"ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უყვარს" - კვირის პალიტრა

"ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უყვარს"

"ჩემი "ერთხელ" არის ანი"

წინა თვის სკანდალების გმირი, ნიჭიერი მსახიობი გიორგი ყიფშიძე მეორე ქორწინებაში იმყოფება. მისი მეუღლე მშვენიერი ანი ჩიკვილაძეა.

- ანი 8 წლის წინ ერთ ფესტივალზე გავიცანი, ვერაფრით ვიხსენებ, რომელზე. ბევრი საერთო მეგობარი აღმოგვაჩნდა, ამიტომ დამეგობრება არ გაგვჭირვებია. იმხანად ცოლიანი ვიყავი და ანიზე, როგორც ქალზე ფიქრის უფლება არ მქონდა, თუმცა გაცნობისთანავე დიდი შთაბეჭდილება დატოვა.

- გაცნობისთანავე მოგხიბლათ?

- კი, მაშინვე მომეწონა და ამას არც უარვყოფ. დროთა განმავლობაში დავმეგობრდით. მერე მე და კრისტი დავშორდით. ცოლთან განშორებამ დეპრესიაში ჩამაგდო. გაურკვეველი იყო, ბავშვი ვისთან დარჩებოდა... მოკლედ, ძალიან ცუდად ვიყავი, მინდოდა გვერდით მყოლოდა ვიღაც, ჩემი სევდის გამზიარებელი. იმხანად ანი ჩემს გვერდით იყო, უსიტყვოდ ესმოდა ჩემი. მასში ვიპოვე შვება. ისეთი ახლობელი გახდა, რომ მის გარეშე აღარ შემეძლო.

- მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა... სიყვარული როდის აუხსენით?

- ანის პიროვნებაში ყოველდღე ახალ შტრიხს ვპოულობდი. მიკვირდა კიდეც, როგორ ახერხებდა, ამდენ ხანს ესმინა ჩემთვის და არ მობეზრებოდა, ასე კარგად გაეგო ყველაფერი... ბოლოს მივედი დასკვნამდე, რომ ძალიან მიყვარდა. სიყვარულს ყველა თავისებურად აღიქვამს, მე კი მგონია, რომ ადამიანს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ უყვარს, ჩემი "ერთხელ" კი ანია.

სიყვარული როდის ავუხსენი, არ მახსოვს. ჯერ რომანი გვქონდა და მერე.

- პირველ კოცნას ხომ არ გაიხსენებ?

- სჯობს, საიდუმლოდ შევინახო.

- როგორც მივხვდი, ანი თქვენდამი ძალიან ყურადღებიანი იყო. თვითონ თუ იყავით ყურადღებიანი მის მიმართ?

- ეს ალბათ ანის უნდა ჰკითხოთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ შეძლებისდაგვარად ყურადღებიანი ვიყავი. სულ მასთან მეჩქარებოდა, ერთი სული მქონდა, გადაღება თუ რეპეტიცია დამთავრებულიყო. ვიბრძოდი, რომ ჩემი გამხდარიყო...

ერთხელ შევპირდი, გადაღებიდან შენთან მოვალ-მეთქი, მაგრამ გადაღება დიდხანს გაგრძელდა და ანის სახლთან რომ მივედი, ღამის 4 საათი იყო. ისე ვიყავი დაღლილი, დარეკვის თავიც არ მქონდა... მანქანაშივე ჩამეძინა, დილით კი ანის დედამ დამინახა. ანის ისე შევეცოდე, ატირდა.

