"რატომღაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ნაგავი გარეთ გავიტანოთ" - კვირის პალიტრა

"რატომღაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ნაგავი გარეთ გავიტანოთ"

ქართველ ხელოვანთა რუსეთში მოღვაწეობა ხშირად ხდება განსჯის, აზრთა სხვადასხვაობისა თუ გაკიცხვის  საგანი. ათეული წლების განმავლობაში რუსი მაყურებელი ტაშს უკრავდა ვახტანგ კიკაბიძეს, რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ კი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დაპატიჟეს და ორდენსაც ჰპირდებოდნენ, "მიმინო" რუსეთში ჩასვლაზე უარს ამბობს. რატომ? - ამას ინტერვიუდან შეიტყობთ:

-  რუსეთიდან ბევრი წერილი მომდის. უბრალო ადამიანები მწერენ,  ომის შემდეგ კი ხელოვანთაგან არავინ შემომხმიანებია. ზოგს, ალბათ, რცხვენია, რა უნდა მითხრან? ზოგმა კი იმისთვის გააღო პირი, რომ მთავრობასთან ქულები ჩაეწერა. ლევ ლეშჩენკომ თქვა, თუ ბუბა ასეთი პატრიოტია, ავტომატი აიღოს და იომოსო. კობზონმა კი, ბუბას რომ უჭირდა, მოსკოვში ჩამოვიყვანეთ და კონცერტებს ვამართვინებდითო. ლეშჩენკოსა და კობზონს საკუთარი თავისთვის არ უნდა ეკადრებინათ ასეთი რამ. როგორ მეხმარებოდა კობზონი? ხალხს ძალით კონცერტზე ვერ შემოიყვან. კონცერტზე წასვლა პარტიული დავალება ხომ  არ არის? თუ არ უნდათ, არ მოვლენ. მაგათ ჯერ არ გასჭირვებიათ, მაგრამ ისეთი ხელმძღვანელები ჰყავთ, მალე  გაუჭირდებათ.

კობზონი დიდი ფულის პატრონია, დიდი ბიზნესმენი.  მას ვერავინ დაავალებდა, ასე ილაპარაკეო. უბრალოდ, კოჭი გაუგორა ხელისუფლებას. ბალეტის მოცეკვავე ცისკარიძეს კი  უთქვამს, ბუბას განცხადებები მხოლოდ პიარიაო. ჩვენებიდან მხოლოდ ვალერი მელაძემ დამირეკა, - მეამაყება, რომ გიცნობთ. თუ მეტყვით, თქვენს იუბილეზეც ჩამოვალო. მესიამოვნა ასეთი სიტყვები ჩემი შვილის ტოლი კაცისაგან.

KvirisPalitra.Ge- რუსეთის ხელმძღვანელობას  ჯილდოზე უარი რომ უთხარით, ალბათ, ძალიან გაანაწყენეთ.

- ბევრი გაოცდა, ჯილდოზე უარი რომ ვთქვი. სამ შვილიშვილს ვფიცავ, არ მეგონა, თუ ჩემი უარი ამხელა აჟიოტაჟს გამოიწვევდა. როდესაც ბათუმში მიტინგზე გამოვედი, ის ვთქვი, რასაც იმ მომენტში ვგრძნობდი, - გუშინწინ დეპეშა მომივიდა და ჯილდოზე უარს ვამბობ-მეთქი. როგორ უნდა მიმეღო "მეგობრობის" ორდენი იმ ქვეყნის პრეზიდენტისგან, რომელიც ჩემს სამშობლოში ტანკით შემოვიდა?გარეწარი უნდა იყო, ასეთ დროს ჯილდოს რომ დათანხმდე. ტოქშოუ "ბარიერის" წამყვანმა სოლოვიოვმა  განაცხადა, "მი ეგო კარმილი, ი ონ ტაკ ნამ ოტბლაგადარილო". ფუტკარივით მშრომელი ვარ და ყოველთვის შრომით ვშოულობდი ფულს. რუსს მოსწონს ჩემი სიმღერა, რადგან არასოდეს მიმღერია ყვავილებზე, წვიმასა და გოგო-ბიჭის ტელეფონით საუბარზე. ყოველთვის პატარა ადამიანზე, მის გაჭირვებასა  და  იმაზე ვმღეროდი,  რომ მის ქუჩაზეც მოვა დღესასწაული. ასეთი სიმღერების გამო უბრალო ხალხი დიდ პატივს მცემს და ჩემი ნათქვამი ეწყინათ.

