"კარგი კაცი ხარ, მაგრამ ქრისტიანი ხარო"(?!) - კვირის პალიტრა

"კარგი კაცი ხარ, მაგრამ ქრისტიანი ხარო"(?!)

მამუკა არეშიძე: "ქართველის დაჩაგვრას არ შევურიგდები, ინვესტორი საიდანაც უნდა იყოს ჩამოსული..."

"იარაღი არ დაუდვიათ, თორემ ყველაფერი გააკეთეს, რომ სარწმუნოება შემეცვალა"

"შევარდნაძის დაცვის ყოფილი წევრი ვარ. აფხაზეთის ომში ვიბრძოდი. მორწმუნე ქრისტიანი გახლავართ და ჩემს სამშობლოში სამსახურიდან იმიტომ დამითხოვეს, რომ მართლმადიდებლობაზე უარი არ ვთქვი", - მითხრა გიორგი ოქრუაშვილმა, რომელიც თავისი გულისტკივილის გასაზიარებლად რედაქციაში გვესტუმრა:

- 2011 წელს საქართველოში დაარსდა აზერბაიჯანული შპს "კავკასკაბელი", რომელიც ელექტროსადენებს აწარმოებს. საწარმოს დამფუძნებელი და ერთ-ერთი მოწილე ელჩინ ჰუმატოვი თბილისში ახალი ჩამოსული იყო. არავის იცნობდა და მთხოვა, იქნებ ხელოსნებით მომამარაგოო. საწარმოს მშენებლობას მე ვხელმძღვანელობდი. მოხდა ისე, რომ დაქირავებულმა მუშებმა სამუშაოს საფასური წინასწარ გამომართვეს და გაიქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოკლედ ვცხოვრობ, სიტყვა არ გავტეხე, თავად გადავიხადე 2.500 ლარი და სამუშაო დავასრულე. კომპანიის დამფუძნებელმა რომ დაინახა ჩემი ერთგულება, მითხრა, მენეჯერად დაგნიშნავო. მართლაც დავიწყე ქარხანაში მუშაობა. ელჩინ ჰუმატოვი ძალიან დამიახლოვდა.

ქარხნის მშენებლობა რომ დავამთავრეთ, სპეციალისტები ბაქოდან გამოგზავნეს. მათ მანქანით დავხვდი. მასპინძლებმა გადაწყვიტეს, ჩამოსულებისთვის პატივი ეცათ და რესტორანში დაპატიჟეს, მერე კი ქალებთან დარეკეს. ხუთნი ვიყავით და ხუთი ქალი მოიყვანეს. ვუთხარი, ერთი გაუშვით, მე სახლში წავალ, ხატის წინ მაქვს დაფიცებული, რომ მეუღლეს არ ვუღალატებ-მეთქი. მეორე დღეს ყველაფერი ელჩინ ჰუმატოვს უამბეს, ანგელოზივით გოგო მოვიყვანეთ და გიორგიმ უარი თქვაო. ელჩინმა გაოცებით შემომხედა, ყოჩაღ! ასეთი თავშეკავება შეგიძლიაო?! ჩემი სარწმუნოებისათვის სიამოვნებაზე უარის თქმა კი არა, მეტიც შემიძლია-მეთქი. ჰუმატოვი დარწმუნდა, რომ ძლიერი მორწმუნე ვიყავი, მძიმე მარხვას ვიცავდი და ყოველდღიურად 7-გზის ლოცვებს ვკითხულობდი. ის თვითონაც ღრმად მორწმუნე იყო, ოღონდ მუსლიმანი. ერთხელ შემომთავაზა, - არ გინდა, უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთიო? რატომაც არა, ოჯახში მეწვიეთ-მეთქი. ვუამბე, რომ პირველი ქორწინებიდან სამი შვილი მყავდა და მეორე ცოლთან ერთად ვცხოვრობდი.

შვილებს ჩემთან უნდათ ცხოვრება, მაგრამ პატარა ნაქირავებ ბინაში ყველა ვერ ვეტევით-მეთქი. ელჩინმა მითხრა, ხელს შეგიწყობ, რომ სახლიც გქონდეს და შვილებიც შენთან იყვნენო. ელჩინ ჰუმატოვი ხშირად ლაპარაკობდა Dთავის სარწმუნოებაზე, ისლამის ძალაზე, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია.  ხშირად მეკითხებოდა ღვთისმშობელზე. ხატებზე რამდენჯერმე მითხრა, როგორ შეიძლება ფოტოსურათის გჯეროდესო და ჩემს ხატებს დასცინოდა. ვუხსნიდი, რომ ეს ფოტო კი არა, ხატი იყო. ბოლოს მკითხა, ღვთისმშობელი სულიწმინდისაგან როგორ დაფეხმძიმდაო? ცდილობდა, მდგომარეობიდან გამოვეყვანე. სამსახურში ისლამის აგიტაცია მიმდინარეობდა. ჩვენს საწარმოში 26 კაცია და მათგან ძირითადი კონტინგენტი აზერბაიჯანელია. ელჩინ ჰუმატოვი მეორედ მეწვია შინ და მითხრა, რაც გაკლია (სახლსა და შვილებს) დაგიბრუნებ. თუ სარწმუნოებას შეიცვლი, ფინანსურად დაგეხმარები. მუდმივი სამსახური და შემოსავალი გექნებაო.

