როკის გვირაბიდან ერგნეთამდე ქართველთა მიწას მხოლოდ როკი სდარაჯობს - კვირის პალიტრა

როკის გვირაბიდან ერგნეთამდე ქართველთა მიწას მხოლოდ როკი სდარაჯობს

"შვილიშვილს წელზე თოკი გამოვაბი, რომ ბუქსირივით მეთრია"

"სოფლიდან რომ გამოვდიოდი, უკან მივიხედე და უზარმაზარი ღრუბელი იდგა სოფლის თავზე, სახლები იწვოდა"

დიდი ლიახვის ხეობაში, სოფელ აჩაბეთში, ალექსი ჩლაიძის სახლის ნანგრევებს დღემდე სდარაჯობს გერმანული ნაგაზი როკი. როგორც ჩანს, ძაღლი იმედს არ კარგავს, რომ პატრონები დაბრუნდებიან. ქართველთა მტრისა და მოყვრის გარჩევა იმდენად კარგად უსწავლია, რომ საჭმელი რომ მიუტანო, იმასაც კი არ გაეკარება, თუ მოწყალების გამღებში პატრონის მოკეთეს ვერ ამოიცნობს. ომი რამდენიმე თვის დასრულებული ყოფილა, როდესაც ჩლაიძეებს თბილისელი, ეროვნებით ოსი მძღოლი გაუცნიათ. ის კაცი როგორღაც მაინც ახერხებდა თბილისსა და ცხინვალს შორის მიმოსვლას. მისთვის უთხოვიათ, ეგებ აჩაბეთში შეიარო და ამა და ამ მისამართზე მიხვიდეო. იმედი ჰქონდათ, თუ ძაღლი ცოცხალი იქნებოდა, ტაქსის მძღოლი მის წამოყვანას შეძლებდა. თუ არადა, ერთი დიდი ტომარა საჭმელი მიუციათ ერთგული მცველისთვის. ძაღლი მოწყენილი იწვა თურმე ნაჭიშკრალთან. უცნობის დანახვაზე, თავი ზანტად აუწევია,  ტაქსისტს საბარგულიდან ტომარა ამოუღია, ძაღლს ერთი კი დაუყნოსავს და ალერსიანი წკმუტუნით ჩაცუცქულა. ტაქსისტს უფიქრია, რახან ასე კარგად შემხვდა, დავიჭერო, მაგრამ ძაღლს ერთი შეუღრენია და ნანგრევებისკენ წასულა. თითქოს ამბობდა, აქაურობას უპატრონოდ ვერ მივატოვებო. მოგვიანებით, ის ტაქსისტი ვლადიკავკაზში ოს ყაჩაღებს მოუკლავთ, საქართველოში რატომ ცხოვრობო. 82 წლის ალექსი ჩლაიძე კი გამუდმებით ფიქრობს თავის გერმანულ ნაგაზზე, ვერ წამოვიყვანეო, - დარდობს. არადა, თვითონაც რომ ცოცხალი გამოსულა ალმოდებული სოფლიდან, ეგეც ნამდვილი სასწაულია.

