"მამას სიმწრისგან მუშტისსიმსხო ცრემლები ჩამოსდიოდა" - კვირის პალიტრა

"მამას სიმწრისგან მუშტისსიმსხო ცრემლები ჩამოსდიოდა"

"სახლიდან ვერ გავსულვარ და სახელმწიფოს როგორმე ხომ უნდა მივაწვდინო ხმა"

სამოქალაქო დაპირისპირებას შეწირული...

ცოტა ხნის წინ ფოთიდან შორენა მშვენიერაძის წერილი მივიღეთ, გვწერდა, ინვალიდი ვარ და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავსო. შორენას ოჯახს უკიდურესად უჭირს, სამკურნალო ფული არა აქვს. ამის გამო 30 წლის ქალის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება.  წერილი იმდენად გულისამაჩუყებელი იყო, რომ გადავწყვიტეთ, შორენას ფოთში, შინ ვწვეოდით და დაწვრილებით გაგვეცნო მისი მდგომარეობა.

პორტთან ახლოს, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე დედასთან, ძმასთან, რძალსა და ათი თვის ძმისშვილთან ერთად ცხოვრობს. ორი წლის წინ სოციალური დახმარების აგენტებმა მიიჩნიეს, რომ მშვენიერაძეები სიღარიბის ზღვარს ზემოთ ცხოვრობენ და დახმარება გაუუქმეს. შორენა კოჭებთან ამობრუნებულ ტერფებით ფრთხილად მიჰყვება კედელს რომ ოთახიდან ოთახში გავიდეს. სულ ეს არის ის მოკლე მარშრუტი, რომელსაც ყოველდღე გადის.

იხსენებს, 13 წლამდე ჭიათურის მთებში ზაფხულობით როგორ დარბოდა. ახლა მთების ნახვა ისევე, როგორც გამართულად სიარული, ოცნებად ექცა. თუმც, ფიქრობს, რომ მისი ოცნება სულაც არ არის აუსრულებელი, საკმარისია ვიღაც მადლიანი გამოუჩნდეს, ექიმთან მიიყვანოს და უმკურნალოს. ეგონა, ასეთი "ფერია" სახელმწიფო იქნებოდა, მაგრამ მისმა აგენტებმა ვერ დაიჯერეს, რომ შორენას უჭირს. სახლიდან ვერ გავსულვარ და სახელმწიფოს როგორმე ხომ უნდა მივაწვდინო ხმა, ამიტომაც გთხოვეთ დახმარებაო, - გვეუბნება შორენა და ძველისძველ დივანზე მოწყვეტით ვარდება.

სანამ საუბარს დავიწყებთ, სახლს ვათვალიერებ, ვცდილობ, ფუფუნების რაიმე ნიშანი ვიპოვო, რაც სოციალური აგენტების გადაწყვეტილების სისწორეში დამარწმუნებს, მაგრამ ამის მსგავსს აქ ვერაფერს ნახავთ. სახლში ისევე ცივა, როგორც გარეთ. მშვენიერაძეები დენსა და ბუნებრივ აირს ეკონომიურად ხმარობენ.

შორენას ტრაგედია საქართველოში დატრიალებულმა სამოქალაქო დაპირისპირებამ გამოიწვია. დღესაც ნათლად ახსოვს ის უბედური დღე...

