ანგელოზის ტყის საიდუმლო - კვირის პალიტრა

ანგელოზის ტყის საიდუმლო

ამბობენ, უთხოვრის ტყეში პატარა იესო იმალებოდა. ტოტებმა დაკაწრეს და ხეც მას მერე შეიღება წითლადო

როცა თავზე დავადექი, ბაწარას ტყის მცველი საარყე ქვაბს ჩაჰკირკიტებდა, მიწაზეც საარყე ვაშლი დაეხვავებინა, - კაცი გახურებული მუშაობდა და რა დროს მე ვიყავი, მაგრამ მიწაზე დაყრილმა ვაშლმა მიშველა, - იმდენი იყო და ისეთი ლოყაწითელა, რა გამაჩუმებდა, - ეს რა გიქნიათ, ქალაქელებმა რომ დაინახონ, გაგიჟდებიან, ასეთ ვაშლში იმდენ ფულს იხდიან... არ ჯობდა გაგეყიდა-მეთქი! აშირა აბაშიძემ ერთი კი ალმაცერად შემომხედა, მაგრამ მაინც მიპასუხა, - არაყი რა, ფული არ არის?

- პანკისის ხეობაში მითხრეს, რომ 30 წელიწადი იყავით ანგელოზის ტყის (ბაწარას ტყე) დარაჯი და იქიდან არც ქისტებსა და არც ქართველებს ამ ხნის განმავლობაში ჩხირი არ გაუტანიათ. საინტერესოა, იმ გახურებულ ყაჩაღობაში ტყე როგორ გადაარჩინეთ? აშირა ახალდაკვირტული თხილის ძირას ჩამოჯდა, "ბრეზენტის" ქუდი მოიხადა და დაიწყო...

- რელიქტური ტყეები იცი, რაც არი?

- როგორ არა, ნამარხი სახით შემორჩენილი უძველესი ტყეა, ზოგჯერ გაქვავებულ კირქვაზე აღბეჭდილ ფოთლებსაც კი პოულობენ. თუმცა ისიც შეიძლება, ხის ეს დამარხული ჯიში დღესაც ცოცხალი იყოს.

- აი, სწორედ ასეთია ბაწარას ტყე. აქ, ამ ხეობაში, მიწის წიაღში დაახლოებით 65 მილიონი წლის უთხოვარია გაქვავებული, მიწის ზედაპირზე კი 2000 წლისა და მეტის უთხოვრის ხელუხლებელი კორომებია. ბაწარას ტყის მსგავსი დედამიწაზე არ არსებობს. ეს მეცნიერებმა დიდი ხანია იციან და მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშიც შეაქვთ. კიდევ მილიონობით წელი გავა და ეს ტყე ისევ ამ ხეობაში იქნება. ამის გარანტიას მე კი არა, ისტორია და განგება იძლევა. განგებაა, აბა, რა არის, ცხოველებმა ყველაფერი გადაჭამეს, მაგრამ ბაწარას ტყეს  არ ეკარებიან, - ამ მცენარის წიწვებს ისეთი შხამი აქვთ, პირუტყვმა თუ მოკორტნა, იმწუთასვე მოკვდება. მაგრამ არა მგონია ცხოველები სულელები იყვნენ, ჩემი თვალით მინახავს, როგორ აუვლის ხარირემი უთხოვარს და გზას გააგრძელებს. ასე ინება განგებამ, რომ ეს ტყეები შენახულიყო.

- ადამიანის ხელს როგორღა გადაურჩა  - წითელი უთხოვარი ხომ უძვირფასესი საავეჯე მასალაა?