KvirisPalitra.Geალექსი ჩლაიძის თქმით, რუსებმა ჯერ კიდევ 7 აგვისტოს შეუტიეს მის სოფელს: "ამის შემდეგ ყველა დღე ერთმანეთს ჰგავდა, ისმოდა აფეთქებები, იწვოდა სახლები. წყალი სულ მზად მქონდა სათლით, რომ თუ სახლის სახურავს ხანძარი მოედებოდა, ზედ მიდგმული ხის კიბით სწრაფად ავსულიყავი და ჩამექრო. თან იმასაც ვფიქრობდი, ვაითუ, სნაიპერმა დამაჭედოს ტყვია-მეთქი. სიცოცხლეს კი არ ვჩიოდი, შინ ჩაკეტილი ავადმყოფი ბალღი მეცოდებოდა, სრულიად მარტო რომ უნდა დარჩენილიყო. პირველი ბანდა რომ შემოლაგდა სახლში, რუსულ-ოსურ-ქართულით მელაპარაკნენ. აქ რას აკეთებ, სიკვდილის არ გეშინიაო? ისედაც მოხუცი ვარ და თუ მაინცდამაინც ცოდვის ჩადენა გინდათ, მესროლეთ-მეთქი. მერე ჩემს ავადმყოფ შვილიშვილთან მივიდნენ. ერთმა პირთან მიუტანა ლულა, მეორემ ფერდზე მიაბჯინა. ბავშვმა ხელი მოჰკიდა ლულაზე და გვერდზე გასწია. აი, მაშინ ავკანკალდი, ვთხოვე, ყრუ-მუნჯია და დავრდომილი, ისევ მე მომკალით და მაგას შეეშვით-მეთქი. ერთმა რაცია ამოიღო და მეუღლეს დაელაპარაკა ოსურად. მერე მომიბრუნდა და მითხრა, ცხინვალში უნდა წაგიყვანოთო. ამ ბავშვს სიარული არ შეუძლია და წაყვანაში დამეხმარეთ-მეთქი. თავი დამანებეს და წავიდნენ. მერე ყაჩაღების მეორე პარტია მოვიდა, ავეჯი უნდა წავიღოთო, ისე მითხრეს, თითქოს, უარი რომ მეთქვა, არ წაიღებდნენ. მანამდე მეზობლის, გოდერძი ბაბუციძის სახლი გაძარცვეს, დატვირთეს მანქანა და მერე სახლს ცეცხლი წაუკიდეს. ის იყო, მძარცველები გავისტუმრე, კიდევ ერთი გუნდი მოგვადგა, როცა სახლი გაძარცული ნახეს, ყვირილი დამიწყეს, ავეჯი ვინ წაიღო, იმის დედაო. იმ ყაჩაღს არაადამიანური, წაშლილი სახე ჰქონდა, ბაღის მიმართულებით სრულიად უმიზეზოდ გაუშვა ავტომატის ჯერი. მერე მომვარდა და ავტომატის ლულა პირში ჩამიდო, თან შემაგინა. ლულამ ტუჩიც გამიჩხაპნა, მეორემ დამინახა, სისხლი რომ წამომივიდა და ოსურად უთხრა მოძალადეს, დაანებე თავი, მოხუციაო. მეოთხე დღეს სიკვდილიც მოგვადგა კარს. ვარდიკო კოპაძე ჩამოვიდა ტირილით, ქმარი მომიკლესო. ჟორა ჩემი მეგობარი იყო, უბნის თავში ცხოვრობდა. ზეწრებში გავახვიეთ საწყალი ჟორა და ასე ვაპირებდით მიწისთვის მიბარებას. არ დამცალდა. იქვე, მეზობლის გაძარცულ სახლში ყაჩარები ქეიფობდნენ თურმე, ხმა რომ გაიგონეს, გახსნეს ავტომატის ჯერი. როგორც იქნა, სახლამდე მივაღწიე. აკანკალებულმა დავხედე შვილიშვილს, მეშინოდა, ხომ არ მომიკლეს-მეთქი. მეხუთე დღეს ერთმა ოსმა ბოევიკმა ჩამოიარა, აქო სამ თვეს პური აღარ იქნება და როგორ უნდა გაძლოთ, რუსი მაშველები დადიან, მანქანაზე დაგსხამთ და წაგიყვანთ გორშიო. მოკლედ, მოგვიწოდა ჩვენი მიწა დაგვეტოვებინა. მე კი დასამარხი მყავდა ჟორა და კიდევ საწყალი ნოდარა, ისიც მოუკლავთ მისივე სახლში... როგორც იქნა, მე და ჩემსავით ბებერმა კუკურამ მიწას მივაბარეთ... მერე ჩემი შვილიშვილი გამოვიბი თოკით წელზე, თუ დამივარდება, ბუქსირივით მაინც გავათრევ-მეთქი. მარტო ვერ დავტოვებდი ბავშვს, არადა, ხელს არ მაკიდებინებდა სატარებლად და სხვა გზა არ მქონდა, თოკით უნდა მეთრია. გამოვიყვანე ჩემი მოხუცი მეზობლებიც: ნადია, დაყრუებული კუკურა ოთინაშვილი, ვარდიკო, ნუნუ და გამოვედით გზაზე. მალევე შეგვხვდა ერთი ლურჯზოლებიანი მიკროავტობუსი. კეხვისკენ წავიდა, იქაც თუ ვინმე იყო დარჩენილი, წამოიყვანეს. მერე ცხინვალში სამხედრო "გარადოკში" დაგვაბინავეს. დილით კი ავტობუსით გორში გამოგვისტუმრეს.

ასე დაიწყო ჩვენი დევნილობა საკუთარ მიწაზე. მას აქეთ ფიქრით სულ ჩემს სახლში ვარ. როდესაც სოფელი სრულიად დაცარიელდა, აღარც ძაღლი ყეფდა, აღარც საქონელი ბღაოდა, აღარც ჩიტი დაფრინავდა, შიშმა შემიპყრო, ეს არ იყო სიკვდილის შიში, რაღაც სხვა იყო. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ცარცით ბეტონის კედელზე მივაწერე, ნეტავი კიდევ მაჩვენა ჩემი შვილთაშვილი-მეთქი. სოფლიდან რომ გამოვდიოდი, უკან მივიხედე და უზარმაზარი ღრუბელი იდგა სოფლის თავზე. გეგონებოდა გაეკრიჭათ სოფელი, სახლებს სახურავები აღარ ჰქონდა. მშვიდობით, სახლ-კარო, მიწა-წყალო-მეთქი, ესღა ჩავილაპარაკე.

ახლა ალე პაპა კოდაში, საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე ცხოვრობს. ეზოში დიდი ბოსტნის გაკეთებას აპირებს. საუბრის დასასრულს ისევ თავისი გერმანული ნაგაზი გაიხსენა. ოსი ყაჩაღები თურმე მოკვლას უპირებდნენ. წინ გადასდგომია პაპა, რას ერჩით, ჯიშიანი ძაღლია, რა დაგიშავათ, თუ მოგწონთ, წაიყვანეთო. მოკვლა გადაუფიქრებიათ, მაგრამ კისრიდან ძვირფასი ტყავის საყელური შეუხსნიათ და წასულან. როგორც ჩანს, როკის არ ავიწყდება ის ავბედითი დღე და რახან როკის გვირაბიდან ერგნეთამდე ქართულ მიწას მცველი აღარ ჰყავს, პატრონის დაბრუნების იმედით ახლა ის იცავს აოხრებულ კარმიდამოს...