საწარმოში საქმე რომ აეწყო, ჰუმატოვი სამსახურში აღარ დადიოდა. ბაქოდან ახალი დირექტორი გამოგზავნეს და ის უძღვებოდა საქმეს. ერთხელ ცუდად გავხდი. სახლში სასწრაფო მყავდა და მოულოდნელად ელჩინ ჰუმატოვი მესტუმრა. ისევ სარწმუნოების შეცვლაზე დამიწყო ლაპარაკი, - კარგი კაცი ხარ, მაგრამ ერთადერთი მინუსი გაქვს, ქრისტიანი ხარო. ეს ჩემი ერთადერთი პლუსია-მეთქი. სანამ ცუდად გავხდებოდი, 4 დღით ადრე ჩემი მეუღლე გაზით მოიწამლა და გონება დაკარგა. ესეც ჩემს დასამოძღვრად გამოიყენა ელჩინმა, ხედავ, შენს თავს რა ხდებაო. გავმწარდი და ვუთხარი, ამ თემაზე აღარ დამელაპარაკოთ. მირჩევნია, ქრისტიანი ვიყო და ქვაზე ვიცხოვრო, ვიდრე სარწმუნოება შევიცვალო-მეთქი. მხარზე მომარტყა ხელი, მართლაც ქვაზე იცხოვრებო. ამის მერე ჩვენი გამარჯობა გამარჯობას აღარ ჰგავდა. 2 თვეში ჩემი შვილი (რომელიც ჩვენთან მუშაობდა) გააგდო სამსახურიდან.

ეს ამბავი რომ გაიგო ახალმა დირექტორმა რუფად შირინოვმა, მიზეზით დაინტერესდა. ვუთხარი, ჰუმატოვმა შვილი ჩემი რელიგიური შეხედულების გამო გააგდო-მეთქი. ეგ რომ ჩვენებმა გაიგონ, არ აპატიებენ, შვილი დააბრუნეო. მართლაც დააბრუნა, ამის გამო ჰუმატოვი ახალ დირექტორს გადაეკიდა.

ჩვენს საწარმოში საწყობის გამგე ბაქოელი ხაგან მამედოვია. მისი ცოლ-შვილი აქ ცხოვრობს. შვილმა ქართული ისწავლა და ხაგანსაც მოუვიდა აზრად ქართულის შესწავლა. მთხოვა, ქართული ასოები ჩამომეწერა მისთვის. ერთხელ ფურცელზე ქართული ასოებით დაწერილი რაღაც ტექსტი მომცა, აბა, წამიკითხე, რამე შეცდომით ხომ არ დავწერეო. ხმამაღლა დავიწყე კითხვა. არაბული ტექსტი იყო და რამდენიმეჯერ ალაჰი იყო ნახსენები. ვკითხე, ეს რა არის-მეთქი? ჩვენი ლოცვააო. ფურცელი უკან მივუგდე, ქრისტიან კაცს თქვენს ლოცვას რატომ მაკითხებ-მეთქი. რამ შეგაშინაო, ახარხარდნენ. მეუფე იობთან მივედი და ყველაფერი ვუამბე. ათი დღის განმავლობაში წყალსა და პურზე დამსვა. თუმცა ამიხსნა, ეს მისი ცოდვაა, შენი ცოდვაში ჩაგდება რომ სცადაო. აზერბაიჯანელმა თანამშრომლებმა რომ დაინახეს პურსა და წყალზე ვიყავი, კიდევ დამცინეს, თავს იკლავო.

