საქართველოში დღეს არის მოსე - საქართველოს ეკლესია, მაგრამ ისუ ნავეების დეფიციტია
08-04-2013
საქართველოში დღეს არის მოსე - საქართველოს ეკლესია, მაგრამ ისუ ნავეების დეფიციტია
"ქართველმა ერმა კარგად უნდა შეაფასოს, რა მოხდა 2003 წელს"

"ღმერთმა ქნას, ბიძინა ივანიშვილმა ამ ტვირთის ზიდვა შეძლოს"

საქართველოში ისუ ნავეების დეფიციტია

"საზოგადოება მიდრეკილი არ არის ობიექტური ანალიზისკენ"

"როდესაც სიკეთისგან რაღაც ადგილი თავისუფლდება, იქ ბოროტება იკიდებს ფეხს"

"მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამას"

"ქართველი ერი ვალდებულია, აიღოს პასუხისმგებლობა და შეაფასოს, რა მოხდა 2003 წლის ნოემბერში", - გვითხრა "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე მამუკა გიორგაძემ:


- 10 წლის შემდგომ, როდესაც
ცოცხლები არიან ამ მოვლენის მონაწილეები და ჩვენც გვახსოვს, რაც მოხდა, მაინც არ ვიცით, როგორ შევაფასოთ ეს მოვლენა. არა მარტო 10 წლის წინ მომხდარზე, ქართველი საზოგადოება იმაზეც არ არის შეთანხმებული, რა მოხდა 1917 წელს. ამიტომაც ზოგს საბჭოთა კავშირი ენატრება და ზოგს კი ზარავს მისი ხსენება. საზოგადოება
მიდრეკილი არ არის ობიექტური ანალიზისა და დასკვნების გაკეთებისკენ, რომელიც საზოგადოების კონსენსუსით იქნება მიღებული.

დამოუკიდებლობა ისე მოვიპოვეთ, რომ არ გაგვისაზღვრავს, რა არის დამოუკიდებლობა და რას აძლევდა ის ჩვენს ერსა და ქართულ სახელმწიფოს. ეს კი იმას ჰგავს, ექიმმა მკურნალობა დიაგნოზის დაუსმელად დაიწყოს.

ქართველი საზოგადოება არ არის ერთიანი შეფასებაში, თუ რა მოხდა 2003 წელს და რაკი ამაში არა ვართ ერთიანი, ვერც მომავალში ვიქნებით. ჩემი აზრით, ის, რასაც  "ვარდების რევოლუცია" დაერქვა, იყო შევარდნაძის რეჟიმის გადაბარება ახალი მმართველობისთვის და ეს ყველაფერი დამაჯერებელი სცენარით მოხდა. ამ სპექტაკლში ხალხი ანტურაჟად გამოიყენეს. შედეგად კი მივიღეთ შევარდნაძის კურსის გაგრძელება და გაბითურებული ქართველი ხალხი. გაბითურება გაცილებით ადრე, 1999 წლის არჩევნების არნახული გაყალბებით დაიწყო, როდესაც ეროვნული ძალა, რომელიც ფუნდამენტურ საკითხებს სვამდა, ფაქტობრივად, თამაშგარეთ დატოვეს.

- მოაზროვნე ადამიანები ხშირად პარალელს ავლებენ 40 წლის განმავლობაში მოსეს მიერ ებრაელი ხალხის უდაბნოში ტარებასა და ჩვენი ქვეყნის ისტორიას შორის.
- სინამდვილეში, მოსემ ებრაელი ხალხი აღთქმულ ქვეყნამდე 2 წელიწადში მიიყვანა და 12 ტომიდან თითო წარმომადგენელი გაგზავნა "დაზვერვაზე". 12-დან 10-მა თქვა, ამ ქვეყანაში ისეთი ძლიერი ხალხი ცხოვრობს, რომ შევიდეთ, დაგვხოცავენ და სჯობს, მონობაში დავბრუნდეთო. მხოლოდ ორმა კაცმა თქვა, - უფლის რწმენით წავიდეთ წინ და აღთქმული ქვეყანა ჩვენი იქნებაო, მაგრამ ეს საკითხი ისე გადაწყდა, როგორც უმრავლესობა ითხოვდა. ამის მერე იხეტიალეს მოსემ და მისმა ხალხმა 38 წელი უდაბნოში, სანამ არ გაჩნდა და ჩამოყალიბდა თავისუფლებაში დაბადებული თავისუფლებისმოყვარე თაობა. სანამ ეს ხალხი რწმენით არ გაძლიერდა, მანამ ვერ შევიდა აღთქმულ ქვეყანაში, მაგრამ აღთქმულ ქვეყანაში მოსემ კი არა, ისუ ნავემ შეიყვანა, რომელიც იარაღით გაუძღვა წინ.

