შესაძლოა, გალაკტიონის, ზაქარია ფალიაშვილის და ნიკო ნიკოლაძის ტვინები დაიკრძალოს - კვირის პალიტრა

შესაძლოა, გალაკტიონის, ზაქარია ფალიაშვილის და ნიკო ნიკოლაძის ტვინები დაიკრძალოს

"იდენტიფიკაციისთვის საჭირო გახდება დნმ-ის ანალიზი, რადგან ეტიკეტები საეჭვოდ მოსუსტებულია და არ გამოვრიცხავ, შეცდომით იყოს მიწებებული"

რა საიდუმლოს ფლობენ უპატრონოდ დარჩენილი გენიალური ტვინები?

თბილისში, ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის პათოლოგანატომიური დეპარტამენტის სარდაფში გალაკტიონის, ნიკო ნიკოლაძისა და ზაქარია ფალიაშვილის ტვინები ინახება. თუმცა, შესაძლოა, უახლოეს ხანში მათი დაკრძალვის გადაწყვეტილებაც მიიღონ. გასულ საუკუნეში ტვინები იმიტომ შეინახეს, რომ დაედგინათ, რა განაპირობებდა ამ პიროვნებათა გენიალობას, მაგრამ არ არსებობს კვლევების დამადასტურებელი ოქმები. ქილებს, რომლებშიც საკვლევი მასალაა დაცული, ახლავს მხოლოდ მათი მფლობელების ვინაობის დამადასტურებელი ეტიკეტები. რატომ გაჩნდა ტვინების დაკრძალვის იდეა, რა დაასკვნა გალაკტიონის გენიოსობის შესახებ მედიცინამ და რა ბედი ელის ამ საცავს მომავალში? ამ საკითხებზე პათოლოგანატომიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფესორ გიორგი ბურკაძეს ვესაუბრეთ.

- გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში გერმანიაში გაჩნდა მატერიალისტურად მოაზროვნეთა მიმართულება. მათ მიაჩნდათ, რომ ყოველივე დიდსა და გენიალურს მატერიალური საფუძველი აქვს და გენიოსების მატერიალური საფუძველი უნდა ყოფილიყო თავის ტვინში, გენიალური უჯრედების სახით. გერმანელი მეცნიერი ფოქტი გამალებული მუშაობდა ასეთი უჯრედის აღმოჩენაზე და ერთ დღეს მართლაც შეძლო, სამყარო დაეჯერებინა, თითქოს შედეგს მიაღწია, რაც, როგორც 20 წლის შემდეგ გაირკვა, ბლეფი აღმოჩნდა. კომუნისტებმა, როგორც მატერიალისტებმა, განსაკუთრებით აიტაცეს ფოქტის იდეა და გენიალური უჯრედების ძიების მარათონში ჩაებნენ. რუსეთში სპეციალური სამეცნიერო, ტვინის ინსტიტუტიც კი შეიქმნა. იკვლევდნენ ყველა დიდი  პიროვნების, მათ შორის - ლენინისა და სტალინის ტვინებს. პარალელურად მუშაობდნენ საქართველოშიც, რის შედეგადაც დამცავ სარდაფში აღმოჩნდა რვა ტვინი -  გალაკტიონის, ნიკო ნიკოლაძის, ზაქარია ფალიაშვილის, ფილიპე მახარაძის და კიდევ ოთხი უცნობი პიროვნების. სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში ქილებზე ეტიკეტები დაიკარგა, ამიტომ ვერ დგინდება, ვისია ესა თუ ის ტვინი...

- რა დადგინდა კვლევის შედეგად?

- ჩვენ არ ვიცნობთ კვლევის მასალებს. არანაირი სამედიცინო, წერილობითი მასალა ამის შესახებ არ არსებობს.

- ეს უცნაურად არ გეჩვენებათ? იქნებ მოსკოვში, ტვინის ინსტიტუტში წაიღეს მასალები?

- ქაღალდები წაიღეს და ტვინები აქ დატოვეს? უცნაური და წარმოუდგენელია, ისევე, როგორც ფილიპე მახარაძის გენიოსად მიჩნევა...

- გადმოცემით მაინც არ არის ცნობილი, რა დადგინდა ამ ტვინების კვლევისას?

- ალბათ, არაფერი... გენიალობის საფუძველი მატერიალური არ არის. ტვინი მხოლოდ ჭურჭელია გენიალური გონების. გენიალობის საფუძველი სულიერება და ინტელექტია. კარგი კალიგრაფია რომ გაქვს, ეს იმის შედეგი კი არ არის, რომ თითი გაქვს განსხვავებული, არამედ სხვა მენტალიტეტი და განათლება გაქვს, თორემ შესაძლოა, თითი სხვაზე უარესიც გქონდეს. მოკლედ, ვფიქრობ, რომ კომუნისტი მატერიალისტები ან მიხვდნენ, ან - ვერა, რომ მათი მიდგომა იდეოლოგიურად არასწორი იყო, მაგრამ რადგან კვლევების გასაგრძელებელი უკეთესი საშუალებები არ ჰქონდათ, ტვინებს თავი დაანებეს. საქართველოში ასე მოხდა, რუსული სამეცნიერო ინსტიტუტის შესახებ კი ვერაფერს გეტყვით. ჩვენთან ეს ტვინები შეინახეს იმ მოტივით, რომ ოდესმე ტექნოლოგიები განვითარდებოდა და გენიალურობის მატერიალურ საფუძველს ვიღაც აღმოაჩენდა. მსოფლიოს სხვადასხვა კლინიკაში მეცნიერები ახლაც მუშაობენ, მაგრამ როგორც ვიცი, ჯერ ვერაფერს მიაგნეს. ჩვენ კი მემკვიდრეობად დაგვრჩა რვა, გაურკვეველი მიზნისთვის შენახული ტვინი.

