"რობინზონ კრუზო"- ბრძოლა გადარჩენისათვის
29-04-2013
"რობინზონ კრუზო"- ბრძოლა გადარჩენისათვის
რობინზონ კრუზო სულიერი სიმტკიცის, შემართების, შრომისმოყვარეობის, გამჭრიახობის ნიმუშს წარმოადგენს. იგი უკაცრიელ კუნძულზე 28 წელს გაატარებს, მაგრამ სასოწარკვეთას არ ეძლევა

ინგლისელი მწერალი დანიელ დეფო მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც შესანიშნავი რომანის, "რობინზონ კრუზოს" ავტორი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით ყმაწვილებში სარგებლობს (თუმცა თავის დროზე ის სულაც არ დაწერილა საგანგებოდ მოზარდებისთვის). დანიელ დეფო მეტად მრავალმხრივი პიროვნება იყო. მოკლედ გაგაცნობთ მის ბიოგრაფიას და შემდეგ რომანზეც ვიტყვით ორიოდ სიტყვას.

დანიელ დეფო, სავარაუდოდ, 1660 წელს (ზუსტი თარიღი უცნობია)
დაიბადა ლონდონში, პროტესტანტი ვაჭრის ოჯახში. უმაღლესი განათლება ნიუინგტონის პურიტანულ სასულიერო აკადემიაში მიიღო, თუმცა აკადემიის დასრულების შემდეგ სასულიერო კარიერაზე უარი თქვა და კომერციაში ჩაება. სავაჭრო საქმეებზე ხშირად ჩადიოდა საფრანგეთში, ესპანეთში, პორტუგალიასა და იტალიაში, გაეცნო კონტინენტური ევროპის ცხოვრებას, შეისწავლა უცხო ენები. გახდა წინდების მქსოველი საწარმოს მფლობელი, მოგვიანებით,
აგურისა და კრამიტის დიდი ქარხანაც შეიძინა, მაგრამ გაკოტრდა. დეფო მოავანტიურისტო მეწარმე-საქმოსანი გახლდათ, რაც მაშინ, კაპიტალიზმის საწყის ეპოქაში, მეტად გავრცელებული მოვლენა ყოფილა.

თუმცა, დეფოს ბიზნესმენობა მისი პიროვნების მხოლოდ ერთი წახნაგია. იმავდროულად, იგი მეტად ნიჭიერი ჟურნალისტი და ნაყოფიერი პუბლიცისტი იყო, გამოსცემდა ჟურნალს, აქტიურად მონაწილეობდა ინგლისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დეფო ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა სამეფო ტახტზე ავიდა ჩარლზ IIII, 1649 წლის რევოლუციის შედეგად ჩამოგდებული დინასტიის, სტიუარტების წარმომადგენელი. ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. 1685 წელს ჩარლზ  II  ჩამოაგდეს და იაკობ  II  გამეფდა. ახალ მონარქს მონმუტის ჰერცოგი აუჯანყდა, რომელსაც დეფოც მიემხრო, - აჯანყება დამარცხდა, დეფო იძულებული გახდა, მიმალულიყო. თუმცა ვითარება სულ მალე შეიცვალა. 1688 წელს  ვილჰელმ  III გამეფდა, რასაც დეფო მიესალმა, მაგრამ მის მდგომარეობას ერთი ფაქტორი ართულებდა - დეფოს ოჯახი დისენტერთა პურიტანულ სექტას ეკუთვნოდა. ეს სექტა ინგლისის ოფიციალურ ეკლესიას არ აღიარებდა. ეკლესია პურიტანებს დევნიდა. დეფომ 1702 წელს გამოაქვეყნა პამფლეტი "ყველაზე მოკლე გზა დისენტერთა გასანადგურებლად", რის გამოც ციხეში ჩასვეს და "სამარცხვინო ბოძთან" დგომა მიუსაჯეს. დეფომ ციხეში დაწერა "ჰიმნი სამარცხვინო ბოძს", რომელსაც ისეთი რეზონანსი ჰქონდა, რომ მწერალს სასჯელი ტრიუმფად ექცა, ლონდონელები აღტაცებისა და მხარდაჭერის გამოსახატავად სამარცხვინო ბოძთან მდგომ დეფოს ყვავილებს ესროდნენ. 