ქართველები მოსეს მაგალითს მოვიხმობთ და ის გვავიწყდება, რომ ჩვენი ურწმუნოების, ცოდვებისა და თავდაუჯერებლობის გამო ვერ ვაშენებთ ჩვენს აღთქმულ ქვეყანას.


საქართველოში დღეს არის მოსე - საქართველოს ეკლესია, მაგრამ საქართველოში ისუ ნავეების დეფიციტია, რომელიც ქართველ ერს რწმენით შეიყვანს აღთქმულ ქვეყანაში. ჩვენს უგერგილობას იმით ვფარავთ, რომ გავიძახით, 40 წელი ჯერ არ გასულაო და ისიც არ ვიცით, საიდან ვიწყებთ ამ წლების ათვლას. ზოგმა ამ პერიოდს (შევარდნაძისა და სააკაშვილის მმართველობის) ანტიმოსეს პერიოდი უწოდა, მაგრამ წმინდა მამების სწავლებას თუ დავუჯერებთ, ანტიმოსე არ არსებობს, რადგან ბოროტს არსი არა აქვს და ბოროტი სიკეთის ნაკლებობაა.

დამნაშავეები ჩვენ ვართ, რომ დავტოვეთ ადგილი ანიტიმოსესა და ბოროტისთვის. დამნაშავეები ჩვენ ვართ, ქართველი საზოგადოება და უფრო ნაკლებად დამნაშავე არიან შევარდნაძე იქნება თუ სააკაშვილი.

რადგან მათ იმ ადგილზე მოიკიდეს ფეხი, რაც ქართველმა საზოგადოებამ დათმო, რაც მათ დაუტოვეს. ეროვნული მოძრაობის დროს სააკაშვილს ვინ დასვამდა მათ შორის, რომლებიც მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტდნენ. მახსოვს, ჯერ "ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში" და მერე "ქარტია 91"-ში არაფრით გამორჩეული ერთი კომიკური ფიგურა იყო, მაგრამ ჩვენ შეცდომა დავუშვით, როდესაც მისთვის დავტოვეთ სივრცე. სააკაშვილს ჩვენ კი არ დავუმარცხებივართ, თავის სივრცეში, "მოქალაქეთა კავშირში" მოიგო შიდა ბრძოლა ბურჯანაძესთან, ჟვანიასა და სხვებთან.

როდესაც სიკეთისგან რაღაც ადგილი გათავისუფლდა, ბუნებრივია, იქ ბოროტება მოიკიდებდა ფეხს. ჩვენ დავუთმეთ სივრცე სააკაშვილს და 9 წლის განმავლობაში შედეგიც ვიწვნიეთ.
საკუთარი უნიათობა რომ გავამართლოთ, ვიგონებთ ლეგენდას, რომ სააკაშვილს გარე ძალები დაეხმარნენ, მოიყვანეს ხელისუფლების სათავეში და დაეხმარნენ ქართველ ხალხთან ბრძოლაშიო. რაკი მისტიკისკენ ვართ მიდრეკილი, ლოცვად დავდგეთ და უფალს ვთხოვოთ ძალა ბოროტებასთან საბრძოლველად. რომელი გარე ძალა დაგვამარცხებს, თუკი უფალთან ვიქნებით? ვინ შეიძლება მოგერიოს, როდესაც შენთან მაცხოვარია? ჩვენ მაშინ მოვიგებთ, როდესაც იმ საქმეში ვიქნებით, სადაც მაცხოვარია.

