დემოგრაფიული ორმო!!! - კვირის პალიტრა

დემოგრაფიული ორმო!!!

სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობა 12 მილიონამდე აიყვანა(?!)

"გაეროს მონაცემებით საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს"

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე ხელისუფლებას დემოგრაფიული პრობლემების მოსაგვარებლად სასწრაფოდ ზომების მიღებას სთხოვს. მისი თქმით, თუ რადიკალური ზომები არ მივიღეთ, ქვეყანაში მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდება. განგაშის საფუძველს გაეროს კვლევებიც იძლევა, - საქართველო იმ 20 სახელმწიფოს შორის აღმოჩნდა, სადაც მოსახლეობის შემცირება შეინიშნება და თუ ასე გაგრძელდა, ჩვენი მოსახლეობა 2050 წლისათვის 2 მლნ 985 000-მდე შემცირდება.

- 70-იანი წლების ბოლოს მთიან რაიონებში საგანგაშო სურათი აღმოვაჩინე. გარდაცვლილები სჭარბობდნენ დაბადებულებს. რაჭა-ლეჩხუმში, გურიისა და იმერეთის მაღალმთიან სოფლებში ეს პრობლემა აშკარად ჩანდა. მაშინ ჩემმა ხელმძღვანელმა ცეკას მისწერა და ამასთან ბრძოლა დაიწყეს. შედეგად, 80-იან წლებში შობადობის ზრდა დაიწყო და ყველაზე მაღალ მაჩვენებელს 1992 წელს მიაღწია - 91 000 ბავშვი დაიბადა. სამწუხაროდ, ამ პერიოდიდან შობადობა ერთბაშად დაეცა. ეს ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევამ განაპირობა. ბევრი ოჯახი ფიზიკური გადარჩენისთვის იბრძოდა. ქორწინებები გადავადდა. ოჯახის მარჩენალი ქალი გახდა და...

დღეს არის სოფლები, სადაც აღარ იბადება ბავშვი.

ხალხი საცხოვრებელ ადგილებს ტოვებს. საგანგაშოა ისიც, რომ მაღალია ჩვილთა სიკვდილიანობა. თუ არ გატარდა დემოგრაფიული პოლიტიკა, გარდაცვლილთა რიცხოვნობა დაბადებულთა რიცხოვნობას გადააჭარბებს.

- როგორია დღევანდელი მონაცემები?

- სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 74 წელია. ეს მაჩვენებელი ჩვილთა მოკვდავობაზეა დამოკიდებული -

ყოველი 1 000 დაბადებული ბავშვიდან 12 იღუპება. ჩვენი მონაცემებით კი მაჩვენებელი უფრო მაღალია და 1 000-დან 20-22 ბავშვი იღუპება.

ამხელა სხვაობა მონაცემებს შორის იმიტომ არის, რომ აღრიცხვა არასრულია. ვერავინ გავიგებდით გოგიტა აბაშიძის გარდაცვალებას, საკრებულოს თანამშრომელს რომ შემთხვევით არ აღმოეჩინა. ბავშვს დაბადების მოწმობა არც ჰქონია. დღეს ის არც გარდაცვლილებშია და არც დაბადებულებში. ასეთი ბავშვები სტატისტიკაში არ ხვდებიან. ჯანდაცვის სამინისტრო სამედიცინო დაწესებულებებიდან გამომდინარე ფაქტებს ითვლის, მაგრამ ყველა საავადმყოფოში ხომ არ კვდება. მით უფრო, რაიონებსა და სოფლებში გარდაცვალების ცნობა საჭირო არ არის ადამიანის დასაკრძალავად, ამიტომაც ყველა გარდაცვლილი არ აღირიცხება. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2011 წელს 5 810 ბავშვი დაიბადა, ჩვენი მონაცემებით - 6 500. განსხვავებულია ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები - სტატისტიკის მონაცემებთან შედარებით 500 ბავშვით ნაკლებია აღრიცხული. ეს იმიტომ, რომ ის 500 ბავშვი სამშობიაროში არ დაბადებულა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ აზერბაიჯანელები სამშობიაროდ აზერბაიჯანში მიდიან, იქ აღირიცხებიან და მერე ბრუნდებიან, ჩვენი ინსტიტუტის მაჩვენებელი რეალობასთან უფრო ახლოსაა.

