"დედის შეგინების გამო ოთხი-ხუთი კაცი მყავს ნაცემი"
29-04-2013
"დედის შეგინების გამო ოთხი-ხუთი კაცი მყავს ნაცემი"
"დედის სადღეგრძელო გამორჩეულია"

ირმა ხუციშვილს ქალისთვის ერთობ უცნაური ხელობა აქვს - მეწაღეა. დედაქალაქში გაჭირვების დასაძლევად მესხეთ-ჯავახეთიდან ჩამოსული ვაჭრობით ირჩენდა თავს, საღამოობით კი მეწაღე ახლობლის საქმიანობას ყურადღებით აკვირდებოდა...

- მანამდე ბაზრობაზე წვრილმანებს ვყიდდი. მე და ჩემი პატარა ქალიშვილი თავს ძლივს ვირჩენდით. საღამოობით ახლობელთან მივდიოდით. ის "პირიმზეში" მეწაღედ მუშაობდა და შინ მოსვლისთანავე ჩანთიდან ამოალაგებდა დასამთავრებელ სამუშაოს,  მეც სიამოვნებით შევყურებდი ხელებში, მის სათითაო მოძრაობას ვსწავლობდი. ხანდახან მივუჩოჩდებოდი და წვრილმან საქმეში ვეხმარებოდი... პირველი საპასუხისმგებლო
დავალება ფეხსაცმლის ლანჩის შემოკერება იყო... მას შემდეგ, აგერ უკვე ოცი წელია, ამ ხელობას მივდევ.

- არ გაგიჭირდათ?

- ძალიან გამიჭირდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. დროთა განმავლობაში დავსნეულდი, ფეხზე ნერვის ანთება დამემართა და ოთხი წელია ჯოხით დავდივარ. ოპერაცია მჭირდება, მაგრამ საჭირო თანხას თავი ვერ მოვუყარე.
მხოლოდ წამლის შესაძენად მყოფნის ფული. მასალის ხარჯი, გზის ფული, ბაზრობის ადმინისტრაციის ყოველდღიური გადასახადი, ქალიშვილიც ეპილეფსიით არის დაავადებული... ხომ წარმოგიდგენიათ, რა თანხა მჭირდება... ამ სახელოსნოშიც დროებით ვარ შემოხიზნული, მეწაღე რომ დაბრუნდება, არ ვიცი, როგორ ვიარსებებთ. ცალკე ადგილის აღება ძალიან ძვირი ჯდება...

ერთადერთი  მეწაღე ქალი ვარ და თანაც ხელჯოხიანი.
ადრე აქვე, "სამეზობლოში", რამდენჯერმე კლიენტიც წამართვეს. შეიძლება მე გამიფუჭდეს ან კლიენტის სურვილის გათვალისწინებით ვერ გამომივიდეს საქმე და ამ დროს, მეორე ხელს დაუქნევს, თავისთან გადაიყვანს, - მაგაზე მაგარი ხელოსანი ვარო. ან თუ ვინმე იკითხავს, აქ ქალი მუშაობს, ხელჯოხით დადის, რომელ ჯიხურში შემიძლია მისი ნახვაო, ამათ შეიძლება მხრები აიჩეჩონ, - არ ვიცით, ვინ არისო. არადა, ამ დროს გვერდით ჯიხურში ვზივარ და შეკვეთას ვასრულებ.

Kსაერთოდ, კლიენტის "ახევა" და დედის შეგინება ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია. ამის გამო ოთხი-ხუთი კაცი მყავს ნაცემი. ორი ძმა იყო, მეწაღეები, დედა შემაგინეს. ვუთხარი, - ბიჭებო, იცოდეთ, არ გაპატიებთ-მეთქი. არ დაიშალეს და კუთვნილიც მიიღეს. ასეთ დროს თავს ვერ ვაკონტროლებ, გონება მებინდება... სახეჩამოკაწრული და დასისხლიანებულები ძლივს გამომგლიჯეს ხელიდან. ერთმა ლაჩარმა მიჩივლა. მაშინდელი მილიციის ქვეგანყოფილებაში დამიბარეს. ვითარება რომ ავუხსენი, ახლა ის დაიბარეს და მკაცრად გააფრთხილეს, ვერ ხედავ, ვისთან გაქვს საქმე, ახლოს არ გაეკაროო. 12 წელია დედა აღარ მყავს, მაგრამ ყოველ საღამოს, შინ დაბრუნებული, მივდივარ მის სურათთან, სანთელს ვუნთებ და ვეფერები.

- ახლობლები როგორ შეხვდნენ თქვენს არჩევანს?
- ჩვეულებრივად. მხოლოდ მაშინ მაკითხავენ, როცა ვჭირდები. თუმცა მესმის მათი, ექვსი დედმამიშვილი მყავს, ყველა დაოჯახებულია, თავისი პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი.
მესხეთ-ჯავახეთის მაღალმთიან სოფელში დაბადებულს კარგი მოლხენაც მიყვარს, ახალგაზრდობაში მითამადია კიდეც, მაგრამ....

- გამორჩეული სადღეგრძელო ხომ არ გაქვთ?
- რა თქმა უნდა, დედის სადღეგრძელო...
თავისებურად მომხიბლავი იყო სოფელი, ოჯახი, ბავშვობა, მაგრამ ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ტკბილი მოგონებები ცუდმა შეცვალა. ხშირად, როდესაც მარტო ვრჩები, საკუთარ თავს ვეკითხები, - მქონდა კი ოდესმე რაიმე კარგი?

ახლაც, ამდენი წლის შემდეგ, როდესაც დედაც აღარ მყავს, მაინც დედის უზომოდ მოყვარულ ბავშვად დავრჩი... ფეხზე გამართულად მინდა დავდგე, რომ ჩემს ავადმყოფ ქალიშვილს მოვუარო, ჯანმრთელად მყავდეს და ქართველი ხალხი იყოს ბედნიერი - ეს არის ჩემი ოცნება.

გურამ სოზაშვილი
tristani
05 მაისი 2013 18:36
რა ადგილას მუშაობს ეს ქალი იქნებ დაწეროთ რა?
natia
01 მაისი 2013 11:05
რა გულწრფელი ადამიანი ჩანს,გაგახაროს უფალმა! რამდენია დღეს საქართველოში განკაცებული ქალი და ვის რა გზით უწევს თავის დაცვა!
qristi
01 მაისი 2013 02:37
" ორი ძმა იყო, მეწაღეები, დედა შემაგინეს. ვუთხარი, - ბიჭებო, იცოდეთ, არ გაპატიებთ-მეთქი". ქალბატონო ირმა, ასეთ დროს სიტყვა ბიჭებოთი კი არ უნდა მიგემართათ, უნდა გეთქვათ თქვე ქალაჩუნებო და არაკაცებო არ გაპატიებთო. რატომ უძახით ასეთებს ბიჭებს? ეგენი არიან საზიზღრები. სიტყვებს ვერ ვპოულობ. ქალს რომ შეაგინებ, მითუმეტეს ქალს, რომელსაც შვილი ჰყავს სარჩენი. თქვენ ხომ დედა შეგაგინათ, თქვენისთანა მშრომელს, მაგას ნამდვილი ქუჩის ქალი უნდა შეუვიდეს სახლში, ოჯახის წევრად უნდა დაუჯდეს და მერე დადგეს და აგინოს მაგას. მერე მიხვდება ისეთი ლაჩარი არაკაცი თქვენისთანა ქალის ფასს, მაგრამ რაღა დროს. ბედნიერებას გისურვებთ ქალბატონო ირმა. გაუძელით მაგრად ამ ცხოვრებას. ;) ღმერთი გფარავდეთ.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები