როგორ აკოცა ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეკატერინე ჭავჭავაძეს - ლეგენდად ქცეული ოქროსფერი ზამბახები - კვირის პალიტრა

როგორ აკოცა ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეკატერინე ჭავჭავაძეს - ლეგენდად ქცეული ოქროსფერი ზამბახები

ლეგენდად ქცეული ოქროსფერი ზამბახები

როგორ აკოცა ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეკატერინე ჭავჭავაძეს

ფოტო

იცით, როგორ აკოცა ნიკოლოზ ბარათაშვილმა ეკატერინე ჭავჭავაძეს? ან რატომ უწყობდნენ სუფრას მეწამული ფერის ჭურჭლით სამეგრელოს მთავრის ვაჟს, ნიკო დადიანს? შესაძლოა, არც ის იცით, მთავრის ასული, სალომე, უმოკლეს დროში როგორ იგებდა, რომელ ქვეყანაში რომელი საათი იყო...

ამ და კიდევ უამრავ საინტერესო ამბავზე თბილისში, ხელოვნების სასახლეში 15 აპრილიდან გამოფენილი ნივთები გვიამბობენ.

"კვირის პალიტრას" ზუგდიდის დადიანების სასახლის დირექტორი ლილი ბერაია და ხელოვნების სასახლის დირექტორის მოადგილე ირაკლი ზამბახიძე ესაუბრნენ.

ირაკლი ზამბახიძე: - დადიანების ნივთების გამოფენა ორ, ზამბახებისა და ოქროსფერ დარბაზში გაიმართება. მოგეხსენებათ, ხელოვნების სასახლე განთავსებულია პრინც ოლდენბურგისა და მისი მეუღლის, აგრაფინა ჯაფარიძის ყოფილ, სიყვარულის სასახლეში, რომლის ამბებიც ლეგენდებსა და უცნაურობებს უკავშირდება. ამიტომაც ზამბახების დარბაზის შესახებაც გიამბობთ. ოთახი ზამბახების ორნამენტებით ყოფილა მოხატული და ზამთარ-ზაფხულ ლარნაკში ოქროსფერი ზამბახები ყელყელაობდნენ, რომელსაც, თუ საქართველოში სეზონი არ იყო, გრაფი ბაქოდან აგზავნინებდა.

რესტავრაციამდე ზამბახების ორნამენტების კვალი წაშლილი იყო. გრაფის და გრაფინიას აქედან წასვლის შემდეგ ახალ მფლობელებს რემონტი ჩაუტარებიათ და ძველი ფენა, ლეგენდად ქცეულ ოქროსფერ ზამბახებთან ერთად, წარსულს ჩაჰბარებია. შეძლებისდაგვარად გავაცოცხლეთ კედლის ფრაგმენტი. ოქროსფერ დარბაზში გასასვლელი კარის მინაზე გამოსახულია მონოცეროზი, რქიანი, მითური ცხენი, რომელიც ჯვაროსნებისთვის წმინდა მარიამ ღვთისმშობლის, ქალის სიწმინდის და განსაკუთრებული ღირსების სიმბოლო იყო. პრინცს ისე უყვარდა ცოლი, რომ თურმე ამ მითურ არსებას ადარებდა. ამიტომაც მონოცეროზი შენობის გარე კედელზეც არის გამოსახული.

ლილი ბერაია: - ამ, ოდესღაც დიდი სიყვარულით გაჟღენთილ დარბაზებში, აუცილებლად უნდა გამოგვეფინა ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ნაქონი ნივთი, რომელიც ასევე სიყვარულთან იქნებოდა დაკავშირებული. ვფიქრობთ, ასეთია საქანელა-საკოცნელა - ბორბლის ფორმის ჭიქებიანი "კარუსელი".

ეს იყო XIX საუკუნეში ქართველი დიდგვაროვნების საყვარელი გასართობი. "კარუსელზე" დაკიდებულია წყვილ-წყვილი სხვადასხვა ფერის ჭიქა, რომელშიც ღვინოს ასხამდნენ. შემდეგ მოტრიალე ბორბალზე ახალგაზრდები ჭიქებს თვალდახუჭული ირჩევდნენ. ვისაც ერთი ფერის ჭიქები შეხვდებოდა, ერთმანეთს კოცნიდნენ.

ერთ დღესაც ჭავჭავაძეების ოჯახში სტუმრად მისული ახალგაზრდა პოეტი, ნიკოლოზ ბარათაშვილიც ჩაერთო თამაშში. ალბათ ოცნებობდა, იმ დღეს იღბალი მის მხარეს ყოფილიყო და ეკატერინეს ჭიქის წყვილი ჭიქა რგებოდა. დატრიალდა ბორბალი და ბედმა გაუღიმა პოეტს - ქალ-ვაჟს ხელში ერთნაირი ჭიქები ეჭირათ... ბედნიერებისგან აღელვებული ნიკოლოზი თურმე ათრთოლებული ქალის საყურესღა ხედავდა... ლეგენდის თანახმად, თუ სხვა ახალგაზრდების კოცნა უბრალოდ თამაში იყო და მას სიცილ-კისკისი ახლდა, ამ დროს ყველა გაჩუმდა, ნიკოლოზი კი ეკატერინესკენ დაიხარაო... ამბობენ, ეს უნდა ყოფილიყო პოეტის პირველი და უკანასკნელი კოცნა სატრფოსთვის. ეკატერინესთვის იმ დღიდან საქანელა-საკოცნელა მარადიულ ნივთად იქცა. ამბობენ, ეს სათამაშო, სადაც უნდა წასულიყო, ყველგან თან დაჰქონდაო.  როდესაც ეკატერინე გარდაიცვალა, საქანელა, რომელიც ბედის ბორბალსაც შეგახსენებთ, თურმე სასთუმალთან ედგა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის და ქმრის ერთგული იყო, როგორც ჩანს, ბარათაშვილი არასოდეს დავიწყებია.

