"ქართველების მიტოვებულ სახლებში ვერ შევალ"
08-04-2013
"ქართველების მიტოვებულ სახლებში ვერ შევალ"
დევნილის ჩანაწერები

ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, ტკივილი ისეთივე მძაფრია, როგორც იმ დღეს, აფხაზეთი რომ დავტოვე. ოცი წელი დევნილობაში მძიმე ტვირთად იქცა. დროდადრო  ფიქრი ისევ ჩემს აფხაზეთში მაბრუნებს და  მონატრებაც უფრო და უფრო მიმძაფრდება.

დაბრუნებული ბიბლია

ცამეტთვიანი ომი ქართველთა მარცხით მთავრდებოდა.  უსწრაფესად უნდა დაგვეტოვებინა იქაურობა. სახლის გამოკეტვამდე წიგნების თაროები ავათვალიერე, ბიბლიას (სიმძიმის გამო) ვერ წავიღებდი, ვერც სხვა წიგნი შევარჩიე, ფიქრის დრო არ იყო - სროლები გახშირდა. გავრბოდით. ჩემი ბიბლია, სხვა წიგნებთან
ერთად სოხუმში დარჩა და ქართველთა მიტოვებულ სახლებს, პირად ნივთებთან ერთად, უცხონი დაეპატრონნენ.
ომის წლისთავზე აფხაზებმა სოხუმში ქართული წიგნები კოცონზე დაწვეს.
ომის დამთავრების შემდეგ აფხაზების უმრავლესობა სოხუმში არ დაბრუნებულა. "ახალ სოხუმელებად" გაუკაცრიელებული მთიანი სოფლების მოსახლეობა იქცა. ომში "დამსახურებისთვის" ერგოთ სოხუმელობა "ბოევიკებსაც".

ჩემი სახლის ახალმა მეპატრონემ, აფხაზმა
ქალბატონმა,  ომიდან ოცი წლის შემდეგ ღვთის სათნო საქციელით გამაკვირვა!.. სოხუმში დარჩენილმა ბიბლიამ აფხაზ ქალს სახარებისეული სიბრძნის აღსრულება შეაძლებინა - "გიყვარდეთ თქვენი მტერნი" (სახარება მათესი)! სხვანაირად ვერაფრით ავხსნი მის კეთილგანზრახვას, რომელმაც მოსკოვში,  ჩემს ვაჟიშვილს მიაგნო და ოცი წლის შემდეგ წმინდა წიგნი პატრონს დაუბრუნა!..
არასოდეს მიგულებია აფხაზი ხალხი ქართველების მტრად (ვწუხვარ, რომ ისინი ფიქრობენ ასე), მაგრამ ადვილი როდია, მოყვრად მიიჩნიო უცხო ადამიანი, ვინც შენს კარ-მიდამოში დაიარება, ვინც შენს ნივთებს დაჰპატრონებია, ვისაც შენს ქვეშაგებში სძინავს...

რადგანაც მე მზად ვარ მიტევებისთვის, მინდა ასე ვთქვა: ქართულწარწერებიან წიგნებთან თანაცხოვრება (თანაც ხანგრძლივად) არც ისეთი ადვილი იქნებოდა აფხაზისთვის, რომელსაც ქართველთა ტყვიით სისხლისმიერი ნათესავები დაღუპული ეყოლებოდა ომში!.. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მივუტევებთ ერთმანეთს!..

უსახლკარო აფხაზი

აფხაზ ქალბატონს, მარინა ბენიას, თბილისში შევხვდი. ისეთი მშვიდი მეჩვენა, თითქოს ომის ქარტეხილებს მის თავზე არ გადაევლოს. ომამდე გაგრაში უცხოვრია. მის ქართველ მეუღლეს აფხაზებმა ომში ჩაბმა არ აპატიეს და გაგრის დაცემისას, ჟოექვარასთან, ავტობუსში ჩაწვეს. მეუღლის ნათესავებთან თბილისში გამოხიზნულმა მარინამ აქ დიდხანს ვერ გაძლო და შვილებითურთ გაგრაში დაბრუნდა (ალბათ, დამწვარი ფუძე-კერა აღადგინა-მეთქი, ვიფიქრე ჩემთვის). როდესაც ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილი ვკითხე, პასუხმა გამაოგნა: - მეუღლის საფლავზე გასვლის უფლება არ მაქვს (აფხაზებმა შეიძლება ზედ დამაკლან), არც სახლ-კარის აღდგენისა. ქართველების მიტოვებულ სახლებში კი... ვერ შევალ!.. მეუღლის ქართულ გვარს ვატარებ და დღემდე ნაქირავებში ვცხოვრობ. ეს ჩემი პროტესტია! - თქვა და გაჩუმდა.

ომს, მეხთატეხას და ომზე არანაკლებ მძიმე, ომის შემდგომ წლებს გამორიდებული, გადარჩენილი ფასეულობა ალმასის დიადემასავით ამშვენებდა მარინას, ქართველთა დანატოვარი სახლებით სავსე ქალაქში უსახლკარო აფხაზი ქალბატონი იდგა ჩემ წინ თავადაც სიმაღლე!

ნეტავ, ყველანი აფხაზეთში დავბრუნდეთ!

