"წინ წამოდგეს, რომელია მათ შორის დავით აღმაშენებელი ან გიორგი ჭყონდიდელი" - კვირის პალიტრა

"წინ წამოდგეს, რომელია მათ შორის დავით აღმაშენებელი ან გიორგი ჭყონდიდელი"

"ბუასილების"სანუგეშოდ... "უკანმორჩენილი პრობლემები"

"ჭიჭყინების" ხელით დიდი "ზვიგენები" ცდილობენ მომავალში უფრო მძაფრი შეტევისთვის გზის გაწმენდას"

დედაეკლესიის და ტრადიციული ქართული ცნობიერების წინააღმდეგ ბრძოლამ გასულ კვირას უკვე საგანგაშო ხასიათი მიიღო.  "თავისუფლების ინსტიტუტის" რამდენიმე წარმომადგენელმა, სკანდალისტად ცნობილი ყოფილი კმარელის, თეა თუთბერიძის რუპორობით, მოზღვავებულ იდეებს ვეღარაფერი მოუხერხა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით 27-კითხვიანი "საბრალდებო დასკვნა" გამოამზეურა. პათოლოგიური სიძულვილის შესანიღბად კი ასეთი ფორმა მოიფიქრეს: ხელისუფლებასაც(?) გაუგზავნეს "მამხილებელი" შეკითხვები. ამჯერად, საქართველოს ბედით "გულდათუთქულებმა" "დაუკრეფავში" გადააბიჯეს. როგორც ჩანს, ეს გაკაპასებული შეტევა ჩვენი პატრიარქისა და მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ აპოგეას აღწევს და ავანგარდში მყოფი "ჭიჭყინების "ხელით დიდი "ზვიგენები" ცდილობენ მომავალში უფრო მძაფრი შეტევისთვის გზის გაწმენდას.

უნიჭო და უზნეო ადამიანებს, რომლებსაც საზოგადოებაში თავისი ადგილი ვერ უპოვიათ, აქვთ თვითდამკვიდრების ასეთი მეთოდი: შეეპოტინებიან ერის სათაყვანებელ ავტორიტეტებს და მათი დაკნინებით ცდილობენ საკუთარი უბადრუკი პერსონების მიმართ ყურადღების მიპყრობას. ის კი არ ესმით, რომ რაც მეტ ტალახს ესვრიან, მით მეტად გაისვრებიან თავად და უფრო ამაღლებენ თავდასხმის ობიექტის ავტორიტეტს. თუმცა, მათ მშვენივრად ესმით ისიც, რომ ასეთი თავდასხმები მძიმედ მოქმედებს ხალხის გრძნობებზე და დახვეწილი ცინიზმით ცდილობენ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოაქციონ, მოთმინებიდან გამოიყვანონ საზოგადოება. დროც ხელსაყრელია შერჩეული, მზაკვრულად მოფიქრებული. მარხვის პერიოდში მორწმუნე და მიმტევებელი ქართველი ერის უდიდესი ნაწილი საკუთარი ცოდვების მონანიებისა და განწმენდის გზას ადგას, "ცნობილ არს მარხვაში უბრძოლველობა ქართველთა", - გვამცნობს "ქართლის ცხოვრება". ამით სარგებლობდა ხშირად მტერიც და სულგაყიდული თანამოძმეც.

თავის დროზე სხვა არაფერი გაუკეთებია ჯალალ ად-დინს, რომელმაც ღვთისმშობლის ხატის შეურაცხყოფა აიძულა ქართველებს, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწია. 100 ათასი ქართველი ზვარაკად შეეწირა უფლის სიყვარულს. გადაშენდა და ამოწყდა ჯალალის სისხლიანი სახელმწიფო, მაგრამ პატარა საქართველო ისევ დგას დედა-მარიამის წილხვედრი, მადლიანი კალთის საფარქვეშ და "ბჭენი ჯოჯოხეთისანი" ვერას აკლებენ მას. ეს რომ იცოდე, ისტორია მაინც უნდა გქონდეს წაკითხული. ამათ კი, საქართველოს წარსული არაფრად უღირთ და რა გასაკვირია, რომ არც მომავალი ედარდებოდეთ.

დაუჩემებიათ, ჩვენ ხალხთან საქმე არ გვაქვს, პატრიარქს ვუსვამთ კითხვებს და ვისაც ეხება, მან უნდა გაგვცეს პასუხიო...

ამ მკრეხელთა გასაგონად, რომლებსაც ღვთის მიერ ხელდასხმული ეკლესიის მეთაური უბრალო მოკვდავი ჰგონიათ, ვაცხადებთ და დაიმახსოვრონ ერთხელ და სამუდამოდ: დიახაც, ჩვენც გვეხება ეს კითხვები, მართლმადიდებელ მრევლს, რადგან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჩვენი სულიერი მამა და ერის სინდისია! გაითვალისწინეთ, რომ უწმინდესის წინააღმდეგ გამოსვლისას მილიონობით მართლმადიდებელს უპირისპირდებით, რომლებიც დღენიადაგ ლოცულობენ პატრიარქისათვის.

