"პალიტრის" ოქროს თარიღი!
22-04-2013
"პალიტრის" ოქროს თარიღი!
დიდი მადლობა, რომ კითხულობთ და გიყვართ "კვირის პალიტრა"...

18 აპრილს "კვირის პალიტრა" 18 წლის გახდა

ხე - ქალაქს,ბიბლია - პატიმრებს,ელექტრონული არქივი - მკითხველს,გადარჩენილი წიგნები - ბიბლიოთეკას


18 წლის წინ "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი მოევლინა სამზეოს. 1995 წელი ვისაც ახსოვს, ისიც იცის, რა დრო იყო ეს - უშუქობა და სიცივე, სიდუხჭირე და უსასოობა... სწორედ ამ რთულ სიტუაციაში გაჩნდა გაზეთი "კვირის პალიტრა", დაიბადა ისეთსავე პირობებში, როგორშიც მაშინ იყო საქართველო, თავის თავზე გადაიტანა
არაერთი ქარტეხილი, მაგრამ ძალა არ დაშრეტია. ალბათ იმიტომ, რომ მისი (ჩვენი!) პირველი რედაქტორი და სულისჩამდგმელი, ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი, ყველაფერს აკეთებდა, რათა ჯერ სული გადარჩენილიყო და მერე ხორცი... შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ მასმედიასთან კავშირში სულზე საუბარი ცოტა გადაჭარბებულია... არადა, "კვირის პალიტრის" შემთხვევაში სწორედ ეს იყო მთავარი.
ამან გამოატარა გაზეთს მიუკერძოებლად ამდენი წელი, მიამაგრა ეროვნულ ფესვზე და აქცია თქვენს საყვარელ გაზეთად...


ის, რაც ოქროდ ფასობს


18 აპრილს "კვირის პალიტრა" 18 წლის გახდა.
თავისი ოქროს დაბადების დღის აღნიშვნა სწორედ იმით დაიწყო, რაც ოქროდაც ფასობს და უფრო მეტად ფასეულიცაა - დიღმის ტყე-პარკში 300 ნერგის დარგვით...
არაჩვეულებრივი განცდაა, როცა ხეს რგავ, ეს მომავლის რწმენასაც უკავშირდება და ახალი სიცოცხლის გახარების განცდასაც. მიწა ხომ ერთგვარად ნეგატიური ენერგიისაგან წმენდს და კეთილი ენერგიით ავსებს ადამიანს. ჰოდა, მიწასთან შეხებამ, მისმა სურნელმა, მისმა ნესტიანმა ბელტებმა ყველა არაჩვეულებრივ განწყობაზე დააყენა.

მედიაპალიტრის თანამშრომლები სიყვარულით რგავდნენ თითოეულ ნერგს: მუხასა და წაბლს, ცაცხვსა და ნეკერჩხალს... ნარგავებს შორის ბავშვებიც დარბოდნენ და ხალისით ეხმარებოდნენ უფროსებს. ესენი ჩვენი თანამშრომლების შვილები გახლდნენ, ისინი, ვის მეხსიერებაშიც მკვეთრად ჩაიბეჭდება დედებისა და მამების მიერ დარგული ხეები, ისინი, ვინც მომავალში, უკვე დიდი ხეების ჩრდილში, არაერთხელ ეტყვიან უკვე თავიანთ პატარებს: ეს "კვირის პალიტრის" ხეივანია, აქ დედაჩემის თუ მამაჩემის დარგული ხეც არისო...

"კვირის პალიტრის" მთავარმა რედაქტორმა გიორგი თევდორაშვილმა აღნიშნა, რომ ეკოლოგიასა და მწვანე საფარზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია საზოგადოებისათვის. ეს ის ქვაკუთხედია, რომელზეც ჩვენი მომავალი დგას, ამიტომ ამ საქმიანობაში აუცილებელია ერთსულოვნება და კიდევ უფრო მეტი ორგანიზაციის, ადამიანის ჩართვა.
გამწვანების ეს აქცია გარემოს დაცვის სამინისტროს კამპანიის, "დანერგე შენი მომავალი", ფარგლებში ჩატარდა.