სანამ სამსახურიდან გამათავისუფლებდნენ, თვე-ნახევრით ადრე ელჩინ ჰუმატოვმა მკითხა, ხომ არ გადაგიფიქრებიაო. რა უნდა გადავიფიქრო-მეთქი? რამეო და აღარ დააკონკრეტა. წავიდა ბაქოში და კომპანიის მეორე მეწილეს დაარეკვინა საწარმოს დირექტორთან, გიორგი გაათავისუფლეთო. ჩემი კონტრაქტის ვადა 2 აპრილს ამოიწურა, მპირდებოდნენ, რომ კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდებოდა, მაგრამ 9 აპრილს სამსახურიდან გამათავისუფლეს. მოგვიანებით დირექტორს უთქვამს, გიორგიზე კარგი თანამშრომელი არ გვყავსო. ამის თქმა იყო და, ზუსტად 5 წუთში ბაქოდან დარეკა საწარმოს ერთ-ერთმა მეწილემ და დირექტორიც გააგდო სამსახურიდან იმის გამო, რომ კარგად დამახასიათა. ერთი იარაღი არ დაუდვიათ, თორემ ყველაფერი გააკეთეს, რომ სარწმუნოება შემეცვალა. როგორ უნდა გაბედოს უცხოელმა ჩემს ქვეყანაში, რომ სარწმუნოების შეცვლა მთხოვოს? დღეს რომ ეს გაბედა, ხვალ უარესს იზამს. საქართველოს მოქალაქეობის მიღება უნდა. რა ნამუსით უნდა იცხოვროს ჩემს ქვეყანაში, როდესაც არც ჩემი მიწა უყვარს, არც ჩემი ისტორიული ძეგლები და პატივს არ სცემს ჩემს სარწმუნოებას? 5 დღის წინ მეუფე იობს ვუთხარი, ძალიან დამძიმებული ვარ-მეთქი.

ოთხი დღე აცალე და ხვეწნას დაგიწყებენ, რომ სამსახურში დაბრუნდეო. მართლაც, ერთმა თანამშრომელმა დამირეკა, აქ ამბობენ, გიორგი სამსახურიდან არ გაგვიგდია და უკან დაბრუნდესო. ჩემმა შვილმა მითხრა, ჰუმატოვი გკითხულობს, სამსახურში რატომ არ დადისო. იქ აღარ დავბრუნდები. იმაზე მწყდება გული, რომ ჩემს ქვეყანაში ასე დაუცველი ვარ. არ მინდა სამსახური და არც ლუკმაპური იმის სანაცვლოდ, რომ უარი ვთქვა, რაც ყველაზე წმინდა იყო ჩემი მამაპაპისთვის. მერჩივნა, ხელი-ფეხი მოეჭრათ, ვიდრე ის ხატები შეურაცხეყოთ, რომელთა წინაშეც ცრემლმორეული ვლოცულობ.

წინასწარ ვიცი, რომ აზერბაიჯანელები უარყოფენ ამ ყველაფერს, მაგრამ მყავს მოწმეები, რომლებსაც პროცესზე აუცილებლად გამოვიყვან. მათ ვინაობას ვერ გავამხელ, რადგან არ მინდა, სასამართლომდე ისინი დაამუშაონ. მინდა ჰუმატოვს პასუხი ვაგებინო რელიგიური ნიშნით დევნის გამო და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე ლაპარაკი ზედმეტი იყოს.

მამუკა არეშიძე (ექსპერტი) - როგორც ქობულეთში მომხდარი ფაქტია მიუღებელი (როდესაც სამხედრო პოლიციელებმა ხალხი იმის გამო სცემეს, რომ ქრისტიანები არ იყვნენ), ასევე მიუღებელია ის, რაც ხდება ახლა გიორგის თავს. რელიგია ადამიანის პირადი თემაა... საგულისხმოა ისიც, რომ წინა ხელისუფლებამ თავზე დაგვასვა ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის ფინანსური და ბიზნესჯგუფები. სასათბურე პირობები შეუქმნეს ზოგიერთ უცხოურ ფირმებს. ასეთ გარემოში ისინი დაუსჯელად გრძნობენ თავს და ნებისმიერი შევიწროების კი არა, კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაშიც თავის საელჩოებში გარბიან და ერთ ამბავს ტეხენ, იმიტომ, რომ ქვეყანაშია ასეთი ტენდენცია. საქართველოში რომ ქართველის მდგომარეობა არ არის სახარბიელო, იმიტომ არის მთელი ევროპა ქართველებით მოფენილი. იქ ათასგვარ დამცირებას იტანენ, მაგრამ უცხოეთში შეიძლება ეს აიტანო, საკუთარ სამშობლოში - ვერა! ქართველს რელიგიის შეცვლა რომ ისლამურ ქვეყანაში მოსთხოვონ, ეს კიდევ შემიძლია გავიგო, მაგრამ როდესაც ამას საკუთარ სამშობლოში სთხოვ, წარმოუდგენელი და ძალიან გამაღიზიანებელია.