ჩვენი დაცვა პატრიარქს არ სჭირდება. ის უფალს მინდობილი სულიერი მოღვაწეა და მამაზეციერზე უკეთესი მცველი არცვის გვყოლია ამ ცოდვილ წუთისოფელში. ჩვენი პატრიარქის სახით ვიცავთ ჩვენს წარსულს, აწმყოსა და მომავალს, რადგან სწორედ უწმინდესია დღეს ქართველი ერის სულიერი ღირებულებების მცველი!

ჩვენი პატრიარქი არ იყო, შარშანდელი ტრაგედიის შემდეგ ყველასგან მიტოვებული ქართველი ბიჭების ცხედრები რომ გააპატიოსნა? ვინმემ გაბედა მტრის მიერ ოკუპირებულ მიწაზე შესვლა მის გარდა? განა პატრიარქი არ მოუწოდებდა ომამდეც და ომის შემდეგაც თავის მრევლს, რომ გონიერებითა და ერის ჭირისუფლობის განცდით განეჭვრიტათ მოსალოდნელი საფრთხეები?..

ამ უგუნურებმა, რომლებიც პატრიარქს თავიანთი დაბნეული ჭკუით განსასჯელის სკამზე უპირებენ დასმას, არც კი უწყიან, რომ ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელისთვის ისინიც სულიერი შვილები არიან და იგი უფრო მეტი სიყვარულით ლოცულობს მათი გზააბნეული სულების გადარჩენისთვის, ვიდრე მათთვის, ვისთვისაც უწმინდესის შეურაცხყოფა სიკვდილის ტოლფასი ცოდვაა. არც უწყიან და ვერც გაიგებენ ვერასოდეს, რადგან ადამიანი, როცა თავის ქვეყანას გადაუდგება, მას ჯოჯოხეთითაც ვეღარ შეაშინებ.

ლუსტრაციას და პასუხებს რომ მოითხოვენ ზეშთაგონებული სახეებით და რუის-ურბნისის მომწყობთა აჩრდილებს ეპოტინებიან, ერთი წინ წამოდგეს, რომელია მათ შორის დავით აღმაშენებელი ან გიორგი ჭყონდიდელი. ზნეობრივი განსჯის უფლება ვინ მისცა უზნეო ადამიანებს?!

მშვიდად, ქართველო ერო, სიბრძნითა და სიმშვიდით ილოცეთ სამშობლოს სახსნელად, რადგან ამათი უმთავრესი მიზანი სწორედ ჩვენი სიმშვიდის დარღვევა და გამოწვევაა, რათა მერე "ტანჯული" უმცირესობისა და "წამებული" ე.წ. დემოკრატების დევნა-შევიწროება დაგვაბრალონ და ტოლერანტობაზე ლექციები გვიკითხონ. ვილოცოთ, რადგან ჩვენი გადარჩენა უფლისადმი ერთგულებაშია! დედაეკლესიაზე მისეული "ჭილყვავების" ყრანტალი კი ვერაფერს დააკლებს ზნემაღალ და მორწმუნე ხალხს. ჩვენმა წინაპარმაც ხომ ასეთი ანდერძი დაგვიტოვა სულიერ საზრდოდ - "სდექით მტკიცედ და შეურყევლად!"

P.S. სიმართლე გითხრათ, არც ვაპირებდით ამ გაწიწმატებული ფსევდოპატრიოტების აყოლას და არც ახლა ვაპირებთ. მათთვის ერის ბედზე მოფიქრალ ხალხს ნამდვილად არ სცალია... უბრალოდ, გვინდა მავანს შევაგნებინოთ, რომ დუმილი ყოველთვის არ ნიშნავს თანხმობას!

P.P.S. რაც შეეხება ხელისუფლების მისამართით დასმულ კითხვებს, რომლებიც გულმოდგინედ ჩამოაწიკწიკეს ერის ბედით "შეწუხებულმა" ბრალმდებლებმა, თავად ხელისუფლებასვე უტეხს სახელს და დროა, იფიქრონ მათი "პიარშიკების" ლაგამის ამოდებაზე.

ისე კი, ამ ყველაფრის შესაფასებლად და განსაკუთრებით "ბუასილების" სახელქვეშ შეფარებული მწვალებლების "სანუგეშოდ" ცოტა ხნის წინ მშვენიერი სლოგანი ტრიალებდა ამ დაავადების სამკურნალო პრეპარატის რეკლამირებისას, რომელიც სწორედ ამათთვისაა ზედგამოჭრილი! - "უკან მორჩენილი პრობლემები!.."