ომის დროს "კომსომოლსკაია პრავდიდან" დამირეკეს. ეტყობა, ჟურნალისტი დარწმუნებული იყო, რომ უარს ვეტყოდი ინტერვიუზე, მაგრამ  ვუთხარი, ჩამოდი და ვილაპარაკოთ-მეთქი. საღამოს უკვე საქართველოში იყო, მაგრამ, რადგანაც ომის დროს უვიზოდ საქართველოში არავის უშვებდნენ, აეროპორტში გააჩერეს და იქიდან დამირეკა. ბათუმის აეროპორტში მივედი. ქალი ჩემს შესაჭმელად იყო მომზადებული,  ჩვენ კი სასტუმროში მივიყვანეთ და დავაბინავეთ.  დიდი ინტერვიუ  გამოქვეყნდა "კომსომოლსკაია პრავდაში". რაც ვთქვი, ის დაიბეჭდა, მაგრამ საზიზღარი შესავალი გააკეთა ჟურნალისტმა.

- ეს დაპირისპირება უკვე რუსეთში მცხოვრებ ქართველებზე ანგარიშსწორებაში გადაიზარდა. ამას წინათაც  მოკლეს ერთი ქართველი ახალგაზრდა.

-  ქართული გვარის გამო  არ დაინდვეს ბიჭი. დიდი პოლიტიკოსი არა ვარ, მაგრამ ვხედავ, რაც ხდება.

19 ნოემბერს დიანა ღურწკაიას ძმამ, რობერტმა დამირეკა, ბუბა ბიძია, რა ვქნა, არ ვიცი. დიანას რუსეთში კონცერტების გამართვა აუკრძალეს. ყველა ტელეპროექტიდან ამოიღეს და საქართველოში ჩამოსვლა უნდაო. რა ქნას დიანამ? ვინც კოჭს არ უგორებს, რუსეთში სრესენ. ეტყობა, დიანას არ აპატიეს, სპორტის სასახლეში მიშას გვერდით რომ იდგა. სხვა ქვეყნის პრეზიდენტს რა უფლება აქვს, რომ გეუბნება, შენი პრეზიდენტის გვერდით არ დადგეო?

- საქართველოს გაერთიანებაზე პუტინის განცხადება რას ნიშნავდა?

- ჩემი ვარაუდით, პუტინმა იცოდა, პრიმაკოვის დაბადების დღეზე ქართველები რომ  იქნებოდნენ. საგანგებოდ მივიდა იქ და განაცხადა, გინდათ თუ არა ქართველებს, მაინც ჩვენთან უნდა იყოთო.

- პუტინმა საქართველოს გაერთიანებაზე ზრუნვა პრიმაკოვს რომ დაავალა, არ გეუცნაურათ?

- იგულისხმა, პრიმაკოვი თბილისელი კაცია და კარგად იცის, ქართველებს როგორ უნდა დაელაპარაკოსო.

მე რომ პუტინის წარმომადგენელი ვიყო, ვის დაველაპარაკებოდი? - ოპოზიციას. პრიმაკოვი იმას დაელაპარაკება, ვისაც სააკაშვილი არ მოსწონს. ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთიდან საქართველოში ფინანსები შემოდის.

