წაიკითხეთ შექსპირის შედევრები და თავად დარწმუნდით მის სიდიადეში! - კვირის პალიტრა

წაიკითხეთ შექსპირის შედევრები და თავად დარწმუნდით მის სიდიადეში!

თანამედროვე ადამიანი განათლებულად ვერ ჩაითვლება, თუკი მის შემოქმედებას არ იცნობს.

შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები ერთმანეთს ემთხვევა, რაც ამ მოვლენას ლეგენდის ელფერს სძენს

საყოველთაო აღიარების მიუხედავად, უილიამ შექსპირის ცხოვრების შესახებ მწირი ცნობები მოგვეპოვება. იმასაც კი ვარაუდობენ, რომ ამ სახელის უკან ერთი ან სულაც რამდენიმე პერსონა იმალება. იგი, სავარაუდოდ, 1564 წლის 23 აპრილს დაიბადა ინგლისში, უორიკის საგრაფოს ქალაქ სტრეტფორდ-ონ-ეივონში. მამამისი, ჯონ შექსპირი, ბეწვეულით მოვაჭრე გახლდათ, დედა კი, მერი არდენი, - ფერმერის ქალიშვილი. ჯონ შექსპირს ქალაქის თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობა ეჭირა, ერთხანს ქალაქისთავიც კი ყოფილა, თუმცა შემდეგ გაღატაკებულა და ვაჟიშვილი ვერ გაუგზავნია უმაღლესი განათლების მისაღებად. უილიამი 14 წლამდე სტრეტფორდ-ონ-ეივონის გრამატიკულ სკოლაში სწავლობდა. 18 წლისას ცოლად შეურთავს თავისზე რვა წლით უფროსი ენ ჰეთუეი (რომელიც ამ დროს უკვე ორსულად ყოფილა). მათ სამი შვილი შეეძინათ: სუზანა და ტყუპი - ჯუდითი და ჰამნეტი.

1585 წელს შექსპირმა ოჯახი მიატოვა და ლონდონში მოხეტიალე დასს გაჰყვა. დედაქალაქში მსახიობობა დაიწყო თეატრალურ დასში. ამავე დროს წერდა პიესებს, სონეტებსა და პოემებს. ჯეიმს I-ის (1603-1625) ტახტზე ასვლის შემდეგ მის თეატრალურ ჯგუფს "სამეფო დასი" ეწოდა. უილიამ შექსპირი მისი ძირითადი დრამატურგი და მეორეხარისხოვანი როლების შემსრულებელი გახლდათ (მაგალითად, ჰამლეტის მამის აჩრდილის როლს თამაშობდა). შექსპირის თეატრი ხშირად მართავდა წარმოდგენებს სამეფო კარზე. შექსპირმა პოპულარობა მოიპოვა და, როგორც ჩანს, საკმაოდ მალე დასის მეწილეც გახდა, რამაც მშობლიურ ქალაქში სახლის შეძენის საშუალება მისცა. "სამეფო დასი" სხვადასხვა თეატრის შენობაში მართავდა სპექტაკლებს, რომელთაგან ყველაზე ცნობილი იყო "გლობუსი". სიცოცხლის ბოლო წლები შექსპირს სტრეტფორდ-ონ-ეივონში გაუტარებია. გარდაიცვალა 1616 წლის 23 აპრილს (დაბადებისა და გარდაცვალების თარიღები ერთმანეთს ემთხვევა, რაც ამ მოვლენას ლეგენდის ელფერს სძენს).

სანამ შექსპირი ცოცხალი იყო, როგორც ჩანს, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ მისი სახელით ცნობილი პიესების ავტორი თავად იგია. თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ გამოჩნდა კაცი, ვინც განაცხადა, - შექსპირის სახელს სხვა იყენებდა, მისივე თანხმობითო.

შექსპირის პიესების ნამდვილი ავტორის ძიება ინტენსიურად  XIX  საუკუნიდან იწყება, მას მერე, რაც შექსპირის ფიგურის გაიდეალება ხდება. ამჟამად შესაძლო "კანდიდატების" რიცხვი რამდენიმე ათეულს აღწევს, მათ შორისაა ფილოსოფოსი და მეცნიერი ფრენსის ბეკონი, დრამატურგი კრისტოფერ მარლო, გრაფი რეტლენდი და მისი მეუღლე, ელიზაბეტ სიდნი და მრავალი სხვა.

ცნობილია, რომ შექსპირის კალამს ეკუთვნის 38 პიესა, 154 სონეტი და 2 პოემა (ნაწარმოებების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან რამდენიმე დაკარგულად მიიჩნევა).