- რას უპირებთ მათ?

- ვერაფერს... როგორც ამ სამსახურის ხელმძღვანელების წინა თაობას, მეც გრაალის მცველივით”მერგო წილად, ვიცავდე მათ. 2005 წლიდან მე ვაგებ პასუხს მათ უსაფრთხოებაზე, რომელიც არ დაემუქრებათ, თუ სტიქიური უბედურება არ მოხდა და კონტეინერები არ გატყდა. რაც შეეხება მათ დამარხვას, ასეთ გადაწყვეტილებას ჩემი კი არა, სხვა მასშტაბის სამეცნიერო განხილვა და პასუხისმგებლობა სჭირდება. რამდენჯერმე მივმართე საპატრიარქოსაც, სადაც გვირჩიეს, მოგვეძებნა ჭირისუფლები და მათ გადაეწყვიტათ, რა უნდა ექნათ ტვინებისთვის... საპატრიარქოს ისიც შევთავაზეთ, რომ იქ გადაეტანათ ეს ტვინები და ჩვენ მოვუვლიდით. წინააღმდეგობა გაჩნდა იმის გამო, რომ ეკლესიაში წმინდანთა ნაწილებს იცავენ, ამ ტვინების მფლობელები კი, როგორც ვიცით, წმინდანები არ იყვნენ - ერთ-ერთი ხომ სულაც ფილიპე მახარაძისაა...

- იქნებ გამოფენაზე გაგეტანათ...

- გამორიცხულია, არ შეიძლება! სამედიცინო ეთიკურმა კომისიამ, რომელიც იძლევა ინფორმაციას ასეთი ექსპონატების გასაჯაროების შესახებ, კატეგორიულად ამიკრძალა ტვინების ჩვენება, გამომზეურება, გადაღება. გეტყვით, რომ ვიზუალურად არც ერთი არც ერთმანეთისგან და არც სხვა ადამიანების ტვინებისგან არ განსხვავდება. ეს თემა ძალიან დიდხანს იყო დახურული და ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა.

მადლობელი ვიქნები, თუ ვინმე დამეხმარება, გენიოსების ტვინებს საკადრისი ადგილი მივუჩინოთ და თუნდაც ახალი კვლევებისთვის გამოვიყენოთ. თუმცა იდენტიფიკაციისთვის, ალბათ, საჭირო გახდება დნმ-ის ანალიზი, რადგან ეტიკეტები საეჭვოდ არის მოსუსტებული და არ გამოვრიცხავ, შეცდომით იყოს მიწებებული. ეს ტვინები შეიძლება დაიმარხოს, შეინახოს, როგორც ეროვნული განძი, ან მუდმივი კვლევის ობიექტად იქნეს გამოყენებული. არსებობს მოსაზრება, რომ მოვიწვიოთ სპეციალისტებიც - მსოფლიოში ცნობილი ნეიროქირურგები.

- აინშტაინის ტვინსაც ხომ იკვლევენ?

- ანატომიური აგებულებით მისი თავის ტვინიც ჩვეულებრივია. ვერავინ ასაბუთებს იმას, რომ თვითონ ანატომიურ კონსტრუქციას რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არ გინახავთ დაფერფლილ სხეულში გენიოსი? ან ცოტა გინახავთ ლამაზი გონებაჩლუნგი? საკითხავია, რამდენად დაინტერესდებიან აინშტაინის მკვლევარი ცნობილი ნეიროქირურგები გალაკტიონით, ან ღირს კი ამ საკითხზე საერთოდ მუშაობა?

პ.ს. გავრცელებული ინფორმაციით, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანთა ტვინების გამოკვლევის შედეგად მეცნიერთა ერთმა ჯგუფმა დაადგინა, რომ ნიჭიერთა ტვინის ქერქის რეცეპტორულ შრეში განსხვავებული ზომის ნეირონებია. ალბერტ აინშტაინის ტვინის ანალიზმაც, თურმე, ცხადყო, რომ მას მარცხენა ნახევარსფეროს ასოციაციურ ზონაში რეცეპტორული შრე ორჯერ სქელი ჰქონდა. იქვე გაცილებით მეტი იყო ე.წ. გლიური უჯრედები, რომლებიც ზომაზე დიდი ნეირონების მეტაბოლურ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.

ტვინის მეოთხე მდგომარეობა

სანქტ-პეტერბურგის ვ.ბ. ბეხტერევის სახელობის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა ხანგრძლივი ცდების შედეგად აღმოაჩინა, რომ ადამიანი ლოცვის დროს განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. იმის დასადგენად, რა ხდება ლოცვის დროს, მკვლევრებმა ლაბორატორიაში მიიწვიეს ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვარი და ლოცვის დროს ენცეფალოგრამა ჩაიწერეს. მართლმადიდებელი მღვდელმსახურის ლოცვისას ელექტროენცეფალოგრამა აჩვენებდა თავის ტვინის ქერქის სრულ გათიშვას სრული ცნობიერების ფონზე - ადამიანი ლოცულობდა, მაგრამ სრულებით არ ჰქონდა თავის ტვინის მუშაობის დამადასტურებელი ელექტრონული იმპულსი. მკვლევრები აკვირდებოდნენ თავის ტვინის ქერქის სრული გამოთიშვის მდგომარეობას, რომლის დროსაც ცნობიერება ნათელია...  ამ ფენომენს ადამიანის მეოთხე მდგომარეობა უწოდეს.