მოყვასზე ზრუნვა, როგორც ოქრო

ქართველმა კაცმა თავის ფოლკლორში ოქროს ძვირფას ლითონზე მეტი დატვირთვა მიანიჭა: ამაღლებული და სასურველი, მნიშვნელოვანი და სასიკეთო - აი, ეს გახლავთ ოქრო... და რაკი ჩვენი ოქროს დაბადების დღე მხოლოდ ერთხელ შეიძლებოდა აღნიშნულიყო, გადავწყვიტეთ, კიდევ ერთი სოციალური აქცია მოგვეწყო, რომელიც თავისი შინაარსით სწორედ ოქროს მნიშვნელობის მატარებელი იქნებოდა. მოყვასზე ზრუნვას, მით უმეტეს, თუ ის შეჭირვებულია და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, მართლაც ოქროს ფასი აქვს. სწორედ ამიტომ "პალიტრამედიამ" მსჯავრდადებულებისთვის საჩუქრად გამოყო წიგნები - 500 ცალი ბიბლია და მხატვრული ლიტერატურის 1000 წიგნი, რომელიც ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განაწილდება.
ია იმერლიშვილი, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: - ჩვენ ვზრუნავთ მსჯავრდადებულების სულიერ მდგომარეობაზე, რომ ისინი სულიერად და ხორციელად ჯანმრთელნი დაუბრუნდნენ საზოგადოებას. დღეს "პალიტრამედიამ" გადმოგვცა საჩუქარი მსჯავრდადებულთათვის. ამ წიგნებს ყველა დაწესებულებაში მივიტანთ 23 აპრილს, წიგნის დღეს(!).

თავის დაბადების დღეზე "პალიტრამედია" სასჯელაღსრულების დაწესებულებას - ქალთა #5 საპყრობილეს ეწვია. საჩუქრად მიუტანა ის, რასაც პატიმრები ყველაზე მეტად ითხოვდნენ ჩვენგან - წიგნები. ბიბლია, რომელიც ჩვენი პროექტის ფარგლებში გამოვიდა, განსაკუთრებით გაუხარდათ. მოგეხსენებათ, ბიბლიის პირველი ტირაჟი ერთი თვის წინ გამოვიდა და იმ დილითვე გაქრა მაღაზიებიდან თუ გაზეთების ჯიხურებიდან. უამრავი ადამიანი ითხოვდა ტირაჟის განმეორებას. ეს ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესი გახლდათ, რადგან პირველი ტირაჟის წიგნები არც "პალიტრამედიის" თანამშრომლებს შეგვხვედრია... როგორც დაგპირდით, 22 აპრილს ბიბლიის განმეორებითი ტირაჟი გამოვა და გაზეთთან ერთად გაიყიდება. პირველი ტირაჟი ისე მოულოდნელად გათავდა, რომ ვერ მოვასწარით პატრიარქის კურთხევის შესრულება და ამ წიგნების უსასყიდლოდ გადაცემა პატიმრებისთვის. ამჯერად უპირველესად გადავდეთ წიგნები მსჯავრდადებულთათვის, მათ პატრიარქის დანაბარებიც გადავეცით: "მთავარია, წაიკითხოთ ბიბლია!"

სასჯელაღსრულების #5 დაწესებულების ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა "კვირის პალიტრას" მიულოცეს დაბადების დღე და აღნიშნეს: - ძალიან გვიხარია, რომ ბიბლია გადმოგვეცით. ჩვენ ვთანამშრომლობთ "ბიბლუსთან". ბიბლიოთეკა, რომელშიც ახლა ხართ, ნორვეგიის საელჩომ აჩუქა ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებას. მისი დაფინანსებით შემოვიტანეთ წიგნები... თქვენი გამოცემები ყველას განსაკუთრებით მოსწონს...

წიგნები მართლაც დიდი სიმდიდრეა, მაგრამ მთავარი მათი შემეცნებაა, ამიტომ "კვირის პალიტრის" რედაქტორმა კიდევ ერთხელ გაიმეორა პატრიარქის კურთხევა: "წაიკითხეთ ბიბლია... თითოეულ გვერდზე დიდი სიბრძნე წერია, ამიტომ ბევრის შემეცნება შეიძლება."