- პატრიარქის მოწოდების შემდეგ შობადობამ არ მოიმატა?

- პატრიარქის ინიციატივამ შობადობა გაზარდა. მესამე და მომდევნო შვილის დაბადების მაჩვენებელი 15%-მდეა გაზრდილი, მაგრამ მხოლოდ ეს დამაიმედებელი არ არის. ჩემი გათვლით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 500-600 ათასით შემცირდება.

სტატისტიკით, საქართველოში 4 მლნ 176 000 კაცი ცხოვრობს. ჩვენი ინსტიტუტის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 მლნ 766 000 კაცს შეადგენს. ქორწინების საშუალო ასაკი ქალისთვის 25 წელია, მამაკაცისთვის - 29 წელი. შემცირდა პირველი ბავშვის დაბადებაც. ეს განაპირობა 90-იან წლებში შობადობის დაბალმა დონემ. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება და სიკვდილიანობა გაიზრდება.

დღეს ჯვრისწერას იურიდიული ძალა არა აქვს. ბევრი წყვილი ჯვარს იწერს და შვილს ისე აჩენს, რომ ხელი არა აქვს მოწერილი. მათი შვილები ქორწინების გარეშე დაბადებულებად ითვლებიან. ამიტომ აუცილებელია, რომ ჯვრისწერას იურიდიული ძალა მიენიჭოს. პრობლემაა ისიც, რომ ბევრი 30 წელს გადაცილებული დასაოჯახებელია.

ყურადსაღებია, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვების ავადობა მაღალია. მათ არა აქვთ წამლის ყიდვის საშუალება, ამიტომაც მაღალია სიკვდილიანობა. ჩვენი მონაცემებით, წელიწადში საშუალოდ 1 200 ჩვილი კვდება. ყოველ 1 000 ბავშვზე 10 მკვდრადშობილია. არ ვგულისხმობ პათოლოგიებით დაბადებულებს, თუმცა ეს მაჩვენებელიც მაღალია.

მეცნიერების შეკრებაზე დავსვი საკითხი შობადობის შემცირებაზე. მაშინ სააკაშვილი არ დამეთანხმა და საქართველოს მოსახლეობა 12 მილიონამდე აიყვანა. მითხრა, ისრაელში წასული ქართველი ებრაელი ქართველი ხომ არისო. ამას მიამატა საბერძნეთში ბერძნები, ირანში, თურქეთში მცხოვრები ქართველები და 12 მილიონი გამოიყვანა. გავგიჟდი, როცა ეს მოვისმინე... დემოგრაფიული განვითარების პროგრამა გავაკეთე და "ნაცმოძრაობას" მივუტანე, მაგრამ არც კი განიხილეს...

ყველა ორსულს უნდა გაეწიოს ფინანსური დახმარება, რადგან მათ განსაკუთრებული კვება სჭირდებათ. ბევრი ბავშვი დაუნის სინდრომითა და სხვა დაავადებით იბადება. ორსულ დედას უნდა მისცე ფული, რომ კარგად იკვებოს და მშობიარობის შემდეგაც, 1 წლამდე გადაუხადო მას თანხა, რომ გამოკვებოს თავისი პატარა. თვეში 30 ლარს ვითხოვდი თითოეული ორსულისთვის, მაგრამ სიცილად არ ეყოთ. 25 მილიონი სჭირდება ამ პრობლემის მოგვარებას.

წლამდე ბავშვები ხშირად პნევმონიით, სასუნთქი ორგანოების დაავადებებით იღუპებიან.

