "50 + ბიბლია + +49 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ" მათთვის არ არის გამოცემულიო. კი ბატონო, მოზრდილებისთვისაა, მაგრამ ბავშვები თავიდანვე მიეჩვევიან წიგნებთან კონტაქტს და ეს მხოლოდ სიკეთეს მოუტანთ. თანაც 10-12 წლიდან ძალიანაც კარგი იქნება თუ წიგნების კითხვის სურვილი გაუჩნდებათ.

ალექსანდრე გიგინეიშვილი: -  პროექტის ყველა წიგნი მაქვს შეძენილი. თუ ახალ წიგნის კარადას შემომთავაზებთ, მირჩევნია, ის მაღალი და ვიწრო იყოს... მათთვის, ვისაც პატარა ბინა აქვს, ფართის დაზოგვა ყველაზე მნიშვნელოვანია.

როგორც ხედავთ, სხვადასხვა მკითხველი სხვადასხვა მოთხოვნას უყენებს წიგნის კარადას, რომელსაც სულ მალე ესკიზის სახით კი არა, რეალურად იხილავს მკითხველი. მანამდე კი გთავაზობთ კონკურსში შემოსულ ესკიზების ნაწილს და ველით ახალ ნამუშევრებს.

ლეილა გაგუა