ვიცი, ჯერ კიდევ 15 წლის წინ რუსეთის ეფ-ეს-ბეში გახსნილი იყო საქართველოს განყოფილება, რომელიც გეგმავდა, საქართველოში რა უნდა გაეკეთებინათ. ერთ გავლენიან რუს პოლიტიკოსს (არ მინდა მისი გვარის გამჟღავნება) ვკითხე, ცხინვალი რას აიჩემეთ, ერთი ციცქნა დასახლებაა-მეთქი. იმისათვის ავიჩემეთ, რომ აფხაზეთიდან ქართველების ყურადღება გადმოვიტანოთო. მაგათი მთავარი მიზანი აფხაზეთის ხელში ჩაგდებაა.

- პრიმაკოვის დაბადების დღეზე ქართველი მომღერლების გამოჩენა, ალბათ, ამიტომაც აღიქვა ბევრმა მტკივნეულად.

- წარმოიდგინეთ თავი თამრიკო გვერდწითელის ადგილზე. ცხოვრობთ და მუშაობთ მოსკოვში.  გირეკავენ, რომ საღამოზე უნდა იმღეროთ...

- რომ არ მისულიყო?

- რომ არ მისულიყო, მშიერი დარჩებოდა.  ნანი და პრიმაკოვი ერთმანეთს 40 წელზე მეტია იცნობენ. მეც კარგად ვიცნობ. მოსკოვში რომ ვყოფილიყავი, მეც მივიდოდი მის დაბადების დღეზე, რადგან 25-ჯერ მაინც ვყოფილვარ. ნანი მოსკოვში იყო და არ მისულიყო მეგობართან? არის ბევრი ისეთი რამ, რაც პოლიტიკას არ უნდა მიუსადაგო. ამ სუფრას ბევრი ქართველი ექიმი და აკადემიკოსი ესწრებოდა და მათზე არავინ არაფერს ამბობს. პრიმაკოვიც არ ელოდა თავის დაბადების დღეზე პუტინის მისვლას. საათ-ნახევრის შემდეგ მივიდა პრემიერი. ამ დროს თურმე ნანი მღეროდა. პუტინმა გამოართვა   მიკროფონი და წარმოთქვა სადღეგრძელო, სადაც ფაქტობრივად თქვა, რამდენიც უნდა იხტუნაოთ ქართველებმა, მაინც ჩვენთან იქნებითო. ამის მერე კი ნანიმ "თბილისო" იმღერა. ბევრი ამას ვერ გაბედავდა. ნანის თავი დაანებონ. არ შეიძლება ყველაფრის წაბილწვა. ხელოვნება პოლიტიკასთან არ უნდა გაიგივდეს. რაც გავაკეთე, იმიტომ გავაკეთე, რომ შვილიშვილებს თვალებში ვერ შევხედავდი და დედაჩემის შემრცხვებოდა იმ ქვეყნად. გია დანელიამ დამირეკა, ნანის უშველე, ინტერნეტში ქართველები ძალიან ცუდ რამეებს სწერენო. ჭორიკანა ქვეყანა ვართ და ამიტომაც. მანამდე პაატა ბურჭულაძეს დაეტაკნენ. მთელი მსოფლიო იცნობს პაატას და ჩვენ რას ვჯიჯგნით.

ნანი რუსთაველზეც ხომ იდგა, როდესაც ჯაჭვი გავაკეთეთ ქართველებმა? ეს რატომ უნდა დაივიწყონ? აქ, საქართველოში სამსახური არა მაქვს. ჩემი პროფესია ხომ ქარხანა არ არის, დილით წახვიდე და საღამოს შინ დაბრუნდე? ჩვენი მომღერლები მაქსიმუმ 3-4 კონცერტს მართავენ წელიწადში, ეგ არის და ეგ. ვინმე მეკითხება, ბუბა, რით ცხოვრობ, რას ჭამ, რას სვამო? არავის ეს არ აინტერესებს. ნანის მთელი ცხოვრება ოჯახი ჰყავდა წამოკიდებული კისერზე და არ გაემტყუნება, რუსეთში თუ მღერის. ამის გამო არ უნდა აწყენინონ. პატარა გოგო ხომ არ არის. გული რომ ეტკინოს, მერე...