- ერთხელ ერთმა თუშმა გაბედა, ბაწარას ტყეში უთხოვარი მოჭრა და ერთ ცნობილ, ქართველების საყვარელ მეცნიერს მაგიდა გაუკეთა. დიდი სიხარულით წაიღო მაგიდა იმ კაცმა შინ, - ის ხომ იმდენად გამძლეა, რომ საუკუნეები შეენახებოდა შთამომავლობას, მაგრამ სულ მალე მეცნიერს სწორედ შთამომავალი, საყვარელი შვილიშვილი გაუხდა ავად. ბავშვს სად აღარ დაატარებდნენ და ვერაფერი უშველეს. მერე ოჯახს ვიღაცამ ურჩია, უთხოვრის მაგიდა მოაშორეთ, ყველაფრის მიზეზი ეგ არის, ქისტებმა და თუშებმა კარგად იციან, რატომაცო. - როცა ბავშვობაში ქრისტეს დევნიდნენ, გაქცეულა და უთხოვრის ტოტებში დამალულა, ტოტებს დაუკაწრავთ და ეგ ხეც მას შემდეგ გაწითლებულა. ალბათ, ანგელოზის ტყეც ამიტომ შეარქვეს. წლების წინ რამდენიმე ქისტმაც სცადა და უთხოვარს ნაჯახი დაარტყა, მაგრამ მას შემდეგ ისეთი ამბავი დატრიალდა მათ ოჯახებში, ტყესაც თავი მიანებეს და იქაურობასაც.

ერთხელ კბილებამდე შეიარაღებული მხედრიონელები შემოცვივდნენ ტყის მოსაჭრელად. ფეხებმა თითქოს თავისით გამარბენინა. ვერ მოჭრით, სასჯელი არ აგცდებათ-მეთქი და ამ ტყის საიდუმლო მოვუყევი, უსიტყვოდ დაუშვეს ავტომატები და თავქვე დაეშვნენ...

- თქვენ თუ გიგრძნიათ ამ ტყის მაგია?

- მაგია არ ვიცი, მაგრამ ტყეს რომ ვყარაულობდი, სწორედ ის წლები იყო, როცა მეც სხვასავით ლუკმაპური მიჭირდა და სიმწრით ვფიქრობდი, ჩემი შვილები მშივრები არიან, რა მოხდება, უთხოვარი თუ არა, წაბლი, წიფელა მაინც გავყიდო და ბავშვებს პური ვუყიდო-მეთქი, მაგრამ თითქოს სასწაული ხდებოდა - განგებას ჩემი შვილების გაწირვა არ უნდოდა და ლუკმაპურს რაღაცნაირად გვიგზავნიდა. მერე ვიდექი და ამ ანგელოზის ტყეს პატიებას ვთხოვდი. რა საჩუქარი მოგვცა განგებამ, ამას ვერ მივხვდებით ბოლომდე.

ერთხელ ერთმა თანამდებობის პირმა უცხოელი სტუმრები მოიყვანა და მთხოვა, ოღროჩოღრო გზებით ნუ ატარებ, სწორ გზაზე გაატარეო. ვუთხარი, როგორც უნდა ვატარო, მაინც 2000 წლის უთხოვართან მივალთ და მაინც ქედი უნდა მოვიხაროთ მის წინაშე, როგორც ნაპოლეონი იდგა პირამიდების წინ და ქედს უხრიდა-მეთქი, - ჯარისკაცებო, ამ პირამიდებიდან 2000 წელიწადი გადმოგყურებთ და აბა, თქვენ იცითო.

ჩვენც 2000 წელიწადი გადმოგვყურებს ბაწარას ტყიდან და აბა, ჩვენ ვიცით!

უთხოვარი

უთხოვარი 1,5მ-მდე დიამეტრსა და 20-32 მეტრ სიმაღლეს აღწევს. ულამაზესი წიწვოვანი ხეა. მაისში ყვავის, ხოლო ოქტომბერში წითელი ალუბლისტოლა ხორციანი ნაყოფით იფარება. საკვებად ვარგისია როგორც რბილი თესლი, ასევე გულიც, რომელიც ზეთს შეიცავს. ნაყოფს სიამოვნებით მიირთმევენ ჩიტები. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ უთხოვრის თესლმა აუცილებლად ჩიტის კუჭში უნდა გაიაროს, რათა მიწაში მოხვედრის შემდეგ აღმოცენდეს.