წინა ხელისუფლების პირობებში გვინდოდა წიგნები გვეჩუქებინა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. ახლა, საბედნიეროდ, მარტივად გადაწყდა ყველაფერი და წიგნები მოგიტანეთ. გისურვებთ ყველას თავისუფლებას და დიდი მადლობა, რომ კითხულობთ და გიყვართ "კვირის პალიტრა"...
- მართალია, დიდად სასიამოვნო არ არის ციხის კედლებიდან ტელეეთერით მიმართო საზოგადოებას, მაგრამ არ შეგვიძლია თანადგომისთვის საჯაროდ მადლობა არ ვუთხრათ "პალიტრამედიას", - განუცხადა ტელეჟურნალისტებს მსჯავრდადებულმა ხათუნა ლობჟანიძემ (იხ. palitratv.ge) - აქ ბევრი უსამართლოდ ხვდებოდა, ამიტომ განსაკუთრებით გვჭირდება უფლის მადლი და წყალობა... აქ ყოფნას გვიმსუბუქებს წიგნი. კვირაში ორჯერ გადმოვდივართ ბიბლიოთეკაში, აქ ვსაზრდოობთ. სულმოუთქმელად ველოდით ბიბლიას და გმადლობთ, რომ ეს ძვირფასი საჩუქარი მოგვიძღვენით...

ლალი მოროშკინა: - "კვირის პალიტრა" ძალიან კრეატიული აღმოჩნდა, დღეს მისი დაბადების დღეა და იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მივართვათ საჩუქარი, ისინი გვჩუქნიან - საჭიროდ ჩათვალეს, მსჯავრდადებულებისთვის წიგნები ეჩუქებინათ... ვულოცავ "კვირის პალიტრას" და ვუსურვებ, მომავალშიც ასეთი კეთილი საქმეები ეკეთებინოს.

ინფორმაცია, რომელსაც ოქროს ფასი აქვს

18 აპრილის დღის მიწურულს "პალიტრამედია" ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაესწრო პრეზენტაციას, სადაც წარმოადგინეს სრულიად ახალი პროექტი - "კვირის პალიტრის" ელექტრონული არქივი.
როგორც საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა გვითხრა, ეს პირველი პრეცედენტია საქართველოში, როცა შეიქმნა ელექტრონული არქივი გაზეთისა, დღიდან მისი გამოსვლისა: - კარგად მახსოვს ის დრო, როცა "კვირის პალიტრის" პირველი ნომრები გამოვიდა. მაშინ არც ცარცის ქაღალდი იყო ხელმისაწვდომი, არც ოფსეტური, ამ გაზეთის მესვეურები ვლადიკავკაზიდან ეზიდებოდნენ ქაღალდს.

დროთა განმავლობაში "კვირის პალიტრა" ისეთი პოპულარული გახდა, რომ ვიცი ადამიანები, რომლებიც, პირველი ნომრიდან მოყოლებული, მთელი არქივის პატრონები არიან.
გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა რამდენიმე გაზეთის ელექტრონული ვერსია - 1877 წელს გამოსული "დროების", შემდეგ "ივერიის", "საქართველოს რესპუბლიკის", "კომუნისტის" და მათთან ერთად თანამედროვე პოპულარული გაზეთის, "კვირის პალიტრის". მომავალში ყველას მიეცემა საშუალება, ჩვენს ვებგვერდზე წაიკითხოს ამ გაზეთების ნებისმიერი საარქივო ნომერი... ჩვენ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები ყოველი ნომრის ბოლოს - ჩვენს საიტზე "კვირის პალიტრის" მკითხველთა რიცხვი ყოველი კვირის განმავლობაში 10%-ით იზრდება. ამ გაზეთის ძველ ნომრებს დღეში 500-600 მნახველი ჰყავს.