საქართველოს მოქალაქის პატივისცემას უნდა უზრუნველყოფდეს სახელმწიფო და მისი ხელისუფლება... რამდენადაც ვიცი, ასევე არასახარბიელო მდგომარეობაში არიან ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ჩინელებთან მუშაობენ ოლიმპიური სოფლის მშენებლობაზე. ხელფასს თვეობით ვერ იღებენ და ხმის ამოღებასაც ვერ ბედავენ სამსახურის დაკარგვის შიშით. ცოტა ხნის წინ ძალიან მწვავედ დავაყენე ბურებთან დაკავშირებული საკითხი გარდაბანში და ჩვენი გავიტანეთ. ქართველის დაჩაგვრას არ შევურიგდები, ინვესტორი საიდანაც უნდა იყოს ჩამოსული...

P.S. "კვირის პალიტრა" ელჩინ ჰუმატოვსაც დაუკავშირდა, თუმცა ის ამჯერად  მწირი კომენტარით შემოიფარგლა და გიორგი ოქრუაშვილს ცილისწამებაში დასდო ბრალი: "დიდი ხანია გიორგი ოქრუაშვილი ცილისწამებით არის დაკავებული. ტელეფონით მეტს ვერაფერს გეტყვით. მზად ვარ, მომავალ კვირას ვრცლად და ამომწურავად გესაუბროთ".

ამ თემას ჩვენს საიტზე უამრავი კომენტარი მოჰყვა. ქართველი საზოგადოება შეაშფოთა საკუთარ ქვეყანაში ქრისტიანი კაცის რელიგიური ნიშნით დევნის ფაქტმა.

nino: ჩვენს პარლამენტში კი ბუსუსებიან პრეზერვატივებზე მიდის მსჯელობა. გაიგეთ, რომ კანონების უმრავლესობაშია შესატანი ცვლილებები. ეს ხომ ძალიან კარგად იციან კანონმდებლებმა. მათ შორისაა ინვესტორების შესახებ, საიმიგრაციო, მიწის და ა.შ. კანონები, რომელი ერთი ჩამოვთვალო. დრო მიდის, არ ითმენს და ასე თუ გაგრძელდა, ვის დარჩება ჩვენი ქვეყანა, ძნელი გამოსაცნობი არ არის!

qartveli: აზერბაიჯანელები რომ კარგი ხალხია, ეს სინამდვილეა, მაგრამ არ შეიძლება ინვესტორად მოსულ მისიონერებს სახელმწიფო არ აკონტროლებდეს, რომ მერე არ გახდეს თავში საცემი!

dea: მაგარი და მართალი კაცი ხარ, ამიტომაც უფალს უყვარხარ და არც მშიერი მოგკლავს. აი, ასეთი "ინვესტორები" კი კინწისკვრით უნდა გაყარო ქვეყნიდან და კიდეც უნდა უჩვენო მათ შენი ძალა, რომ მომავალში არათუ გაბედონ, თავშიც კი არ გაივლონ ასეთი უკეთური აზრი... გფარავდეს უფალი და დედაღვთისმშობელი!

ani: ამერიკაში ერთი ებრაელი მომექცა ასე, მაგრამ შედარებით მსუბუქად, ასე არ უძალავია და რომ მიხვდა, ვერაფერს გააწყობდა, იძულებული გახდა შეჰგუებოდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა. მე მზად ვიყავი სამსახურიც დამეტოვებინა და საქართველოში ამას როგორ უნდა ბედავდნენ. რაც მეტის საშუალებას მისცემ, მით მეტს გაბედავენ. რასაკვირველია, პირველ რიგში სასამართლოს უნდა მიმართოს ადამიანმა, რადგან სიტყვის აღარ ესმით.

zviadi: რაღაც ცუდი სუნი ასდის ამ ყველაფერს. დაიწყო მიზანმიმართული უარყოფითი კამპანია აზერბაიჯანელების დისკრედიტაციისათვის. ეს შემთხვევით არ ხდება... ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ გაფუჭდეს აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები, რაც ავტომატურად იწვევს თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭებას. ამის შემდეგ რომელი მიმართულებით გაქანდება ჩვენი ქვეყანა, თქვენთვის მომინდვია გამოსაცნობად.

zviadi: ქედს ვიხრი ასეთი გამძლე და მორწმუნე ადამიანების მიმართ!!! უფლის მადლი არ მოჰკლებოდეს მას და მის ოჯახს!!!

lamzira: უფალი არ მიგატოვებთ, ბ-ნო გიორგი! უფალი ყველაფერს ხედავს, ყველგან მისი თვალებია, ყველგან მისი ყურებია, იგი ყველგან სუფევს და ხედავს თქვენდამი ჩადენილ უსამართლობასაც. ჩაერევა და უკეთეს შემოსავალს გამოგიჩენთ.

მარი ზანდუკელი