ღმერთმა ადამიანი თანამოზიარედ შექმნა. უფალი გვეუბნება, - მოინდომე მაღლა ახტომა და თუ გამარჯვებას იმსახურებ, მე აგიყვან საჭირო სიმაღლეზეო. როგორ იმარჯვებდა საქართველო ურიცხვ მტერთან ბრძოლაში? ვახტანგ გორგასალი ამბობდა, თუ გინდათ, სიცოცხლე და დიდება, ეძებეთ ქრისტესთვის სიკვდილიო. მან ხომ თავის თავზე გამოცადა უფლის ძალა და ამან ათქმევინა ეს სიტყვები. ვახტანგ გორგასალი ბრძოლაში რომ ჩაება, თქვა, "არა მინდობილ ვარ მე ძალისად ჩემისად და სიმხნისა ჩემისად, არამედ... სამებისა ერთარსებისა" და გაიმარჯვა. დავით წინასწარმეტყველს გოლიათთან ბრძოლაში ხომ ღვთისადმი მინდობამ გაამარჯვებინა. დიდგორის ბრძოლის წინ დავით აღმაშენებელმა ქართველებს შეუძახა, მეომარნო ქრისტესიანნო, თუ სარწმუნოებით ვიბრძოლებთ, არათუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევარს, თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთო. ამას გვეუბნებოდა ილია ჭავჭავაძე და ამას გვეუბნება ჩვენი წარმმართველი ეკლესია და კათოლიკოს-პატრიარქი, როდესაც მიგვითითებს, მთავარი სამი რამ არის: ღმერთი, სამშობლო, ადამიანიო. ჩვენი რეალური და მისტიკური გონის მატარებელი წინამძღოლები მიგვითითებენ, რა გზითაც უნდა წავიდეთ.
1987 წელს საქართველოს ეკლესიამ წმინდანად შერაცხა ილია ჭავჭავაძე და ეს არის მისტიკა. კომუნისტების დროს, როდესაც ეროვნული მოძრაობა აბობოქრებას იწყებდა, ეკლესიამ მიმართულება მოგვცა, რომ ილიას გზით გვევლო.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეკლესიამ გვითხრა, საზოგადოებრივი მოღვაწეობის გზით არათუ ცხონება, წმინდანობაც შეიძლებაო. უნეტარესსა და უწმინდესს ჩვენთვის, ტაძარში მყოფი სტიქაროსნებისთვის არ უთქვამს ეს ამბავი წინასწარ. ვინმეს წმინდანად შერაცხვა მხოლოდ ადამიანის მოფიქრებული არ არის. თუ გამოცხადება და სხვა მისტიკური სასწაულები არ მოხდა, წმინდანად ეკლესია არავის შერაცხავს. ესე იგი, ეს ყველაფერი იყო... სხვანაირად პატრიარქი და სინოდი ვერ გადადგამდნენ ამ ნაბიჯს. მისტიკა ის იყო, რომ ერი აღმავლობის გზაზე მიდიოდა და ეკლესიამ მიმართულება მოგვცა. ეროვნული მოძრაობის დროს ეკლესიამ თავისი მისტიკური სიტყვა თქვა და ასეთ დროს ჩვენი შეკავება როგორ შეიძლებოდა?! ამაზე მეტს რას იზამდა ეკლესია?! კარგი იქნება, ბიბლიური სიუჟეტების პარალელები დავინახოთ ჩვენს ყოფაში.

- თქვენი აზრით, სწორია თუ არა ის გზა, რომელსაც ახლა დავადექით?
- ღმერთმა ქნას, ბიძინა ივანიშვილმა ამ ტვირთის ზიდვა შეძლოს. ამისათვის მას  დიდი რწმენა და ჭეშმარიტებასთან ისეთი მიმართება უნდა ჰქონდეს, რომ თვითონ გახდეს ორიენტირი. თუმცა ჯერჯერობით "ქართულ ოცნებასა" და მის ლიდერს არა აქვთ გამოცხადებული, საით მივდივართ. მხოლოდ ის ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილი ისეთი სახელმწიფოს აშენებას აპირებს, რომ ევროპას გავაკვირვებთ. სამწუხაროდ, არ ვიცით ამ რეფორმის საბოლოო მიზანი...

- პოლიტიკა და რელიგია ათეისტურ  საბჭოთა სისტემაშიც თანაარსებობდა. გავიხსენოთ თუნდაც ომის წლებში პატრიარქის ინსტიტუტის აღდგენა რუსულ ეკლესიაში.
- ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, სტალინი სემინარიაში იყო გაზრდილი. შესაძლოა დიდი რწმენა არ ჰქონდა, მაგრამ იცოდა, რა ძლიერია მართლმადიდებლობა, როგორი შემკრები და გამაერთიანებელი რელიგიაა. საინტერესო ის არის, რომ მეორე მსოფლიო ომში ერთმანეთს პოლიტიკურად დაეჯახა არა მარტო ორი დიდი იმპერია, არამედ დაჯახება მოხდა მისტიკის სფეროშიც. ჰიტლერს ტიბეტელი ოკულტისტები აძლევდნენ რჩევებს. ჰიტლერი ყველა ქმედებას მათ უთანხმებდა. ტიბეტელი სასულიერო პირები ოპერაციების დაგეგმვაშიც კი მონაწილეობდნენ. სტალინმა ეს გაიგო და მოუხმო იმ ძალას, რომელიც იცოდა, რომ გაამარჯვე-ბინებდა. ამის გამო იყო, რომ ყაზანის ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანეს მუზეუმიდან, მოსკოვს შემოატარეს და გერმანიის ჯარებმა ვერ შეძლეს მოსკოვში შესვლა.