- ამას წინათ ქეთა თოფურიამ განაცხადა, რუსეთში ერთ კონცერტში ზოგჯერ 40 ათას ევროს მიხდიანო და ამის გამო არ მახსოვს, ვინმეს გაეკიცხოს.

- ღმერთმა მისცეს. იმუშაოს. ვინმეს აგინებს ან ხელებს იქნევს მოსკოვიდან თუ რა? რუსულ ტანკზე ხომ არ მჯდარა, საქართველოში რომ შემოიჭრნენ. ასეთი მიდგომა არაჯანსაღია, ისევე როგორც არაჯანსაღად და არანორმალურად მიმაჩნია ქალაქში გაშლილი "პალატკები" და ის, რომ  ტელევიზიასთან ჟურნალისტებს ყბაში ურტყამდნენ.

- ოპოზიციას კიდევ რაში ამტყუნებთ?

- დალოცვილო, მთავრობაში რომ ამდენი ხანი იყავი, ახლა მიხვდი, რომ იქ ყველაფერი ცუდი ყოფილა? მთავრობიდან თუ ნაწყენი წამოხვედი, შენს წყენას ხალხს რატომ ახვევ თავზე? რაც ქვეყანაში გაკეთდა, დაინახე, იმას რატომ უყურებ, სად ჭამს საჭმელს სააკაშვილი? შავიც დავინახოთ და თეთრიც.

უცნაური ხალხი ვართ. თუ გაგვიჭირდა, სიძულვილი გვჯაბნის ხოლმე. 20 წლის წინანდელი ამბავი მახსენდება: ბენზინზე რიგები რომ იყო, ერთმა კაცმა ცეცხლი წაუკიდა მანქანას. გამწარებულმა აღარ იფიქრა, რომ შეიძლებოდა, ხალხი აფეთქებულიყო. გაჭირვებაში ჩავარდა, რაღაც მოაკლდა  და გიჟს დაემსგავსა. სამშობლოზე ვიფიქროთ, ჯერ საკუთარ თავზე ვფიქრობთ. რატომღაც ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ნაგავი გარეთ გავიტანოთ.

როგორი პოლიტიკური შეხედულებაც უნდა გქონდეს, უპირველესად საქვეყნო საქმეს არ უნდა უღალატო. არ მომწონდა, ქუჩაში საკნები რომ იყო და ამას მთელი მსოფლიო იღებდა. თუ დეპუტატი ხარ და რაღაც არ მოგწონს, პარლამენტში შედი და იქ თქვი. თუ შენგან ლოგიკურ რამეს გავიგონებ, მოვალ და გვერდით დაგიდგები. რომ მეცოდინება, ჩემი ხელმძღვანელობა არ ვარგა და არის კაცი, რომელიც ჩემს ქვეყანას გამოადგება, რა თქმა უნდა, გვერდით დავუდგები. მაგრამ მომკალი და ვერ ვხედავ კაცს, რომელიც ჩემს ქვეყანას გამოადგება. აბა, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, მიშა რომ წავიდეს, აქ რა მოხდება?

- რა მოხდება?

- "ერალაში". ყველა პრეზიდენტობას მოინდომებს. დიუმა კავკასიაზე რას წერდა? გადასარევი, სტუმართმოყვარე ხალხია, შესანიშნავად მღერიან, მაგრამ ყველას პირველკაცობა უნდა, მეორე რომ იყოს, ვერავინ ეგუებაო. ეს ავადმყოფური ამბიციურობაა.

გვეგონა, ერთმანეთი გვიყვარდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ გვყვარებია. ქვეყანა რომ დალაგდება, ბევრს შერცხვება იმის, რასაც დღეს აკეთებს.

პოლიტიკაში ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ვიღაცამ კარგად იცხოვროს და ეს არის ყველაზე საზიზღარი რამ. რა ამბავია ამდენი პარტია?   არა სჯობს ერთი - სამშობლოს პარტია გვქონდეს?

ერთი კაცი მაჩვენეთ, რომელიც სავარძელში ჩაჯდა და ის გააკეთა, რასაც მანამდე ჰპირდებოდა ხალხს.

- რაკი შემოსავალი, ძირითადად, რუსეთში გქონდათ, რომ შემოგთავაზონ, კონცერტებს გამართავთ?

- რუსეთიდან არაერთხელ დამირეკეს, ჩამოდიო. უარი ვუთხარი, სანამ პუტინი ქვეყნის სათავეშია,  ვერ ჩამოვალ-მეთქი. ერთი იმისიცო და მიაყოლებენ ხოლმე, მაგრამ არ მივდივარ.

- ეტყობა, ვიცვლებით. უწინ  თითქოს მეტად შეგვეძლო სიყვარული და ერთმანეთის თანაგრძნობა.

- ჩვენ ერთმანეთს მაშინ ვკიდებთ ხელს, როდესაც უბედურება კარზე მოგვადგება. როგორც კი ოდნავ მოგვცილდება განსაცდელი, ერთმანეთის ჭამას ვიწყებთ. 9 აპრილს რომ ერთიანი იყო საქართველო, ისეთი არასოდეს ყოფილა. მაშინდელივით  ერთიანი საქართველო მინდა დავინახო, ჩვენ კი ერთიანობის ნაცვლად პატრიარქს დავუწყეთ ჩხიკინი. პატრიარქსა და ხელისუფლებას შორის რომ ბზარი გაჩნდეს, საქართველო მიწასთან გასწორდება. ამის მეშინია. რატომ არავინ იხსენებს, პატრიარქი რომ ჩადიოდა გორში ომის დროს და დახოცილები სატვირთო მანქანებით გამოჰყავდა?

- მაგრამ პატრიარქზე შეტევა  ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს ჰბრალდებათ. პატრიარქის შეურაცხმყოფელი კადრები თეა თუთბერიძემ გაავრცელა.

-  ეჭვიც არ მეპარება, რომ ეგ გოგონა ვიღაცამ გამოიყენა. ჭკუაზე მყოფი ადამიანი პატრიარქზე რამეს იტყოდა? იცით, რამდენი მასეთი გამოჩნდება? გგონიათ, ალექსანდრე ებრალიძემ ერთ დღეს გადაწყვიტა, საქართველოს პრეზიდენტი უნდა გავხდეო? დაუძახეს ზემოდან და მოინდომა. ეგ ბათუმელია, გავლენიანი ბიზნესმენი, ცოტა "ისეთი" წარსულით. "რინოკს" ეძახდნენ ბათუმში. გგონიათ, კადიროვი გულზე ეხატება პუტინს, მაგრამ მასთან გაუვიდა და რაც უნდა, იმას აკეთებინებს. რუსებს თავიანთი "ნამესტნიკი" სჭირდებათ საქართველოში.

რუსეთთან ჩხუბი ხელს არ გვაძლევს, მაგრამ  მათგანაც პატივისცემა უნდა ვიგრძნოთ. ჩვენზე კარგი მეგობრობა და მეზობლობა ბევრმა არ იცის. რუსეთმა შეიძლება თქვას, მეგობრები ვიყოთო, მაგრამ ჯერ ჩემი მიწა დამიბრუნოს და მერე ნახავს, როგორი მეგობრობა და მეზობლობა ვიცი.  ჩვენი  პრობლემა ისაა, რომ სამართალი დაიჩაგრა ამ ქვეყანაში. სასამართლო და კანონი უნდა მუშაობდეს. მომპარავი, გინდაც მინისტრი იყოს, უნდა დაისაჯოს. უმთავრესი  კი ისაა, ფესვებს არ მოვწყდეთ. ზოგს "მიმინო" კომედია ჰგონია, მაგრამ ეს ძალზე ღრმააზროვანი, დასაფიქრებელი ფილმია. გახსოვთ, მიმინო როგორ ბრუნდება თავის სოფელში? ასევე უნდა დავუბრუნდეთ საკუთარ თავსა და ფუძეს.