XVII-XVIII საუკუნეების ინგლისში მიღებული წერის სტილისგან განსხვავებით, რომელიც ერთობ მძიმე გახლდათ, იგი წერდა გულწრფელად, დოკუმენტურ სტილში, რაც მკითხველზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.  "შავი ჭირის წელიწადის სადღიურო ჩანაწერები" ისტორიული რომანის ერთგვარი წინასახეა, "კაპიტანი სინგლტონი" და "პოლკოვნიკი ჯეკი" - სათავგადასავლო რომანის, ხოლო "მოლი ფლანდერსი" და "როქსანა: იღბლიანი ქალი" - სოციალურ-ფსიქოლოგიური და კრიმინალური რომანისა.

რაც შეეხება დეფოს სახელგანთქმულ რომანს, რომლის სრული სახელია "რობინზონ კრუზოს ცხოვრება და თავგადასავალი", მას საფუძვლად უდევს რეალური ამბავი, რომელიც შოტლანდიელ მეზღვაურს, ალექსანდრ სელკირკს გადახდა თავს. გემის კაპიტანმა იგი ურჩობისთვის დასაჯა - უკაცრიელ კუნძულზე დატოვა. სელკირკმა კუნძულზე ოთხი წელი გაატარა, სანამ სხვა გემის მეზღვაურებმა შემთხვევით არ იპოვეს. ამ დროს იგი ძალზე საბრალოდ გამოიყურებოდა, ლაპარაკიც კი თითქმის დავიწყებული ჰქონდა.
თავისი პროტოტიპისგან განსხვავებით, რობინზონ კრუზო სულიერი სიმტკიცის, შემართების, შრომისმოყვარეობის, გამჭრიახობის ნიმუშს წარმოადგენს. იგი უკაცრიელ კუნძულზე 28 წელს გაატარებს, მაგრამ სასოწარკვეთას არ ეძლევა. უეჭველია, დანიელ დეფომ სათავგადასავლო სიუჟეტი საკუთარი მრწამსის, ცხოვრებისეული შეხედულებების პოპულარიზაციისათვის გამოიყენა. მისი მრწამსი კი პროტესტანტული ეთიკაა.
თუმცა, როდესაც მკითხველი ეცნობა რობინზონ კრუზოს ცხოვრებას, თვალს ადევნებს მის ბრძოლას არსებობისა და გადარჩენისთვის, ბრძოლას ბუნების ძალებთან, ღირსეული ცხოვრების მოსაწყობად, იგი, რასაკვირველია, არ ფიქრობს იმაზე, თუ რა იდეური წანამძღვრები და მოტივები ამოძრავებს მას. მკითხველს ხიბლავს რობინზონ კრუზოს პიროვნული თვისებები: ვაჟკაცობა, შეუდრეკლობა, ადამიანობა (რაც კარგად ჩანს პარასკევასთან ურთიერთობაში).

აღსანიშნავია, რომ "რობინზონ კრუზოს" გაგრძელებაც ჰქონია, რომელსაც ჰქვია "რობინზონ კრუზოს შემდგომი თავგადასავალი" და რომელიც საბჭოთა ეპოქაში (არც შემდგომ) ერთხელაც არ გამოცემულა არც რუსულად და, ცხადია, არც ქართულად. ამას თავისი კონკრეტული მიზეზი უნდა ჰქონდეს.

რომანის გაგრძელებაში ასეთი ამბავი ყოფილა აღწერილი: რობინზონი დაბრუნდა ინგლისში და გამდიდრდა, მაგრამ მშვიდი ცხოვრება მალე მოყირჭდა, გემი დაიქირავა და პარასკევასთან ერთად თავის კუნძულზე გაემგზავრა, სადაც ახალმოსახლეთა კოლონიასთან შეტაკება მოუხდა, პარასკევა დაიღუპა, რობინზონი კი  ევროპაში სახმელეთო გზით, აზიის გავლით დაბრუნდა - უშიშარმა მოგზაურმა ამჯერად ციმბირი გადასერა. წიგნში მოცემულია "დიდი ტარტარიის" მიწების აღწერა, რომელშიც, ავტორის თქმით, შედის "მოსკოვიის" იმპერია და ჩინეთის იმპერია. უნდა ვივარაუდოთ, დეფოს ისეთი რამ უწერია რუსეთზე, რაც საბჭოთა კავშირის (მოდერნიზებული რუსეთის იმპერიის) ცენზორებს გულზე არ ეხატებოდათ. ამ გაგრძელების გარდა, არსებობს "რობინზონ კრუზოს" კიდევ მესამე ნაწილიც, რომელსაც ჰქვია "რობინზონ კრუზოს სერიოზული მსჯელობანი" - ეს გახლავთ ესეების კრებული. 

