საზოგადოება ინდიკატორია ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა - კვირის პალიტრა

საზოგადოება ინდიკატორია ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა

სუიციდის შემთხვევები კიდევ უფრო გაიზრდება(!)

ბოლო დროს თვითმკვლელობების რიცხვმა ძალიან იმატა. 2009 წლის სტატისტიკური მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს, მაგრამ ფსიქოლოგებისა და სხვადასხვა კვლევითი ცენტრის დაკვირვებით, 2009 წელს სუიციდის ფაქტები აშკარად გახშირდა.  უკანასკნელი 18 წლის სტატისტიკური მონაცემებით, 1990 წლიდან 2008 წლის ჩათვლით საქართველოში 5300 კაცმა მოიკლა თავი. 90-იანი წლების შემდეგ თვითმკვლელობების რიცხვი ყველაზე მეტად 2004 წელს გაიზარდა, მოგვიანებით ამ მაჩვენებელმა დაიკლო, მაგრამ 2007 წლიდან კვლავ დაიწყო მატება. ფსიქოლოგების დაკვირვებით ეს პროცესი გაგრძელდება და მას თავისი მიზეზები აქვს.

ეთერ ელიოზიშვილი, ფსიქოლოგი: - სამწუხაროდ, ჩვენი ყოფა ისეთია, რომ დღითი დღე უარესდება მიზნებისა და პერსპექტივების რეალიზაციის შესაძლებლობა. ადამიანი მიდის აზრამდე, რომ მას ცხოვრებისეული საზრისი  ეკარგება. ზოგს საზრისად მატერიალური კეთილდღეობა მიაჩნია, ზოგს უფრო ამაღლებული და სულიერი მხარე. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვის როგორი ფასეულობები ასაზრდოებს.

ყოფითი კრიზისი წელს უფრო მძაფრად გამოჩნდა. აგვისტოს ომის დროს  საზოგადოება ტრავმირებული იყო, მაგრამ ჰქონდა მიზანი. ამ დროს წინა პლანზე დახმარების იდეა გადმოვიდა. როდესაც დახმარების რესურსები ამოიწურა, მოქალაქეებს დიდი პრობლემები გაუჩნდათ. ამას ემატება ისიც, რომ  ძალზე გაჭიანურდა უპერსპექტივობის განცდა. აგვისტოს ომიდან წელიწად-ნახევარია გასული, 2-3 წლის გასვლის შემდეგ კი სიტუაცია უფრო დამძიმდება.

როდესაც სულიერად გამუდმებით დაუკმაყოფილებელია ამა თუ იმ გარემოების გამო, მაშინ იღებს  ადამიანი თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას; როდესაც უქრება თვითრეალიზების შანსი და პერსპექტივა. როცა ადამიანს აქვს ამბიცია, იყოს ადამიანი და ეს დაუსრულებლად დაუკმაყოფილებელია, სწორედ ეს ანადგურებს მას.

დღეს ჩვენს საზოგადოებას თვითრეალიზაციის პრობლემა აქვს. საკუთარ თავს სხვადასხვა ადამიანი სხვადასხვა დონეზე ამჟღავნებს. მნიშვნელობა იმას აქვს, ვის რა მოთხოვნილება აქვს და რა მოცემულობიდან უყურებს თავის შესაძლებლობებს.

მარინა ბალიაშვილი, ფსიქოლოგი: - თვითმკვლელობების რიცხვი, როგორც წესი, საზოგადოების დეზინტეგრაციის დროს იმატებს. ამ პროცესისადმი პროტესტს ადამიანები თვითმკვლელობით გამოხატავენ. ოფიციალურ ლიტერატურაში ცნობილია სუიციდის გამომწვევი კლასიკური მიზეზები. ეს არის საზოგადოების დეზინტეგრაცია, - როცა მოშლილია სახელმწიფო სტრუქტურები, ოჯახი ოჯახს აღარ ჰგავს, ქვეყანაში ტოტალური უსამართლობაა. საზოგადოება ინდიკატორია ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა. თვითმკვლელობა  არის შედეგი საზოგადოების ცუდად ყოფნისა, ცუდად ყოფნა კი მატერიალური კრიტერიუმებით არ ფასდება.

საინტერესოა სკანდინავიის ქვეყნების მაგალითი, სადაც ძალიან მაღალია თვითმკვლელობის რიცხვი. ეს ქვეყნები მატერიალურად უზრუნველყოფილი არიან. სამაგიეროდ ამ ქვეყნებში ადამიანური კონტაქტების დეფიციტი და საზოგადოების ინტეგრირებულობის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ადამიანი, რომელსაც არა აქვს პერსპექტივა, გაჭირვებაში ვინმეს იმედი ჰქონდეს, პოტენციური თვითმკვლელია.

ჩვენს რეალობაში ყოფით სიდუხჭირეს ბევრი ღირებულების გაუფასურებაც დაემატა, დაემატა საბანკო სისტემაში მოქალაქეთა ჩართვა და მომრავლებული ვალები. სახელმწიფო უთავბოლო პოლიტიკით, პრაქტიკულად, ინდივიდს დასაღუპავად იმეტებს. როცა სამსახური არა გაქვს, არა გაქვს ოჯახი, გაქვს განცდა არარაობისა, და იმის იმედიც არა გაქვს, შენს მონდომებას ვინმე სწორად თუ შეაფასებს ან დაინახავს. გამოდის, არავინ აღარ ხარ, არც შესაძლებლობა გაქვს შენი იდეების, შენი სიმართლის დასამტკიცებლად.

ეგრეთ წოდებული ბედნიერების ინდექსი ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად, განულებულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი თავს უბედურად გრძნობს. რომ ამბობენ, უმეტესად თავს სულიერად დაავადებულები იკლავენო,  ტყუილია. პირიქით, საღად მოაზროვნე ადამიანები უფრო იკლავენ თავს. ცხოვრებაში მიზნებისა და პოზიციების დაკარგვა, კავშირების არარსებობა,  მიზნების ასრულების უპერსპექტივობა, ეკონომიკური არასტაბილურობა არ აძლევს ადამიანს სრულფასოვნების შეგრძნების საშუალებას, ხოლო როცა ადამიანი თავს არარაობად გრძნობს, ის ყველაფერზე წამსვლელია.

P.S. ფსიქოლოგების ვარაუდით, ქრონიკული დეპრესია მხოლოდ საკუთარ თავზე აგრესიით არ შემოიფარგლება. თუ მდგომარეობა არ შეიცვალა და ქვეყანაში განვითარების პოზიტიური ნიშნები არ გამოჩნდა, საკუთარი თავისკენ მიმართული აგრესია სხვანაირად გამოვლინდება და სხვათა წინააღმდეგ მიმართულ ანგარიშსწორებად გადაიქცევა.