- შეუღლება ერთად გადაწყვიტეთ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ ტრადიციულად არ მოვქცეულვართ - არ მივსულვარ ანის ოჯახში, არ მითხოვია მისი ხელი... მიუხედავად იმისა, რომ ანი ძალიან ტრადიციული ოჯახიდან არის, ჩემდა გასაოცრად, დაბრკოლება არ შეგვხვედრია. ანის მშობლებს ვიცნობდი - მამამისი ჩემი სკოლის დირექტორი იყო. თავდაპირველად სამოქალაქო ქორწინებაში ვიმყოფებოდით, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით, შემდეგ კი ჩემს სახლში გადავედით. ცოტა ხნის წინ ჯვრისწერაც გადავწყვიტეთ. ბეჭდები უკვე შევუკვეთეთ და საშობაო მარხვა რომ დასრულდება, ჯვარს დავიწერთ.

-  სად აპირებთ ჯვრის დაწერას?

-  სამებაში. ჩემი მეჯვარეები მსახიობი ნიკა წერედიანი და ირაკლი ბერძენიშვილი იქნებიან, ანის მეჯვარეები კი - მისი უახლოესი მეგობრები.

- ალბათ დამეთანხმებით, რომ შეყვარებულობის პერიოდი ერთად ცხოვრებისგან განსხვავდება. რა შეიცვალა თქვენს ურთიერთობაში ამ ხნის განმავლობაში?

- ერთმანეთის გაცნობის მაქსიმალური საშუალება მოგვეცა. ალბათ გესმით, რომ რაოდენ ძლიერიც უნდა იყოს გრძნობა, ადამიანს მაინც გიჩნდება კითხვა - გიყვარს თუ არა? აი, ამის გარკვევაში დაგვეხმარა ერთად ყოფნის პერიოდი. რომ გაიღვიძებ და გინდა, დაასწრო ადგომა ლოგინში ყავის მისართმევად, ეს იმის ნიშანია, რომ ის შენი ერთადერთია. ანი ავად რომ ხდება, დედასთან მიდის ხოლმე - იქ უფრო კარგად უვლიან, ჩვენთან შინ არავინ არის. მის დაბრუნებამდე საშინელ დისკომფორტს განვიცდი, ღამით თვალს ვერ ვხუჭავ, მის ბალიშს ვყნოსავ...

- ხშირად ეუბნები, რომ გიყვარს?

- დღეში ასჯერ და მართლა სიგიჟემდე მიყვარს. არავინ თქვას, რომ არსებობს ოჯახი, სადაც არ კამათობენ. უფრო მეტიც - თუ არ ეკამათები, ესე იგი არც გიყვარს. ჩხუბობ იმიტომ, რომ გინდა, რაღაც გამოასწორო. ჩვენც ვჩხუბობთ და ზოგჯერ ისეთ რამეს ვეტყვი, ვატირებ ხოლმე, მაგრამ მეორე დღეს მე ვტირი.

ჩემი ცოლი ლამაზია და ეს ჩემი პლუსია. ზედ რომ არავინ შეხედოს, დავიღუპები, მაგრამ მე არა ვარ ისტერიკულად ეჭვიანი, თუ უყურებენ, მერე რა?! აი, ვინმემ რომ უჩქმიტოს, თავს მოვაჭრი იმ უბედურს. ანიც ზომიერად ეჭვიანია. როცა ქალი მირეკავს მობილურზე, ეჭვიანობს (იცინის).

- შენ თუ აძლევ ეჭვიანობის საბაბს?

-  ყველა კაცი აძლევს ცოლს ეჭვიანობის საბაბს. ანი ჭკვიანი ქალია, იტირებს, მაგრამ გაჩუმდება, შენიშვნას არ მომცემს. შესანიშნავად ესმის ჩემი. ასე რომ არ იყოს, ერთად, უბრალოდ, ვერ ვიქნებოდით. მე კი მიწევს მერე ცუცუნასთვის ბოდიშის მოხდა, - თუ დამნაშავე ვარ, არ მეთაკილება. ცუცუნას ჩემს ცოლს ვეძახი მოფერებით, თვითონ კი კუსკუსებს მეძახის.

- რას ვერ აპატიებ?

- ღალატს. ალბათ, თვითონაც იმავეს ვერ მომიტევებს.

ნათია მალიშავა