თერთმეტი წლის საბა ჩიხლაძე სოხუმელია, თბილისში დაბადებული და გაზრდილი. ნუცუბიძის პლატოზე, სასტუმრო "აკადემიურში"  მშობლებთან ერთად ციცქნა ოთახში ცხოვრობსI. იმ დღეს შინ ვეწვიე. მე და დედამისი ოთახში ვისხედით და როგორც ყოველთვის, ომამდელი სოხუმის ამბებს ვიხსენებდით. ის კი ფანჯარასთან იდგა და დაორთქლილ მინაზე რაღაცას წერდა. საბა სიტყვაძუნწია, ფიქრებს იშვიათად გამოხატავს ხმამაღლა. მერე, გვიან, ფანჯარას რომ მოსცილდა.  მისი ფიქრები ასე "გახმიანდა":
"ნეტავ მქონდეს ბევრი ოთახი და ერთი იყოს ჩემი!"..
"მამაჩემს ჰქონდეს 1.000 ლარი ხელფასი"...
"ლიზა ბებო გამოჯანმრთელდეს და კარგად იყოს"...
დაბოლოს, იმ სანეტარო სურვილს, რომელსაც უფროსები ხშირად ხმამაღლა ამბობენ, საბა მხოლოდ ქაღალდს უმხელს:
"ნეტავ,  ყველანი აფხაზეთში დავბრუნდეთ!.."

უღმერთო წარსულიდან


ომამდე, სარედაქციო დავალებით, სოხუმის რაიონის სოფელ კომანის მოხუცთა და ინვალიდთა თავშესაფრისაკენ მივემგზავრებოდი. ავტობუსში ჩემი თანამგზავრი, შავოსანი ქალი წუხდა: კომანის ეკლესიას სახურავი აქვს შესაცვლელი, ახლომახლო სოფლებში ჩამოიარეს, მაგრამ შესაწირი თანხა არავინ გაიღოო...
"საზრუნავმოძალებულებს" ტაძრისთვის შესაწირი თანხა არასდროს გვრჩებოდა!.. არც ის ვიცოდით, რომ კომანი მსოფლიო მნიშვნელობის ერთ-ერთი წმინდა ადგილი იყო, სადაც მოღვაწეობდა მსოფლიოს უდიდესი მნათობი, წმინდა იოანე ოქროპირი. აქ იპოვეს მესამედ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავი, აქ ეწამა წმინდა ვასილისკო.
1993 წლის 5 ივლისს, პეტრე-პავლობის მარხვის დღეებში, შეიარაღებულმა მოძალადემ სიცოცხლეს გამოასალმა წმინდა იოანე ოქროპირის ტაძრის წინამძღვარი, 27 წლის მღვდელ-მონაზონი ანდრია (ყურაშვილი). აფხაზეთს და სრულიად საქართველოს კრავივით შეწირული  ღვთისმსახურის უმაკო სისხლი გახდა იმისთვის საჭირო(!), რომ უღმერთო წარსული გაგვეაზრებინა, კომანი წმინდა ადგილად გვეცნო.

ამას წინათ, აფხაზეთიდან ჩამოტანილი (მოყვარულის კამერით გადაღებული) ვიდეოფირი ვნახე. სოფელი შრომა იყო ფირზე აღბეჭდილი: ტყედქცეული, ოდესღაც აყვავებული სოფელი, გადამწვარი სახლებით და ორსართულიანი კედლების სიმაღლეზე ამოსული უშველებელი ხეებით. ერთი რამ მენიშნა ფირის ნახვისას:
არც ერთ სახლს სახურავი არ ჰქონდა!!! ომამდელი აფხაზეთი და ჩემი თანამგზავრი შავოსანი ქალი გამახსენდა, ღვთისმოშიშსა და მორწმუნეს ტაძრის სახურავში ჩამავალი წვიმის წვეთები რომ უმძიმებდა სულს!.
TAmo
12 აპრილი 2013 14:55
საქართველოს ტკივილი არ განელდება,სანამ აფხაზები და ქართველები ერთმანეთის დაღვრილ სისხლს არ მოინანებენ, ერთმანეთს ისევ არ შეეკვრებიან , და სანამ არ მიხვდებიან რომ მათი მოძმე მხოლოდ ქართველია და არ რუსი, სომეხი და ჩეჩენი. ნეტავ მალე დადგეს ეს დღე და მალე გაბრწყინდეს საქართველო
9giorgi
10 აპრილი 2013 06:10
"ომს, მეხთატეხას და ომზე არანაკლებ მძიმე, ომის შემდგომ წლებს გამორიდებული, გადარჩენილი ფასეულობა ალმასის დიადემასავით ამშვენებდა მარინას, ქართველთა დანატოვარი სახლებით სავსე ქალაქში უსახლკარო აფხაზი ქალბატონი იდგა ჩემ წინ თავადაც სიმაღლე!"

აქ ავტირდი
9giorgi
10 აპრილი 2013 06:06
ia ძალიან კარგადაა დაწერილი და ზუსტად ასე უნდა ეწეროს! ამ გაზეთს კიდე სტილის შეცვლა და გადაჯიშება არ ჭირდება, ეს დიდი გაზეთია.

ng არა არ გამოჩნდება, არასოდეს. არცერთი პოლიტიკოსი არ შეიმოსება მაგ დიდების მანტიით - ეს უდიდესი და უწმიდესი საქმეა. წმიდათაწმიდა.





რედაქტორის რჩევით