ახლა ორიოდე სიტყვას მოგახსენებთ მის სახელგანთქმულ ტრაგედიებზე, რომლებიც ჩვენი სერიის ამ წიგნში შევიტანეთ:

"მეფე ლირი" უილიამ შექსპირის შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევა. პიესის მოქმედება ბრიტანეთში ხდება, ლეგენდარული მეფე ლირის ზეობისას. მოხუცი მეფე გადაწყვეტს, სამეფო თავის სამ ქალიშვილს გაუნაწილოს, თვითონ კი ქვეყნის მართვას ჩამოშორდეს. იმის გადასაწყვეტად, თუ ვის რა წილი შეახვედროს, ლირი სამივეს ჰკითხავს, უფრო მეტად რომელს უყვარს მამა. უფროსი ქალიშვილები მეფეს მაამებლური სიტყვებით აავსებენ, უმცროსი კი უარს იტყვის პირფერობაზე, რადგან მისი სიყვარული ამაზე მაღლა დგას. განრისხებული ლირი გააძევებს - ასე იწყება პიესა, რომელიც უდიდესი კატასტროფით მთავრდება...

"მეფე ლირი" 1604-1606 წლებში დაიწერა და 1606 წელს დაიდგა (პრემიერას ჯეიმს I ესწრებოდა), გამოქვეყნდა 1608 წელს. ქართულად ითარგმნა XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ (სწორედ მათ დაუდეს საფუძველი შექსპირის ქართულად თარგმნის კლასიკურ ტრადიციას).

ტრაგედია "ოტელოში" მოქმედება ვენეციასა და კვიპროსზე ვითარდება. პიესა იწყება იმით, რომ ვენეციის სენატორის სახლში ახალგაზრდა აზნაური როდრიგო საყვედურობს თავის მეგობარ იაგოს, ოფიცრის წოდება ოტელოს ხელიდან როგორ მიიღეო. საქმე ის არის, რომ ოტელო, ვენეციის რესპუბლიკის სამსახურში ჩამდგარი ცნობილი მხედართმთავარი, შავკანიანია - მავრი (ასე უწოდებდნენ შუა საუკუნეებში ესპანეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ბინადარ მუსლიმ მოსახლეობას); ოტელო ბრაბანციოს მშვენიერ ქალიშვილს, დეზდემონას შეუყვარდება და ცოლად გაჰყვება. ტრაგედიის საფუძველი მზაკვრობა და ეჭვიანობაა - ოტელოს დაარწმუნებენ, რომ დეზდემონა ღალატობს. ისიც იჯერებს ცილისწამებას, რასაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვება...

"ოტელო" დაიწერა 1604 წელს, სცენაზე დაიდგა 1606 წელს, გამოიცა 1622 წელს.

ტრაგედიაში "მაკბეტი" მოქმედება ხდება შოტლანდიასა და ინგლისში. პიესა იწყება სამი ალქაჯის საუბრით. ამ დროს შოტლანდიის მეფე დუნკანი შეიტყობს, რომ მისმა გულადმა მხედართმთავარმა მაკბეტმა დაამარცხა აჯანყებული მაკდონალდი და ირლანდიელები, შემდეგ კი ნორვეგიის მეფე, რომელსაც მისი ერთ-ერთი დიდებული, კავდორის ტანი ("ტანი" - წოდებაა) მიემხრო.

მეფე დუნკანთან მიმავალი მაკბეტი და მეორე სარდალი, ბანქო სამ ალქაჯს შეხვდებიან. ალქაჯები მაკბეტს უწინასწარმეტყველებენ, რომ კავდორის ტანის წოდებას მიიღებს და შოტლანდიის მეფეც კი გახდება. მხედართმთავრის ცოლი, წინასწარმეტყველებით გახარებული, უბიძგებს პატივმოყვარე მაკბეტს, მოკლას მეფე დუნკანი, რომელიც მათ ციხე-კოშკში ათევს ღამეს. მაკბეტი თავიდან ყოყმანობს, მაგრამ მერე თანხმდება - ასე იკვრება კვანძი პიესაში, რომლის გახსნაც გულისშემძვრელ მოვლენებს გულისხმობს: სისხლსა და სიკვდილს... "მაკბეტი" დაიწერა 1606 წელს, პირველი წარმოდგენა გაიმართა 1611 წელს, თეატრში "გლობუსი", დაიბეჭდა 1623 წელს.

შექსპირის გავლენა ევროპულ კულტურაზე განუზომელია. თანამედროვე ადამიანი განათლებულად ვერ ჩაითვლება, თუკი მის შემოქმედებას არ იცნობს. ჩვენ გაძლევთ ამის შესაძლებლობას - წაიკითხეთ შექსპირის შედევრები და თავად დარწმუნდით მის სიდიადეში!

ირაკლი ლომოური