- არასოდეს დამავიწყდება 1992 წლის 4 აპრილი. საღამოს სირენებისა და მეგაფონების გულისწამღები ხმა გაისმა, თავს უშველეთ, წადითო. ქობალიას რაზმი და "მხედრიონი" დათარეშობდნენ და ერთმანეთს ხოცავდნენ. მეგონა, ყველას ამოგვწყვეტდნენ. მთელი ღამე ბოდვაში გავატარე, დილით ჩვეულებრივ ავდექი, სადილის სამზადისს შევუდექი. უცებ თითქოს მუხლებში მოვწყდი და ფეხი ფეხზე გადამეჯვარედინა, მაგრამ მალევე გამიარა ამ უცნაურმა შეტევამ. ცოტა დრო რომ გავიდა, ძალის გამოცლა ვიგრძენი და საწოლამდე ვეღარ მივედი. ხმაც წამერთვა. ხოხვით მივედი კარამდე და, როგორც იქნა, კივილი დავიწყე. დამაწვინეს საწოლზე, უკვე წელქვემოთ შეგრძნება არ მქონდა. უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად შეიარაღებულმა ფორმირებებმა მამაჩემს ჩემი ქუთაისის საავადმყოფოში გადაყვანის უფლება არ მისცეს. ადგილობრივ საავადმყოფოში ვერ მიმიყვანდნენ, რადგან დაჭრილებით იყო სავსე. მამას სიმწრისგან მუშტისსიმსხო ცრემლები ჩამოსდიოდა. ისევ მამას ერთ-ერთმა მეგობარმა იმარჯვა, იარაღი აიღო, მანქანაში ჩაგვიჯდა და ასე გაგვიყვანა ფოთიდან. ქუთაისის საავადმყოფოში გვითხრეს, რომ მკურნალობა დაგვიანებული იყო. მერე თბილისში წამიყვანეს, მაგრამ არაფერი მეშველა. ნერვული სისტემის დაქვეითება მაქვს შიშის ნიადაგზე.

რადგან სუსტი მკურნალობით ამხელა შედეგი მაქვს, ალბათ, ჩემი ფეხზე წამოდგომაც იქნება შესაძლებელი. მამის სიკვდილის შემდეგ უკიდურესად გაგვიჭირდა. ახლა მხოლოდ ჩემი ძმა მუშაობს, მცირე ხელფასი აქვს, თანაც პატარა ბავშვი ჰყავს. მე რომ მკურნალობა დამჭირდა, ბანკში სესხი აიღო და ახლა ხელფასით იმას ისტუმრებს. ბანკის გადასახადს რომ გადაიხდის, ხელფასიდან მხოლოდ ასი ლარი რჩება. რაში უნდა გვეყოს ასი ლარი ოჯახს, სადაც ორი ინვალიდი, მე და დედა, გულით ავადმყოფი, და პატარა ჩვილი ცხოვრობს? ბავშვს ხომ არ შევეცილები ლუკმაში? ამ თანხას ემატება ჩემი ინვალიდობის 65 ლარიც, მაგრამ ეს ხომ არაფერია, პურის ფულად ძლივს გვყოფნის. სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის 44-ლარიანი დახმარება მას შემდეგ მოგვიხსნეს, რაც ჩემმა ძმამ ცოლი შეირთო. მისი ჯვრისწერის წინ სამი თვის პენსია ავიღე, რომ შპალერი გაგვეკრა და ჭერი შეგვეღება.

მერაბ მშვენიერაძე, შორენას ძმა: - ამდენი წელია, შორენა ავადაა, ჩვენ კი ექიმთან ვერ მიგვიყვანია. ამიტომაც გადავწყვიტე, ბინა გავყიდო, მაგრამ არ იყიდება. შორენაც მეწინააღმდეგება, ჩემ გამო ღია ცის ქვეშ ხომ არ უნდა დავრჩეთო. არადა, როდესაც მის ფეხებს ვუყურებ, გული მიკვდება. ინვალიდია, თანაც სახელმწიფოში გაჩაღებული არეულ-დარეულობისა და ომის გამო დაინვალიდდა და სახელმწიფო მისთვის უფასო სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და უფასო კარდიოგრამასაც ვერ იმეტებს. ყველაფერში ფულს გვახდევინებენ, ფულს, რომელსაც ვალად ვიდებთ. ვალებიც იზრდება, გასტუმრების შანსი კი მცირდება. ამას წინათ, მუნიციპალიტეტიდან დაურეკეს დედაჩემს, სადაზღვევო პოლისი წაიღეო. გვეგონა, ორ პოლისს მისცემდნენ, - დედას, როგორც გულით ავადმყოფს, და შორენას, როგორც ინვალიდს. არაფერიც. შორენას თურმე არ ეკუთვნის პოლისი(!).  გაგიჟდა დედაჩემი, თავის პოლისსაც იქ ტოვებდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს ძალიან რომ გაუჭირდა, მე ჭიათურაში გამგზავნა დედამ, თავის მშობლებს სთხოვა ჩემს გაზრდაში დახმარებოდნენ. ვოცნებობდი, დიდი გავხდები და ჩემს დას მოვარჩენ-მეთქი. მჯერა, რომ მართლა შეიძლება მისი მორჩენა, მაგრამ არ ვიცი, როგორ და სად ვნახო წამალი. ჩვენ ამ სიდუხჭირეში ისე ვართ ჩაფლული, რომ შორენასთვის გამოკვლევის ჩატარებაც არ შეგვიძლია...