დანიელ დეფოს ამ უკვდავი - აწ უკვე საყმაწვილო - რომანის გაგრძელების თარგმნა და ქართულ ენაზე სრული სახით გამოცემა საშური საქმეა, რაც სამომავლოდ, უეჭველია, განხორციელდება კიდეც.

ირაკლი ლომოური
ნანა
01 ივნისი 2013 15:19
არსებობს მეორე ნაწილის ქართული თარგმანი,სწორედ საბჭოთა პერიოდშია გამოცემული სათავგადასავლო ბიბლიოთეკის სერიით და ვახტანგ ჭელიძის ნათარგმნია.2011 წელს ჟურნალ "თბილისელებს" მოყვებოდა სერია "მსოფლიო ლიტერატურის შედევრები მოზარდებისათვის" და მე-13 ტომი სწორედ "რობინზონ კრუზოს" ორივე ნაწილია.ნე შეიყვანთ მკითხველს შეცდომაში,მარტო ინტერნეტში მოპოვებული მასალით ნუ ისარგებლებთ.მეტი წაიკითხეთ.
ლოთი ქობალია
01 მაისი 2013 12:04
2 სიტყვა მინდოდა მეთქვა ცენზურაზე.........თუ ცენზურა იყო კომუნისტების დროს ეს ერთით წაადგა კიდეც ჩვენს გემოვნებას.კარგი პროდუქტი შემოდიოდა. ეხლა რა ხდება? ვითომ ცენზურა არ არი და ამ დროს სიტყვა მაინც შეზღუდულია(კომედი შოუს ბიჭების ამბავმა შემძრა)...მათი ბევრი სკეტჩი ნაღდი უგემურობის განსახიერებაა.ჰოლანდიაში ყოფნის დროს ჩვენმა ჰოლანდიელმა პარტნიორმა გაიკვირვა საიდან იცით ამდენი როკ ჯგუფების სახელები თქვენთან ხო აკრძალული იყოო როცა ლივინგ ბლუზი ვუხსენე საერთოდ გადაირია....ეს ჯგუფი ჩვენთან ბევრმა ჰოლანდიელმა არ იცისო.ასე რომ კომუნისტების დროს განათლებას ღებულობდა კაცი.ამიტომ რაც კარგი იყო მათ დროს რაც რაიმე დარგის განვითარებას უწყობდა ხელს რატო უნდა დავანგრიოთ და გავანადგუროთ. ისე არ გამიგოთ თითქოს კომუნისტები მიყვარს,მაგრამ რაღაც ელემენტები უნდა შემოვიტანოთ როგორც სკანდინავიის ქვეყნებში გააკეთეს...და საერთოდ მრჩება შთაბეჭდილება რომ უკვე ევროპა ხდება კომუნისტური და ჩვენ კი ღმერთმა იცის სად მივდივართ.

ლოთი ქობალია
01 მაისი 2013 02:32
მეც მაქვს წაკითხული,სადაც აღწერილია პარასკევასა და კრუზოს მოგაზურობა ევროპაში და კუნძულზე.ინგლისელების და ესპანელების დაპირისპირება,მერე მათი ომი კანიბალების არმიასთან.ბოლოს ინდოეთიდან რუსეთის გავლით სამშობლოში დაბრუნება.........ეგენი სულ კომუნისტებს აგინებენ..ცენზურა არა ის. ცენზურა ეხლა ნახეთ.ჩვენი რუსთავი 2 -ის შემხედვარე და მაგათი კომედი შოუსი.რასაც ეხლა ჩვენები წერენ კომუნიზმზე,იმას წერდნენ კომუნისტები მეფის რუსეთზე....კარგით რა.უკვე ეხლა ვხვდებო რო არაფერი არ იცვლება ამ ქვეყანაში და არც შეიცვლება არასდროს.

რედაქტორის რჩევით