მშობლებს ექიმის ფული არა აქვთ. წამალს ვერ ყიდულობენ. აბაშიძეებს რომ ჰქონოდათ 30 ლარი, მათი შვილი ხომ არ დაიღუპებოდა. არის უცოდინარობის პრობლემაც. ბევრმა დედამ არ იცის, შვილს როგორ მოუაროს. შესანიშნავი წინადადება ჰქონდა ჩვენს პატრიარქს - დედის სახლი გავხსნათ, სადაც ახალდაქორწინებულებს ბავშვის მოვლას ვასწავლითო... გასულ წელს 24 დედა გარდაიცვალა მშობიარობის დროს. 6 თვემდე კი გარდაცვლილია 385 ბავშვი.

საგანგაშოა გაეროს ბავშვთა ფონდის დასკვნები - საქართველოში 77 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს. გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას, შემოიღოს ბავშვთა საყოველთაო შეღავათი დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად, მაგრამ ვინ უსმენს?! მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება სწორი კვების შესახებ, ძუძუთი კვების პოპულარიზაცია, ორსულებისა და დედების დახმარება, დედების და ბავშვების ვიტამინებით მომარაგება...

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე სანებლიძე:

- ბევრ მშობელს არ გააჩნია ბავშვის მოვლისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. ბევრიც მოწადინებულია შვილებს სათანადო პირობები შეუქმნას, მაგრამ არა აქვთ სამსახური. ასეთ ოჯახებს ვეხმარებით პროფესიის დაუფლებაშიც, რათა შეძლონ ოჯახების რჩენა. არიან ოჯახები, რომლებიც უარს ამბობენ ჩვენთან თანამშრომლობაზე. ზოგს ბავშვთან ურთიერთობის სურვილიც არა აქვს. ეს განპირობებულია სიდუხჭირით, ალკოჰოლზე დამოკიდებულებით, ოჯახში ძალადობით. თუ ვხედავთ, რომ ბავშვი რისკის ქვეშ არის, ვცდილობთ ოჯახიდან გამოვიყვანოთ. შეიძლება ოჯახი ღატაკი იყოს, მაგრამ ბავშვზე ზრუნავდეს. იყო შემთხვევა, როცა პატარა ბიჭი დაობლდა, ბავშვთა სახლში იზრდებოდა, მაგრამ ის ბებიასთან დავაბრუნეთ. თუმცა ამას დიდი სკანდალი მოჰყვა, რადგან ბებია უკიდურეს სიდუხჭირეში ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, ბავშვი სულ მოვლილი ჰყავდა, არც კვება აკლდა, კარგად სწავლობდა და რაც მთავარია, ბებია სითბოს არ აკლებდა. იყო მეორე შემთხვევაც - რაიონში ერთ ოჯახს ორსართულიანი კეთილმოწყობილი სახლი ჰქონდა, მაგრამ იქ ბავშვის გაჩერება არ შეიძლებოდა, რადგან მამა აგრესიული იყო და დედაც სხვადასხვა ფორმით ძალადობდა შვილზე.

- აჭარაში აბაშიძეების ოჯახში დატრიალებულ ტრაგედიაში სოციალურ სამსახურებსაც ადანაშაულებენ. თქვენმა სამსახურმა რატომ არ გაუწია ამ ოჯახს დახმარება?

- ეს საქმე შესწავლის ეტაპზეა, მაგრამ უკვე გამოიკვეთა, რომ ბავშვი შიმშილით არ მომკვდარა. ოჯახის სხვა ბავშვები ნაშიმშილარის შთაბეჭდილებას არ ტოვებენ. არც მშობლებს ეტყობათ ეს. რა გამოდის, ოჯახის ოთხი წევრი იკვებებოდა და მხოლოდ ერთს აშიმშილებდნენ? ეს წარმოუდგენელია. ბავშვი გარდაიცვალა იმის გამო, რომ საკვებს ვერ ითვისებდა. მას სჭირდებოდა ექიმი, საავადმყოფოში დროული გადაყვანა. ჩვენი დანაშაული ის იყო, რომ სისტემამ ეს ბავშვი ვერ დაინახა. არ გვქონდა ინფორმაცია მის არსებობაზე, არავის მოუმართავს. ეს ევალება საკრებულოს, სამედიცინო პერსონალს, არის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც.