შორენა კინაღამ ექიმბაშების მსხვერპლი გამხდარა. რამდენიმე წლის წინ მეზობლად ერთი ხანში შესული ცოლ-ქმარი დამდგარა მდგმურად. უთქვამთ, ჩვენ მოვარჩენთ შორენასო. მოუთხოვიათ დიდი რაოდენობით თაფლი და კალმახის ქონი. ახლა მშვენიერაძეები იხსენებენ, როგორ გაჭირვებით შეაგროვეს 12 კილოგრამი ქონი. მერე ექიმბაშები ამზადებდნენ რაღაც მალამოს და გოგონას ფეხებზე ახვევდნენ. შორენა იხსენებს, რომ მხურვალებისგან სულ კანი ეწვოდა. ელდა ეცა, როდესაც ერთ დილასაც გაიგო, რომ მისი მკურნალები შარლატანები ყოფილან და ღამით ისე გაპარულან, რომ სახლის პატრონისთვის ქირაც კი არ გადაუხდიათ. იმ დილას კინაღამ თავიდან დაეწყო ყველაფერი.

ნათესავებს გოგონას ქუთაისში წაყვანა გადაუწყვეტიათ, იქ პროფესიულ სასწავლებელში ვასწავლით, გულს გადააყოლებს და თან ხელობაც ეცოდინებაო, მაგრამ სკოლის დირექტორს ატესტატი არ მიუცია.

"ხუთასი ლარი მომთხოვეს ატესტატში, ისე ვერ მოგცემო, გამომიცხადა დირექტორმა. სკოლაში ვერ დავდიოდი, არც არავის ჩაუტარებია ჩემთვის სახლში გაკვეთილები. ერთხელაც აუტანელი ტკივილი მქონდა, შინ კი ერთი თეთრიც არ მოიძებნებოდა, რომ წამალი მეყიდა. ძლივს მივედი მერიაში, მაშინ ქანთარია იყო მერი. ვთხოვე, 30 ლარი მომეცით, რომ წამალი ვიყიდო და ფეხი დავიამო-მეთქი. გაოცებულმა შემომხედა მერის მოადგილე რუხაძემ და მითხრა, რა გჭირს დასახმარებელი, ვარდივით ხარ, აქეთ დამეხმარეო. მათხოვარი უნდა იყო, რომ ვიღაცას გული აუჩუყო. მას შემდეგ დავიფიცე, რაც უნდა გამიჭირდეს, ფოთის მთავრობაში დახმარებისთვის არ მივალ. პირველი ჯგუფის ინვალიდობაც კი არ მომცეს, გადაადგილება შეგიძლიაო. თუ ტუალეტამდე მივდივარ, ეს იმას ნიშნავს, რომ სიარული შემიძლია?" - ამბობს შორენა.

ვიმედოვნებთ, შორენას ამბავს გაიგებენ იქ, სადაც საჭიროა, და ერთ დღესაც ის ლამაზ ფეხსაცმელს ჩაიცვამს და გამოჩენის აღარსად შერცხვება.

p.s. ცოტა ხნის წინ, მეგობარს უთხოვია, მეჯვარედ გამომყევი ქორწილშიო. შორენას უარი უთქვამს, ასეთ ულამაზეს დღეს როგორ დაგიმახინჯებო.