ირაკლი ზამბახიძე: - ეკატერინეს დედოფლობის დროს, დადიანების ოჯახი ამკვიდრებდა სადილობის, სუფრის გაწყობის ევროპულ სტილს, თუმცა, ამავე დროს, მტკიცედ იცავდა უძველეს ქართულ ტრადიციებს. გამოფენაზე ნახავთ ღვინის ჭურჭელს, რომელიც მნახველს აოცებს. ის საგანგებოდ ეკატერინეს სახელზეა დამზადებული. ამაზე მეტყველებს ჭურჭელზე გამოსახული ინიციალები. მითია, რომ თითქოს ქართული სუფრის წესი იყო დიდი ყანწები და თრობა. ქართველი თავადების ოჯახში, ყოველი ინახობის დროს, ისმებოდა თითო ჭიქა ღვინო, მაგრამ სვამდნენ არა ისე, როგორც დღეს, არამედ ძალიან მცირე მოცულობის ჭიქებით, ისეთით, როგორსაც დღეს არყის სასმელად ვხმარობთ. მათი ბოკალი იმდენად პატარაა, რომ ყავის ფინჯანსაც ვერ უტოლდება.

აქვე ნახავთ ნიკო დადიანის ნაქონ ჭურჭელს, ზუგდიდის სასახლეში მხოლოდ მეწამული ფერის ჭურჭლით უწყობდნენ ბატონს სუფრას. ამას მიზეზიც ჰქონია. ნიკო სულ ბრძოლებში ყოფილა და თურმე "სისხლისფერ თავადს" ეძახდნენ, ჭურჭელსაც საგანგებოდ ურჩევდნენ...

ლილი ბერაია: - დადიანები უძვირფასეს ჭურჭელს იმ დროისთვის საუკეთესო ევროპელ მწარმოებლებს საგანგებოდ ამზადებინებდნენ. ნიკოს ნაქონ ჭურჭელზე აღნიშნულია, რომ დამზადებულია ინგლისის სამეფო ქარხანაში ვერცხლშერეული ფაიფურით. ასეთი ჭურჭელი განსაკუთრებით მსუბუქია და სინათლეზე თუ გახედავ, სხივს ატარებს...

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეკატერინეს ასულის, სალომე დადიანის, სამუშაო მაგიდა, ექსკლუზიურად მისთვის დამზადებული, ოქროთი მოვარაყებული ნივთებითა და იმ დროისთვის უნიკალური მომინანქრებული გლობუსით, რომელიც ტრიალებდა და გიჩვენებდა, რომელ ქვეყანაში რომელი საათი იყო...

ხელოვნების სასახლის პირველ სართულზე წარმოდგენილი იქნება დადიანების ფოტო და ფერწერული ნამუშევრების კოლექცია. ნახავთ ანდრია დადიანის სპილოს ძვლის საჭადრაკო ფიგურებს და პარიზში გამოცემულ ბუკლეტს, რომელშიც ბატონიშვილის საჭადრაკო პარტიებია აღწერილი. ის პირველი ქართველი პროფესიონალი მოჭადრაკე გახლდათ. როგორც ამბობენ, ევროპაში ასეთი ექსკლუზიური ბროშურის გამოცემის პატივი შემდეგ ბევრ ქართველ ცნობილ მოჭადრაკეს არ ჰქონია. ანდრიას საჭადრაკო დაფასთან ერთად მისი საყვარლების, რუსი ფრეილინების პორტრეტებსაც იხილავთ.

სულ რაღაც სამიოდე წლის წინ სიყვარულის სასახლის ამ დარბაზებში არაფერი იყო მტვრისა და დაფხავებული კედლების გარდა. ახლა აქ დიდი ისტორიის მქონე ავეჯი დგას, სამუზეუმო ვიტრინებში კი დაცულია გიორგი სააკაძის დის ნაქონი უძვირფასესი სამოსი და სოლიკო ვირსალაძის მიერ აღდგენილი თამარის სამეფო ჩასაცმელი, რომელიც ზუსტ წარმოდგენას შეგიქმნით მეფე ქალის შესახებ.

...და ეს ზღვაში წვეთია იმ საგანძურთან, რაც სასახლის დამთვალიერებლებს ელით.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორი იყო "მშვენიერთა ხელმწიფა" - ბარათაშვილის მუზა ეკატერინე ჭავჭავაძე