- თქვენმა სამსახურმა რატომ ვერ აღმოაჩინა ეს ოჯახი?

- ყველა ოჯახში სოციალურ მუშაკს ვერ დავსვამთ, ეს წარმოუდგენელია. გაიხსენეთ, როგორ მოხვდა ბავშვი საავადმყოფოში - სხვა პრობლემის მოსაგვარებლად საკრებულოს ხელმძღვანელი რომ არ მისულიყო, ისე მოკვდებოდა პატარა, ვერავინ გაიგებდა. მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიIმე იყო. ამას უყურებდნენ მშობლები და საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. ყველას გვყავს შვილები, ჩემს შვილს თუ არ მივხედავ, მე არ ვიქნები დამნაშავე? სოცმუშაკი საქმეში ჩაერთვება მაშინ, როცა ბავშვს არა ჰყავს მზრუნველი და მეურვე, ან როცა მზრუნველი ვერ უკმაყოფილებს მას საჭიროებას.

- გოგიტას მშობლები ამბობენ, რომ ფული არ ჰქონდათ და ამიტომ ვერ წაიყვანეს საავადმყოფოში. ვერც წამალს ყიდულობდნენ. 2008 წელს მათ 6 დღის ჩვილიც გარდაცვლიათ და  დღემდე არ იციან სიკვდილის მიზეზი. ისიც თავისი და-ძმის მსგავსად, შინ დაიბადა, ექიმთან არც კი მიუყვანიათ. არც გოგიტას დაბადებაზე გქონდათ ინფორმაცია, ეს ვისი ბრალია?

- მერწმუნეთ, ინფორმაცია რომ გვქონოდა, აბაშიძეები დახმარებას მიიღებდნენ. სოციალურად დაუცველებს თვეში 80-ლარიანი ვაუჩერი ეძლევათ, სანამ ბავშვი წლის გახდება. რომ მოემართათ, სასწრაფო დახმარებასაც აღმოვუჩენდით და კატასტროფის ბრიგადით თბილისშიც ჩამოვიყვანდით...

სიკვდილიანობა უფრო ხშირია ჩვილ ბავშვთა სახლებში, სადაც ბავშვები პათოლოგიებით შედიან. პრობლემაა ისიც, რომ ზოგჯერ ფეხმძიმეები ნაყოფის მოცილებას ცდილობენ. სოცმუშაკები ასეთ ქალებთან ბევრს მუშაობენ.

ბევრმა ჩვილი ნაგავში მიაგდო და ეს მაშინ, როცა უამრავი უშვილო რიგში დგას და პატარას ელოდება... ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა ჩვილი პატრულის დახმარებით წავართვით დედას.

მაგალითად, სამი მცირეწლოვანი რამდენიმე დღე უმეთვალყურეოდ ჰყავდა დედას შინ ჩაკეტილი. ქალი მეძავი იყო და რამდენიმე დღით იკარგებოდა სახლიდან. ჩვენ მის დაბრუნებას არ დავლოდებივართ, მეზობლების თანდასწრებით გამოვიყვანეთ ბავშვები.

როგორც შევიტყვეთ, ხელისუფლება ამ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას იწყებს. უკვე ცნობილია, რომ მშობიარობა და 9 თვის მანძილზე კონსულტაცია უფასო იქნება ორსულებისთვის. ახალი შრომის კოდექსის ძალაში შესვლასთან ერთად დარეგულირდება დეკრეტული შვებულების საკითხიც. დეკრეტული შვებულებით ისარგებლებს როგორც ქალი, ასევე მამაკაცი. იმედია, ჩვენი საზოგადოება აღარასოდეს შეიტყობს, რომ საქართველოში ჩვილი შიმშილით დაიღუპა!!!

თეა ხურცილავა