1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის ყველაზე კრიტიკულ დღეებში სტალინმა აღადგინა რუსეთში პატრიარქის ინსტიტუტი, რომელიც ჯერ პეტრე პირველმა გააუქმა რუსეთში, მერე კი ბოლშევიკებმა 1927 წელს.

იმის გამო, რომ გერმანელებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღადგინეს ეკლესიები, ხალხს მოტივაცია გაუჩნდა დამპყრობელთან სათანამშრომლოდ. მას შემდეგ, რაც გერმანელებმა პატრიარქის ინსტიტუტი აღადგინეს დაპყრობილ უკრაინაში, სტალინი მიხვდა, რომ არა მარტო მისტიკური, ეკლესიისაგან რეალური დახმარებაც სჭირდებოდა. დაიბარა მოსკოვისა და ლენინგრადის მიტროპოლიტები და დაავალა, უახლოეს დღეებში აღედგინათ რუსეთის საპატრიარქო. სამ დღეში რუსეთის პატრიარქად ლენინგრადის მიტროპოლიტი სერგი აკურთხეს. მაშინ ეპისკოპოსების უმეტესობა გადასახლებაში იყო და მათი სასწრაფოდ დაბრუნება დაიწყეს(!).

ამ პერიოდში სტალინს მოსკოვისა და ლენინგრადის მიტროპოლიტებისთვის უკითხავს, რამდენი სასულიერო პირი გვყავსო (ამ საუბარს თურმე მარშალი მალინოვსკიც ესწრებოდა, რომელიც სტალინივით სემინარიელი იყო). როდესაც ციფრი დაუსახელეს, ასე ცოტაო, გაჰკვირვებია სტალინს. მიტროპოლიტებს კი უპასუხიათ, ჩვენ მათ სასულიერო პირებად ვამზადებდით, ისინი კი მარშლები გამოვიდნენო... ძალიან უცნაური იყო ბოლშევიკების ეკლესიისკენ "შემობრუნება", მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირში "მებრძოლ უღმერთოთა კავშირი" არსებობდა. საქართველოში ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა სილიბისტრო ჯიბლაძე (რომელსაც ეკუთვნის სიტყვები "მე მოვკლავ დედას, მე მოვკლავ მამას, რევოლუცია თუ მეტყვის ამას"), რომელიც შემდეგ ილიას გვერდით განისვენებდა მთაწმინდაზე, მაგრამ 1989 წელს, ეროვნული მოძრაობის დროს, იქიდან გადაასვენეს...

მარი ზანდუკელი
(გაგრძელება იქნება)
მარცხნიდან მესამე
05 მაისი 2013 01:42
ხოოო.. რა საინტერესო სტატიაა. მაგრამ კომენტარები მდაბიო! არც ღირს კამათში შესვლა
გიგა
13 აპრილი 2013 14:03
lashamax ვაი შენს პატრონს უბედურს!

პირი გამოირეცხე ეკლესიაზე საუბრისას შე ნაკომუნისტარო!
lashamax
13 აპრილი 2013 08:12
ბატონი გიორგაძე იმას განიცდის ნაპუტჩისტარ ქარტიაში კომიკურ სახედ წარმოჩენილმა სააკაშვილმა როგორ აჯობა და ხელისუფლება აიღო ხელში
უბედურება ის არის ეს ქვეყნის მოღალატეები, გიორგაძეები, წერეტლები, კიტოვანები დღემდე პრესისა და ტელევიზიის საშუალებით ხალხს მოძღვრავენ რელიგიურ მანტიაში გამოხვეულები.
საქართველოს დაქცევის და პუტჩის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი შიოლაშვილი ყოფილა თურმე მოსე ამ გიორგაძეს რომ კითხო.
სანამ ქართველი ხალხი არ მოინანიებს და ყოველივეს არ დაარქმევს თავის სახელს, სანამ ამ ყორღანაშვილებს საკადრის არ მიუძღვნის მანამდე არ გადმოგვხედავს ღმერთი და ასეთ სავალალო მდგომარეობაში ვიქნებით.
არც ეკლესიების აშენება გვიშველის ქვაბ-ავაზაკთა ბუდედ რომ აქციეს და არც ხატების აქეთ იქით ტარებს

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები