გაუმხელელი სიყვარული თუ ოჯახური პრობლემები - რატომ მოიკლა თავი 17 წლის თორნიკემ?
29-04-2013
გაუმხელელი სიყვარული თუ ოჯახური პრობლემები - რატომ მოიკლა თავი 17 წლის თორნიკემ?
რას ნიშნავს "ემოციური კეთილდღეობა" და "გაუქმების მექანიზმი"

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვენობანში 17 წლის მოზარდმა თორნიკე ცხოიძემ თავი ჩამოიხრჩო... სკოლაში მხოლოდ სამ გაკვეთილს დაესწრო, შემდეგ ჩანთა აიღო და ისე, რომ არავისთვის არაფერი უთქვამს, სკოლიდან წამოვიდა. შინ მისულმა კართან ფეხსაცმელები გაიხადა, მობილური ტელეფონი ქსელში შეაერთა, შემდეგ საწოლზე წამოწვა, რამდენიმე წუთში ადგა, ჭერის დირეზე კაპრონის წვრილი თოკი ჩამოაბა და...

ზუსტად ამ დროს თორნიკეს დედა იქვე, სახლთან, ბოსტანში საქმიანობდა. მას  შვილის შინ დაბრუნება არ
გაუგია, - როგორც ჩანს, თორნიკემ ჭიშკარი  უხმაუროდ გააღო =და სახლშიც ფეხაკრეფით შევიდა...
დედამ კართან შვილის ფეხსაცმელები რომ შენიშნა, თორნიკე მოსულაო, - ჩაილაპარაკა, ოთახის კარი შეაღო და... სოფელი ქვენობანი ამ ამბავმა დაამუნჯა, - ბიჭი ამას თუ ჩაიდენდა, არავის სჯეროდა... ათასგვარი ჭორი გავრცელდა: ერთი ვერსიით, ბიჭს გოგო
ჰყვარებია უიმედოდ... იმასაც ამბობდნენ, რომ მამამისი გამუდმებით სვამდა და თორნიკე ამას განიცდიდაო. არის კიდევ ერთი ვერსია - ის გულჩათხრობილი ბიჭი ყოფილა. ბოლო დროს კლასელებისთვის უთქვამს, არ მინდა სკოლას რომ ვამთავრებ, თქვენ ყველანი წახვალთ, თქვენს გზას მოძებნით, მე კი აქ მარტო უნდა დავრჩეო... შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ საქმე =თვითმკვლელობის მუხლით აღძრა.

...თორნიკეს 25 წლის ძმა ჰყავს, რომელიც არცთუ მაღალხელფასიან სამუშაოზე მუშაობს, მაგრამ ოჯახსაც ეხმარება და უმცროს ძმასაც გამოსაშვები საღამოსთვის კოსტიუმის ყიდვასაც დაჰპირდა... თორნიკეს კოსტიუმი მაინც უყიდეს, მაგრამ მას სკოლის დამამთავრებელ საღამოზე ვეღარ ჩაიცვამს...
რატომ მომრავლდა ჩვენში ასეთი ტრაგედიები, რატომ იკლავენ მოზარდები თავს? ამის შესახებ ფსიქოლოგ მარინა ბალიაშვილს ვესაუბრეთ.

- უმეტესად თავს სულიერად სრულიად ჯანსაღი ადამიანები იკლავენ. ამას თავისი მიზეზი აქვს - ცხოვრების ხარისხი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს არ აქვს იმედი, რომ დღეს თუ რაიმეს ვერ მიაღწია, ხვალ მიაღწევს... ასეთ დროს იწყება დეპრესია, რისი მსხვერპლიც უპირველესად მოზარდები არიან. ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი "ემოციური კეთილდღეობა", რომელიც სულაც არ არის მატერიალურთან დაკავშირებული. მისი მთავარი პირობაა, რომ ადამიანი ივსებოდეს გრძნობებით, ჰქონდეს მიზანი, რომლისთვისაც იბრძოლებს და რომელიც სიხარულს მოუტანს. შევყურებ ჩემს სტუდენტებს და ვგრძნობ, რომ მიზანი არ აქვთ, რადგან არ გააჩნიათ მიზნის მიღწევის პერსპექტივა. არადა, ბედნიერების სურვილი ნებისმიერ ადამიანში დევს და როცა ამას ვერ აღწევს, აგრესიას საკუთარი თავისკენ მიმართავს. ისინი, ვინც თვითმკვლელობა გადაწყვიტა, უპირველესად იწყებენ საკუთარი თავის ვერ ატანას, არ მოსწონთ არაფერი, რასაც აკეთებენ, ნელ-ნელა შორდებიან გარემოს და ეს ისე სტკივათ, გამოსავლად თვითმკვლელობას მიიჩნევენ.

- როგორ ხდება რომ თვითმკვლელობის წინ ისე იქცევიან, თითქოს ამაზე არასოდეს უფიქრიათ...
- ამას "გაუქმების მექანიზმი" ჰქვია - ადამიანი ფიქრობს სუიციდზე და ამ დროს წარამარა აუქმებს ამ ფიქრს. ეს დაახლოებით ისეა, როგორც კომპიუტერში ღილაკი - უნდო. მაგრამ სუიციდის გადაწყვეტილებას წინ ყოველთვის წინაპირობა და დრო უძღვის. როგორც წესი, თვითმკვლელები ამ დროში უსათუოდ იძლევიან მინიშნებას... სამწუხაროდ, ამ მინიშნებებში თვითმკვლელობის გეგმის დანახვა ძნელია. სინამდვილეში ადამიანს სიკვდილი არ უნდა, ჭოჭმანობს. ვიცი ადამიანი, რომელიც ქიმწმენდაში წავიდა, ტანსაცმელი მოიტანა და მერე მოიკლა თავი. ვიცი ისეთი სტუდენტიც, რომელმაც სემესტრში მიღებული ყველა ოთხიანი ხუთებზე გადააბარა და მერე მოიკლა თავი. ყველა ამბობდა, - როგორ, თავის მოკვლა თუ უნდოდა, ამას რატომ აკეთებდაო! აკეთებდა იმიტომ, რომ ის გაორებული იყო, თვითმკვლელობას ეწინააღმდეგებოდა და აუქმებდა. სიცოცხლე უძლიერესი ინსტინქტია და ადამიანს უზარმაზარი ძალა სჭირდება, რომ ეს ინსტინქტი მოსპოს. მაგრამ ის სულიერი ტკივილი, რომელიც სუიციდის მოსურნეს სჭირს, გაცილებით ძლიერი აღმოჩნდება ხოლმე...

სტატისტიკის ენით...

სუიციდი მთელ მსოფლიოში გავრცელებული მოვლენაა. ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში ყოველ წელიწადს თავს იკლავს დაახლოებით მილიონი ადამიანი, რომელთა დიდი ნაწილი მოზარდია. ამასთან თვითმკვლელებს შორის მამაკაცები დაახლოებით ოთხჯერ და მეტჯერ სჭარბობენ ქალებს.  
საქართველოში ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში ოფიციალური სტატისტიკით (როცა ამას ექიმი ადასტურებს), დაფიქსირებულია სუიციდის 6 000 ფაქტი. კავკასიაში კი სუიციდის შემთხვევებით საქართველო ლიდერობს, - ჩვენში ყოველი 100 000 ადამიანიდან 4-5 იკლავს თავს, სომხეთში - ორჯერ ნაკლები, ხოლო აზერბაიჯანში, ეს რიცხვი, 0,6 ადამიანს უდრის.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საქართველოში თვითმკვლელობის არაოფიციალური სტატისტიკა ოფიციალურზე თითქმის ორჯერ მეტია.(!)
buba
05 მაისი 2013 19:42
საქარტველოში ცხოვრება იმდენად უაზრო გახდა ახალგაზრდებისატვის რომ არაფერია ამ ციფრებში მოულოდნელი და გასაკვირი.უსაქმური კაცი ან ნარკომანია,ან ლოტი ან გაქცევაზე ფიქრობს.დასაქმებულს ამისტვის არ ცალია.ჯობია ამაზე ვიფიქროტ საქმე გაუჩინოტ ამ ხალხს.
ეკა
05 მაისი 2013 17:03
სიკვდილი არაა გამოსავალი ხალხო,ერთი სიცოცხლე გვაქვს და რატომ უნდა მოვისწრაფოთ ასე მალე საკუთარი ხელით.გჯეროდეთ საკუთარი თავის და ყველაფერს ეშველება!
ნინა
05 მაისი 2013 17:01
უდიდესი ცოდვაა თავის მოკვლა,იცოდეთ ამას უფალი არ გაპატიებთ და გზას ჯოჯოხეთისკენ გაიხსნით!

რედაქტორის რჩევით