ჩვენ ყველა სტატიის ანალიტიკური აღწერილობა გვაქვს: სათაური, ავტორი, შინაარსი, სტატიაში ნახსენები პირები... ასე რომ,
შეგიძლიათ შეისწავლოთ საქართველოს ისტორია 1995 წლიდან დღემდე "კვირის პალიტრის" თვალით.
შეძლებთ იოლად მიიღოთ ნებისმიერი ინფორმაცია როგორც წარსულიდან, ისე თანამედროვეობიდან.
დამეთანხმებით, ჩვენს ცხოვრებაში ინფორმაციას მართლაც ოქროს ფასი აქვს...
და კიდევ ერთი...

ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზენტაცია მიმდინარეობდა გამოფენის ფონზე, სადაც წარმოდგენილი იყო გადარჩენილი წიგნები. ეს გახლავთ "პალიტრამედიის" კიდევ ერთი პროექტის - "მაკულიტერატურის" ერთი ფასდაუდებელი მიღწევა - მაკულატურაში ჩაბარებული წიგნებიდან ოცი ათასი გადაარჩინეს ბიბლიოთეკისა და "პალიტრამედიის" თანამშრომლებმა.
მათგან ორი ათასი საერთოდ არ იყო ბიბლიოთეკის ფონდში...

P.S. ასე საქმიანად ჩაიარა "კვირის პალიტრის" მეთვრამეტე, ოქროს დაბადების დღემ... ხვალ ისევ ჩვეულებრივი დღე გათენდება - პირნათელი შრომის, სიმართლისთვის ბრძოლის, მოყვასის თანადგომის დღე...
rz
25 აპრილი 2013 09:09
კვირის პალიტრას, მისი გამოსვლის დღიდან თითქმისსულ ვყიდულობდი და ვკითხულობდი,მიხაროდა რომ საქართველოში ერთი ობიექტური გაზეთი მაინც იყო,ვითარება ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ სრულიად შეიცვალა,გაზეთი გახდა ანგაჟირებული,გამოხატავას ოცნებისა და ივანიშვილის პოზიციებს ხან ღიად ხან შეფარვით,ხელისუფლების კრიტიკას საერთოდ ვეღარ ვხვდები სტატიებში,ამიტომაც შევწყვიტე ამ გაზეთის კითხვა,შიგადაშიგ ვყიდულობ ხოლმე,იმ იმედით,იქნება რაიმე შეიცვალა მეთქი,მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით არაფერი იცვლება.
david bobohia (ЦЕНДИХ)
23 აპრილი 2013 10:10
მე ორი კვირაა ამ გაზეთ-საიტის სტუმარი ვარ,კარგი საინფორმაციო წყაროა.მოგილოცავთ 18 წელს-ზრდასულობას,გისურვებთ წარმატებებს და მეტი წვლილის შეტანას ჩვენი ქვეყნის-თქვენზე ცოტათი უფროსის დემოკრატიულად ჩამოყალიბებაში,ბოლოს და ბოლოს თქვენ 4-ე მთავრობა ხართ.ჩვენს ხალხს სჭირდება მეტი პროპაგანდა თუ როგორი ინტელექტით შევიდეთ ევროპის საერთო სახლში.
qartveli
22 აპრილი 2013 17:45
მე საქართველოში არ ვცხოვრობ, გასული წლები რუსთავი ორის გვერდის კითხვით გამოვიტენე თავი, მად რომ ჩამოვდიოდი მიკვირდა საქართველო ისეთი რომ იყო როგორც იქ ვკითხულობდი, სანამ დედაჩემმა არ მითხრა, ჩვენ სახლში მხოლოდ კვირის პალიტრას ვკითხულობთო, მას შემდეგ მოგძებნეთ ინტერნეტში და დღემდე თქვენი სტატიების ერთგული ვარ, უზომოდ ველოდებიხოლმე ორშაბათს რომ მეტე სიახლე გადავიკითხო ჩემს ქვეყანაზე.
ასე გააგრძელეთ, მიყვარს თქვენი ჟურნალისტების წერილები, ყველაფერი სიმართლეა!
გისურვებთ ყველაფერს კარგს.

რედაქტორის რჩევით